სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

პირველი გაკვეთილი

პირველი გაკვეთილი

სკოლაში პირველი დღიდან ყველაზე მეტად ბავშვების გაკვირვებული თვალები მახსოვს. გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი საშუალო ასაკისაა, ახალგაზრდა მასწავლებლის გამოჩენა გაუკვირდათ. ბავშვები ახლოს მოდიოდნენ, მაკვირდებოდნენ და გავლის საშუალებას არ მაძლევდნენ.

პირველი გაკვეთილი მეოთხე კლასელებთან მქონდა. ქართულის ადგილობრივმა მასწავლებელმა ბავშვებს ჩემი თავი წარუდგინა და ასე გავხდი ვახტანგი მასწავლებელი. გაკვეთილზე შესვლის წინ დიდად არ ვნერვიულობდი, რადგან მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება მქონდა. წინასწარ იმდენი მქონდა ნაფიქრი ამ დღეზე, რომ ლამის დეტალებში გავთვალე გაკვეთილის მიმდინარეობა. იმედები არ გამიცრუვდა. ბავშვებს იმდენად აინტერესებდათ ვინ ვიყავი და როგორ მოვიქცეოდი, რომ მთელი გაკვეთილი ჩუმად იჯდნენ. პირველად, გაცნობის მიზნით სახელი, გვარი, ასაკი და საცხოვრებელი ადგილი ვკითხე. ნაწილმა ყველა კითხვაზე მიპასუხა, ნაწილმა მხოლოდ სახელი და გვარი იცოდა. გაცნობის მერე გადავწყვიტე შემემოწმებინა კითხვა როგორ იცოდნენ, ამიტომ დაფაზე სხვადასხვა ხილი და ცხოველი დავხატე, ქვევით კი სახელი მივუწერე. ნაცნობ ხილს ადვილად იცნობდნენ, უცხოების წაკითხვა უჭირდათ, „მარცხვის” და „ბაჯაჯის” წარმოთქმა განსაკუთრებით გაუძნელდათ. გაკვეთილის ბოლოს ვთხოვე ამდგარიყვნენ და ხელები მაღლა აეწიათ, ხან მარჯვენა ხელის ჩვენებას ვთხოვდი, ხან უკან მიბრუნებას. გაკვეთილი მხიარულად დამთავრდა და მეორე დღეს მარჯვენა-მარცხენა უკვე იცოდნენ.

 

ერთი ჩვეულებრივი დღე

ყოველი დილა სახლის დიასახლისის ნინაიას სიტყვებით იწყება, ვახტანგ საჭმელი მზადაა და ისაუზმე, სკოლაში უჭმელი არ წახვიდე. სახლში სამი ვხოვრობთ, მე, ნინაია და ჩემი სკოლის დირექტორი თემრაზი. დილით, ჭიქა ჩაისა და ნინაიას გამომცხვარი ღვეზელების მირთმევის შემდეგ, მე და თემრაზი სკოლაში მისი მანქანით მივდივართ. გზაში სასაუბრო თემა არ გველევა, ძირითადად ისტორიაზე ვსაუბრობთ. მე ქართულ ტრადიციებს ვაცნობ და პარალელებს ვავლებთ აზერბაიჯანულთან, ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა უფროსებისადმი პატივისცემა და სტუმართმოყვარეობაა მათთვისაც მნიშვნელოვანია. დეკემბერში თემრაზი ქუთაისში არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებისათვის ჩატარებულ ტრენინგზე იყო, მას შემდეგ ყველაზე ხშირად ქუთაისზე მოყოლას მთხოვს. ყველაზე მეტად ქუთაისლების კილო მოეწონა და წუხს რომ ქალაქი კარგად ვერ დაათალიერა.

გაკვეთილების შემდეგ ქართულის დამატებით მეცადინეობებს ვატარებ. 1, 2 და 3 კლასის მოსწავლეები ერთად მეცადინეობენ, 4, 5 და 6 ერთად, სურვილისამებრ უფროსკლასელებიც მოდიან ხოლმე. მეცადინეობაზე ძირითადად დღის განმავლობაში მიცემული დავალებების მომზადებაში ვეხმარები, ქართულ-აზერბაიჯანულ ლექსიკოსან ვადგენთ და ლექსებს სწავლობენ. განსაკუთრებით, ქართული ხალხური სიმღერების სწავლა მოსწონთ. სკოლის მერე სახლში მივდივარ, სადაც დღის დარჩენილ ნაწილს ჩემს ახალ მეგობარ, ელვინთან ერთად ვატარებ.

ელვინი ჩემი მასპინძლის ძმისშვილი და ყველაზე ახლო მეზობელია. ის 11 კლასშია და სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. სწავლის გაგრძელებას თბილისში აპირებს და ამიტომ ხშირად მოდის ჩემთან სტუმრად. აინტერესებს როგორ ცხოვრობენ დედაქალაქში და რითი ერთობიან ახალგაზრდები. ქართული კარგად იცის, მაგრამ უნდა უფრო დახვეწოს. ქართული სიტყვების წარმომავლობა აინტერესებს, თუ ახალ სიტყვას გაიგებს მაშინვე იწერს. ქართულ და აზერბაიჯანულ სიტყვებს შორის მსგავსების აღმოჩენისას ცდილობს გაიგოს რომელი ენიდან მომდინარეობს ფუძე. ადგილობრივ დღესასწაულებზე ყოველთვის მეპატიჟება, მიხსნის რას აღნიშნავენ და როგორ. მაგალითად, ამიხსნა რომ ნოვრუზ ბაირამზე ცხვარს კლავენ და გაჭირვებულებს უნაწილებენ.

დღის განმავლობაში 5 გაკვეთილის ჩატარება დამღლელია, მითუმეტეს როცა ენის ბარიერი ჯერ კიდიევ არსებობს, მაგრამ როცა შესვენებაზე ბავშების ხმა მესმის „მასწავლებელო მოდი აქ,” ვხვდები, რომ ბავშვები ქართულად ფიქრს იწყებენ, დაღლა სადღაც ქრება და ვაცნობიერებ, რომ ჩემი ძალისხმევა უშედეგოდ არ იკარგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი