სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ბიოლოგია ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი წარმატებული მეცნიერებაა

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკოლოგიის ინსტიტუტის, ემერიტუს პროფესორი, ბატონი აივენგო შათირიშვილი, რომელიც გამოცდების ეროვნულ ცენტრში ბიოლოგთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, მასწავლებლებს, აბიტურიენტებსა და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს წინასაგამოცდოდ რჩევებს აძლევს. ბიოლოგთა ამ ჯგუფის მიერ არის ვიზირებული და შედგენილი აბიტურიენტთა და მასწავლებელთა საგამოცდო პროგრამები, პრეტესტები და ტესტები ბიოლოგიაში.

 

 

რომელ დამხმარე სახელმძღვანელოს ურჩევდით პედაგოგებს მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მოსამზადებლად?

– სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ საქართველოში მასწავლებლებისთვის სპეციალური ლიტერატურა ბიოლოგიაში ძალიან მწირია. ბოლო ხანს ეს განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა. მეცნიერება წინ მიდის, ამიტომ მასწავლებელს სჭირდება სრულყოფილი, თანამედროვე მიღწევების ამსახველი სახელმძღვანელო, რომელიც მას დროისთვის ფეხის აწყობაში დაეხმარება.გამოცდების ეროვნული ცენტრმა,დირექტორის, ქალბატონი მაია მიმინოშვილისა და საბუნებისმეტყველო ჯგუფის კურატორის, ბატონი გოგი ჩეჩელაშვილის ინიციატივით ავტორთა კოლექტივმა ბატონებთან ილია ლაზარიშვილსა და სულხან ცაგარელთან ერთად ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის ასეთი სახელმძღვანელო შეადგინა

. ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეადგინადა გამოსცა. ბიოლოგთა ჯგუფმა შეიმუშავა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტიც. სახელმძღვანელო საგამოცდო პროგრამის მიხედვით არის შედგენილი. ის მომზადდა, რათა მასწავლებლებს გამოცდისთვის მომზადება არ გასჭირვებოდათ. სადღეისოდ არსებობს მისი ორი გამოცემა. ვფიქრობ, იგი კარგი გზამკვლევი იქნება ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის, რადგან საგამოცდო ტესტები სწორედ ამ სახელმძღვანელოს მიხედვით არის შედგენილი. მასში განხილულია ზოგადი ბიოლოგიის, ადამიანის ანატომიის, ზოგადი და ადამიანის გენეტიკის საკვანძო საკითხები, ასევე – ფიზიოლოგიის ყველა აქტუალური საკითხი, ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები და ბიოტექნოლოგიის გამოყენებით მათი გადაჭრის გზები.

გვესაუბრეთ მასწავლებელთა საგამოცდო ტესტების შინაარსის, ღია და დახურული კითხვების შესახებ

საგამოცდო ტესტების დახურული კითხვები ორიენტირებულია ცოდნაზე და ზოგადი ბიოლოგიის კარდინალურ საკითხებს მოიცავს. ეს ის საკითხებია, რომელთა ცოდნაც მოეთხოვება ყველა პედაგოგს და რომელთა უმეტესობას განიხილავენ მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში. საგამოცდო ტესტების ღია კითხვები კი წარმოაჩენს მასწავლებლის ერუდიციას, მის მიდგომას, პედაგოგიურ უნარ-ჩვევებს, მეთოდიკას – როგორ გეგმავს იგი გაკვეთილს, რამდენად შემოქმედებითად უდგება სწავლებას, როგორ იყენებს საჩვენებელ მასალას, ამა თუ იმ ინოვაციას და ასე შემდეგ. პედაგოგიური უნარების წილად მოდის საგამოცდო ტესტების 30%, თეორიულის წილად – 70%, თუმცა იქაც არის როგორც ღია, ასევე დახურული კითხვები.

– როგორ ასწორებენ ტესტებს?

ლოჯისტიკის ჯგუფი შიფრავს ნაწერებს, რომლებსაც შემდეგ ასწორებს ბიოლოგიური ჯგუფისგან იზოლირებული საგამოცდო კომისია, ხოლო ჩვენ საბოლოო შედეგს მოგვიანებით ვიღებთ.

– წელს პირველად საბუნებისმეტყველო დარგებში სერტიფიცირებულმა მასწავლებლებმა ჩააბარეს გამოცდა სპეციალობის ექსპერიმენტულ ნაწილში. გვიამბეთ პროგრამის, ტესტების შედგენისა და შედეგების შესახებ.

დავიწყოთ შედეგებით. მოხარული ვარ, რომ მასწავლებლებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდა. უდავოდ რთული იყო, მაგრამ პედაგოგების 90%-მა ბარიერი გადალახა და ეს არა მარტო მათი, არამედ საგამოცდო ცენტრის გამარჯვებაც არის.

ექსპერიმენტული ნაწილი ითვალისწინებდა საგაკვეთილო გეგმაში ანიმაციის ჩართვას, ასევე მოიცავდა პრეპარატის ამოცნობას და გენეტიკურ ექსპერიმენტს. ანიმაცია მოითხოვდა ზოგადი ბიოლოგიური მოვლენებისა და კანონზომიერებების ცოდნას, ხოლო გენეტიკური ამოცანები ორიენტირებული იყო საკითხებზე, რომლებიც არ სცილდებოდა საშუალო სკოლის მოსწავლეთა პროგრამის ფარგლებს – ისეთებზე, როგორებიც არის, მაგალითად, მონოჰიბრიდული შეჯვარება, არასრული დომინირება… საგამოცდო დრო სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. გამოცდებმა მშვიდ ატმოსფეროში ჩაიარა. ამოცანები მასწავლებლებს ინდივიდუალურად დაურიგდათ, ხოლო პროგრამა იცვლებოდა სესიების მიხედვით. შესაბამისად იცვლებოდა ანიმაციებიც.

მასწავლებლის სახლში მიმდინარე ტრენინგები პედაგოგებს უდავოდ გამოადგათ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სერტიფიცირებისა და ტრენინგების სამსახურის უფროსთან, ქალბატონ ნინო გორდეზიანთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის კონსულტანტთან, ქალბატონ რუსუდან თედორაძესთან. ჩვენი საერთო მიზანი მასწავლებლების დახმარებაა. ვმოქმედებთ კოორდინირებულად. სწორედ ასეთ მიდგომას უნდა ვუმადლოდეთ შედეგს, რომელიც წელს აჩვენეს მასწავლებლებმა ექსპერიმეტული ნაწილის ჩაბარებისას. ამდენად, ჩვენს თანამშრომლობას აქვს მომავალი.

ტრენინგები, რომლებიც მასწავლებლის სახლში იმართება, მასწავლებლებისთვის ნამდვილად სასარგებლოა. განვიხილეთ ტრენინგისთვის მომზადებული საკითხებიც. სამწუხაროდ, უფლება არ გვაქვს, კონკრეტული საგამოცდო თემები მივუთითოთ, თუმცა შევთავაზეთ საკითხები, რომელთა ირგვლივაც მათ როგორც სასერტიფიკატო, ასევე ექსპერიმენტული ნაწილის ტრენინგმოდული მოამზადეს.

რა დოზით შევა სასერტიფიკატო გამოცდებში ბიომეტრიის ელემენტები?

რაც შეეხება მათემატიკურ ორიენტირებას, მხოლოდ ექსპერიმენტულ ნაწილში სჭირდებათ ამ საკითხების ინტეგრირება. მათ ბიოლოგიურად დაამუშავეს მონაცემები ამოცანების დროს. ამ საკითხებს საგამოცდოდ პედაგოგებს ცალკე არ ვაძლევთ; მიგვაჩნია, რომ ისინი თან უნდა ახლდეს პრაქტიკულ ნაწილს, გენეტიკური კანონზომიერების გამოსავლენად მათემატიკური აპარატის გამოყენება. დამატებით ტესტების სახით თეორიულ ნაწილში ეს არ შევა. არც ერთი მათემატიკური ფორმულა არ იქნება გამოყენებული გამოცდებში ტესტების სახით. აღსანიშნავია, რომ წელს მასწავლებლები ძალიან კარგად ფლობდნენ მათემატიკურ გამოთვლებს და ამ ნაწილში მაღალი შეფასებებიც დაიმსახურეს, რაც დაეხმარა კიდეც ზოგიერთ მათგანს ბარიერის გადალახვაში.

საინტერესო იქნება ექსპერიმენტული ნაწილის შესახებ იმ მასწავლებელთა მოსაზრებები, რომლებმაც ეს გამოცდა ჩააბარეს.

– დამამთავრებელი კლასის ტესტების ნიმუშებზე მინდა გკითხოთ. წელს პროგრამიდან ამოღებულია ეკოლოგია და დამატებულია გენეტიკა. შევა თუ არა ეკოლოგიის საკითხები ტესტებში?

– მეათე კლასის მოსწავლეები ბიოლოგიას გენეტიკის შესწავლით ასრულებენ. ახალი სასწავლო წლიდან უკვე სპეციალური სტანდარტი დაინერგება, რომლის შემუშავებაში მეც ვმონაწილეობდი. ამ სტანდარტის მიხედვით, ბიოლოგია უწყვეტად შეისწავლება მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში. აქამდე გენეტიკას მხოლოდ მეათე კლასში შეისწავლიდნენ. ახალი სასწავლო წლიდან საატესტატო პროგრამაში ჩართული იქნება გენეტიკის მარტივი ელემენტები: მონოჰობრიდული და დიჰიბრიდული შეჯვარება, სქესის გენეტიკა და ცვალებადობა. ტესტები აგებული იქნება სურათებზე, რაც კომპიუტერულ თაობას ამ საკითხების აღქმას გაუადვილებს.

საატესტატო გამოცდებზე არ მოითხოვება ეკოლოგიისა და ევოლუციის საკითხების ცოდნა, შევა მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული საკითხები; ეკოლოგიის საკითხები შეტანილია მხოლოდ სააბიტურენტო პროგრამაში.

გამოცდაზე უმთავრესად იმავე სირთულის საკითხები იქნება, რაც შარშან.

რა მიზანს ემსახურება პრეტესტირება?

– პრეტესტირების შედეგები მუშავდება და სტატისტიკურად აღირიცხება, რამდენმა მოსწავლემ გაართვა თავი ამა თუ იმ საკითხს. ამ მონაცემებს რვა სხვადასხვა პარამეტრით ამუშავებს ცალკე ჯგუფი. თუ რაიმე ხარვეზი აღმოაჩინეს ან მოსწავლეებს პასუხის გაცემა გაუჭირდათ, მოხდება ასეთი ამოცანების ამოღება ან გადაკეთება. ტესტირებამდე ყველა ამოცანა გამოცდილი და სტატისტიკურად დამუშავებულია. ისინი არ იქნება იმ ამოცანებზე რთული, რომლებიც სასკოლო სახელმძღვანელოებშია შეტანილი.

რატომ უნდა ჩააბაროს აბიტურიენტმა საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტზე ბიოლოგიის სპეციალობით?

ბიოლოგია ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი წარმატებული მეცნიერებაა. თუ მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი ატომის ბირთვის შეცნობის ეპოქა იყო, ხოლო მეორე ნახევარი – უჯრედის ბირთვის შეცნობისა, დღეს უკვე გენებზე ვმანიპულირებთ. აქტიურად ვითარდება გენური ინჟინერია და შესაძლოა, მალე ისეთი გენეტიკური დაავადების განკურნებაც მოხერხდეს, რომლებიც აქამდე უკურნებლად იყო მიჩნეული. კარგი იქნება, თუ ქართველი ახალგაზრდები დაინტერესდებიან ამ დისციპლინით და ჩვენს ადგილს დაიკავებენ.

– თქვენ ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შვიდ სხვადასხვა სალექციო კურსს უძღვებით ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. რა მიმართულებებია ბიოლოგიის კუთხით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და რომელ სალექციო კურსს კითხულობთ ამჟამად?

ამჟამად ვკითხულობ ევოლუციის თეორიას, გენეტიკას, ზოგად გენეტიკას, გენეტიკა და საზოგადოებას, პოპულაციების გენეტიკას, მოლეკულური გენეტიკის საფუძვლებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ორი კარდინალური მიმართულებაა ეკოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის განხრით. ლექციებს კითხულობენ გამოჩენილი მეცნიერები – ბატონები დავით თარხნიშვილი, დავით მიქელაძე, ზაზა კიკვიძე, რეზო სოლომონია და სხვები. უნივერსიტეტში მიმდინარეობს კვლევები მოლეკულურ დონეზე ბატონ დავით თარხნიშვილთან თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით. ჩვენი სტუდენტები უცხოეთში სტაჟირებასაც გადიან.

მადლობა საინტერესო საუბრისთვის. თქვენი რჩევები ნამდვლად დროული და სასარგებლოა მასწავლებლების, აბიტურიენტებისა და დამათავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის.

ესაუბრა ხათუნა გოგალაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“