ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

უჩასა და ჩიორას კვალდაკვალ (ნაწილი I)

რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ ქალაქს? რა მოგონებები გაქვთ ქალაქის ღირშესანიშნაობების შესახებ? რა ჯადოსნური ფიქრები გამოგყვათ ბავშვობიდან?

სტატიის წერა სწორედ იმ შეკითხვებით დავიწყე, რომლებმაც ერთ პატარა თავგადასავალს დაუდო სათავე –  შვილებთან ერთად საკუთარ ქალაქში მოგზაურობას. შეკითხვები კი წიგნის „ჩიტები თბილისში“ კითხვისას დამებადა. უჩა – მამა მერცხალს ჰქვია. წიგნის პირველ გვერდზე შვილს, ჩიორას, ფრენას ასწავლის და თბილისს ათვალიერებინებს. „ჩიტები თბილისში“ ეკუთვნის გამომცემლობას – „ზოლიანი კატა“  და მისი ავტორები ალექს ჩიღვინაძე და ლაშა ბაქრაძე არიან, ილუსტრატორი კი ანა ჯანელიძეა.

ფერადი ილუსტრაციები და მინიმალისტური ტექსტები მშვენიერი გზაა ბავშვების ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად, თუმცა, ამ ვირტუალურ მოგზაურობას მეგზურობაც სჭირდება.

თბილისის გარეუბანში გავიზარდე. სანამ ქალაქს დამოუკიდებლად გავეცნობოდი, ყველაზე ტკბილი მოგონება ჩემს მშობლებს უკავშირდება. ერთხელ რუსთაველის პროსპექტზე გავისეირნეთ, მერე კი ეროვნულ მუზეუმში შევედით. ქვილთის ნაკუწებივით მახსოვს იმ დღეს ნანახი ექსპონატები. ჩემი მშობლების ყოველდღიურობა იმაზე ზრუნვით იყო მოცული, რომ საკვები არ გამოგვლეოდა. უშუქო და უიმედო 90-იანი წლების ბავშვებს  მოუცლელი, გადაღლილი, ნერვებდაგლეჯილი მშობლები გვყავდა. ძნელი იყო კულტურულ ღონისძიებებზე ეფიქრათ. ის დღე ცხოვრებას ახლა მზის სხივივით მინათებს და გული მადლიერებით მევსება.

სწორედ ამ მოგონებამ მიბიძგა წიგნის „ჩიტები თბილისში“ მიხედვით თავგადასავალი წამომეწყო. ვფიქრობ, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის საინტერესო აღმოჩნდება ჩვენი გამოცდილების გაზიარება, რადგან ბავშვობის შთაბეჭდილებების დაგროვება სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული.

გადავწყვიტე, უჩასა და ჩიორას კვალდაკვალ ჩემი გოგონასთვის ქალაქი დამეთვალიერებინა და გამეცნო. ჩამოვწერეთ წიგნში ნახსენები ადგილები და პირველი დღე დავგეგმეთ:

  • ნარიყალა;
  • აბანოთუბანი;
  • ძველი თბილისის ქუჩები;
  • ბოტანიკური ბაღი;
  • რუსთაველის პროსპექტი.

 

შემდეგ კითხვარი შევადგინე და თეკლას შევავსებინე. შეკითხვებს თქვენც გაგიზიარებთ:

  1. რა იცი თბილისის ღირშესანიშნაობების შესახებ?
  2. სიტყვა „თბილისის“ გაგონებისას პირველად რა გახსენდება?
  3. რომელი ლექსი, სიმღერა, ფილმი ან მულტფილმი იცი თბილისზე?
  4. წარმოიდგინე, რომ უცხო ქვეყანაში ხარ და შენი ქალაქის შესახებ გეკითხებიან. რას უამბობდი?
  5. რა მოლოდინი გაქვს დღევანდელი დღისგან?

 

პასუხები დამეხმარა თბილისის შესახებ თეკლას ცოდნისა და მისი მოლოდინის გარკვევაში. ვატყობდი, რომ ჩემი ენთუზიაზმი და სადღესასწაულო განწყობა მას აბნევდა და ზრდილობის გამო უფრო მომყვებოდა. ეს გამოწვევა იყო, რომელსაც უნდა გავმკლავებოდი.

ქალაქის გარეუბნიდან რუსთაველის პროსპექტამდე სამარშრუტო ტაქსითა და მეტროთი მივაღწიეთ. თუ მამა მერცხალმა ნარიყალიდან დაიწყო ქალაქის გაცნობა, ჩვენ რუსთაველის მეტროდან მზით გამლღვარ ქუჩაში ამოვყვინთეთ და რუსთაველის ძეგლის წინ ჩამოვდექით.

 

ამბები

როგორც იცით, ამბების მოსმენა ბავშვებს ძალიან უყვართ.  შოთა  რუსთაველის შესახებ ვუამბე. საპროგრამო მასალის მიხედვით მეხუთე კლასში თინათინის გამეფებით ეცნობიან „ვეფხისტყაოსანს“. შოთა რუსთაველის ბურუსით მოცული ბიოგრაფია ბევრ კითხვას ბადებს. ვუამბობ მოკლედ. როგორც კი ვგრძნობ, რომ მოსმენა უჭირს, ვჩერდები.

 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი – ვკითხულობთ წიგნში. შენობას გარს ვუვლით. ის შთამბეჭდავია. ვაკვირდებით თაღებს და ვუამბობ ორჯერ დამწვარი ოპერის შესახებ.

იმასაც ვიხსენებ, ერთხელ ანასტასიას დედამ, ნათელა დეიდამ, ბალეტ „ჟიზელის“ ბილეთები რომ გვიყიდა თინეიჯერ გოგოებს.

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე გზის მეორე მხარესაა. აქ ჩემს მეგობრებთან ერთად დავდიოდი შემოქმედებითი წერის წრეზე. დრო გავიდა და ამ შენობაში ჩემს მოსწავლეებთან ერთად დავბრუნდი. თეკლას შევპირდი, რომ სხვა დროს საგანგებოდ წამოვიყვანდი და გიდთან ერთად გავეცნობოდით მის ისტორიას.

 

ათი წლის გოგოს საქართველოს პარლამენტი ყველაზე მეტად აინტერესებს. ვცდილობ, საპარლამენტო მმართველობის შესახებ გასაგებად ვუამბო.

 

კლასიკური გიმნაზია ბიძაშვილებს ახსენებს.

 

ლესელიძის ქუჩას დავუყევით და სანამ მოგზაურობას გავაგრძელებდით, სადილობა გადავწყვიტეთ. პიცა უგემური იყო. თეკლამ ძველი თბილისის ხედის ესკიზი შექმნა. ხატვისას ორი ბეღურა მოფრინდა, მოაჯირზე დასკუპდა და სახატავ რვეულში იჭყიტებოდა.

 

ძველი სახლების ეზოები

 

აბანოთუბნისკენ ძველ ეზოებს ვაკვირდებოდით. ერთ-ერთი სახლის კიბეზე ბევრი ადამიანი იჯდა და ისე გულიანად იცინოდა, განწყობა ჩვენც გადმოგვედო. წიგნის ილუსტრაცია თვალწინ გაგვიცოცხლდა. უჩასა და ჩიორას კვალს მივყვებოდით და თეკლას გულიც მადლიერებით ივსებოდა.

 

აბანოთუბანი

 

„ფრენით დაღლილებმა ძველი აბანოს გუმბათზე ჩამოისვენეს და მამამ შვილს უამბო თქმულება ქალაქის დაარსების შესახებ“. – ჩვენ აბანოების გუმბათები გვაკვირვებს და ვაკვირდებით დედ-მამას, რომლებსაც ერთ-ერთ გუმბათზე პატარა გოგო შემოუსკუპებია და თბილისური საღამოთი ტკბებიან. ვახტანგ გორგასლის დროს თხუთმეტი საუკუნე გვაშორებდა.

 

აბანოში შესვლის ნებართვაც მივიღეთ. თეკლას ძლივს ვეწევი. წყალში ხელს ყოფს და აღფრთოვანებას ვერ მალავს.

ჭრელ აბანოსაც მალე მივაგენით. წიგნს ვშლით და ილუსტრაციის ფონზე სურათს ვიღებთ.

 

ნარიყალისკენ

 

ვიწრო ქუჩებით ნარიყალას ვუახლოვდებით. თეკლას ძლივს ვეწევი. შეყვარებულ წყვილს მყუდროებას ვურღვევთ.

 

„ბარტყო, ესაა თბილისის უძველესი ნაწილი. ამ ციხე-სიმაგრეს ნარიყალა ჰქვია. წინათ ქალაქს ხშირად ესეოდნენ მტრები და მაშინ თბილისელები გალავნით შემოზღუდულ ციხე-სიმაგრეს აფარებდნენ თავს“, – უჩა ჩიორას ნარიყალას აცნობს. ციხის კარიბჭეში შევლისას სახეს ქვებს ვადებ და ვუსმენ. რამდენი ადამიანის ხმა, ტკივილი, სიცილი, შიში გახსოვს-მეთქი, ვეკითხები ხმამაღლა და ციხის ქონგურებისკენ მივიწევთ. თბილისს ზემოდან დავყურებთ. ჩვენს უბანს ვეძებთ. თბილისი იმხელაა, თვალის მოვლება შეგვიძლია.

 

ბოტანიკური ბაღი

 

ნარიყალიდან ბოტანიკური ბაღისკენ ვეშვებით.

 

თეთრი თოვლის გუნდა, ესპანური სოჭი, კავკასიური აკაკი, დიადი ბოკვი, ბალეარის ბზა, ჭყორფოთოლა მაჰონია, ევროპული არღავანი, გადაშლილი ჩიტაკომშა, ვირჯინიის ხურმა, სირიის ვარდი – ეს ჩამონათვალი თავისი ლათინური სახელებითურთ ჩემი საყვარელი ნაწილია. გადაშლილი წიგნით ხელში დავდივართ და ყოველი ხისა თუ ბუჩქის ქვეშ ვჩერდებით. ყურადღებით ვკითხულობთ აბრაზე დატანილ წარწერებს. პირველად სირიის ვარდს ვპოულობთ. ივლისის ცხელი საღამოა. ბაღში, ჩვენ გარდა, პატარა ბიჭი და მისი მშობლები არიან. ერთად მივიწევთ ჩანჩქერისკენ. თამარის ხიდზე დაღლილობისგან სიცილი გვიტყდება. ათი წლის ვიყავი, კლასის დამრიგებელმა ბოტანიკურ ბაღში რომ წამოგვიყვანა. მახსოვს, რამდენიმე მშობელს ხელში ნამცხვრით სავსე ლანგარი ეკავა და ნერწყვები მდიოდა. ისე ნათლად ამომიტივტივდა მოგონება, თითქოს იმ დღეს მთელი ოცდაოთხი წელი არ მაშორებდეს.

 

მცენარეების სახელწოდებები ლიტერატურულ თამაშად შეიძლება ვაქციოთ-მეთქი, ვთავაზობ თეკლას. მაგალითად, დაწეროს მოთხრობა, რომლის მთავარი პერსონაჟები ჭყორფოთოლა მაჰონია ან გადაშლილი ჩიტაკომშა იქნებოდნენ.

 

თამარის ხიდიდან ქართლის დედისკენ ვეშვებით. ბინდდება და უკაცრიელი ბილიკები შიშს გვგვრის. მეეზოვის ცოცხი ფიროსმანის ნახატსა და ჰარი პოტერს გვახსენებს. ისევ ძველი თბილისის ქუჩებში ამოვყავით თავი. გზად მეჩეთი აღმოვაჩინეთ და დასათვალიერებლად შევედით. მეჩეთი მამაკაცებითაა სავსე. ფეხზე ვიხდით და თავშლებს ვიხვევთ. ხალიჩა შიშველ ფეხისგულებს გვიმშვიდებს. ათეულობით ყურანი თვალს გვჭრის. მოშორებით ფეხმორთხმულ მამაკაცებს ვამჩნევ. მშვიდად საუბრობენ და მთელი გულით მაინტერესებს მათი საუბრის საგანი.

 

ისევ აბანოთუბანში ვბრუნდებით. შინ ტაქსით მივდივართ. გზაში რელიგიაზე, ასტრიდ ლინდგრენზე, ომზე ვსაუბრობთ. თეკლა მადლობებით მავსებს. თავიდან კი მეზარებოდა წამოსვლა, მაგრამ ახლა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარო. ზუსტად ვიცი, გაივლის წლები და ამ დღეს კიდევ უფრო მეტად შეიყვარებს. მას თავისი მოგონებები ექნება თბილისის შესახებ.

 

ასე რომ, ქალაქის გასაცნობად მშვენიერი გზაა უჩასა და ჩიორას კვალდაკვალ სიარული. მართალია, მარშრუტის თანმიმდევრობა შევცვალეთ, მაგრამ მთავარი იდეის ერთგულები დავრჩით.

 

შეგიძლიათ „ჩიტები თბილისში“ სასკოლო პროექტად აქციოთ. მთელ წელზე გაწეროთ და  აქტივობები დაგეგმოთ – ამბის თხრობა, შთაბეჭდილებების დღიურის წერა, ახალი ადგილების აღმოჩენა, თბილისის ღირშესანიშნაობების რუკის შექმნა – კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება.

 

ერთი დღისთვის ეს ვიკმარეთ. შემდეგ წერილში ეროვნულ მუზეუმსა და მშრალ ხიდზე სტუმრობის ამბავს გიამბობთ.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი