კვირა, სექტემბერი 29, 2024
29 სექტემბერი, კვირა, 2024

ზურაბ შევარდნაძე – საუკეთესო მებაღე: „საუკეთესო მასწავლებლები მყავდა“

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხრიოკ, ქარიან და უსახურ ადგილას პატარა წალკოტია გაშენებული. აქაურობას „გარდენია” ჰქვია, მისი მთავარი მებაღე კი ზურაბ შევარდნაძე გახლავთ. გურიის სოფელ ასკანაში დაიბადა და ამავე სოფლის საშუალო სკოლა დაამთავრა. სკოლას წლების შემდეგაც დიდი სიყვარულით იხსენებს, განსაკუთრებული სითბოთი კი მასწავლებლებზე საუბრობს. იხსენებს სკოლის ეზოში გაშენებულ სკვერსა და ბოსტანს, სახლის ეზოს ბამბუკის ტყესა და ხეხილის რიგებს. სწორედ აქ ყოფნისას ოცნებობდა, რომ ოდესმე საკუთარ სამოთხის ბაღს გააშენებდა და ასეც მოხდა – ზურაბ შევარდნაძის „გარდენია” დღეს თბილისის ყველაზე ლამაზი, ფერადი და სურნელოვანი ადგილია. 


– შეუძლებელია სკოლის პირველი დღე დაგავიწყდეს. ასევე სამუდამოდ გამახსოვრდება სკოლაში გავლილი მნიშვნელოვანი ეტაპები. თქვენ რას გაიხსენებდით?

– ჩემი პირველი 1-ლი სექტემბერი მართლად გუშინდელი დღესავით მახსოვს. მეცვა თეთრი პერანგი და მოკლე შარვალი, მგონი, ბრიჯები. ამის გამო ძალიან მრცხვენოდა, რადგან ყველას გრძელი შარვალი ეცვა. ამის შემდეგ სკოლაში გატარებული თითქმის ყველა დღე მახსოვს: როგორ გავხდი ოქტომბრელი, როგორ მიმიღეს პიონერთა რიგებში. სხვათა შორის, ჩემი რამდენიმე კლასელი ცუდად სწავლის გამო არ მიიღეს და ვფიქრობდი, რა უბედურები არიან, კიდევ კარგი მეც ეგრე არ გავიწირე-მეთქი. 

– დღეს წარმატებული ადამიანი ხართ. საინტერესოა, როგორი მოსწავლე იყავით?

– საკმაოდ ცუდი, სასკოლო პროგრამას არ ვსწავლობდი, სხვა ინტერესები მქონდა. მიყვარდა ცხოველები და მცენარეები, კლასში ჯდომას ტყეში სეირნობა მერჩივნა, რის გამოც სწავლისთვის ნაკლებად ვიცლიდი. ამის მიუხედავად, მაინც კარგი ნიშნები მქონდა, რადგან მასწავლებლებს ვუყვარდი. ცხადია, მეც ამავეთი ვპასუხობდი, რადგან ზოგადად ადამიანები მიყვარს. ძირითადად უფრო გოგონებთან ვმეგობრობდი, ბიჭებს ნაკლებად ვეკარებოდი, არასდროს მითამაშია ფეხბურთი ან კალათბურთი. სპორტული ცხოვრება არც მაშინ მიზიდავდა და არც ახლა. ჩემი ინტერესები ესთეტიკისა და სილამაზისკენ იხრებოდა. მიყვარდა ხელოვნება, ბუნება, კითხვა. 

– რამ ან ვინ ჩამოგიყალიბათ ასეთი ინტერესები?

– ძალიან მშრომელ და მოყვარულ ოჯახში, განათლებული და თბილი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი. მყავდა საოცარი ბებია და ბაბუა, სამაგალითო ადამიანები, თავდაუზოგავად მშრომელები, სწორი და საღი დამოკიდებულებით. განსხვავეულად აზროვნება და გემოვნება სწორედ მათგან ჩამომიყალიბდა. დიდი ოჯახი გვქონდა, სადილსა და ვახშამზე ყველა ერთად ვიკრიბებოდით, საღამოობით ჩაის სმის რიტუალს ვატარებდით. ამ დროს ვაჯამებდით განვლილ დღესა და ვგეგმავდით მომდევნოს. ბევრს ვსაუბრობდით, ერთმანეთს ვუსმენდით. ოჯახში ამგვარ დამოკიდებულებას ბავშვის ფსიქიკისა და აზროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ენიჭება. 

– ადამიანის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს მასწავლებელიც. გაიხსენეთ ისინი. 

– საუკეთესო მასწავლებლები მყავდა, საოცარი ადამიანები, საკუთარი საქმის მცოდნე, თავგადადებულები, თბილები, ბავშვების მოყვარულები და სამაგალითონი. იმდენად სწორი ადამიანები იყვნენ, რომ ცუდად მოქცევასა და სწავლას ვერც გაუბედავდი. ზოგი მათგანი დღემდე იქ ასწავლის, რაც მაიმედებს, რომ ჩემს სკოლაში კიდევ გაიზრდებიან კარგი ადამიანები. 

– თქვენთვის ალბათ გამორჩეული იყო ბოტანიკის მასწავლებელი…

– ბოტანიკას რამდენიმე მასწავლიდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის პედაგოგი დამამახსოვრდა, ვინც მისაღები გამოცდებისთვის მომამზადა – ნანა ხომერიკი. მან საგანი არა მხოლოდ ზედმიწევნით მასწავლა, არამედ შემაყვარა კიდეც. ამ სიყვარულის გარეშე ვერც ვისწავლიდი და ვერც ვერაფერს მივაღწევდი. 

– საკლასო ოთახის რაფაზე ჩამომწკრივებული ქოთნის ყვავილები ერთგვარი სტანდარტია. იყო დრო, როდესაც სკოლები ლამაზი ბაღებითაც ამაყობდნენ. თქვენი სკოლა ამ მხრივ გამოირჩეოდა? 

– დღემდე მახსოვს ჩემი სკოლის მებაღე შოთა კაცაძე, რომელიც შეთავსებით შრომის მასწავლებელიც იყო. მისი დამსახურებით ჩვენს სკოლას არაჩვეულებრივი ბაღი და პატარა ბოსტანი ჰქონდა. ბაღში მხოლოდ იმ დროს ცნობილი დეკორატიული მცენარეები იყო გაშენებული, მაგრამ ისე იყო მოვლილი, რომ თანამედროვე სტანდარტისა გეგონებოდა. სკოლის მოსწავლეები  ბაღის მოვლაში აქტიურად ვიყავით ჩართული. ეს პერიოდი დღეს ძალიან თბილად მახსენდება. შემდეგ დაიწყო 90-იანები: უშუქობა, სიცივე, გაჭირვება და ბაღისთვისაც არავის ეცალა. ბოლო წლებში ეს კულტურა ისვე ბრუნდება, მით უფრო დასავლეთ საქართველოში, სადაც მოვლილი ეზო ოჯახის პრესტიჟის საკითხია. გურიაში კი იმდენად თავმომწონე ხალხი ცხოვრობს, მათთვის პრესტიჟი ლამის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, მოვლილი ბაღები ჰქონდეთ.   

– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ასეთი ბაღის გაშენებაზე ბავშვობიდან ოცნებობდით. რამდენად სრულყოფილად აგიხდათ ოცნება?  

– როდესაც „გარდენიას” ვუყურებ, მის ბილიკებზე დავდივარ და მცენარეებს ვეხები, ვხვდები, რომ ჩემი ბავშვობის დროინდელი ოცნება ზუსტად ისე ამიხდა, როგორც წარმომედგინა. ოცნების ახდენა დიდი საჩუქარია, რომელიც მერგო და რომელსაც სანუკვარი ჯილდოსავით ვუფრთხილდები. ყოველი დღის გათენება და საღამოს მოახლოვება მახარებს, ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ, როგორ იფურჩქნება ყვავილები, როგორ ხარობს ნერგი. ამასთან, ამხელა ბაღის გაძღოლა დიდი შრომაცაა, მთელი დღის განმავლობაში თავდაუზოგავად ვმუშაობ, მაგრამ ამას დიდი სიხარულით ვაკეთებ, რადგან ეს საქმე მიყვარს. გარდა ამისა, მყავს არაჩვეულებრივი გუნდი, ადამიანები, რომლებმაც საუკეთესოდ იციან საკუთარი საქმე, მათ თვალდახუჭული ვენდობი. 

– ინტერვიუს განმავლობაში ბაღში რამდენიმე ბავშვი შევნიშნე. საინტერესოა, როგორია მათი დამოკიდებულება ამ ბაღისა და ზოგადად ბუნების მიმართ? 

– ბუნება ბავშვებს უფროსებზე მეტად უყვართ, მაგრამ მათი სიყვარული გაუცნობიერებელია. ბევრი ზრდასრულის მსგავსად ისინიც ვერ ხვდებიან ბუნების გაფრთხილების აუცილებლობას. ეს გაკვეთილები მათ ჩვენ, უფროსებმა უნდა ჩავუტაროთ, მაგრამ მანამდე თავადვე უნდა შევიგნოთ, რომ ბუნების მოვლა  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის გაგება თანამედროვე ბავშვებს არ გაუჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტექნოლოგიების ბუმის პირობებში იზრდებიან. 

– როგორია თქვენი რეკომენდაცია მასწავლებლების მიმართ? როგორ შეიძლება ბუნების სიყვარული გაუღვიძონ მოსწავლეებს? 

– ჯერ ბუნება თავად უნდა შეიყვარონ – მცენარეების სიყვარული მხოლოდ ფანჯრის რაფაზე შემოდგმული ქოთნის ყავილების მორწყვა არაა. ეცადონ ბავშვები ხშირად ატარონ ბუნებაში, სკვერში, თუნდაც ჩემს ბაღში. ადამიანები დავშორდით ბუნებას და სულ უფრო ვშორდებით, ეს დაგვღუპავს. შვილები მაინც უნდა გადავარჩინოთ. სხვა მხრივ რეკომენდაციას ვერ მივცემ – მე მხოლოდ ადამიანებსა და ბუნებას შორის შუამავლის როლის შესრულება შემიძლია. თუ მოინდომებთ, გასწავლით, როგორ გაიფერადოთ ცხოვრება, როგორ შემატოთ მას ახალი სურნელი და შეგრძნებები. 

– თბილისის ძველ ფოტოებს თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ქალაქი მწვანეშია ჩაფლული. თანამედროვე თბილისი კი ამ მხრივ პოსტაპოკალიპტურ ნანგრევებს უფრო წააგავს.

– სწორედ ამიტომ ამ ეზოდან იშვიათად გავდივარ. თუ საქმეზე მომიწია გასვლა, ვცილობ, მალე დავბრუნდე. ძალიან მიჭირს მწვანე ფერისგან განძარცვული ქალაქის, უშნო შენობებისა და ესთეტიკას მოკლებულ პეიზაჟების ყურება. ეს არ არის ის ქალაქი, რომელიც ჩვენს შვილებს უნდა დავუტოვოთ. სამწუხაროა ისიც, რომ თითქმის მსგავსი რამ ხდება სოფლადაც. ადამიანებს მატერიალურად იმდენად უჭირთ, რომ საკუთარ გარემოს ყურადღებას აღარ აქცევენ. 

– გყავთ შეგირდები? არიან მებაღეობით დაინტერესებული ახალგაზრდები?

– მე საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯს ვხელმძღვანელობ. ეს სასწავლებელი უკვე მერვე წელია არსებობს და წლის განმავლობაში 200-ზე მეტი მსმენელი გვყავს. საოცარი მოსწავლეები მყავს, ძალიან მონდომებულები და საქმის მოყვარულები. ზოგი ჩემი თანამშრომელი  სწორედ ამ კოლეჯის კურსდამთავებულია. მათი შემხედვარე მაქვს იმედი, რომ ჩემი პროფესია მომავალშიც გაგრძელდება და ამ დარგის უკეთესი სპეციალისტები გვეყოლება.

 

– „გარდენიას” შესახებ ყველას სმენია. ხშირად აქაურობას სამოთხესაც ადარებენ, რაშიც, შეუძლებელია, არ დაეთანხმო. როგორ წარმოგიდგენიათ მისი მომავალი? რა მიმართულებით აპირებთ ბაღის განვითარებას? 

– ამჟამად ბაღი საკმაოდ დიდ ტერიტორიას იკავებს, რაც ჩემთვის სრულიად საკმარისია, ამრიგად საზღვრების გაზრდაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის განვითარებასაც შევწყვეტ. პირიქით, „გარდენია” ყოველდღიურად იზრდება, უახლოეს გეგმებში კი მის ტერიტორიაზე რამდენიმე სახელოსნოს გახსნა შედის. მალე გავხსნით თიხისა და ხის ნაკეთობების, ასევე კალათების დაწნის სახელოსნოებს, სამკერვალოსა და სხვა მსგავსი ტიპის პატარა საამქროებს. ვაპირებ სამებაღეო ჟურნალის გამოცემასაც. მინდა, „გარდენია” მეუნეობიდან ერთგვარ საზოგადოებად ჩამოყალიბდეს, სადაც ბევრი ადამიანი იტრიალებს, რადგან როგორც ადამიანებს სჭირდებათ ბუნება, ისე სჭირდება ამ მცენარეებს ადამიანები. 
ესაუბრა ია ვეკუა 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

აი, სკოლაშიც დავბრუნდით!

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“