ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ფესვებთან დაბრუნება

პასტორალური თემატიკა იმთავითვე დომინანტი იყო ქართულ პროზაში. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან, როცა ქართული პროზა მძლავრად იწყებდა ფეხის ადგმას, გამოიკვეთა ურბანული (არდაზიანთან) და ეკლექტური (ჭონქაძესთან) მოტივები, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს უკვე მთლიანად პასტორალური ხაზი დომინირებდა პროზაში. გარდა გამონაკლისებისა, ილიას, აკაკის, ვაჟას, ყაზბეგის, “ხალხოსნების” პროზა პასტორალური პროზაა. ასე იმიტომ მოხდა, რომ სოფელში უფრო მკვეთრად იყო გამოხატული სოციალური უთანასწორობა, ქალაქში კი ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული.

მაშინდელი პასტორალური პროზა იქ მცხოვრები ადამიანების პირქუშ და დუხჭირ ყოფას აღგვიწერს. იქ არ არის არანაირი რომანტიკა და იდილია, ბედის საძიებლად ხალხი ურბანული დასახლებებისკენ მიიჩქარის, მაგრამ ვერც იქ ხედავს რამე სახეიროს და უკანვე ბრუნდება.

მკვეთრი სოციალური თემატიკა პასტორალურ მცირე პროზას გიორგი შატბერაშვილის გამოჩენამდე გაჰყვა. მისი მოთხრობები იყო გარდამტეხი ქართულ პასტორალურ პროზაში, მისმა სტილმა მთელი თაობები შვა. სწორედ შატბერაშვილის მოთხრობებში გაჩნდა ერთგვარი სევდიან-რომანტიკული კოლორიტი. შატბერაშვილის მოთხრობებს აუვიდა პირველად მიწის, ბალახის და ახალგამომცხვარი პურის სურნელი. მის მოთხრობებს რომ კითხულობ, გმირების ცხოვრებას რომ აკვირდები, თავს რატომღაც დამნაშავედ გრძნობ, რომ შენც არ ხარ იქ, მათთან ერთად შენც არ ბარავ მიწას, არ სხლავ ვენახს…

სწორედ შატბერაშვილისგან იშვნენ ისეთი ბრწყინვალე მწერლები, როგორებიც არიან რევაზ ინანიშვილი, ნუგზარ შატაიძე და სხვები. მათი პასტორალური პროზა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, მშვიდად თანაარსებობდა მძლავრ ურბანულ პროზასთან. ოთხმოცდაათიან წლებში კი აკა მორჩილაძის გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მისი, მისი მიმდევრების თუ სხვა ნიჭიერი და თვითმყოფადი მწერლების წყალობით, პასტორალური თემატიკა თითქმის მთლიანად განიდევნა ლიტერატურული ავანსცენიდან. რეზო ინანიშვილის მიმდევრებზე რიცხობრივად გაიმარჯვეს აკა მორჩილაძის მიმდევრებმა. მეინსტრიმულ ლიტერატურულ წრეებში ასეთი ტრენდიც კი მომძლავრდა: კონვენციური ლექსის ერთგული ავტორების მსგავსად, პასტორალური პროზის ერთგული ავტორებიც, სრულიად უსამართლოდ, ლამის რეტროგრადებად, გოიმებად და “გაუთლელებად” შეირაცხნენ.

ამ ფონზე დათია ბადალაშვილის გამოჩენა სწორედ რომ დროული იყო. 2019 წელს “ინტელექტმა” გამოსცა მისი სადებიუტო კრებული “ფიჭვები შორს იყო”. დათიას ხშირად ადარებენ ინანიშვილს, ჩოხელს და სხვებს, მაგრამ მე ამას არ დავეთანხმებოდი. რა თქმა უნდა, ხაზი იგივეა, მაგრამ მისი პროზა მაინც თვითკმარია. მე ამას ქართული პროზის ფესვებთან დაბრუნებას დავარქმევდი. მისი გამოჩენა შთამბეჭდავი იყო, ასეთი დებიუტი იშვიათია. თითქმის ყველა მეისნტრიმული ავტორი თუ ლიტერატორი მასზე დადებით კონტექსტში ლაპარაკობს. ძალიან მიხარია, რომ უსამართლო შევიწროების შემდეგ ამ ტიპის პროზა (გამორჩეული ნიჭით აღბეჭდილი) ისევ დაბრუნდა ლიტერატურულ ავანსცენაზე. დათიამ გვაჩუქა ფუფუნება, ტექსტებში ისევ გვეგრძნო მიწისა და მცენარეების სურნელი. დიდი ოსტატობაა საჭირო, რომ ასეთი მცირე, ლამის ფეისბუქსასტატუსე მინიატურები და ნოველები დიდი ემოციური ზემოქმედების მქონე ლიტერატურად აქციო. ინანიშვილი წერს ერთგან (მოკლედ, არ ვეშვებით ინანიშვილს): რომანისტს რა უჭირს, ყოველ დილით ადგება, მიუჯდება მაგიდას და დაწყებული ამბის თხრობას გააგრძელებს; ნოველისტებმა ვიკითხოთ, ყოველდღე რომ გავდივართ შინიდან, დავხეტიალობთ თემის საძებნელად და ან ვპოულობთ, ან ვერაო.

ამ ტიპის პროზა, წმინდა შემოქმედებითი თვალსაზრისით, პოეზიასთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე პროზასთან. დათიას ტექსტები, ლექსებივით, დეტალებზე არ გვაცდენენ და მხოლოდ მთავარს გვეუბნებიან. გვახსენებენ რაღაც ისეთს, რაც ადამიანებს დაგვავიწყდა, ან, სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება. დათიას პროზა უკეთესადამიანადგახდომის პროზაა, და ეს პატარა ამბავი არ არის.

ვიცით, რომ მოთხრობების კრებული, ლექსების კრებულივით, ნაკლებად იყიდება. ალბათ ამის გამოც, უფრო კი იმის გამო, რომ რომანი ერთგვარი საჯილდაო ქვაა და, რატომღაც მწერლური ძლიერების დასტურად მიიჩნევა, მწერლები მოთხრობებიდან რომანებზე გადადიან ხოლმე. დარწმუნებული ვარ, დათიას ბევრი მკითხველიც ელოდება, როდის დაწერს დათია რომანს და, ვინ იცის, საამისოდ აგულიანებს კიდეც. მე კი ვისურვებდი, ის ბოლომდე მცირე ფორმის ერთგული დარჩენილიყო, რადგან ეს უფრო აზარტული, რთული და, რაც მთავარია, საჭირო გზაა. და კიდევ – ვისურვებდი, მალე პირადად გამეცნო ამ შესანიშნავი ტექსტების ავტორი და, ჩემი გუმანით, ძალიან კაი კაცი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი