ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

აკაკი გაჩეჩილაძე – პედაგოგი იუველირის სამუშაოს ასრულებს

მხატვარ აკაკი გაჩეჩილაძის პერსონალური გამოფენების ჩამონათვალი ასეთია: 2013 – გალერეა „აპოლო”, თბილისი, საქართველო; 2012 – „ფანტასტიკური რეალიზმი”, Marien Hospital Galerie, დიუსელდორფი, გერმანია; 2012 – „580 მეტრი ზღვის დონიდან”, ზესტაფონის რაიონის საჯარო სკოლა, საქართველო; 2012 – ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტი, დიუსელდორფი, გერმანია; 2011 – Impressionen, Emotionen, Momentaufnahmen, St. Mauritius Therapieklinik Galerie, ქ. მერბუში, გერმანია. ჯგუფური გამოფენები: 2013 – Marbella Art Festival, ქ. მარბელა, ესპანეთი; 2013 – საქველმოქმედო გამოფენა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვთა მხარდასაჭერად, ივენთჰოლი, თბილისი, საქართველო; 2012 – INTER ART, ბათუმი, საქართველო; 2011 – Marziart internationale Galerie, ჰამბურგი, გერმანია; 2010 – Gruppe108&friends, St. Mauritius Therapieklinik Galerie, ქ. მერბუში, გერმანია. მისი ნამუშევრები დაცულია ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის, რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, საქართველოს კერძო კოლექციებში. არის ავტორი და მხატვარი წიგნებისა “ბარდი” და “ვლადიმერ ვისოცკის 101 შედევრი” (2003; ეგზემპლარები დაცულია მოსკოვის,  ტოლიატისა და სამარის მუზეუმებში).

აკაკი გაჩეჩილაძე mastsavlebeli.ge-ს სტუმარია.

 

. ამბობენ, მხატვრები სამყაროს ფერებით იმახსოვრებენო. თქვენი აზრით, რა ფერია ბავშვობა?

– სამყაროს, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა ფერებით აღიქვამს. ფორმა და ფერი ერთად შემოდის ჩვენს ცნობიერებაში. როდესაც რამით აღვფრთოვანდებით,  ვიწყებთ მის ფერებად თუ ფორმებად დაშლას და იმის გაუცნობიერებელ ანალიზს, რამ მოგვხიბლა და აღგვაფრთოვანა – სინათლემ, მოყვანილობამ თუ მათმა  მთლიანობამ, ურთიერთდამოკიდებულებამ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფორმა – შინაარსიც გვხიბლავს.

ბავშვობა მხოლოდ ფერი არ არის. ეს ზღვა ინფორმაციაა, რომელიც ჯერ – მშობლების, მერე მასწავლებლების დახმარებით იოლად დავძლიეთ და გადავამუშავეთ, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინეთ, სხვადასხვა უჯრაში შევინახეთ და დღეს სწორედ იმ უჯრებს ვაცარიელებთ.

 

. ადამიანს გონებრივი განვითარებისთვის ბავშვობიდან აწყებინებენ ხატვას. რით არის ხატვა ასე მნიშვნელოვანი?

– ბავშვს ხატვას არავინ აწყებინებს – ის თავად აკეთებს ამას. ჩვენ აღქმის, შექმნის, მიღებისა და გაცემის უნარი მოგვეცა. ბავშვობაში მნიშვნელოვანია, საზოგადოდ, სულიერი საზრდოს მიცემაა. ეს ქმნის პიროვნებას.

 

. ხატვას ასწავლიან სკოლაშიც. შესაძლებელია მისი სწავლა თუ ხატვა მხოლოდ ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს შეუძლიათ?

– ხატვის სწავლა შესაძლებელია, ისევე როგორც, თუნდაც, მუსიკისა. ფორტეპიანოს შესწავლას ხომ მცირე სავარჯიშოებით და მარტივი გამებით ვიწყებთ, მათემატიკის შესწავლას – რიცხვებით, ელემენტარული მოქმედებებით. ასევეა ხატვაც. ცოდნა მხოლოდ ინსტრუმენტია ღირებულის შესაქმნელად. შემოქმედება კი არ ისწავლება. შეუძლებელია, პოეტს ასწავლო, რა დაწეროს. განა ყველა ბრწყინვალე პიანისტს შეეძლო მუსიკის შექმნა? ანდა ვინმეს შეუძლია, იუმორი ასწავლოს? ადამიანს ან აქვს ეს, ან არა.

მნიშვნელოვანია იმის გაგება, რას წარმოადგენს ხელოვნება, სურათი მხოლოდ სასიამოვნო სანახაობად გვესახება თუ სულში თითქოსდა არსებული სიცარიელის შემავსებლად.

 

. რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებელი დამწყები მხატვრისთვის? რა თვისებები უნდა ჰქონდეს ხატვის მასწავლებელს? თვითონაც ხომ არ გყავთ მოსწავლეები?

– ხატვის სწავლებაზე არასდროს მიფიქრია. ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ვიკისრებ, რადგან არ ვიცი, როგორ უნდა ვასწავლო. თავად არავისგან მისწავლია ფერწერა.

ხატვის მასწავლებელმა ისე უნდა მისცეს ცოდნა მოსწავლეს, რომ თავისი გავლენის ქვეშ არ მოაქციოს, არ გაუფერმკრთალოს საკუთარი წარმოსახვა. აუცილებელი არ არის, მოსწავლე ზუსტად იმეორებდეს პედაგოგის ხაზს, ფეხს მის ნაკვალევში დგამდეს. პედაგოგი კი იუველირის სამუშაოს ასრულებს – მან უნდა მოახერხოს სწორი გეზის მიცემა მომავალი შემოქმედისთვის. ეს მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს.

 

. თქვენ თვითონ როდის დაიწყეთ ხატვა?

– არ მახსოვს. მგონი, ჯერ ძერწვა დავიწყე. ვძერწავდი ადამიანებს, მერე ამ ფიგურებით ვთამაშობდი, ვიგონებდი ათასგვარ სიუჟეტს… აღმოვჩნდი უაღრესად საინტერესო სამყაროში, რომელიც თვითონვე შევქმენი.

კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც მამამ გუაშის საღებავები მომიტანა, მაგრამ ფუნჯი ყუთში არ იდო. მამასვე გავახსნევინე საღებავების ქილები. დედის საქსოვი ჩხირებით დავიწყე ხატვა მუყაოზე… დღემდე ცოცხლობს ის განცდა ჩემში.

 

. თქვენი მხატვრობა ძალზე ორიგინალურია…

– ყველა მხატვარს თავისი ხელწერა აქვს. ეს ჩვენი დამსახურება არ არის, გაუცნობიერებლად ხდება. თუ იმაზე ვიფიქრე, რომ ვინმეს არ დავემსგავსო, ალბათ სწორედ მაშინ დავემსგავსები. ჩემი ორიგინალურობის მთავარი მიზეზი კი ჩემი უსწავლელობაა; თუ რამე ვიპოვე, თავად ვიპოვე, თუ რამეს ამიერიდან მივაგნებ – ისევ თავად.

არ ვხატავ მხოლოდ იმისთვის, რომ ვხატო –  თუ სათქმელი არ მაქვს, ტილოსთან მისვლის აზრს ვერ ვხედავ.

თავს ძალას არ ვატან. შემოქმედება ვერ იტანს შეკვეთას. ამიტომაც არ გამომდის ნაწვალები ტილოები. თუ რაიმე ჩაისახა სულში, არ მომასვენებს, სანამ ტილოზე არ აღმოჩნდება.

 

. თქვენ მართავთ გამოფენებს საქართველოში და საზღვარგარეთ . რას ეუბნებით თქვენი შემოქმედებით დამთვალიერებელს და რამდენად სწორად აღიქვამენ თქვენს ნათქვამს?

– პირველად ჩემი ნახატები გერმანიაში გამოიფინა. საქართველოში პირველი პერსონალური გამოფენა მეგობრების დახმარებით გავმართე ზესტაფონის რაიონის სოფელ ზემო წევის საჯარო სკოლაში. ამ სოფლიდან არის წარმოშობით ჩემი გვარი. თითქოს ვალი გადავუხადე ჩემს წინაპრებს…

ქართველ და უცხოელ დამთვალიერებლებს შორის დიდი განსხვავება ვერ დავინახე. მხატვრობას თარჯიმანი არ სჭირდება. უცხოელები თითქოს უფრო თამამად გამოხატავენ ემოციას, სათაურს მიჰყვებიან და ჩემს სათქმელსაც იოლად იგებენ. ქართველები ოდნავ თავშეკავებულნი არიან, თუმცა, უცხოელებისგან განსხვავებით, უფრო ღრმად იხედებიან. მათთვის უფრო მახლობელია ის ტკივილი და სიხარული, რაც ჩემს ტილოებზეა აღბეჭდილი.

 

. ხელოვანის ხვედრი ყველგან და ყოველთვის მძიმე იყო, თუმცა ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში მხატვრებს განსაკუთრებით აკლიათ დაფასება...

– სათანადოდ უნდა ფასდებოდეს არა მხოლოდ მხატვარი, არამედ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი. ყველა პროფესიონალი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელიც გრანდიოზული გამოწვევების წინაშე დგას. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ცალკეული სპორტსმენი, მომღერალი ან მხატვარი უცხოეთში ასახელებს ჩვენს ქვეყანას, აჩვენებს ჩვენს კულტურას, მაგრამ უფრო მეტად გვჭირდება გვერდიგვერდ დგომა, პოლემიკის გარეშე ერთი საქმის კარგად კეთება. მხოლოდ ამის შემდეგ დავაფასებთ ერთმანეთსაც და საკუთარ თავსაც.

 

. ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ თქვენ ძალიან კარგ სიმღერებსაც წერთ და კარგად მღერით…

– მუსიკა ძალიან მიყვარს. გიტარა ჩემი თანამგზავრია. სუფრაზე ჩემს სიმღერებს არ ვმღერი, ახლო მეგობრების წრეში – სიამოვნებით. ძალიან მიყვარს საავტორო სიმღერების მოსმენაც. 2001 წელს წიგნი გამოვეცი ოთარ რამიშვილზე, მასთან ურთიერთობის უნიკალური მომენტები მოვიგონე. 2003 წელს რუსულ ენაზე დაისტამბა ჩემი წიგნი ვლადიმერ ვისოცკის შესახებ. იანვარში პოლონეთში, ვისოცკის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მიმიწვიეს, სადაც ქართულად შევასრულე მისი ორი სიმღერა. იქნებ ოდესმე ჩემი სიმღერები დისკზე ჩავწერო და გამოვცე…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი