სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ანი კოპალიანი – მთარგმნელი – მივმართავ კურსდამთავრებულებს ანუ რამდენიმე რჩევა ახალგაზრდებს, თუ რატომ უნდა წავიდნენ სამუშაოდ სკოლებში

როდესაც უნივერსიტეტში ფილოლოგიის
ფაკულტეტზე ვწავლობდით, დაახლოებით ას ორმოცდაათი ჩვენგანიდან
, მგონი, არც ერთს არ სურდა
ოდესმე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ემუშავა _ მოგვიანებით,
ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, ზოგიერთს მაინც მოგვიხდა
და საკუთარ თავსაც და
სხვებსაც ვარწმუნებდით, რომ ეს დროებითი იყო. ჩემთვის მართლაც დროებითი გამოდგა. .
. და მაინც, ძალიან სენტიმენტალური გამოვა წერილი, თუ ზუსტი სიტყვებით აღვწერ,
როგორ ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში ის პერიოდი, როცა ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი ვიყავი და როგორ ვპირდები საკუთარ თავს, რომ ერთ დღესაც, როდესაც
ყველა საგმირო საქმეს ჩავიდენ, ანდა დავრწმუნდები, რომ ვეღარასოდეს ჩავიდენ,
აუცილებლად დავუბრუნდები ს
აკლასო ოთახს.

ვიცნობ ბევრ ახალგაზრდა და დიდი პოტენციალის მქონე
ადამიანს, რომელთაც ვერ მოახერხეს სამსახურის მოძებნა, ვერ იპოვეს საკუთარი ადგილი
და სკოლაში კი მაინც არ მიდიან სამუშაოდ. მეტიც,
მე მგონი, მთელ ქვეყანაში 100 აბიტურიენტსაც ვერ ვიპოვით, რომელსაც საკუთარი თავი
მომავალში პედაგოგად წარმოუდგენია და და უფრო მეტიც, თვით დაწყებითი კლასების
მოწაფეთა შორისაც კი ,,პოტენციური მასწავლებლები” კოსმონავტობის მსურველებს ვეღარ
უწევენ კონკურენციას. არადა, ახლადკურსდამთავრებულთათვის სკოლის მასწავლებლობა
საკმაოდ პრაგმატული გადაწყვეტილებაა და ვეცდები დაგანახოთ, თუ რატომ:


1.              

ვასწავლოთ, რომ ვისწავლოთ
_ მას, ვინც ბაკალავრიატს, ან თუნდაც მაგისტრატურას, ამთავრებს, როგორც წესი,  კარგი ზოგადი განათლება აქვს, მაგრამ ცოდნა ამ
დროს მართლაც მეტად ზოგადია _ ბევრი რამ უკვე დაგვავიწყდა, ბევრ რამეზე საკმაოდ
ზედაპირული წარმოდგენა გვაქვს _ უნივერსიტეტში ნებისმიერ სემინარზე იმ რაოდენობის
მასალას ვამუშავებთ, რომ  თითქმის
შეუძლებელია, წვრილმანებს ჩავუღრმავდეთ. ხოლო როცა ვიცით, რომ მეორე დღეს საკმაოდ
კრიტიკული არსებების, მოწაფეების, წინაშე გვიწევს კონკრეტულ საკითხზე საუბარი,
აუცილებლად ვიწყებთ ასახსნელი მასალის საგულდაგულოდ შესწავლას  _ ორი-სამი წლის განმავლობაში ყველა წვრილმანი
მკაფიოდ ჯდება  გონებაში და  ვეუფლებით აზროვნების ახალ ტიპს, დეტალების
მიხედვით აზროვნებას, მათ გაანალიზებასა და განზოგადებას, ანუ, ხუმრობით თუ
ვიტყვით, ვიწყებთ აზროვნებას შერლოკ ჰოლმსის სტილში. არაერთგზის უთქვამთ, რომ
ასწავლო, არის საუკეთესო გზა, ისწავლო _ ამიტომ ნუ დაგვენანება რამდენიმე წელი,
რათა ბოლომდე, ღრმად და საფუძვლიანად დავეუფლოთ ჩვენსავე პროფესიებს,
გავიუმჯობესოთ დეტალებზე კონცენტრირების, ანალიტიკური მსჯელობის, სიახლეთა
აღმოჩენის უნარი და განვუვითაროთ ეს უნარები ჩვენს მოსწავლეებსაც.


2.              

პედაგოგობა ზრდის
ჩვენს კომუნიკაბელურობას _ მოდით, ვთქვათ, რომ თუკი ბაკალავრიატი დავამთავრეთ და
მუშაობას ვიწყებთ, ე.ი. ბავშვები ნამდვილად აღარ ვართ, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ აქამდე
მუდამ ჩვენ ვიყავით მზრუნველობის ობიექტები: მშობლები, მასწავლებლები, ლექტორები,
ყველანი ჩვენზე უფროსები იყვნენ და ისინი ცდილობდნენ ჩვენი ბუნების ჩაწვდომასა და
ფორმირებას, ახლა კი ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ ჩვენზე
უმცროსებზე, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზ
ებით ვცადოთ სასიკეთო გავლენა მოვახდინოთ მათზე და
ვიწყებთ ამ გზების ძებნას _ ამის შედეგად კი ვსწავლობთ მრავალი ერთმანეთისაგან
სრულიად გასხვავებული ინდივიდის ნდობის მოპოვების, მათთან მიდგომისა და სწორად
მოპყრობის წესებს. ეს კი დამეთანხმებით საკმაოდ ფასეული ცხოვრებისეული ცოდნაა.


3.              

ვისწავლოთ სტრესულ
სიტუაციებთან გამკლავება _ მასწავლებლობა ჭეშმარიტად არის ერთ-ერთი ყველაზე
სტრესული პროფესია დედამიწის ზურგზე, განსაკუთრებით ახალგაზრდა და გამოუცდელი
პედაგოგისათვის. სტრესი შეიძლება იყოს პროფესიული _  დაგვებას ენა გაკვეთილის ახსნისას, ვერ გავცეთ
პასუხი მოსწავლის კითხვას; დაგვავიწყდეს ის, რაც შეიძლება ჩვენმა მოწაფემაც კი
კარგად იცის; სტრესი არსებობს წმინდა პედაგოგიური ხასიათის _ ვერ დავიმორჩილოთ
კლასი ან კლასის ცალკეულ ინდივიდები, ვერ შევძლოთ მათი პატივისცემის მოპოვება _
ბავშვები ხომ, სანამ მათ გულს მოვიგებთ, თვალს არაფერზე ხუჭავენ და არც არაფერს გვპატიობენ.
შესაძლოა, უნებლიეთ, თუნდაც ჩვენი უყურადღებობის გამო, ბავშვმა მორალური ტრავმა
მიიღოს და ა.შ. მასწავლებლობა ნამდვილად ჰგავს ცხრათავიან ურჩხულთან შებმას,
რომელთანაც სულ იოლია დამარცხდე. მაგრამ თუ შევძელით, რომ ამ გასხვავებულ პატარა
ადამიანთაგან ყველამ დაგვიგდოს  ყური და იმაზე
დაიწყოს ფიქრი და მსჯელობა, რისთვისაც ჩვენ გვსურდა მათი ყურადღების მიპყრობა, შეგვიძლია
ჩავთვალოთ, რომ დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ დროს  მოსწავლეებისაგან მთელი დღის სამყოფ ენერგიასა
და დადებით მუხტს ვიღებთ, რომელიც მეორე დღეს, რასაკვირველია, მათვე უნდა დავუბრუნოთ.


4.              

შევინარჩუნოთ მეტი
თავისუფალი დრო _ მასწავლებლობა ნამდვილად არ არის ყველაზე შემოსავლიანი პროფესია
დღესდღეობით, მაგრამ მას აქვს ერთი უდავო უპირატესობა: ჩვენ  გაცილებით მეტი თავისუფალი დრო გვაქვს, ვიდრე
სხვა სამსახურში გვექნებოდა (მით უმეტეს, რომ ახალბედა მასწავლებელს სრული
დატვირთვით, როგორც წესი, იშვიათად ამუშავებენ) _ და ჩვენ შეგიძლიათ ეს დრო გამოვიყენოთ
იმისთვის, რომ გავაგრძელოთ სწავლა შემდეგ საფეხურზე (მაგისტრატურასა თუ
დოქტორატურაში), გავიჩინოთ დამატებითი შემოსავლის წყარო, ანდა უბრალოდ, ბევრი დრო დავუთმოთ
ჩვენს სხვა, არაპროფესიულ ინტერესებს _ ახალგაზრდებს ხომ განვითარებისათვის დიდი
დრო სჭირდებათ.

და მეხუთე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი,  სკოლას მასწავლებელთა ახალ-ახალი თაობები
სჭირდება _ ეს არ არის პათეტიკა: შედით გაკვეთილზე და ნახეთ, როგორ გაუხარდებათ
მოსწავლეებს, რომ ახალგაზრდა მასწავლებელი მიუვიდათ და როგორ ეცდებიან მოიპოვონ
თქვენი ნდობა, თქვენი სიმპათია, როგორ ეცდებიან თქვენი გულის მოგებას _ ხოლო ყოველივე
ამას მათსავე სასიკეთოდ როგორ გამოიყენებთ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.
ნახავთ, სკოლას როგორ სჭირდება ახალი ძალა, ახალი ენერგია და ახლებური, შაბლონებისაგან
თავისუფალი,  აზროვნება.

ასე, რომ აიღეთ ჟურნალი და კლასისაკენ გაემართეთ  _ სადაცაა ზარი დაირეკება!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი