ორშაბათი, სექტემბერი 30, 2024
30 სექტემბერი, ორშაბათი, 2024

სიუზან კლოსტერჰაუსი – იმედისმომცემია, როცა ამდენი მოსწავლე და სტუდენტი გარემოსდაცვის საკითხებშია ჩართული

იმის გამო, რომ მარტი ქალთა ისტორიის თვედ არის გამოცხადებული, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში მოიწვია დოქტორი სუზან კლოსტერ ჰაუზი, რათა ეჩვენებინა რას ნიშნავს ქალთა მიღწევები ქართული საზოგადოებისთვის აკადემიურ მეცნიერებებში.
დოქტორი სიუზან კლოსტერჰაუსი გარემოსმცოდნეობის დარგის მეცნიერია, იგი 15 წელზე მეტია გარემოში ქიმიური დამაბინძურებლების მოძრაობას და ტოქსიკურობას სწავლობს. როგორც ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სიუზანი წამყვანი სპეციალისტია Cradle to Cradle სერტიფიცირებული პროდუქტების პროგრამისა და ზრუნავს ამ პროგრამის ფარგლებში პროდუქტების სტანდარტის განვითარებაზე. სიუზანი ასევე ინსტიტუტის სტანდარტების სერტიფიცირების ბორდის თავჯდომარეა.
ინსტიტუტში მოღვაწეობის დაწყებამდე, სიუზანი  სან–ფრანცისკოს ესტუარის ინსტიტუტში ორგანული დამაბინძურებლების კვლევაში წამყვანი სპეციალისტი იყო, სადაც ის გარემოს დაცვის მენეჯმენტის მხარდასაჭერად და სან–ფრანცისკოს ყურის პოლიტიკის განსავითარებლად წყლის ხარისხის მონიტორინგის პროექტებს აწარმოებდა. სან–ფრანცისკოს ინსტიტუტში ის უძღვებოდა კვლევას დამაბინძურებლების შესახებ, რომლებიც წყალში გამოიყოფიან. მან ჩაატარა ალის შემამცირებელი ქიმიური ნაერთების იდენტიფიკაციისა და ანალიზის ექპერტიზა. სანამ ყურის ტერიტორიაზე ( Bay Area) გადავიდოდა, სუზანი იყო მკვლევარი–მეცნიერი მარილენდისა და სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტების ლაბორატორიებში, სადაც იგი წყლიან ეკოსისტემებში ქიმიური დამაბინძურებლების კუმულაციისა და ტოქსიკურობის შესახებ აწარმოებდა კვლევებს. ამ ნაშრომების სერია მაღალი რეიტინგის მქონე ჟურნალებში ქვეყნდებოდა. ასევე მას აქვს გამოცდილება, სამეცნიერო ინფორმაცია გახადოს კომპლექსური, გასაგები, როგორც ტექნიკური, ასევე არატექნიკური აუდიტორიისთვის.   
სიუზანმა დოქტორის ხარისხი მერილენდის უნივერსიტეტში – ქიმიკოსის სპეციალობით, მაგისტრის ხარისხი – საზოგადოებრივ ჯანდაცვაში,  ბაკალავრის წოდება კი სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში საზღვაო მეცნიერებებში მიიღო. 
სიუზან კლოსტერჰაუსი mastsavlebeli.ge-ს სტუმარია.
ქალბატონო სიუზან, მოკლედ რომ გვითხრათ თქვენი საქმიანობისა და იმის შესახებ რა მიზანი აქვს თქვენს საქართველოში ვიზიტს?
მე საქართველოში ვიმყოფები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით. შესაძლებლობა მაქვს ვეწვიო სხვადასხვა სკოლებსა და უნივერსიტეტებს, რომ ავუხსნა და ვესაუბრო მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალ კონცეფციაზე, ქართულად ეს ასე ითარგმნება –  „აკვნიდან აკვნამდე”. ეს არის ახალი ფილოსოფია, როგორ  შევცვლოთ მსოფლიო უკეთესობისკენ. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, რომლებსაც ვესაუბრე  სამეცნიერო საკითხებზე და იმაზე, თუ რამდენად კარგი იქნებოდა, თუ ისინი გააგრძელებენ გარემოსდაცვითი მეცნიერების, კონკრეტულად კი ქიმიის  შესწავლას. რადგან ეს დარგი შესაძლებელია მათ გამოიყენონ როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე სამსახურებსა და  საზოგადოებრივ საქმიანობაში. გარემოს ქიმიურ დაბინძურებას დაახლოებით 20 წელი ვსწავლობდი  და ახლა მინდა ადამიანებს ავუხსნა, რომ პროდუქციის საწარმოებლად არსებობს ბევრი ალტერნატიული საშუალება. არ არის აუცილებელი გამოიყენო ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიური ნივთიერებები. 
თქვენ უკვე გამართეთ შეხვედრების სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან. რა იყო ამ შეხვედრების დისკუსიის თემა? რა პრობლემები გამოიკვეთა?
შეხვედრისას ძირითადად გამოიკვეთა ის პრობლემა, რომ საქართველოში არ არსებობს წარმოებული პროდუქციის, ანუ მასალების გადამუშავების მართვის სისტემა, რომ არ გადაიყაროს  მასალები და მოხდეს მათი ხელახალი გადამუშავება. მე ვცხოვრობ კალიფორნიაში, სადაც ნარჩენების გადამამუშავებელი რამდენიმე სისტემა არსებობს, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ ისინი სრულყოფილია. თუმცა, ჩემი აზრით, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სისტემა საქართველოშიც დაინერგოს. ალბათ, ამ მიმართულებით პარტნიორობა შესაძლებელია, თუნდაც ადგილობრივ თვითმმართველობებთან. სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ბავშვები კარგად იცნობენ ამ პრობლემას. მათ დისკუსიის დროს გამოხატეს სურვილი, რომ  მოხდეს ამ პროდუქტების გადამუშავება, ანუ რეციდირება. მაგრამ ამისათვის აუცილებელია არებობდეს სისტემა, რათა შესაძლებელი გახდეს ნარჩენი მასალების თავიდან გამოყენება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ადგილობრივ მმართველობას, მთავრობას, რომ გადამუშავების ხელმისაწვდომობისთვის კონკრეტული სისტემები შეიმუშაონ.  
რა საგანმანათლებლო პროგრამები არსებობს ამერიკაში გარემოს დაცვის მიზნით და რა შეგიძლიათ გვითხრათ იქ განხორციელებული პროგრამების შედეგებზე?
სამწუხაროდ, მე საგანმანათლებლო კუთხის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ინსტიტუტი, სადაც მე ვმუშაობ, საინფორმაციო კამპანიას რეალურად ეწევა კომპანიებთან, რათა ამაღლდეს მათი ცნობიერების დონე. ამასთან ჩვენი მიზანია, ამაღლდეს ბავშვების ინფორმირებულობა, რათა მოზარდებსაც მივაწვდინოთ ხმა. ამჯერად ჩვენს ინსტიტუტს აქვს პროდუქციის სერთიფიცირების პროგრამა, რომელსაც რეალურად ვახორციელებთ და სხვადასხვა კომპანიებს ვაცნობთ. ფილოსოფიის „აკვნიდან აკვნამდე” შესახებ არსებობს წიგნი, რომლის საბავშვო გამოცემები ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურ და ჰოლანდიურ ენებზე არსებობს. ეს წიგნი ძალიან პოპულარულია. მისი ავტორები ამ კონცეფციის შესახებ სამაგისტრო პროგრამის გაკეთებას აპირებენ.  წიგნში განმატრებულია რას გულისხმობს პრინციპი – „აკვნიდან აკვნამდე” –  და რატომ არის მნიშვენლოვანი, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას და ბუნებაში არსებულ რესურსებს. ამასთან ამ წიგნის მიზანია ბავშვებს გააგებინოს, თუ როგორ შეიძლება მათი საქციელით პლანეტა გახდეს საცხოვრებლად უკეთესი ადგილი და როგორ უნდა მოექცნენ ნივთებს, რომლებიც აღარ სჭირდებათ.  
უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ჩართულობა, რომ არ დავაბინძუროთ გარემო. თუმცა ინდუსტრიული დაბინძურება მსოფლიოსთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენთან კალიფორნიაში ახლახან აიკრძალა”ცელოფნის” პარკების გამოყენება და ყველას მოუწოდებენ, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობა მიიღონ.
ჩვენი შტატის ძირითადი პრობლემა ქიმიური დამაბინძურებლებია. განსაკუთრებით, სან–ფრანცისკოს ყურეში, სადაც ოქროს მოპოვება და გადამუშავება ხდება. ოქროს მოპოვების შედეგად ხდება ვერცხლის წყლის წყალში შერევა და შესაბამისად  ამ მძიმე ლითონებით ზარალდებიან თევზები. პრობლემას ქმნის გადამზიდავი კომპანიებიც. სან–ფრანცისკოში ორი დიდი პორტია, სადაც შემოდის ნავთობპოდუქტები. კიდევ ერთი პრობლემა არის პესტიციდები. მოგეხსენებათ, კალიფორნია ის შტატია, სადაც დიდი რაოდენობით მოჰყავთ ხილ-ბოსტნეული და ამარაგებენ არა მარტო აშშ-ს, არამედ სხვა ქვეყნებსაც. პესტიციდები, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში იყენებენ ჩაედინება წყალში, რაც ასევე დიდ პრობლემას ქმნის.  არსებობს რეგულაციები იმ ქიმიური ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ვიცით, რომ დამაბინძურებელია. მაგრამ ზოგჯერ არ არის ცნობილი, რა ქიმიური ნივთიერებებისგან შედგება ესა თუ ის პესტიციდი. აქამდე  რომ მწარმოებელს არ ჰქონდა ვალდებულება, პროდუქტის წარმოებამდევე  შეემოწმებინა გადაყრილი მასალის ქიმიური შემადგენლობა. მათი შესწავლა მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა. ახლა მწარმოებლებს აქვთ ვალდებულება, რომ თავიდანვე თქვან, წარმოების პროცესისას რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ.  ეს უკვე აიძულებს მათ, თავიდანვე იფიქრონ, რა უსაფრთხო ნივთიერებით ჩაანაცვლონ მავნე ნივთიერებები. ამგვარი ზეწოლა უკვე იძლევა შედეგებს.  ეს ერთ-ერთი დადებითი მხარეა, მაგრამ შედეგი უმნიშვნელოა. ამიტომ  ჩვენ გვინდა, გარემოსდაცვითმა მოძრაობამ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს. 
სხვათა შორის, ევროკავშირს გააჩნია ყველაზე ეფექტური ქიმიური პოლიტიკის  რეგულაციები, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ამ შემთხვევაში თვითონ მწარმოებელს ევალება დაამტკიცოს, რომ მის მიერ წარმოებულ პროდუქტში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები არ არის მავნე. მე ვიცი, რომ აშშ-სა და კანადაში არის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ აიძულონ ეს ქვეყნები, შემოიღონ ევროკავშირის რეგულაციები. 
იცნობთ თუ არა ეკოლოგიისა დაგარემოს დაცვის პრობლემებს საქართველოში და რა რეკომენდაციები გექნებათ ამ კუთხით?
საქართველოში ყოფნისას ძირითადად აქაურ პრობლემებს ვეცნობი. როგორც აქაური მასწავლებლებისგან, სტუდენტებისგან  და მოსწავლეებისგან გავიგე, მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მდინარეების წყლის ხარისხი და ნაპირებზე დაგროვილი ნაგავი, რომელიც შეიძლება პრობლემატური იყოს გარემოსთვის. ძალიან კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ეკოლოგიის დაცვის მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ცდილობენ. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოიძიონ  სხვადასხვა შესაძლებლობები, რათა სთხოვონ მთავრობას, როგორმე შექმნან ან დაარსონ ისეთი საწარმოები, სადაც მოხდება ნარჩენების გადამუშავება. ამით უფრო ნაკლები ზიანი მიადგება გარე სამყაროს და მოხდება მასალების ხელახალი გამოყენებაც. თქვენი ქვეყნის მეორე პრობლემა ჰაერის პრობლემაა – რამდენად დაბინძურებულია ის. ალბათ კარგია, თუ მთავრობა ავტომანქანების შეამოწმებს. ასე ჰაერი ნაკლებად დაბინძურდება.

როგორც მივხვდი, ქართველი სტუდენტები და მოსწავლეები გარემოს დაცვის პრობლემში საკმაოდ გათვითცნობიერებულები არიან, მაგრამ  არის სხვა პრობლემა. ისინი შეზღუდულები არიან შესაძლებლობებში, რომ ამ მიმართულებით რამის გაკეთება შეძლონ. სამწუხაროდ, ჩვენთანაც არ არის გადაჭრილი პრობლემა – თუ როგორ შეიძლება ვაიძულოთ მთავრობა, რომ დაიცვას ეკოლოგია და გარემო. თუმცა აშშ–შიც თანდათან საგრძნობია ცვლილებები. სულ უფრო მეტი აქცენტი კეთდება ქიმიური პოლიტიკის რეფორმირების კუთხით. მართალია, ხელისუფლებას უნდა, რომ მოახდინოს ცვლილებები, მაგრამ ეს გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენს მეწარმეებისთვის, რადგან მათ არ სურთ თავიანთი წარმოება გარკვეულ რეგულაციებს დაუქმვედებარონ. 

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება მთავრობა დავაინტერესოთ. ზოგადად, ბევრი კვლევა ტარდება ქიმიური დაბინძურების შესამოწმებლად.  ჩვენ გავქვს საშუალება ვაჩვენოთ კვლევების შედეგები, როგორ გროვდება ქიმიური ნივთიერებები გარემოში და ადამიანში. ეს არის ერთგვარი მინიშნება, რომ მთავრობას მოვთხოვოთ გარკვეული ზომების მიღება.  

მაგალითად, კალიფორნიაში პლასტმასისგან დამზადებულ ბოთლებსა ან ალუმინის კონტეინერებზე მოქმედებს ანაზღაურების სისტემა. ამით ხალხს აქვს მოტივაცია, კი არ გადააგდონ ეს ნივთები, არამედ ჩააბარონ და ამაში ფული აიღონ.

ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობოების მუშაობა. მათ უნდა დააყენონ საკითხი, რომ განხორციელდეს ცვლილები. ამერიკაში გამოვიდა საგამოძიებო გაზეთის მთელი სერია, სადაც ნათლად იყო ნაჩვენები გარემოს დაბინძურების პრობლემა. ეს ერთ-ერთი საშუალება იყო, რითაც ხელისუფლება დავაფიქრეთ.

 

თუ პრობლემების მოგვარება გვინდა, აუცილებლად უნდა გაერთიანდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალური ცვლილებები სურთ. აუცილებელია, მთავრობის მხრიდან რეგულაციების დაწესება. ამისთვის კი საჭიროა ხელისუფლებაზე ზეწოლა.

თქვენ ასევე მუშაობთ ქალთა როლზე სამეცნიერო მუშაობაში და ქალთა მიღწევებზე აკადემიურ მეცნიერებებში. რა კუთხით მუშაობთ ამ საკითხებზე. იქნებ ჩვენს მკითხველს გაუზიაროთ, როგორი სურათია ამ მხრივ და ამ კუთხითაც რა რჩევების მიცემა შეგიძლიათ ქართველი მკვლევრებისთვის.
ამჟამად ჩემს ყოველდღიურ საქმიანობად მეცნიერულ მუშაობას ვეღარ ვეწევი. მაგრამ ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მექნება საშუალება, რომ მსგავსი რამ საქართველოში გავაკეთო. ამერიკაში, უსევე როგორც თქვენთან, ანალოგიური სიტუაციაა. იქაც ჯერ კიდევ მეცნიერება განიხილება, როგორც მამაკაცების სფერო. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გავამხნევოთ ახალგაზრდა თაობა განაგრძონ მეცნიერული მოღვაწეობა. შეიძლება გარკვეულწილად მათ ჰქონდეთ  პრობლემები, მაგრამ საჭიროა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სვლა და სხვებსაც დაანახონ, რამდენად წარმატებულები შეუძლიათ გახდნენ მეცნიერების სფეროში. 
როგორი იქნება თქვენი რჩევები ქართველი მასწავლებლების, მშობლებისა და საერთოდ საზოგადოების მიმართ ?
მშობლებს ვურჩევდი გამოიყენენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომლის წარმოებისას არ გამოიყენება პესტიციდები, ან მოიხმარონ ისეთი საკვები, რომელიც დამზადებულია უფრო უსაფრთხო ქიმიური ნივთიერების გამოყენებით. ქიმიურ და მავნე ნივთიერებებს ყველაზე ხშირად მტვრის სახით ვეხებით, შესაბამისად სასარგებლოა, რომ ხშირად დასუფთავდეს ის ადგილი, სადაც ბავშვები იმყოფებიან და ასევე სისტემატურად დაიბანონ მათ ხელები. 
ქართველ ეკოლოგისტებს და გარემოსდამცველებს, რომლებთანაც მქონდა შეხვედრა, ვურჩევდი, ასე განაგრძონ და ყველაფერი გააკეთონ ხალხის ინფორმირებულობისა და მათი ცნობიერების ამაღლებისთვის. ასევე ითანამშრომლონ მთავრობასთან და სხვა უფლებამოსილ სტრუქტურებთან, რომ მათი მეშვეობით მოხდეს გარკვეული ცვლილებები. ამერიკაში, განსაკუთრებით, ჩრდილოეთის შტატებში, ყველაზე ეფექტური შედეგები მეცნიერული კვლევებითაა მიღწეული.  ერთ-ერთი ეფექტური საშულება ჟურნალისტებთან მუშაობაა, ანუ თუ გარემოსდამცველები და ჟურნალისტები გაერთიანდებიან, შედეგიც უფრო ეფექტური იქნება. 
საქართველო ლამაზი ქვეყანაა, ძალიან იმედისმომცემია ამდენი მოსწავლისა და სტუდენტის ნახვა, რომლებიც ჩართულები არიან გარემოსდაცვის კამპანიაში. ხალხი ძალიან მეგობრულია და მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი გამოწვევა არებობს, მოქალაქეები შეძლებისდაგვარად  ჩართულები არიან გარემოს დაცვის პროცესში და აღებული აქვთ ვალდებულება. ეს ძალიან კარგი სტარტია. ამ გზით უკეთ აიძულებენ მთავრობას, მოუსმინონ მათ. და თუ ეს მოხდება, საბოლოო ჯამში ცვლილებებიც არ დააყოვნებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“