ორშაბათი, სექტემბერი 30, 2024
30 სექტემბერი, ორშაბათი, 2024

ბექა მინდიაშვილი – სკოლა და რელიგიური განათლება

რელიგიისა და სკოლის ურთიერთობაზე “mastsavlebeli.ge”-ს სახალხო დამცველთან არსებული „ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი ესაუბრება.
. ბატონო ბექა, თითქმის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანები ცხოვრობენ, რომელთა უფლებების დაცვას თავად სახელმწიფო უზრუნველყოფს. როგორია ცივილიზებული სამყაროს მიდგომა რელიგიური საკითხებისადმი და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?
– სივრცე, რომელსაც დასავლეთი ეწოდება და რომლის ნაწილიც გვინდა იყოს საქართველო, სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, აღიარებს უზენაეს პრინციპებს: რელიგიის, აღმსარებლობის, სინდისის თავისუფლებას, – და რელიგიას სახელმწიფოსგან მიჯნავს. ამას ეფუძნება დასავლური ცივილიზაცია. იქ, სადაც რელიგია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გაუმიჯნავია, თეოკრატიული მმართველობაა, როგორც, მაგალითად, ირანში. ასეთ ქვეყნებში სახელმწიფო ერთი რელიგიის დამცველი გამოდის, ამიტომ, ცხადია, რელიგიური მრავალფეროვნება შეზღუდულია და სხვა აღმსარებლობები დისკრიმინაციას განიცდის. დასავლური ტიპის სახელმწიფო ნეიტრალური უნდა იყოს. იგი მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო კანონის მოთხოვნისამებრ უნდა ეკიდებოდეს ამა თუ იმ რელიგიურ გაერთიანებას. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ურთიერთობა ექნება ასეთ გაერთიანებას სახელმწიფოსთან – გააფორმებს ხელშეკრულებას თუ ურთიერთშეთანხმების სხვა ფორმას, როგორც, მაგალითად, საქართველოში, მკაცრად გაემიჯნება, როგორც საფრანგეთში, ითანამშრომლებს, როგორც გერმანიაში, თუ სამართლებრივად მასთან იქნება შეზრდილი, როგორც ინგლისში, სადაც მონარქი მთავრობის მეთაური და იმავდროულად ეკლესიის მეთაურიცაა. ინგლისში დომინანტი რელიგიის წარმომადგენლები თავად არიან სხვა რელიგიური მრწამსის პირთა უფლებების პირველი დამცველები. სახელმწიფო ნეიტრალური უნდა იყოს რელიგიური ჯგუფების მიმართ და არავითარ შემთხვევაში არ იღებდეს გადაწყვეტილებებს რელიგიური მოტივით. ჩემი ქრისტიანობა თუ მუსლიმობა არ უნდა აისახებოდეს ჩემს გადაწყვეტილებებზე. ეს არის უმთავრესი პრინციპი, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობა.

ჩვენთან ამ მხრივ, ვფიქრობ, არასახარბიელო მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ლიბერალური კანონმდებლობა და კონსტიტუცია აღიარებს სახელმწიფოსგან რელიგიის გამიჯვნას, – ამის დასტურია ეკლესიასთან დადებული შეთანხმება – კონკორდატი, – რეალობა დიამეტრულად საპირისპიროა. როდესაც რელიგიურ უმრავლესობას ეხება საქმე, სახელმწიფო ამ უკანასკნელის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არა სახელმწიფოებრივი პოზიციის, ანუ კანონის დაცვით. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები არ არიან თავისუფალნი უმრავლესობის რელიგიასთან მიმართებით.

. არადა, საქართველო ისტორიულად ცნობილია როგორც სხვა რელიგიების მიმართ ტოლერანტული სახელმწიფო. რატომ შეიცვალა დამოკიდებულება?
– თუ თვალს გადავავლებთ ჩვენს ისტორიას, დავინახავთ, რომ დავით აღმაშენებელი ტოლერანტობას ამკვიდრებდა როგორც ინსტიტუტს. იგი კრძალავდა მუსლიმებით დასახლებულ უბნებში ისეთ ქცევას, რომელიც მათ მრწამსს შეურაცხყოფდა, – მაგალითად, ღორის დაკვლას, – თავად შედიოდა დიალოგში მუსლიმებთან, პრივილეგიებს ანიჭებდა მათ. ქართული კულტურის საუკეთესო ძეგლებიც ტოლერანტობაზე მეტყველებს. თბილისი ქალაქია, სადაც გვერდიგვერდ დგას მინარეთი, სინაგოგა, ეკლესია. მაგრამ დღესდღეობით ეს უფრო სტერეოტიპად იქცა, რომლითაც შეუწყნარებლობას ამართლებენ. შეუწყნარებლობა საბჭოთა მემკვიდრეობაა. იმ პერიოდში ჩამოყალიბებულმა ურთიერთობებმა, ტოტალიტარულმა აზროვნებამ, უცხოსადმი შიშმა, რომელიც ათეულობით წლის განმავლობაში გროვდებოდა, იმპერიის დაშლის შემდეგ იფეთქა.
. რელიგიური შეუწყნარებლობის ერთ-ერთი მიზეზად გაუნათლებლობაც სახელდება. 
– ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პრობლემური საკითხია. მედიასა თუ საგანმანათლებლო სივრცეში ტოტალური გაუნათლებლობა სუფევს. სახელმწიფო მოხელეებმა არ იციან, რას წარმოადგენს ესა თუ ის რელიგიური გაერთიანება და ყველას უწოდებენ ერთსა და იმავე სახელს, მაგალითად, სექტანტებს. ამის მთავარი მიზეზია ყოველივე განსხვავებულის შიში, რომელიც უცოდინრობიდან იღებს სათავეს და, თავის მხრივ, გაუცხოებას იწვევს. ქართულ მედიას თვალს თუ გადავავლებთ, დავინახავთ, რომ რელიგიურ უმცირესობებზე არაფერი იწერება. არადა საზოგადოების განათლების ერთ-ერთი საშუალება სწორედ მედიაა. წლების განმავლობაში რელიგიური თემები ტაბუდადებული იყო და ასეთი შედეგიც ამიტომ მივიღეთ.

. რამდენად მნიშვნელოვანია, ადამიანი სკოლიდანვე გაეცნოს და დაუახლოვდეს სხვა რელიგიებს?
– სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლება სერიოზული პრობლემა იყო და არის ახლაც. მუსიკა, ხატვა, მათემატიკა, რომლებსაც სკოლაში ასწავლიან, ცოდნის შემადგენელი ნაწილია. ამასთან ერთად მოზარდი რელიგიურ განათლებასაც უნდა იღებდეს, რადგან უამისოდ ადამიანი ნაბიჯსაც ვერ გადადგამს თანამედროვე სამყაროში, რომელიც რელიგიური სიმბოლოებით არის გაჯერებული, ამ ცოდნის გარეშე სწორად ვერ აღიქვამს სამყაროს. თანამედროვე ადამიანმა უნდა იცოდეს, რა არის ისლამი, ბუდიზმი, მართლმადიდებლობა, ათეიზმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გლობალიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ. ადამიანი აღარ ეკუთვნის კონკრეტულ ადგილს, ის დიდი სამყაროს ნაწილია. შესაბამისად, წყალივით სჭირდება ეს ცოდნა.
პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ არაფერი ვიცით სხვა რელიგიების შესახებ – ძალიან მწირი წარმოდგენა გვაქვს თავად მართლმადიდებლობაზეც. ბევრმა არ იცის მისი ანი და ბანი.
არსებობს კიდევ ერთი სირთულე: შეიძლება დაიწეროს კარგი სახელმძღვანელო, სადაც სწორად იქნება გადმოცემული რელიგიების ისტორია თუ სხვა ინფორმაცია მათ შესახებ, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, არ გვყავს პედაგოგები, რომლებიც ამ საგანს სათანადოდ ასწავლიან. ეს იმის ბრალია, რომ ბევრი მასწავლებელი თავად არის აღმსარებლობის ტყვე და იმ სტერეოტიპების მსხვერპლი, რომლებიც ასეა ფეხმოკიდებული ჩვენს საზოგადოებაში. დღეს რელიგია შერჩევითი საგანია, მაგრამ ასწავლიან თუ არა ამ საგანს, რელიგია მაინც მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში. სასულიერო პირები დადიან სკოლებში და ატარებენ წირვას, მასწავლებლებს დაჰყავთ მოსწავლეები ეკლესიაში ლოცვაზე, აღსარების სათქმელად… საქართველოს კანონმდებლობით ეს აკრძალულია. კანონით აკრძალულია სკოლებში რელიგიური სიმბოლოების გამოფენაც. მაგალითად, ხატი კლასში უნდა ესვენოს მხოლოდ იმ პირობით, რომ ექნება აკადემიური დატვირთვა, მაგრამ არამც და არამც არ უნდა იყოს საკულტო ნივთი. არადა, გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასწავლებლები სანთლის დანთებითა და ლოცვით იწყებენ გაკვეთილებს. იყო შემთხვევები, როდესაც კლასებში წყალკურთხევა ხდებოდა. ეს არის დარღვევები, რომლებსაც არავინ აქცევს ყურადღებას, რადგან ეშინიათ საპატრიარქოს რეაქციის, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მათ პროტესტს.
. ბევრ კლასში არიან სხვადასხვა რელიგიური მრწამსის აღმსარებელი მოსწავლეები. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მასწავლებელი?
– ეს განსაზღვრულია ზოგადი განათლების შესახებ კანონით, თუმცა იგი ეხება კერძო სკოლებს. არსებობს რელიგიური სკოლებიც: – კათოლიკური, მართლმადიდებლური, ბაპტისტური, – რომლებსაც შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი მიმართულება, თუმცა კანონი მათაც უწესებს რელიგიის სწავლების სტანდარტს. საჯარო სკოლებში კი რელიგია უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ შემეცნების საგანი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს ინდოქტრინაცია ანუ გადაბირება, არ უნდა იქადაგებოდეს რელიგია მასწავლებლისა თუ მოწვეული სასულიერო პირის მიერ. კანონი საჯარო განათლების შესახებ, რომელიც სკოლებში ამგვარ ქმედებას კრძალავს, ამოსავლად მიიჩნევს პრინციპს, რომ საჯარო განათლებას აფინანსებს მოსახლეობა, რომელიც რელიგიურად მრავალფეროვანია, ამიტომ არ შეიძლება რომელიმე კონფესიისთვის უპირატესობის მინიჭება. ასევე, სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის პრინციპიდან გამომდინარე, არ შეიძლება, აკადემიურ პროცესს ჰქონდეს რელიგიური შინაარსი. ეს კანონი ტოტალურად ირღვევა. რაც მთავარია, განათლების სისტემაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს და ამ ტიპის დარღვევების პრევენციას, რათა შემდეგ მოხდეს რეაგირება. განათლების სამინისტროში არსებობს გენერალური ინსპექცია, მაგრამ ეს მექანიზმი ამ მიმართულებით არ მუშაობს.
. რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში რელიგია? 
– რელიგია განეკუთვნება ადამიანის არჩევანის სფეროს. ტრადიციის გავლენით არჩეული რელიგია მოკლებულია თავის ჭეშმარიტ არსს. საქართველოში ხშირად გაიგონებთ, რომ მართლმადიდებლობა ჩვენი მამა-პაპის რელიგიაა, მაგრამ თუ ამ ლოგიკას გავყვებით, წარმართები უფრო გამოვდივართ. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. წინაპრების ხათრით  კი არ უნდა მივიღოთ ქრისტიანობა, ისლამი ან სხვა აღმსარებლობა, – ეს ჩვენი პირადი არჩევანი უნდა იყოს. ბავშვმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეს, რომ თავისუფალია და აქვს არჩევანის უფლება. სკოლა მას წარმოდგენას უნდა აძლევდეს რელიგიის ფუნდამენტურ საკითხებზე და დაანახვებდეს სამყაროს სურათს, რომლის შემადგენელი ნაწილებია პოლიტიკა, სამოქალაქო მოძრაობები, რელიგიური მიმდინარეობები, კულტურა, ფუნდამენტური მეცნიერებები. მოსწავლეს მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმის შესახებ, რა არის თანამედროვე ცოდნა, როგორ უნდა გადაადგილდებოდეს თანამედროვე სამყაროში, უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთრი თუ სხვისი უფლებები და ასე შემდეგ. ამ ტიპის ცოდნასთან უნდა იყოს დაკავშირებული რელიგიის სწავლებაც. რაც მთავარია, რელიგია იძლევა ამის საშუალებას, რადგან ყველა აღმსარებლობის ოქროს წესია „მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, მოგექცნენ შენ”.
მკაცრად უნდა დავიცვათ კანონი ზოგადი განათლების შესახებ. ის პირდაპირ მოითხოვს ტოლერანტული სულისკვეთების გაღვივებას, კრძალავს სკოლებში რელიგიური სიმბოლიკის გამოფენას, ქადაგებას და გადაბირებას, პედაგოგებისა და ადმინისტრაციის რელიგიურ საქმიანობას. თუმცა, ამავე კანონმდებლობით, მოსწავლეს აქვს უფლება, ატაროს რელიგიური წიგნი, იქადაგოს და, თუ სურვილი ექნება, ილოცოს, შექმნას კლუბი, სადაც მოიწვევს სასულიერო პირებს. იგი, პედაგოგებისა და ადმინისტრაციისგან განსხვავებით, სრულიად თავისუფალია ამ თვალსაზრისით. ასე რომ, ჩემი ერთადერთი რჩევა,  კანონის დაცვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

აი, სკოლაშიც დავბრუნდით!

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“