სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

გულნაზ ჭელიძე – უშგულელი მასწავლებლის ლემშვენიერა

გარდაბნის რაიონის სოფელი ლემშვენიერა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ჯანდარის ტბის სიახლოვეს მდებარე ერთადერთი ქართული სოფელია. ოდესღაც მძლავრი მეცხოველეობის ფერმებით ცნობილი პატარა დასახლება დიდ სოფლად 30-იოდე წლის წინ იქცა, მის მოსახლეობას კი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს რაჭიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებული ოჯახები შეადგენს – ლემშვენიერა ეკომიგრანტების სოფელია. ეკომიგრანტია ჩვენი დღევანდელი სტუმარი გულნაზ ჭელიძეც, რომელიც მესამე ათეული წელია სოფლის საჯარო სკოლაში მუშაობს, 14 წლის წინ კი მისი დირექტორიც გახდა.

ამ სოფელში მცხოვრებ თითქმის ყველა ოჯახს ტრაგიკული წარსული აქვს. ასეა ქალბატონი გულნაზიც. 1987 წლის მეწყერს გადარჩენილ თანასოფლელებთან ერთად სწორედ ლემშვენიერას შეაფარა თავი, უშგულში კი ოჯახის შვიდი წევრის საფლავი დატოვა, თუმცა ერთი წლის შემდეგ რამდენიმე თვით მაინც დაბრუნდა და თავისი პირველი გაკვეთილებიც იქაურ სკოლაში ჩაატარა. 
გულნაზ ჭელიძე: – როდესაც სვანეთში ეს ტრაგედია დატრიალდა, პედაგოგიური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, მასწავლებლობაზე ვოცნებობდი და ძალიან მინდოდა, უშგულის სკოლაში გამეგრძელებინა მუშაობა. ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა და ნახევარი სოფელი იძულებული გავხდით ავყრილიყავით, ოჯახის წევრების საფლავები დაგვეტოვებინა და სულ სხვა სამყაროში გაგვეგრძელებინა ცხოვრება. წარმოიდგინეთ, როგორი განცდაა, როდესაც 2200 მეტრზე მდებარე ულამაზეს ადგილს ტოვებ და ხრიოკ უდაბნოში სახლდები. აქ სულ სხვანაირი ჰაერი, მიწა და წყალი დაგვხვდა, რასაც სტიქიის დროს დაღუპულ ოჯახის წევრებზე დარდთან ერთად ახალ დასახლებაში არსებული ყოფითი პრობლემებიც ემატებოდა. მალე ომიც დაიწყო, რასაც მთელ ქვეყანაში არეულობა მოჰყვა და წლების განმავლობაში უპატრონოდ ვიყავით მიტოვებული. 

– ცხოვრება ნებისმიერი ტრაგედიის მიუხედავად გრძელდება. ასე მოხდა თქვენს შემთხვევაშიც და მასწავლებლობაზე ოცნება მაინც აიხდინეთ. 

– მასწავლებლობაზე იმ წუთიდან ვოცნებობდი, როდესაც პირველად ჩამიტარეს ფიზიკის გაკვეთილი. საუკეთესო მასწავლებელი მყავდა, შეიძლება ითქვას, სწორედ მისი გავლენით მოვინდომე მასწავლებლობა და ამდენი წლის შემდეგაც კი მისი სწავლების მეთოდებს ვიყენებ. მან ფიზიკა არა მხოლოდ მასწავლა, არამედ შემაყვარა კიდეც. ფიზიკა ისეთი საგანია, გაკვეთილის განმავლობაში ერთხელ მაინც თუ არ გაიღიმე, არ იხუმრე ან წამიერად არ დაივიწყე, რომ მასწავლებელი ხარ, არაფერი გამოვა – ასეთი გახლდათ ჩემი მასწავლებელი და ვცდილობ, თავადაც ასეთივე მიდგომა მქონდეს. 

– ალბათ განსაკუთრებული იყო ისიც, რომ მასწავლებლობის პირველი თვეები მშობლიური სოფლის სკოლაში გაატარეთ. 

– საბჭოთა კავშირის დროს მაღალმთიანი სოფლების სკოლებში მასწავლებლები ძირითადად განაწილებით ხვდებოდნენ. ზოგს საერთოდ არ უნდოდა ასეთ მოწყვეტილ ადგილას მუშაობა, მე კი მხოლოდ ეს მსურდა. ლემშვენიერაში გადასვლიდან ერთი წლის შემდეგ, ოჯახის წევრების პროტესტის მიუხედავად, ერთი წლის განმავლობაში მაინც ვასწავლე უშგულელ ბავშვებს, 1989 წლიდან ამ სკოლაში გადმოვედი და მას შემდეგ სულ აქ ვარ. თავდაპირველად დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვიყავი, შემდეგ ფიზიკის მასწავლებლად გადამიყვანეს, ვიყავი სასწავლო ნაწილის გამგეც, ხოლო უკანასკნელი 14 წელია, დირექტორის მოვალეობას ვასრულებ. პარალელურად პრაქტიკოსი მასწავლებელიც ვარ, თუმცა თანამდებობა არ მაძლევს საშუალებას, ბევრი საათი ავიღო და მინიმალურს ვჯერდები. 

– სოფლის სკოლაა, თუმცა საკმაოდ დიდი შენობაა. რამდენ მოსწავლეზეა გათვლილი? როგორია მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის ან კლების დინამიკა?

 

– სკოლა 800 მოსწავლეზეა გათვლილი. პირველ წლებში 450-მდე მოსწავლე გვყავდა, თუმცა დროთა განმავლობაში მათმა რაოდენობამ მკვეთრად დაიკლო და ამჟამად მხოლოდ 250 გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ სვანები და რაჭველები მრავალშვილიანობით გამოირჩევიან, შობადობა მაინც იკლებს, ასევე დიდია სოფლიდან გადინების მასშტაბიც. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თუ შარშან 24 პირველკლასელი გვყავდა, მომავალი სასწავლო წლიდან 26 ახალ მოსწავლეს ველოდებით – ეს უკვე იმედის მომცემია. 

რეფორმები სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორ იღებთ და ატარებთ პრაქტიკაში სიახლეებს? 
– სოფლის სკოლაა, თუმცა განათლების სამინისტოს ან სხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ რეფორმებს, პროექტებსა და კონკურსებს ყოველთვის აქტიურად ვეხმიანებით. ეს აუცილებელია სკოლისთვის და, რაც მთავარია, ბავშვებისთვის. აი, ახლაც დაწყებითი კლასების ყველა პედაგოგი სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრენინგზეა წასული – ეს საერთო პროცესია, რომელშიც ყველაზე პატარა სკოლებიც უნდა ჩაებან. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა. მაგალითად, სიახლეების მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან ძველი თაობის მასწავლებლები, უჭირთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობა და სწავლების საკუთარ მეთოდიკაში მათი დანერგვა. 

– სოფლის სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლები თუ მოდიან? ეს საკითხი რამდენად პრობლემურია?

– ახალგაზრდები ფაქტობრივად არ არიან და თუ გამოჩნდებიან, მათი სკოლაში დაკავება მიჭირს. მაგალითად, შარშან მყავდა ძალიან კარგი ისტორიის მასწავლებელი, მაგრამ უკეთესი ანაზღაურების გამო გამგეობაში გადავიდა სამუშაოდ. მისიც კარგად მესმის – ზოგჯერ ფინანსური საკითხი ყველაფერს წყვეტს. საზოგადოდ, ახალგაზრდა თაობა ამ პროფესიით ნაკლებად ინტერესდება. მაგალითად, შარშან ჩვენი სკოლის 16 მოსწავლე გახდა სტუდენტი, მაგრამ პედაგოგიურზე არავის ჩაუბარებია.

– საინტერესოა, რომელ პროფესიებზე აჩერებენ არჩევანს თქვენი სკოლის მოსწავლეები.

– იმ პროფესიებზე, რომლებიც ახლა აქტუალურია – ფსიქოლოგია, ბიზნესადმინისტრირება, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება და სხვა. სწორედ ისე, როგორც ქალაქების სკოლების მოსწავლეები. 

– თქვენ ფიზიკის მასწავლებელი ბრძანდებით. ამ საგნის შესასწავლად კი მასწავლებლისა და სახელმძღვანელოს გარდა აუცილებელია სპეციალური ტექნიკა, თვალსაჩინოება და სხვა. ამ მხრივ რამდენად ხართ უზრუნველყოფილი? 

– მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმდენად ღარიბი გვაქვს, რომ რამდენიმე წელია, ჩვენს სკოლაში ცდები არ ჩატარებულა. ბოლო დროს ორიოდე მიკროსკოპი შევიძინეთ და სულ ესაა. ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლები იძულებული ვართ, თვალსაჩინო მასალა მხოლოდ კომპიუტერით ვაჩვენოთ, მაგრამ ლაბორატორიული ანუ პრაქტიკული მუშაობის გარეშე ახსნილის გაგება და გათავისება ძალიან ძნელია. ვიცი, რომ ასეთივე პრობლემა დიდი ქალაქების სკოლებსაც აქვთ, მაგრამ ჩვენ ამ მხრივ მართლაც ძალიან ცუდ დღეში ვართ. შესაძლოა, სწორედ ამის ბრალია, რომ ბავშვები ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნებით ნაკლებად ინტერესდებიან. ასეთ დროს იძულებული ვხდებით, ალტერნატივა გამოვნახოთ: ჩვენი სკოლა შიდასასკოლო კონფერენციების მხრივ საკმაოდ აქტიურია, მათში ბავშვებიც სიამოვნებით მონაწილეობენ. კონფერენციებზე ვმართავთ კონკურსებსაც, საუკეთესო ნამუშევრებს კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ ორგანიზებულ ან სხვა კონკურსებზე ვაგზავნით. 

– ბევრი მასწავლებელი ასახელებს სახელმძღვანელოების, პროგრამის ხარვეზებსაც. იზიარებთ ამ აზრს? 

– პროგრამა იმდენად პრობლემური არაა, როგორც ის, რომ ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებს ცოტა დრო ეთმობა. ვფიქრობ, საათების რაოდენობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს. შეუძლებელია, კვირაში ჩატარებული ორი გაკვეთილის განმავლობაში ბავშვი ურთულესი, მაგრამ, იმავდროულად, ყველაზე საინტერესო საგნით – ფიზიკით დააინტერესო. ასეთ საგნებთან მოსწავლეს ხშირი და ინტერაქტიული შეხება უნდა ჰქონდეს. 

– ჩვენი ინტერვიუ „ინტელექტის დღეს” ჩავწერეთ. რამდენიმე წუთის წინ გარდაბნის რაიონის სკოლების „რა? სად? როდის” გუნდების შეჯიბრება დასრულდა. ხშირად ერთვება თქვენი სკოლა ამგვარ აქტივობებში? 

– ეს სკოლის ცხოვრების ორგანული ნაწილია, რაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისთვისაც აუცილებელია. მუზეუმებსა და ღია ცის ქვეშ გასვლითი გაკვეთილები ხშირად გვაქვს, რამდენიმე დღეში მეც მიმყავს მოსწავლეები ჰიდროელექტროსადგურში, რათა მისი დანადგარების მუშაობა ავუხსნა. თუ დღეს რამდენიმე ბავშვი „რა? სად? როდის?” კონკურსში მონაწილეობდა, მეორე ჯგუფი სიღნაღში ცეკვის კონკურსზე იმყოფება. საზოგადოდ, ძალიან აქტიური ბავშვები გვყავს, აინტერესებთ ყველა სიახლე და სურთ, ამ სიახლეთა მონაწილეები თავადაც გახდნენ. მთავარია, ერთხელ აჩვენო გზა, დანარჩენს უკვე თავად აკეთებენ. 

– სკოლა გადახურულია, შემინულია, ზამთარში თბება. რა აკლია თქვენს სკოლას, რა არის მისთვის აუცილებელი? 

– ძალიან მინდა ტექნიკურად გამართული სპორტდარბაზი. გვაქვს გარე სტადიონი, მაგრამ არ გაგვაჩნია კარგად აღჭურვილი დარბაზი, რომელიც ბავშვებს ხელს შეუწყობს, მისდიონ ცხოვრებით ჯანსაღ წესს. ჩვენი სოფელი ძიუდოში საქართველოსა და ევროპის ჩემპიონებით ამაყობს, მაგრამ ახალი თაობისთვისაც აუცილებეია შესაბამისი პირობები. ამიტომ ჩემი უახლოესი დიდი პროექტი ამ სკოლაში სპორტული დარბაზის გამართვაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი