“სკოლაში პირველად რომ მივედი, ისეთ კლასში შემიშვეს, საიდანაც რამდენიმე ქართულის მასწავლებელი უკვე გაქცეული იყო. მაშინ ეს არ ვიცოდი. გაკვეთილზე შევედი თუ არა, ყველა ბავშვმა ამოიღო საღეჭი რეზინი და ღეჭვა დაიწყო. შემთხვევით საღეჭი რეზინი მეც აღმომაჩნდა, ამოვიღე ჩანთიდან და მათთან ერთად დავიწყე ღეჭვა, თან გულწრფელად ვუთხარი ბავშვებს: საღეჭი რეზინი ძალიან მიყვარს, მაგრამ კლასში ღეჭვა მერიდებოდა-მეთქი… იმ დღის შემდეგ ჩემს გაკვეთილზე რეზინის ღეჭვა აღარავის მოსურვებია”.
– ქალბატონო რუსუდან, ქალისთვის მეტისმეტად ბევრი ხომ არ არის, იყოს პოეტი, ხუთი შვილის დედა და მასწავლებელი?
– ლექს “ჩემს ვედრებაში” ვაჟა-ფშაველა წერს: “მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული”. რატომღაც ყოველთვის რთულ გზას ვირჩევდი. ერთხელ ვთქვი კიდეც: ხუთი შვილი იმიტომაც გავაჩინე, მინდოდა, ამით ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დაგროვილი ცოდვები გამომესყიდა, უფრო მეტად “შევწუხებულიყავი”, მეტი ძალისხმევა დამჭირვებოდა. სიმართლე გითხრათ, ისიც არ ვიცი, ვის წინაშე ჩადენილი ცოდვები უნდა გამომესყიდა, მაგრამ მიმაჩნდა, რომ ამ გზით ჩემს შეცდომებს ნაწილობრივ მაინც გამოვასწორებდი. ხუთივე შვილი საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში – ომის, უსინათლობის, უგაზობისა და უდიდესი გაჭირვების დროს გავაჩინე. მეუღლე მეხუთე შვილის გაჩენიდან წლის თავზე გარდამეცვალა. ალბათ, ბედისწერა იყო, რომ შვილები მარტოს გამეზარდა…
– ხუთი შვილის მხოლოდ გაზრდაც კი, აღზრდაზე რომ არაფერი ვთქვათ, დიდ პრაგმატულობას მოითხოვს, პოეტისთვის კი ალბათ ერთიორად ძნელია ყოფით პრობლემებთან გამკლავება…
სიმართლე გითხრათ, ჩემი ოჯახური და შემოქმედებითი ცხოვრება ერთმანეთს ხელს არ უშლიდა. შოთა იათაშვილმა, ჩემმა მეგობარმა, ჩემზე ასეთი შინაარსის ლექსი დაწერა: შეუძლია, ცალი ხელით ერბოკვერცხი აკეთოს და თან ლექსები გამოუშვასო.
– ერთი ფრაზით, რას დაარქმევდით თქვენს პოეზიას?
– არ ვიცი, ამაზე არასოდეს მიფიქრია. ალბათ იმედისა და რწმენის პოეზიას. ასეთი ვარ, არ მჩვევია ხელის ჩაქნევა – ძიება მიყვარს, მომავლისკენ ყურება, მოძრაობა… ჩემს საქმიანობაშიც, სულ მაინტერესებს, რა არის ახალი, რა იცვლება…
– ხომ არ გაქვთ გამოცდილება, რომელსაც სხვა მასწავლებლებსაც გაუზიარებდით?
– საკვირაო სკოლამ 2008 წელს მოაწყო საზაფხულო ბანაკი, სადაც ოცდაათი ბავშვი წავიყვანეთ, მათ შორის – გორიდან დევნილები. ფაქტობრივად, ისინი საომარი მდგომარეობიდან მოხვდნენ ბანაკში და საფუძვლიანი რეაბილიტაცია სჭირდებოდათ. იყვნენ აგრესიულები, გამძაფრებული ჰქონდათ თავდაცვის ინსტიქტი, ატარებდნენ დანებს… ამ ბავშვებთან ურთიერთობა არც ისე ადვილი იყო, მაგრამ მალე ყველასთან მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და იცით, რა დაგვეხმარა ამაში? – სამართლიანობა. ბავშვი უსამართლობას არ უნდა გრძნობდეს. შესაძლოა, ბევრი არაფერი მომეკითხებოდეს, მაგრამ ვცდილობ, კრიტიკულ სიტუაციაში ბავშვს ისე მოვექცე, როგორც, ვისურვებდი, იმავე სიტუაციაში მომქცეოდნენ მე. ასეთი დამოკიდებულება ამართლებს.
– ქალბატონო რუსუდან, რას ნიშნავს იყო მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი?
– მე მგონია, რომ ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბავშვს აძლევს როგორც ცოდნას, ასევე განვითარებას. სხვათა შორის, ბავშვის განვითარების მიხედვით შეგიძლია იმსჯელო იმაზე, როგორი ქართულის მასწავლებელი ჰყავს. მართალია, სხვა საგნის მასწავლებელსაც შეუძლია, დიდი გავლენა მოახდინოს მოსწავლეზე, მაგრამ მშობლიური ენისას უფრო მეტი ტვირთი აწევს, რადგან იგი ვალდებულია, იზრუნოს მოსწავლის ზოგად განათლებაზე, მის მსოფლმხედველობაზე, ღირებულებებზე… თუ მასწავლებელს სურს, მოსწავლისთვის მისაღები იყოს, არც ერთი წუთით არ უნდა მოდუნდეს, თვითონაც გამუდმებით უნდა სწავლობდეს, არ ჩამორჩეს დროს, იცნობდეს ბავშვის ინტერესებს, კითხულობდეს ყველაფერს, რასაც მისი მოსწავლეები კითხულობენ, ნახოს ყველა ფილმი თუ სპექტაკლი, რასაც ბავშვები უყურებენ… მე თუ მკითხავთ, არც ის ვარგა, მოსწავლისადმი ფამილარული დამოკიდებულება გქონდეს და შენიშვნას საერთოდ არ აძლევდე, მაგრამ კარგი იქნება, თუ სხვების თანდასწრებით არ მისცემ. ამასთან, მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მაშინაც კი, როცა შენიშვნას აძლევ, პატივს სცემ მას, გული შეგტკივა მასზე.
მასწავლებელი უნდა ეცადოს, შეძვრეს მოსწავლის ტყავში და მისი თვალით შეხედოს სამყაროს. პედაგოგები ჩივიან, ესა თუ ის მოსწავლე კლასში დადის და მღერისო. მე ამას სხვანაირად ვუყურებ. შესაძლოა, ბავშვს სულაც არ უნდა მასწავლებლის გაბრაზება, უბრალოდ, ასეთ ხასიათზეა… მას უნდა გავუგოთ. პედაგოგმა სიტუაციის მარტივად განეირტალება უნდა შეძლოს.
არ არის აუცილებელი, მასწავლებლმა დიდი განათლება მისცეს მოსწავლეს; არც ის, თვითონ იცოდეს ყველაფერი. ყოფილა შემთხვევა, მოსწავლეს უფრო მეტი სცოდნია ამა თუ იმ საკითხის შესახებ. კომპიუტერის საუკუნეში ეს არ არის ტრაგედია. მთავარია, მასწავლებელმა მოსწავლეს ინტელექტი გაუღვივოს და აქცენტების სწორად დასმაში დაეხმაროს.
– მოსწავლეები თუ იცნობენ თქვენს შემოქმედებას და თუ ეცვლებათ თქვენდამი დამოკიდებულება, როდესაც გაიგებენ, რომ პოეტი ხართ?