სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

კლასში მორცხვი ბავშვია

გამოცდილი მასწავლებელი კლასში შემოსვლისთანავე ადვილად ამჩნევს რომელი მოსწავლეა უფრო მოძრავი, ენერგიული და კომუნიკაბელური და რომელი _ მორიდებული, მოკრძალებული, საკუთარ შესაძლებლობებში არცთუ დაჯერებული. საბედნიეროდ, ბუნებამ ყველა ადამიანი უნიკალურობით, გამორჩეულობით დააჯილდოვა. ყოველ პატარას დაბადებიდანვე დაჰყვება ღირსებები და ნაკლოვანებები. არ არსებობენ იდეალური ბავშვები და არც მხოლოდ უარყოფითი თვისებების მქონენი. თუმცა, სხვადასხვა სიატუაციებში, ესა თუ ის კონკრეტული თვისება, შესაძლებელია სხვადასხვაგვარად განვიხილოთ: ზოგჯერ მართლაც ღირსებად, ზოგჯერ კი მის ნაკლად. ბევრისათვის სიმორცხვე მოკრძალებულობასთან და კარგ აღზრდასთან ასოცირდება, ბევრი კი მას კომპლექსად მოიზრებს.

 

 

მორიდებულ ბავშვებს უამრავი ღირსება აქვს _ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი, გამახვილებული პასუხისმგებლობა, დაკვირვებულობა, სიყვარული ახლობლებისადმი. უფროსები მათ ტალანტების აღმოჩენასა და “გახსნაში” უნდა დაეხმარონ. მშობლებს არ უნდა შეშურდეთ სხვისი აქტიური შვილების, რომლებსაც თავთავიანთი ნაკლოვანებებიც ექნებათ. სიმორცხვე, მოკრძალებულობა, შინაგანი შფოთიანობა მხოლოდ მინელებული ტემპერამენტის მომენტია და როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ხშირად დაბალი თვითშეფასების შედეგი.

 

როგორც წესი, მოკრძალებული, მორცხვი, ნაკლებად ემოციური ბავშვები ხასიათს მალევე წარმოაჩენენ: ისინი ყველაფერზე ფრთხილად რეაგირებენ, არ მოსწონთ, როცა მათ ცხოვრებაში სიახლე შემოდის, ნერვიულობენ უცნობი ადამიანების გაცნობისას, სხვა ბავშვებსაც ეჭვის თვალით უყურებენ, ცდილობენ გარკვეული დისტანცია დაიჭირონ, ეკედლებიან მშობლებს. სტატისტიკის თანახმად, ბავშვების 2%-ი იოლად ღიზიანდება უცხო გარემოში, მათ დამშვიდებას კი მშობლები კარგა ხანი უნდებიან. ასეთი ბავშვების უმრავლესობა, ასაკის მატებასთან ერთად, ფრთხილი და გაუბედავი ხდება.

 

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ სიმორცხვე ფორმირდება არა მხოლოდ ბუნებრივი თვისებაა, არამედ სხვადასხვა მიზეზითაც ყალიბდება, მაგალითად, დედასთან ადრეული და მტკივნეული განშორებისას, რომელიც ბავშვს მგრძნობელობას უმახვილებს, აკარგვინებს თავდაჯერებას. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს მშობლების ზედმატად მკაცრი დამოკიდებულება, პრინციპულობა ბავშვის აღზრდისადმი. ასეთი მშობლები წინასწარ გეგმავენ ბავშვისაგან მისაღებ შედეგებს და აიძულებენ იმედი არ გაუცრუოს. ეს უარყოფითად აისახება მცირეწლოვან ბავშვზე და მის მომავალ, ზრდასრულ ცხოვრებაზე. მშობლებმა განსაკუთრებული ყურადრება უნდა მიაქციონ მორცხვ ბავშვებს, არ დააკომპლექსონ თავიანთი ქცევით.

 

პორტალი tvoyformat.org რეკომენდაციას უწევს მორცხვი ბავშვების მშობლებსა და მასწავლებლებს დაიცვან შემდეგი წესები:

 

* ნურასოდეს შეადარებთ მორცხვ ბავშვს მის თანატოლს. ნუ გადაიტანთ აქცენტს მის წარუმატებლობაზე. პირიქით, ეცადეთ, ხშირად შეაქოთ, თუნდაც, მცირედი გამარჯვებისთვის. თქვენი ამოცანაა გჯეროდეთ ბავშვის ისე, რომ დამაჯერებლობა მასაც “გადაედოს”. მხოლოდ ამ შემთხვევაში იწამებს საკუთარ ძალას და თავდაჯერებულ ადამიანად იქცევა.

 

* ნუ ააჩქარებთ ბავშვს. მიეცით დრო შეეგუოს ახალს. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მას უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდება. მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ბავშვი მიხვდება, რომ არავინ ერჩის, არც გარემოა სახიფათო, არც ახალი მეგობრები, არც პედაგოგი საფრთხეს არ წარმოადგენს, დამშვიდდება. არ არის საჭირო ერთი და იგივე კითხვა რამდენჯერმე დასმა. ასეთი ქმედება უფრო დააბნევს და დაამორცხებს.

 

* ნუ მოუწოდებთ მორცხვ ბავშვს იყოს თამამი და გამბედავი _ თქვენი ნოტაციები უშედეგო იქნება. ბავშვის შფოთვა ირაციონალური ბუნებისაა, რადგან შვიდი წლის ასაკამდე ის შეგრძნებების სამყაროში ცხოვრობს. თქვენი მოწოდება “აქ არაფერია საშიში და სამარცხვინო” ვერაფერს გაჭრის.

* არცერთ შემთხვევაში არ გაუწყრეთ ბავშვს ან მისი თანდასწრებით ვინმეს. როდესაც მოკრძალებულ ბავშვს რაიმეს უხსნით, თვალებში ჩახედეთ და ისე ესაუბრეთ. მოიპოვეთ ბავშვის ნდობა.

* ნუ მოთხოვთ ძალიან ბევრს. მორცხვ ბავშვებთან სიმკაცრი გამოჩენა უკუშედეგს იძლევა. მორცხვი ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ და აფასებენ ქცევისა და წარმატებების მიუხედავად. ეცადეთ, შექმნათ ისეთი სიტუაციები, სადაც ის თავის ნიჭს, ღირსებებს წარმოაჩენს. მცირეწლოვანი მორცხვი ბავშვისათვის მშობლებს შეუძლიათ სახლში პატარ-პატარა წვეულებების მოწყობა, სადაც მთვარი სტუმრები ბავშვის კლასელები იქნებიან. ბავშვმა უსაფრთხო, მისთვის ნაცნობ და კომფორტულ გარემოში, დედ-მამის სიახლოვეს, თავს შედარებით თამამად იგრძნობს და დანარჩენი ბავშვებიც სხვანაირად შეაფასებენ.

* მოკრძალებული ბავშვები გაცილებით მოწყვლადები არიან თავიანთი ქმედების შედეგის მიმართ. ამავდორულად, ისინი ვერ აფასებენ საკუთარ შრომას, ვერ წყვეტენ დამოუკიდებლად _ სწორად თუ არასწორად მოიქცნენ. ამიტომ შეფასებას უფროსებისგან ელიან. ნეგატიური შეფასებით შესაძლებელია ბავშვის ფსიქიკის ტრამვირება.

ცხადია, მშობლები უკეთ იცნობენ საკუთარ შვილს, ვიდრე პედაგოგები. მორცხვი ბავშვის ხასიათის შესახებ მშობელმა მასწავლებელს აუცილებლად უნდა უამბონ. ხშირად, დაწყებითების დამრიგებლები პირველივე კრებაზე თხოვენ მშობლებს შვილები წერილობით ან ზეპირად დაახასიათონ. მორცხვი ბავშვის მშობლებმა არ უნდა დამალონ შვილის თავისებურებები. მშობლების მსგავსად ახლა ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს მასწავლებელიც დაიკავებს. ასეთ ბავშვს მეტი ყურადღება და მზრუნველობა დასჭირდება და მასწავლებელი ამისათვის მზად უნდა იყოს.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“