„ნებისმიერი ბავშვი – მხატვარია. რთული ის არის, რომ
ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ
ისევ მხატვრად დარჩე“.
(პაბლო პიკასო)
იყო მშობელი – ეს დიდი თავგადასავალია. თუ მშობელი მოახერხებს ბავშვში ახალის შემეცნებითი უნარის გაღვიძებას, ის თავის თავშიც მეტად განივითარებს ცნობისწადილს. ბავშვს ხომ ყველაფერი აინტერესებს, რითაც უფროსი ინტერესდება – ჯულია კამერონი – ამერიკელი მწერალი, პოეტი, სცენარისტი, მრავალი ბეტსელერის ავტორი, რომელთა შორისაც არის წიგნი: „მხატვარი არის ნებისმიერ ადამიანში. როგორ აღვზარდოთ შემოქმედებითობა ბავშვებში“. ამჯერად, სტატიის მკითხველები გაეცნობიან იმ სამ ძირითად მეთოდს, რომლებსაც ავტორი მშობლებს და არა მხოლოდ მათ სთავაზობს.
ახლა მესმის, რომ სრულიად არაჩვეულებრივი მშობლები მყავდა – იწყებს თხრობას ავტორი და განაგრძობს: – ისინი შვილების შემოქმედებით მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდნენ და ცდილობდნენ ამ უნარების განვითარებას. ჩვენი მშობლები არ აქცევდნენ ყურადღებას საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს და უფრო მეტიც, თავად ადგენდნენ საკუთარს. მათ შვიდი შვილი აღზარდეს და ზრადასრულობაში ყველა შემოქმედებითა და ხელოვნებით ირჩენდა თავს. არც მე ვარ აღზრდის სფეროს ექსპერტი, მეც ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ვარ. მაგრამ მე ვარ დედა, რომელიც შვილის აღზრდას შემოქმედებითად უდგებოდა და სრულებით დარწმუნებული იყო, რომ ბავშვებში არაფერია იმაზე მეტად ბუნებრივი და ძვირფასი, ვიდრე მათი შემოქმედებითი საწყისი. შემოქმედება – ეს სულიერი საწყისია, ისევე როგორც – მშობლობა.
მშობლები იდეალისკენ მიისწრაფიან ისე, რომ ხშირად ზომიერება ეკარგებათ, ეს აღზრდასაც ეხება. ისინი, როგორც წესი, პერფექციონისტები არიან და სურთ, რომ მათი შვილები სრულყოფილი იყვნენ. ისინი საკუთარი აღმზრდელობითი შედეგებით ტკბობაზე არიან ჩაციკლული. გამუდმებით უჩიჩინებენ შვილებს, მუდმივად ცდილობენ მისცენ რაც შეიძლება მეტი, გადასცენ მათ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და რაც ყველაზე მძიმეა, ისინი განუწყვეტლივ ზრუნავენ შვილების მიღწევების დემონსტრირება მოახდინონ ფართო საზოგადოებისათვის. უფრო მეტსაც გეტყვით. ხშირად, პატარამ ჯერ წესიერად სიარულიც კი არ იცის და მშობლები უკვე იწყებენ შფოთვას, რომელ საბავშვო ბაღში და შემდეგ კი რომელ სკოლაში სჯობს მისი მიყვანა. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერს ძალიან დიდი სერიოზულობით უნდა მოეკიდონ, რადგან მშობლობა – ეს ხომ უსერიოზულესი რამ არის! მაგრამ ბავშვებს გართობის გარკვეული დოზა სჭირდებათ და ამიტომ, მშობლებო, იქნებ ცოტა შეისვენოთ და ბავშვის კისერზე „აღზრდის ყულფი“ შეამსუბუქოთ? არ არის საჭირო მწვერვალების დაპყრობა და იდეალურ მშობლად გახდომა – პირიქით, მოდით, საკუთარ თავს ნება დართეთ, იყოს „მკვლევარი მშობელი“, რომელიც იმით ხარობს, რომ მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს საკუთარი მშობლური უნარები. და მაინც რა უნდა გავაკეთოთ? – ვფიქრობ, ამ კითხვას სვამს ის მშობელიც, რომელიც ამ წიგნს კითხულობს. პასუხი მარტივია: დაეხმარეთ, გვერდით დაუდექით შვილებს, რათა მათ თავად ეცადონ საკუთარი ტალანტის გამომჟღავნდება. ნებისმიერ ადამიანში არის შემოქმედებითი საწყისი. ამიტომ მშობლების უმრავლესობას არ უნდა გაუჭირდეს იმის მიხვედრა, რა ტალანტი აქვს შვილს. უმთავრესი კი, რისი თქმაც მე მინდა, – ხაზს უსვამს ჯულია კამერონი, – არის ის, რომ მაშინ, როდესაც მშობელი შეამჩნევს, რისკენ მიისწრაფიან და რა აინტერესებთ მათ შვილებს, მაშინვე შეამჩნევენ იმავე პოტენციალს საკუთარ თავში. როდესაც უფროსები ცდილობენ, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გახსნას, ისინი საკუთარ თავს და შვილებსაც აძლევენ შესაძლებლობას, მიეახლონ არა მხოლოდ რაღაც დიდს, არამედ ისინი ერთმანეთსაც ეცნობიან და უახლოვდებიან.
მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ – გვთავაზობს ავტორი. ეს ამბავი მე და ჩემს გოგონას გვეხება. „საბავშვო ბაღში მე და ჩემი შვილი – დომენიკა – ძირითადად ერთად დავდიოდით. მიუხედავად იმისა, რომ მე ვცდილობდი სახლიდან საბავშო ბაღამდე მარშრუტი ხშირად შეგვეცვალა, მაინც გვქონდა ერთი უსაყვარლესი ბილიკი, რომელიც ზოომაღაზიაზე გადიოდა. ერთ დღეს დომენიკას ხელი მოვკიდე და მაღაზიაში შევედით. ჩვენი ყურადღება თევზების განყოფილებამ მიიპყრო. როდესაც პირველ აკვარიუმთან მივედით, ვუთხარი შვილს: შეხედე, დომენიკა, ეს თევზები საყვარლები, მაგრამ ცოტათი უღიმღამოები არიან. მომდევნო აკვარიუმთან მიახლოებისას თევზების გუნდი დაფრთხა და დაგვემალა. ესენი საყვარლები, მაგრამ მშიშრები ყოფილან, განვაგრძობდი მე. ოქროს თევზებიან აკვარიუმთან მისვლისას უკვე თავად დომენიკამ მითხრა: დედიკო, ნახე ეს თევზები სულაც არ არიან მშიშრები, ისინი თვითონ გვათვალიერებენ, ეტყობა მათაც მოვეწონეთ. დომენიკა უკვე საკმარისად დიდია იმისათვის, რომ საკუთარი აკვარიუმი ჰქონდეს, გავიფიქრე მე, და დაბადების დღეზე ოქროს თევზებიანი დიდი აკვარიუმი ვაჩუქე შვილს. ჩემს გოგონას ძალიან გაუხარდა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ის სხვა ქალაქში კოლეჯში სასწავლებლად გადავიდა, საერთო საცხოვრებელში ცხოვრებისას ოქროს თევზებიანი აკვარიუმი შეიძინა. „ეს იმისთვის გავაკეთე, რომ მინდა, აქაც ისე ვიგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში“ – ამიხსნა დომენიკამ. მე გამეღიმა და გამიკვირდა, როდესაც მივხვდი, რომ ზოომაღაზიაში ერთმა უწყინარმა შევლამ ასეთი პოზიტიური გავლენა იქონია ჩემი გოგონას ცხოვრებაზე.
აი კიდევ ერთი მსგავსი ამბავი: ჩემი ერთ-ერთი მკითხველი მიყვებოდა, რომ მისი ქმარი, რომელიც მეხანძრეა, ხშირად მათ ექვსი წლის ბიჭუნას სათამაშო სახანძრო მანქანებს ჩუქნიდა. ღიმილით ჰყვებოდა, რომ როდესაც მისი შვილი ამ მანქანებით თამაშობდა, დარწმუნებული იყო, რომ თავადაც ნამდვილად აქრობდა ხანძარს და ის ისეთივე გმირი იყო, როგორც თავისი მამიკო. ბიჭი, რომელიც სახანძრო მანქანებით თამაშობს, დიდ სიახლოვეს განიცდის საკუთარ მამასთან.
ხელოვნების საწყისი – სიყვარულშია. შემოქმედებითი უნარები ბავშვებში მაშინ იხსნება, როდესაც ის ნდობისა და გაგების ატმოსფეროში იზრდება. თუ უფროსებს სურთ, რომ მათი შვილები შემოქმედებითი იყვნენ, ისინი თავს ბედნიერებად უნდა გრძნობდნენ. უფროსების ამოცანა სწორედ პატარების გაბედნიერებაში მდგომარეობს. მაგრამ, პირველ რიგში, უფროსებმა თავად უნდა გააცნობიერონ, როგორ გაიუმჯობესონ საკუთარი სულიერი მდგომარეობა და როგორ მოახერხონ, რომ თავად განეწყონ შემოქმედებითობისაკენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც უფროსები ენერგიით იმუხტებიან, ისინი უკეთ ზრუნავენ საკუთარ შვილებზე. ყველას მოუსმენია თვითმფრინავში ფრენისას, როგორ აფრთხილებენ მგზავრებს სტუარდესები, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ჯერ თავად გაიკეთონ ჟანგბადის ნიღბები და შემდეგ ბავშვებს მოარგონ ისინი. ცხოვრებაშიც ზუსტად ასევეა, – განაგრძობს ჯულია კამერონი – უფროსებმა ჯერ საკუთარი თავი უნდა აღზარდონ, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასე გაცილებით უკეთ ხედავენ შვილები უფროსების მისწრაფებებს. ბედნიერი მშობლები, რომლებიც შემოქმედებასთან ახლოს არიან, გაცილებით უფრო მარტივად ქმნიან ოჯახში პოზიტიურ გარემოს და შედეგად ბავშვებსაც აბედნიერებენ. აუცილებელია მშობლებმა მოახერხონ და მოძებნონ უჩვეულო და შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უღიმღამო საგნისა და მოვლენის მიმართ, რომელთანაც მათ შვილებს ყოველდღიური შეხება აქვთ.
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ბავშვები ყველაფერში უფროსებს ბაძავენ. გარდა იმისა, რომ პატარები თამაშის დროს უფროსების ქცევების კოპირებას ახდენენ, ისინი მათი ემოციებით იმუხტებიან და არსებულ გარემოს უფროსების მსგავსად აღიქვამენ. თუ მშობლები დაძაბული არიან, შვილებსაც გადაედებათ მათი ეს მდგომარეობა. როდესაც მშობლებს რაიმე ახარებთ, ბავშვებიც მათთან ერთად ხარობენ. უფროსების სიმშვიდე კი პატარების სიმშვიდის საბაბი ხდება. რაიმე მოვლენით გულწრფელად აღფრთოვანებული მშობლების ყურებისას კი მათი შვილები ემოციების გამოხატვას სწავლობენ. მშობლების ყველაზე დიდი სიხარული ხომ იმის გაცნობიერებაა, რომ მათი შვილები მშობლების მაგალითზე სწავლობენ ცხოვრებას.
მშობლები ზოგჯერ ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ მთლიანად მხოლოდ შვილების ცხოვრებით უნდა იცხოვრონ და თუ ასე არ მოიქცევიან, მაშინ ცუდი მშობლები იქნებიან. მე ვფიქრობ – გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას ავტორი – როდესაც ოჯახში პატარა ჩნდება, უფროსებს უწევთ საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლა, გარკვეულ საქმიანობებეზე უარის თქმა. რაც მათთვის შვილთან უფრო მეტი სიახლოვის სურვილით აიხსნება. მაგრამ, სინამდვილეში უფროსების მხრიდან საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა და სრულად პატარაზე გადართვა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მშობელი აღარ არის ის, ვინც ადრე იყო. აქ იმის საფრთხე ჩნდება, რომ მშობელი ვეღარ მოახერხებს საკუთარი გამოცდილების, ცოდნის გადაცემას.
მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ – განაგრძობს ჯულია კამერონი – „მე მარტოხელა დედა ვიყავი, და ამიტომ მუშაობა მიწევდა, რათა ოჯახის საჭიროებები მომეგვარებინა. ჩემი საქმიანობა მწერლობა გახლავთ და ამდენად იძულებული ვიყავი, მესწავლა წერა მაშინაც კი, როდესაც ჩემი პატარა მაგიდის ქვეშ დახოხავდა და სულ ცდილობდა ჩემი ყურადღება მიეპყრო. „დედა მუშაობს“ – ვეუბნებოდი გოგონას და მის სათამაშო ცხენებთან გასართობად ვაგზავნიდი. დედიკო – მალევე მეძახდა შვილი და მე კვლავ ვეუბნებოდი: „დედა მუშაობს“. ცოტა ხანში ჩემი გოგონა მიხვდა, რომ დედა მაშინვე მიაქცევდა მას ყურადღებას, როგორც კი საქმეს დაასრულებდა. გარკვეული დროის შემდეგ სულ უფრო ნაკლებად მაწუხებდა და მარტო თამაშიც ისწავლა. კიდევ რამდენიმე ხანში შვილი მიხვდა, რომ ფრაზა: „მე ვთამაშობ“ შესაძლებელია იყოს ჩვენს შორის ურთიერთობების ისეთივე ზღვარი, როგორიც არის „მე ვმუშაობ“. გავიხარე, როდესაც მივხვდი, რომ შვილს დამოუკიდებლობას ვასწავლიდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ორივე საკუთარ ფანტაზიებში ვიძირებოდით, მე – რომ მეწერა, და ის – რომ ეთამაშა.
თავისუფალ დროს ჩვენ ვთამაშობდით. მე ვეკითხებოდი მას: რომელი ცხენი მოგწონს ყველაზე მეტად? მას ოქროსფაფრიანი მოსწონდა და მე ვეუბნებოდი: „დიახ, მეც ეგ მომწონს“. თამაშის შემდეგ, ჩვენ სათამაშო ცხენებს ყუთში ვაწყობდით.
მეგობრები, ხშირად მეკითხებოდნენ, როგორ ვახერხებდი საქმიანობისათვის დროის გამონახვას? მათ ვუყვებოდი შვილის სათამაშო ცხენების შესახებ და იმაზე, თუ როგორ მოვახერხე მასთან მოლაპარაკება და ზღვრის გავლება ჯადოსნური ფრაზით: „დედა მუშაობს“. კი მაგრამ, ნუთუ თქვენი შვილი არ გიბრაზდებათ ასეთი მიდგომის გამო? მკითხა ერთხელ დედამ, რომელიც არასდროს არ ავლებდა არანაირ ზღვარს და შვილის პირველივე მოთხოვნისთანავე მისკენ გარბოდა. შედეგად, მისი შვილი სრულიად დაქვემდებარებული გახდა და დედის ზრუნვის გარეშე ვეღარ ძლებდა.
ბოლოს, მინდა ერთი პატარა შემთხვევა გავიხსენო: ერთ დღეს, ჩვენ დომენიკას მეგობარი გვესტუმრა და მე ისინი სათამაშო ცხენების გარემოცვაში დავსვი. გარკვეული დროის შემდეგ, შვილის მეგობარმა მოინდომა რაღაც შეკითხვა დაესვა ჩემთვის. იმავე წამს, მე გავიგონე, როგორ უთხრა დომენიკამ მეგობარს: „დედა მუშაობს“. ჩემი შვილი არ ბრაზობდა ჩემს სამწერლო საქმიანობაზე. და სულ მალე მან თავად დაიწყო წერა. ის წერდა ლექსებს, მოთხრობებს, მცირე ზომის პიესებს – ანუ აკეთებდა იმას, რასაც ვაკეთებდი მე, როდესაც დომენიკა საწერი მაგიდის ქვეშ დახოხავდა და სათამაშო ცხენებით ერთობოდა.