პარასკევი, დეკემბერი 8, 2023
8 დეკემბერი, პარასკევი, 2023

რა იწვევს მოზარდებში სტრესს

თეო ჭყოიძე

რა არის სტრესი და რა გავლენას ახდენს ის ორგანიზმზე?

 

21-ე საუკუნეში, ალბათ, უკვე აღარ მოიძებნება ადამიანი, ვისაც სტრესი საკუთარ თავზე არ გამოუცდია. სწრაფად ცვალებად ინფორმაციულ გარემოში ყოველდღიურად იზრდება სტრესის გამომწვევი ფაქტორებისა და მისი გავლენით გამოწვეული ნეგატიური შედეგების რიცხვი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა განაპირობებს მის წარმოშობას.
 

სიტყვა “სტრესი” ინგლისურ ენაში ზეწოლას, დაძაბულობას ნიშნავს, ხოლო როგორც ტერმინი, ის მეცნიერებაში მოგვიანებით დამკვიდრდა. სტრესი პირველად კანადელმა მეცნიერმა ჰანს სელიემ აღწერა და მას ზოგადადაპტაციური სინდრომი უწოდა. მისი განმარტებით, ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ორგანიზმის დასუსტება და ორგანოთა სისტემების ფუნქციათა დარღვევა ახასიათებს. თანამედროვე განმარტებით, “სტრესი” იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა, რომლებიც ორგანიზმში გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ, მათგან დასაცავად წარმოიშობა.

 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტრესი ყოველთვის ნეგატიურ გავლენას არ ახდენს ორგანიზმზე. ხანმოკლე სტრესით გამოწვეული შედეგები, რომლებიც უმეტესად ძლიერი პოზიტიური ემოციებით არის განპირობებული, დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე და ხელს უწყობს მის მობილიზებასა და გააქტიურებას. ხანგრძლივი სტრესი კი, რომელიც კვირაობით, თვეობით ან წლობით გრძელდება, ადამიანის სასიცოცხლო ძალების გამოფიტვასა და ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევას იწვევს. ასეთ დროს სტრესის გამომწვევ ფაქტორებთან დამოუკიდებლად გამკლავება ორგანიზმს არ შეუძლია.
 

რატომ არის სტრესი განსაკუთრებული რისკის მატარებელი მოზარდობისას?

 
ნეგატიური სტრესფაქტორები განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნის იმ მოზარდებს, რომლებიც ამ ასაკში ისედაც მაღალი მგრძნობელობითა და ემოციურობით გამოირჩევიან. მოზარდობის პერიოდში სტრესი უმეტესად იწვევს ისეთ მდგომარეობას, როგორიცაა დეპრესია, მომატებული აგრესია, შფოთვა, კვებისა და ძილის დარღვევები, მეხსიერების დაქვეითება და ა.შ. ასევე, არ არის გამორიცხული, ის ყველაზე მძიმე შედეგის _ თვითმკვლელობის _ საფუძვლად იქცეს.

მოზარდობა ის ასაკია, რომელიც მოიცავს პერიოდს ბავშვობასა და სრულწლოვანებას შორის. მიუხედავად მისი სხვადასხვაგვარი განმარტებისა და მსჯელობისა, როდის იწყება და მთავრდება ეს ასაკი, მოზარდობა ემთხვევა პერიოდს, როდესაც ადამიანები განიცდიან სწრაფ ფიზიკურ ცვლილებებს, ვითარდებიან გონებრივად და თანდათან აღწევენ სრული სიმწიფის ასაკს. მოზარდობის პერიოდის თავისებურება მის განსაზღვრებებშიც აისახება: “გარდამავალი”, “კრიტიკული”. ამ პერიოდში ხდება ორგანიზმის სწრაფი ზრდა, ფიზიკური და სქესობრივი მომწიფება, მკვეთრი ცვლილებები მენტალურ სფეროსა და ცნობიერებაში, ურთიერთობასა და ღირებულებათა სისტემაში. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია ემოციური არამდგრადობა. მოზარდს შეიძლება ჰქონდეს მკვეთრი, აფექტური რეაქციები, როდესაც აკრიტიკებენ, რჩევას აძლევენ, აღნიშნავენ მის ნაკლს და უზღუდავენ თავისუფლებას. ეგზალტირებულ მდგომარეობას კი ზოგჯერ სწრაფად ცვლის დეპრესია და გულჩათხრობილობა.

 
სტატიაში განხილულია სტრესის გამომწვევი ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მოზარდობის პერიოდისთვის არის აქტუალური. მათი გააზრება და გათვალისწინება მასწავლებელსა და მშობელს დაეხმარება, შეძლებისდაგვარად აარიდოს მოზარდი სტრესულ გარემოს და დროულად გაუწიოს სათანადო დახმარება.

 
მოზარდებში სტრესს ძირითადად შემდეგი ფაქტორები იწვევს:
 
ფიზიკური ფაქტორი

 
ფიზიკურ დონეზე სტრესს იწვევს ორგანიზმის სწრაფი ზრდა და სქესობრივი მომწიფება, რასაც თან ახლავს როგორც შინაგანი, ასევე გარეგნობის მკვეთრი ცვლილებები.
მოზარდ ასაკში ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საკუთარ გარეგნობას, მუდმივად ადარებს თავს სხვებსა და იდეალებს, მათ შორის აღმოჩენილი სხვაობა კი ხშირად ძნელად დასაძლევ პრობლემად, შფოთვისა და დეპრესიის მიზეზად იქცევა.
ამ პერიოდში მოზარდის ცვლილებებზე მშობლების, მასწავლებლებისა და თანატოლების რეაქციას, ასევე მათ მხარდაჭერასა და პრობლემების გაგებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს მათ, ადვილად მოახდინონ ადაპტაცია გარეგნობასა და ორგანიზმის ფუნქციონირებაში მომხდარ ცვლილებებთან.

 
კოგნიტური ფაქტორი

 
მოზარდობის პერიოდში ცვლილებები ხდება არა მარტო ფიზიკურ დონეზე, არამედ კოგნიტურ სფეროშიც. მარტივ სააზროვნო უნარებს ცვლის აბსტრაქტული და კრიტიკული აზროვნება. ამ დროს მოზარდი იწყებს მსჯელობას საკუთარ თავზე, სხვათა ქცევებზე, მორალურ ღირებულებებსა და ეთიკურ ნორმებზე. აქტუალური ხდება საკუთარი “მე”-ს სიცოცხლისუნარიანი კონცეპტის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორ აფასებს ადამიანი საკუთარ თავს, არჩეულ როლსა და სოციალურ სტატუსს.
ამ პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უფროსების მხრიდან მოზარდის დადებითი და ადეკვატური შეფასება, პოზიტიური უკუკავშირი და მისი ღირსებების აღნიშვნა. ხშირი უარყოფითი შეფასება აკადემიური მიღწევების, შეხედულებებისა თუ საქციელის გამო მოზარდს ნეგატიურ ან/და გაურკვეველ თვითიდენტობას უყალიბებს, ეს კი შეიძლება სტრესის მიზეზად იქცეს. ასეთ დროს მოზარდი უკმაყოფილოა საკუთარი თავით, ეჭვის ქვეშ აყენებს თავის შესაძლებლობებს, აქვს არარეალიზებულობის, წარუმატებლობის განცდა. პრობლემებისგან თავის დასაღწევად მან შეიძლება მიმართოს ალკოჰოლს, ნარკოტიკულ საშუალებებს…

 
ოჯახური ფაქტორი

 
მოზარდ ასაკში ხშირად იჩენს თავს პრობლემა მშობლებთან ურთიერთობისას. კონფლიქტებს უმთავრესად დისკომუნიკაცია, ორი მხარის (აღმზრდელისა და აღსაზრდელის) განსხვავებული მოლოდინები და მოთხოვნები განაპირობებს. ერთი მხრივ, მოზარდები ცდილობენ, მოიპოვონ დამოუკიდებლობა, აპროტესტებენ კონტროლს, სიმკაცრესა და “ჭკუის დარიგებას”, უჩნდებათ სურვილი, აღიარონ მათი მოთხოვნილებები და პატივი სცენ მათ პიროვნებას, მეორე მხრივ კი მშობლებს უჭირთ, შეეგუონ შვილების ავტონომიურობისკენ სწრაფვას.
 

მოზარდმა მშობლების ზეწოლას შესაძლოა უხეშობით, სიჯიუტით, აგრესიით ან სხვა ნეგატიური ფორმით უპასუხოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის ინტერესებსა და ინიციატივებს უგულებელყოფენ. გამორიცხული არ არის, ასეთ დროს მოზარდი, პირიქით, დაითრგუნოს, გულჩათხრობილი გახდეს, თავის თავში ჩაიკეტოს.

 
ამ პერიოდში მშობლებმა, მოზარდისთვის სტრესის თავიდან ასაცილებლად, უნდა შექმნან თბილი და სიყვარულით სავსე გარემო, უნდა აგრძნობინონ მას მხარდაჭერა და აღიარონ მისი ინტერესები (საჭიროების შემთხვევაში აზრთა გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე მიაღწიონ კონსენსუს). მშობლებმა უნდა იზრუნონ იმაზეც, რომ შვილი დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვონ.

 
სკოლის ფაქტორი

 
სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ სკოლა მოზარდებისთვის სტრესის მნიშვნელოვანი წყაროა. იკვეთება ორი მიმართულება: სწავლის პროცესი და ურთიერთობები.
სწავლის პროცესთან დაკავშირებული ფაქტორებიდან აღსანიშნავია დიდი მოცულობის საშინაო დავალებები, რომელთა შესრულებაც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს; არადამაკმაყოფილებელი აკადემიური შედეგები; მასწავლებლებისა და მშობლების მიერ გარკვეული სასჯელებისა და აკრძალვების დაწესება; შეფასებები, რომლებიც არ ეფუძნება პოზიტიურ უკუკავშირს და ხელს უწყობს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას; გამოცდების მომზადების პროცესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეები საკუთარ შესაძლებლობებში არ არიან დარწმუნებულნი; არასაკმარისი ინტერესი საგნის მიმართ; იძულებით სწავლა; ასევე _ მშობლებისა და მასწავლებლის მაღალი მოლოდინები მოზარდის მიმართ.
რაც შეეხება ურთიერთობებს, მოზარდი ასაკი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამოირჩევა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით, თვითდამკვიდრების, თვითგამოხატვის სურვილით და ა.შ. ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ჯანსაღი, პოზიტიური დამოკიდებულებებია როგორც მასწავლებელსა და მოსწავლეს, ასევე მოსწავლეებს შორის.

 
სოციალური ფაქტორები

 
მოზარდობა ის ასაკია, როდესაც საზოგადოებრივი გამოცდილების, ღირებულებების შეთვისებისა და პიროვნებად ფორმირების პროცესი მიმდინარეობს. ამ დროს ადამიანი ინტენსიურად ეძებს მისაბაძ მოდელებს (მშობელი, მეგობარი, კინოს, სპორტის ან ესტრადის ვარსკვლავი, საყვარელი მასწავლებელი და ა.შ.). მას მოსწონს მათი შეხედულებები და ცხოვრების სტილი, მუდმივად ადარებს მათ საკუთარ თავს, რის საფუძველზეც ახდენს თვითშეფასებას.

 
მოზარდ ასაკში სოციალური სტრესის ფორმაცია მჭიდროდ უკავშირდება სწორედ სხვადასხვა რეალური თუ წარმოსახვითი სოციალური ჯგუფის, მათ შორის _ მისაბაძი მოდელების მოთხოვნებს, რომლებიც მოზარდს უამრავი განსხვავებული როლის შესრულებას სთავაზობენ. მოზარდმა უნდა შეძლოს ამ როლების ერთმანეთთან შეთავსება, საკუთარ თავთან იდენტიფიცირება და პიროვნული ჰარმონიის მიღწევა. ამ დროს სტრესის მიზეზი უმეტესად როლთა შორის კონფლიქტია, როდესაც როლები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და მოზარდის წინაშე აყენებს რთულ ამოცანას, შეითავსოს თუ უარყოს ისინი.

 
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, არსებობს სტრესის გამომწვევი უამრავი მიზეზი: ოჯახური კონფლიქტები, ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მუდმივად დაძაბული გარემო, კრიზისული სიტუაციები, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, გონებრივი გადატვირთვა და სხვა. აქვე უნდა ითქვას, რომ, როგორც კვლევებმა აჩვენა, სტრესს ადამიანში უმეტესად იწვევს არა თვით მოვლენები, არამედ მათი აღქმა და შეფასება, მათდამი განწყობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოზარდს ჩამოუყალიბდეს საკუთარი თავისა და გარემოს პოზიტიური აღქმა, რაც მას სტრესის გამომწვევი მიზეზების სხვა კუთხით დანახვასა და უფრო იოლად დაძლევაში დაეხმარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ორნახადის სიყვარულით

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი