(ჩანახატები, ესკიზები)
„ყოველმა ადამიანმა რაიმე უნდა დატოვოს ამქვეყნად, – …ბავშვი, წიგნი, ნახატი, საკუთარი ხელით აშენებული კედელი, საკუთარი ხელით შეკერილი ფეხსაცმელი, საკუთარი ხელით გაშენებული ბაღი. რაიმე, რასაც შენი ხელი შეხებია და რაშიც შენი სული ჩასახლდება სხეულის სიკვდილის შემდეგ. ხალხი შეხედავს შენ მიერ დარგულ ხეს ან ყვავილს და გაცოცხლდები.“ – ეს სიცოცხლის მარადიული წრებრუნვის ფორმულაა, მატრიცა, გინდაც თეორია.
ჩემზე დავფიქრდი და თუ ჩემი ნახატები არავის დააინტერესებს, წიგნი ხომ დარჩება ვაჟაზე, მამაჩემს რომ მივუძღვენი? „რა უნდა დაწერო ვაჟაზე ახალი?!“ – ეს შემოვლებული „ჩარჩო“ ხომ გავარღვიე, ფაქტობრივად და სწორედაც, რომ პირველია ჩემი მონოგრაფია, რომელშიც თემატიზირებული და დეტალიზირებულია ვაჟას პუბლიცისტური მემკვიდრეობა, მხატვრულ შემოქმედებსთან პარალელებით. აგერ მაგიდაზე მიდევს საოცარი ეთოს ნაჩუქარი დიდებული თამაზ ჩხენკელის „ვაჟა მომავლის პოეტია“ და მოვა დრო, ახალი თაობა თავისებურად „აღმოაჩენს“ ვაჟა-ფშაველას, რომელიც ამოუწურავი მგონია შესწავლის თვალსაზრისით, როგორც „ვეფხისტყაოსანი“…
ინგა მილორავაზე სანამ ვისაუბრებდი მის ახლო მეგობართან ამ საღამოს, ვიჯექი და ვფიქრობდი: ჯერ ინგას საოცარი, უნივერსლური, ნიჭისა და მაღალი ინტელექტის „პროდუქტი“ (განსაკუთრებულია მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა, გამაოგნებელი!) და მერე ის დიდი შრომა, რომელიც მასშია ჩადებული; მერე ცალკე უამრავი მასალისგან გამოცალკევებამ წაიღო დიდი დრო, ცალკე 500 გვერდის დარედაქტირებამ, თემატიზაციამ, დახარისხებამ. თავიდან ცრემლი რომ მომადგებოდა, თავს ვანებებდი; მერე და მერე, რაღაცნაირად, თანამოსაუბრედ გავიხადე და ამაყი ვიყავი იმით, რასაც ვკითხულობდი, – ურთულესი ნააზრევით, უნატიფესი განცდებით…ნუთუ, ეს წიგნი ვერ უნდა ნახოს საზოგადოებამ უსახსრობის გამო?! მეტირებოდა…მე ძალსა და ღონეს არ დავიშურებ, ინგას უახლოესი ადამიანებიც.
ჩემი სანუკვარი სურვილია, ინგაზეც აისახოს რეი ბრედბერის ეს მარადიული გაგრძელების პარადიგმაც თუ ღვთაებრივი განზრახულება, ხუთი ტალანტის იგავისა არ იყოს.
ამას ვწერ აღდგომის დღეებში, როცა მაცხოვარიც დაგვიმტკიცებს ამ გარდაუვალ წრებრუნვა/გადადინებას ყოფიერებისა…მართლაც, რომ „სიყვარულის ტრიალია ყველაფერი“, როგორც ჩვენი ინგა მილორავა ამბობდა; გინდა მეორედ მოსვლა დავარქვათ ამას, გინდაც ხელახლა დაბადება ყოველი ჩვენგანისა თუ წუთისფლის ხელში „ჩაცრილი“ საათის დამარცხება მარადისობის „უისრო“ დროით…
- *. *
იდეისთის (ღვთის, სამშობლოს, თავისუფლების) თავგანწირვით ღმერთამდე ადის ადამიანი; ამიტომ არასდროსაა უაზრო თუნდაც საქართველოსთვის გაღებული მსხვერპლი, ჩადენილი გმირობა; კითხვაც ისე კი არ უნდა დავსვათ: იმსახურებსო კი ეს ქვეყანა ამ მსხვერპლს? არამედ ჩვენ უნდა ვიმსახურებდეთ მისთვის მსხვერპლობას!
დღეს დიმიტრი ყიფიანი დაიბადა, ქართველთა სინდის-ნამუსი, საქართველოს გადარჩენის, მარადიულობის წინაპირობა და როცა თავს ვკარგავთ, ასეთი ადამიანები უნდა გავიხსენოთ, წონასწორობის, ადამიანური ბოროტების სიკეთით ბალანსის შესანარჩუნებლად; – რადგან როგორც 1832 წლის შეთქმულება რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც იგი მონაწილეობდა, ისე ეგზარხოსი პავლეს წყევლაც და მერე ამ წყევლის მატერიალიზაციაც მხცოვანი დიმიტრი ყიფინის ფიზიკური განადგურებით, მძინარისთვის ბრძენ და ნათელ შუბლში უროს ჩარტყმით, შეიძლება ამოიღონ სახელმძღვანელოებიდან და აღარაფერი დაგვრჩეს გმირული სულისკვეთებისა!
„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!…
ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო…
და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:
დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო!…
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!“
- *. *
რამხელა სიბრძნეა ზღაპრებში, ადამიანები რომ ქვავდებიან;
რეალობაში ეს ასე ხდება: გულს აქვს მომეტებული მგრძნობელობის შრეები, ზონები და იქ ჩვენი ოცნებები, იდეალები, სანუკვარი სურვილები თუ ადამიანები „ბინადრობენ”, დაივანებენ; ეს „სავანეები” თუ გაყამირდა, გაპარტახდა ცალკე უმიზნო უტოპიურობით, ცალკე უმწარესი იმედგაცრუებებით, ცალკე ყველაზე მოყვრების დაუძინებელ მტრად მოკიდების გაცამტვერებით, მერე ეს წუთისოფლის მტვერი, თუნდაც ერთ დროს გაიდეალებულ, მაღლა, სულ მაღლა, იშვიათი ანტიკვარივით შემოყენებულ ადამიანს რომ განასახიერებდა, იკირება; მერე ქვავდება…
ამ გაქვავებულ ადგილებს კი აღარც სიხარული შეუძლიათ, აღარც სიყვარული, აღარც კეთილშობილი სევდა. იქ უიმედობის, უნდობლობის სიცარიელე, სიმძაღე, გამოფიტულობა ისადგურებს. რაც მეტია ასეთი ადგილი გულში, მით კარგავს მგრძნობელობას გული; მით უფრო უტკივილოდ იხსენებს ამ პატარ-პატარა „სიკვდილებს”.
კარგია, თუ ადამიანში არის ხსოვნა და მოლოდინი ჰარმონიისა, უსამართლობის შეგრძნება; მაგრამ ყველაზე ცუდი, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ რეაქცია დაკარგოს კაცმა ამ „გაქვავებაზე”, აღარ(აფერი) ეტკინოს, ანუ შეეჩვიოს ტკივილს, საკუთარს თუ სხვისას და გახდეს „უსაზარლესი მკვდარზედა”.
ასეც იწყება „მკვდარი კაცობა”, როცა აღარც ელოდები, რომ ვიღაცა ამაღლებული და ღვთისნიერი მოვა და ჯადოსნურ ჯოხს შეგახებს, რომ „გაცოცხლდე”. ეს იცის ზღაპრების ეზოთერიკამ, ბოლოს „ლხინი აქათი”; მაგრამ ეს ვერ „ისწავლა” წუთისოფელმა და მისმა მთვარმა შემოქმედმა ~ ა დ ა მ ი ა ნ მ ა!
„ავანსცენას” კი სხვა აღარაფერი დარჩენია უხილავი „რეჟისორის” უზენაესი ნების გამოხმობის გარდა; იმის დაჯერების გარდა, რომ სიცოცხლე სიცხოველეა (ამ სიტყვის ორაზროვნებით, ძველი და თანამედროვე გაგებით) და ის „აქ” რომ მთავრდება, „იქ” რეაბილიტირდება, როგორც უწყვეტი, (გარდა)ცვალებადი, მარადიული მოცემულობა.
მანამდე კი „ზღაპარ იყო…ტყეში ჩიტი მომკვდარიყო”…………
- *. *
არ ვიცი, ამ ბოლოს ჩემი ცხოვრების დავთარარეულ, ბოლო იმედის წასართმევად „აჯაგრულ”, მამუქრალ დღეებს თუ ბოროტებისგან (გარე თუ საკუთარ, წამლეკავ, შინაგან) თავგზააბნეულ ადამიანებს დავაბრალო, თუ საღამოს 7-ის ნახავარზე დალეულ ყავას, რომ ვერ ვიძინებ.
ვფიქრობ…
წუთისოფლის ურთულეს სამზღვარს ყველა გადავკვეთთ;
ღვთის წინაშე ყველა წარვსდგებით;
…და იმედია ერთი კითხვის დასმის უფლება ჩვენც გვექნება, ამდენ წუთისოფლურ, პასუხგაუცემელ კითხვათაგან:
~ ღმერთო, ცხოვრებაში ლოგიკას ადამიანი ეძებს თუ ქმნის, თორემ ისე, მართლაც, კამიუსეული აბსურდად შეიძლება მოგეჩვენოს ეს ,,ბინდისფერი” ნისლოვანება, წუთისოფლად წოდებული. მაგრამ რადგან არსებობს ჯვრისგულა ყაყაჩოს უმანკო, თვალწარმტაცი სილამაზე, არსებობ შენც, მისი წყარო; თუ არსებობ და სრულყოფილება ხარ, როგორც მე მტანჯავს ამდენი ტვირთმძიმე ამქვეყნისა, შენც ხომ სევდას მაინც მოგგვრის, წვიმის ცრემლად, ეს „გაურანდაობა”, ჩაგვრა, უსამართლობა, ტკივილი, გმინვა, უიმედობა, გონებაშეზღუდულობა ადამიანებისა?! ჰოდა, თუ განიცდი ამ ყველაფერს ჩემსავით, მიპასუხე:
რ ა ტ ო მ ი ტ ა ნ ჯ ე ბ ა ბ ა ვ შ ვ ი?!
პატივს მცემენ ალბათ და პასუხსაც მივიღებ, რადგან საამქვეყნო აღარ ვიქნები.
ამ ქვეყანას რაღა ეშველება?
თუმცა ეს მეორე კითხვა იქნება და მის დასასმელად არც გამბედაობა მეყოფა, არც დაღლილი სული, აბგასავით გამოკრული და ცოდვათა უხილავ „კუზზე“ მოკიდებული…
- *. *
რატომ მიყვარს ბაბუაწვერები და რითი ვგავარ მათ
რას ავიჩემე-მეთქი ეს საყვარელი, ყავილივით მცენარე, ვფიქრობ. დღეს მივხვდი, რატომაც…
ერთი შებერვა მცენარეაო, სასაცილოო, არა?!
მე მინახავს, როგორ უძალიანდებიან ქარს. ვიდეოებიც მიდევს მტკიცებულებად, თუ სიტყვაზე არ მენდობით. გგონია, გაცამტვერდებაო და შეხედავ – დგას!!! ასე გავუძელი მეც მრავალ „ქარბორბალას“ ბედისწერისა. ეს სიძლიერეცაა, ცხადია… მაგრამ მიიხედავ და ბებუაწვერა აღარაა, გაფრენილა მისი ეფემერულობა, შერევია ეთერს; ასე დამემართა ზუსტად დღესაც, თუმცა ადრეც შემიმჩნევია. სტრესზე რომ ერთვის სტრესი, გეშინია, ძნელად, მაგრამ „აიკრეფ“ დილას სხეულს, აგრძელებ ცხოვრებას, ხან სხვისი არსებობა გამხნევებს, ხან – საკუთარი თავი, რომელიც, ნუ, მთლად ფიზიკურად თუ არა, სულიერად ხომ მგონია ამ ყველაფრის გადამლახავი, არა?
…პატარა ჩიტებიც ქრებიან ალბათ, შეუმჩნევლად იქცევიან ნეშომპალად. ვინმეს შეუნიშნავს მათი სიკვდილი?! არც არავის…იკარგებიან.
მოკლედ, ახლა ვწერდი მეგობარს: რომ მოვკვდები, დაკრიფე ბაბუაწვერები და დამიწყვე-მეთქი საფლავსა მას ზედან გრაციოზულად, სანამ გაძლებენ და სანამ ყველაზე სწრაფად არ გაივლიან ყველაფერი მატერიალურის გზას ამ წუთისოფელში.
P.S. იმ კვირაში თბილისში ვაპირებ წასვლას ინგას საქმეზე. ორბელიანზე გავივლი და კესანეს მოტანას ვთხოვ ყვავილების გამყიდველ ერთ კარგ ქალბატონს.
გუშინ ბატონ ნუკრის კესანეების თაიგული წავუღე, ასე გამოვემშვიდობე. არასდროს მენახა ასეთი ნაზი და ლამაზი თაიგული. თან გამყიდველს ვკითხე, რა დროსაა საჭირო გადარგვა. ჯერ ყავილობს და დააცადეო. ინგას საფლავზე მინდა წაღება, გადარგვა. ნუკრის თაიგულზე კი დედაჩემმა მითხრა, თითქოს, ინგასთან გაატანეო…
…და ხვალ კი, როცა გათენდება „დილა მზიანი“, მეც დამიბრუნდება სიცოცხლის ხალისი, რწმენა, ძალა, მოტივაცია, იმპულსები; თქვენც გისურვებთ, არც ომს შეეშინებინოთ და…არც მშვიდობას!