სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

 ვინ არის ყოველთვის მართალი?!

წერილი ეძღვნება 15 წლის ლუკა სირაძის ხსოვნას. იგი პოლიციაში ფსიქოლოგიური ძალადობის გამო 2019 წლის 11 დეკემბერს   საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და მოგვიანებით დაიღუპა. ლუკას პოლიცია  სკოლის“შენობაში შეპარვასა და კედელზე შემდეგი ტექსტის წარწერას: „ამ ცხოვრების დედაც”  – ედავებოდა[1]

 

დისციპლინა, ამხანაგებო, რკინის დისციპლინა! – აი, თუ ამას ნაპოლეონი ამბობს,  ესე იგი, მართალია, რადგან „ნაპოლეონი ყოველთვის მართალია!” – ჯორჯ ორუელის ეს ფრაზა დღიდან დაბადებისა, არა და არ კარგავს აქტუალობას.

ლიტერატურა ისეთი თავისუფლებაა, რომ იქნებ მასზე საუბრის უფლება არც კი ჰქონდეს ყველას და მათ შორის ჩემსავით მავანს, მაგრამ როცა სხვაგან, თითქმის ყველგან, თავისუფლების კარი მიჯრით მიხურულია, სხვა გზა არ ჩნდება, იქ უნდა შეხვიდე და ისე შეისრუტო იგი, რომ ერთხანს და თან მუდმივად გეყოს შენთვის და ყველა მათთვის, ვისთვისაც თავისუფლება არა უბრალო ახირებების ასრულება ან თუნდაც ყველა არანივთიერი ღირებულების ერთიანობაა, არამედ სიკვდილისგან თავის დაძვრენა და გადარჩენა, უსასრულობის თვალსაწიერი, რომელში არსებობაც ყოველთვის შესაძლებელია.

ამ თვალსაწიერში, მაგალითად, თომას მორიდან დიკენსამდე, დიკენსიდან ორუელამდე თუ, პირიქით, ასევე ყოველთვის შეიძლება არსებობდეს ალბათობა იმისა, რომ იმედების გაზაფხულს შიშისა და „სასოწარკვეთის ზამთრები” შეენაცვლება მარადიული და წრიული პერიოდოსებით[2] ზემოდან ქვემოთ თუ პირიქით. და ბევრად მანამდე, ვიდრე ვინმე ნაპოლეონი გადაწყვეტს, რომ „ფერმაში ადამიანის ადგილი ნამდვილად არ არის”, მისი მშობელი, ქაღალდის ფულის უდარდელად  მომჭრელ-მხარჯველი დედა საფრანგეთი ახალგაზრდებს მოაკვეთს ხელებს, ამოაგლეჯს ენას, და ცოცხლად დაწვავს, რადგან პატივის ნიშნად არ მოუდრიკეს წვიმაში მუხლი ათეული იარდებით დაშორებულ ბერების პროცესიას. მაგრამ ეს ხომ ათას შვიდას სამოცდათხუთმეტის ამბებია, ნამდვილი ნაპოლეონის გამეფებამდე თითქმის მეოთხედი საუკუნით ადრინდელი, და მას შემდეგ თავისუფლების მძაფრმა სიომ ძალიან ბევრჯერ საიმედოდ დაჰბერა?!

დიახ, ალბათ  სულაც არ აჭარბებს თომას მორი ან დიკენსი, ჩარლზ ჯონ ჰაფემ, ისევე, როგორც არ აჭარბებს ბლაერი, ერიკ არტური, ჯორჯ ორუელის ფსევდონიმით ჩვენთვის ცნობილი. მათი სურვილი  კი – ოდენ ჰუმანიზმმა და კულტურამ დაჩაგროს უსამართლობა, დღესაც  სურვილად რჩება. კუნძულ „უტოპიამდე” ისევ შორია, ძალადობა ისევ დღის წესრიგშია. ძალადობს თითქმის ყველა თითქმის ყველგან, განსაკუთრებით მათზე სუსტებსა და დაუცველებზე. ძალადობენ დღისით და მზისით, ღიად და დაუფარავად, „ჯალათთა შორის ყველაზე გამრჯე კი მუდმივად სასურველია”.  და ნეტავ რატომ?

 

დომინოს ეფექტი

თუკი მცირე მანძილით თანაბრად დაშორებულ დომინოს ქვათაგან პირველს მივაწვებით, იგი დაუყოვნებლივ დაეცემა მეორეს, მეორე  – მესამეს და ა. შ. წარმოიქმნება  თანმიმდევრული, ერთ მოვლენათა ჯაჭვზე არსებული რეაქცია, მექანიკური ეფექტი, რომელიც, ჯაჭვის სიგრძის მიუხედავად, მაინც არსებობს. ამ ჯაჭვურ რეაქციაში გამოყენებული ენერგია არის დომინოების პოტენციური ენერგია, რის გამოც ისინი მეტაბოლურ მდგომარეობაში არიან. როდესაც ჩამოვარდება პირველი დომინო, დაცემით გადაცემული ენერგია უფრო მეტია, ვიდრე საჭირო დომინოზე დასაკარგი ენერგია და ა.შ. დომინოების ვარდნის მწკრივის ანალოგი ჩვეულებრივ ეხება მოვლენათა დაკავშირებულ თანმიმდევრობას, სადაც თანმიმდევრულ მოვლენებს შორის დრო შედარებით მცირეა.

„დომინოს ეფექტი/პრინციპი” გაიაზრება სიტყვასიტყვით, – როგორც  ფაქტობრივი შეჯახების სერია –  და, ასევე,  მეტაფორულად – როგორც მიზეზობრივი კავშირები ისეთ სისტემაში, როგორიცაა განათლება, გლობალური ფინანსები ან პოლიტიკა. ტერმინი დომინოს ეფექტი გულისხმობს, რომ მოვლენა გარდაუვალია ან ძალიან სავარაუდოა, რადგან უკვე დაიწყო, და, პირიქით, – გულისხმობს, რომ მოვლენა შეუძლებელი ან უაღრესად სავარაუდოა, რადგან პირველი დომინო დგას.

მიიჩნევენ, რომ დომინოს ეფექტის კონცეპციის შეჩერება შესაძლებელია პოზიტიური ჩარევითა და გადაწყვეტის გზით.[3]

სურ. 1.[4]

ლუკას ამბავმა ჩვენს საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, საზოგადოების ერთი ნაწილი სკოლის დირექციის ბრალეულობას უსვამდა ხაზს, მეორე ნაწილი კი – პირდაპირ პოლიციას  ადებდა ხელს. დააკავეს  პოლიციის გამომძიებელიც, მაგრამ ლუკა უკვე გარდაცვლილია და ამ ფაქტმა მომხდარს ვეღარაფერი უშველა[5]. სკოლის დირექცია კი, რომელმაც ბავშვი გაწირა, „უდიდეს მწუხარებასა და სევდას” გამოხატავს და აცხადებს: მი­­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლუკა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვე სწავ­ლობ­და ჩვენს სკო­ლა­ში, მას­თან მე­გობ­რო­ბა და ემო­ცი­­რი ბმა აკავ­ში­რებს მის ყო­ფილ თა­ნაკ­ლა­სე­ლებს და მას­წავ­ლებ­ლებს და ყვე­ლას, ვინც მას იც­ნობ­და. ამ ამ­ბავ­მა შეგვძრა“.[6]  საზოგადოების ნაწილი მაინც დირექციის სოლიდარულია.

მიზეზთა გამო 15 წლის ლუკა წაიქცა, მაგრამ დომინოს წინა ქვებს ვიღაც ხელს აშველებს და, ჯერჯერობით, ისინი დგანან. „ნაპოლეონიც” მართალია!

 

სტოკჰოლმის  თუ ფერმის სინდრომი?!

დისციპლინა ხომ მშვნელოვანია?! – იტყვის მავანი. კი, მაგრამ რკინისა? – შეეპასუხება სხვა, რომლისთვისაც მიუღებელია ქათმების კაკანი იმის თაობაზე, თუ „რა საუცხოო წყალია ამხანაგ ნაპოლეონის მადლით” ან როგორ დადეს „ნაპოლეონის ხელმძღვანელობით ექვს დღეში ხუთი კვერცხი”.  ეს „სხვა” კიდეც გაჩუმდებოდა და თავის გზასაც განაგრძობდა, თუკი ესა თუ ის  „ქათამთა კავშირი ” ამის საშუალებას მისცემდა და „ცხოველთა ძმას”, „ცხვართა მფარველსა” თუ „იხვის ჭუჭულთა მეგობარზე” ძვირის თქმისთვის ერთს კარგად არ მიჯირყვნიდნენ. მათ ხომ თეორიულად არაფერი იცოდნენ სიმპათიისა და მიზიდულობის  „სტოკჰოლმის” პარადოქსალური რეაქციის შესახებ, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს, არადა, პრაქტიკულად ორუელის ფერმის ყველა წევრი ამის გამტარია! თუმცა იქნებ ბევრმა არ იცის, რა მოხდა ერთხელ სტოკჰოლმში და რას უწოდებენ სტოკჰოლმის სინდრომს.

1973 წლის 23 აგვისტოს სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე ციხიდან გამოქცეული შეიარაღებული დამნაშავეები ბანკის შენობაში შეიჭრნენ ოთხ მძევალთან ერთად. მათ შორის იყო სამი ქალი და ერთი მამაკაცი. მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში ისინი გამუდმებით ერთად იყვნენ ბანკის დაჯავშნულ საცავში, საიდანაც დამნაშავეები ტელეფონით მოითხოვდნენ 3 მილიონ კრონს, ორ პისტოლეტსა და მანქანას. ამ ხნის განმავლობაში ტყვეებმა ბევრი რამ გადაიტანეს. ჯერ კისერზე თოკჩაბმულებმა გაატარეს რამდენიმე ხანი, ორი დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საჭმელს და მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ, თუმცა ნელ-ნელა გამტაცებლებსა და მძევლებს შორის უჩვეულო კავშირი გაჩნდა. ქალთაგან ერთ-ერთს შეეძლო გათავისუფლება, მაგრამ რატომღაც ამ შანსზე უარი თქვა, მეორემ ჯერ პოლიციისთვის ინფორმაციის გადაცემა შეძლო, მაგრამ შემდეგ გამტაცებლებთან თავისი გამყიდველობა აღიარა. მეოთხე დღეს მან ტელეფონით მოითხოვა, მიეცათ მძევლებისთვის უფლება, თან გაჰყოლოდნენ გამტაცებლებს, რადგან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან. მამაკაცი გათავისუფლების შემდეგ ირწმუნებოდა, რომ გამტაცებლები იყვნენ საოცრად კეთილი და კარგი ადამიანები, უკლებლივ ყველა მძევალი კი ბოლომდე ცდილობდა მათ დაცვას. მოგვიანებით, ქალებმა აღიარეს, რომ ინტიმური კავშირი ჰქონდათ გამტაცებლებთან და პოლიციას მტრადაც კი თვლიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, მათ ციხეში მიაკითხეს დამნაშავეებს და დაინიშნენ კიდეც.

ეს მოვლენა, რომელსაც სტოკჰოლმის სინდრომი ეწოდა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაში განმეორდა. მისი ფსიქოლოგიური განმარტება წინააღმდეგობრივია, თუმცა მოცემულ მოვლენას ხსნიან, როგორც დაცვის მექანიზმს. ამ მექანიზმს ანა ფროიდმა აგრესორთან იდენტიფიკაცია უწოდა. ადამიანებს ეს ირაციონალური რეაქცია შეიძლება აღმოაჩნდეთ გადარჩენის მცდელობისას, როდესაც რაციონალური რეაქციები არაეფექტური და უიმედოა. აგრესორთან გაუცნობიერებელი სოლიდარობით ადამიანს იმედი აქვს, რომ აგრესორი თავისნაირს ზიანს არ მიაყენებს. ამ ირაციონალური პოზიციის გასამყარებლად მოძალადე აღიქმება, როგორც სიმპათიური და კარგი ადამიანი, რადგან სხვანაირად მასთან იდენტიფიცირება გაძნელდებოდა[7].

 

ქილის რწყილების სინდრომი

რწყილებს საკუთარ სიმაღლესთან შედარებით 200-ჯერ მაღლა ახტომა შეუძლიათ (ეს დაახლოებით 8 ინჩია).  ექსპერიმენტისას ისინი ქილაში მოათავსეს. რწყილებმა ქილის მაღლა დაიწყეს ხტუნვა. ქილა დახურეს და სამი დღის განმავლობაში ასე დატოვეს, გახსნის შემდეგ კი ზემოთ აღარ ხტოდნენ. ქილიდან სრულიად გათავისუფლების შემდეგ მათმა გუნდმა ქილის ფორმა მიიღო და ასე დაიწყო გადაადგილება.  გასაკვირად, რწყილების შთამომავლებმაც, უფროსების მაგალითის მიხედვით, თავისუფალ სივრცეშიც ქილის ფორმით გადაადგილება დაიწყეს[8].

რწყილების ეს პარადოქსული რეაქციაც დაცვის მექანიზმს უკავშირდება და არ იძლევა კონკრეტული მოცემულობის, „კომფორტის ზონის” იქით წასვლის საშუალებას მაშინაც კი, როდესაც ეს მოცემულობა აღარ არსებობს.

ორი სიტყვა ჩაგვრაზე

მიჩნეულია, რომ ჩაგვრა ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტერორს. ის, ვინც მიმართავს ბულინგს, მიზნად ისახავს მსხვერპლის დაშინებასა და დამორჩილებას. ბულინგი შეიძლება ხდებოდეს ყველგან. მისთვის ჩვეულებრივ დამახასიათებელია შემდეგი გარემოებები:

  • ეს არის აგრესიული სახის ქცევა, რომელსაც განმეორებითი ხასიათი აქვს;
  • მჩაგვრელს აქვს მეტი ძალაუფლება, ვიდრე დაჩაგრულს (უფრო ძლიერია ფიზიკურად, ან სტატუსით უფრო მაღლა დგას);
  • მჩაგვრელის ქმედება არის წინასწარ განზრახული;
  • მჩაგვრელი არ იღებს პასუხიმსგებლობას ჩადენილ საქციელზე და ხშირად აღნიშნავს, რომ მსხვერპლმადაიმსახურაასეთი მოპყრობა[9].

ბულინგს ხშირად მიმართავენ დეპრესიული, დაბალი თვითშეფასების მქონე, საკუთარი პოპულარობით ზედმეტად დაინტერესებული და სხვებზე დომინანტობის მსურველი ადამიანები. ისინი, ვისზეც ადვილად ახდენენ გავლენას, კარგად ვერ იგებენ სხვების ემოციებს, არიან აგრესიული, ადვილად განიცდიან იმედგაცრუებას, უჭირთ წესების დამორჩილება, ძალადობას უყურებენ დადებითად. ასეთ ადამიანებს, აქვთ დაბალი თვითშეფასება და თავს გრძნობენ დაუცველად. როგორც წესი, მოძალადე, თავის მხრივ, მსხვერპლია და მისი მთავარი მიზანია, საკუთარი არაადეკვატურობის დამალვა და სხვა ადამიანებზე გადატანა.

ჩემი დასკვნა

ყოველთვის მართალია ის, ვინც ძალადობის ქილიდან ამოხტომას მოისურვებს.

ლუკა თავისუფალი და შესაშურად მართალი იყო, როცა კედლებზე იმ ფრაზებს აწერდა, სახელმწიფო, სკოლა, საზოგადოება, პოლიცია კი  – დამნაშავე.

იგი ისეთი არ იყო, როგორიც სხვები არიან. ეს  ბოლო ფრაზაც გეცნოთ, რომ ლიტერატურიდანაა და სხვა მაგალითებიც რაღა მოსატანია.[1] https://reginfo.ge/human-rights/item/17442-daigupa-15-xlis-luka-sirawe,-romelze-waladobashiz-polizias-adanashauleben

[2] დრო-სივრცული წრებრუნვით, ავტ.

[3] https://en.wikipedia.org/wiki/Domino_effect

[4]https://www.google.com/search?q=domino+principle+meaning&rlz=1C1CHBD_enGE849GE849&biw=1366&bih=625&tbm=isch&source=iu&ictx=1&fir=aIfREwrwMuyAiM%253A%252CfoZHZf9uSL2PMM%252C_&vet=1&usg=AI4_-kQuwSwifRypS5iZS4osLXvjcEAq8Q&sa=X&ved=2ahUKEwiNvae7q_zmAhU06KYKHeQBDUMQ_h0wFHoECAsQBw#imgrc=9nfgELG2zUlrmM:&vet=1

[5] https://reginfo.ge/people/item/17445-gamomwiebeli-mariana-choloiani-dakavebis-shemdeg-saavadmyboposhi-gadaiybvanes

[6] https://www.ambebi.ge/article/239837-mcvane-skolis-gancxadebas-15-clis-luka-sirazis-g/

[7] უკანასკნელ ხანებში ამ ფენომენის ცოდნა გამიზნულად იხმარება ტერორისტების მხრიდან მძევლების აბსოლუტური დამორჩილების მიზნით. ამის გამო, მძევლების გათავისუფლების შემდეგ აუცილებელია ფსიქოლოგთა ჩარევა, რომელთაც შეუძლიათ ადეკვატურად შეაფასონ არა მხოლოდ დამნაშავეების, არამედ მათი მსხვერპლთა ქცევაც.

[8] https://www.youtube.com/watch?v=v-Dn2KEjPuc

[9] https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/82229-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98/93/

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“