ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

რით გვამახსოვრდება მასწავლებელი

თითოეულ მოსწავლესა და მშობელს საკუთარი კრიტერიუმები აქვს მასწავლებლის პროფესიონალიზმის შესაფასებლად. ზოგისთვის მნიშვნელოვანია პედაგოგის გამოცდილება, ზოგისთვის – საგაკვეთილო მასალის პრეზენტაციის უნარი, სხვისთვის – მასწავლებლის პიროვნება. მოდით, ერთად შევადგინოთ მცირე ჩამონათვალი იმისა, თუ რით გვამახსოვრებს თავს მასწავლებელი მას შემდეგ, რაც სკოლას სამუდამოდ ვემშვიდობებით.

პირველ პუნქტად სამართლიანობას გამოვყოფდით. ბავშვის აღზრდაში რა უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპების დაცვაზე მნიშვნელოვანი?.. სამართლიანობა  მნიშვნელოვანია, ამიტომ ყოველთვის უნდა წავახალისოთ ბავშვი ან მოზარდი, როდესაც ის ამას იმსახურებს, ვესაუბროთ პირდაპირ, თუკი შეცდომა დაუშვა. სწორედ სამართლიანობა, რომლის განცდის უნარი მხოლოდ წესიერ ადამიანს აქვს, განსაზღვრავს ზნეობრივ ორიენტირს, გვარჩევინებს ერთმანეთისგან კეთილსა და  ბოროტს. სამართლიანი მასწავლებლების არ გვეშინია – მათ პატივს ვცემთ.

მასწავლებლის შემდეგი საუკეთესო თვისებაა, როდესაც მას შეუძლია გამართოს დიალოგი მოსწავლეებთან თანაბარ პირობებში. ეს არცთუ ადვილია. ასეთი დიალოგი მოსწავლეებში ზრდის თვითშეფასების უნარს, ეხმარება მასწავლებელს აკონტროლოს მოსწავლის ცოდნა ისე, რომ მოსწავლემ არ დაკარგოს დამოუკიდებლობის შეგრძნება და მოტივაცია.

სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილის ჩვეული ახსნა მოსაწყენია, დიალოგის შემთხვევაში კი ის სახალისო და მიმზიდველი ხდება, განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმში. ამავდროულად, ასეთი დიალოგი არ გულისხმობს იმას, რომ მოსწავლე უპირობოდ იზიარებს მასწავლებლის მოსაზრებას ან მასწავლებელი – მოსწავლისას. დიალოგი გვაძლევს ნებისმიერი თემის  გონივრულად განხილვის შესაძლებლობას.

ასევე, სკოლის დამთავრების შემდეგ, თავს გვამახსოვრებს მასწავლებელი, რომელსაც ეხერხება სწორი შეკითხვის დასმა. კითხვების დასმა მოიაზრებს ინტერესის გამოჩენას პიროვნების მიმართ ინტერპერსონალური ურთიერთობების საკითხში, ასევე კითხვა სტიმულირებას უწევს მსჯელობას. „კითხვების დასმის“ უნარი განსაზღვრავს მასწავლებლების საგნობრივ კვალიფიკაციას. რაც უფრო კვალიფიციურია მასწავლებელი, მით უფრო ეხერხება კითხვების სწორი აქცენტით დასმა.

არ შიძლება, არ ვახსენოთ მოქნილობა – მასწავლებლის საუკეთესო თვისება. მოქნილი მასწავლებელი არ კარგავს საკუთარ სახეს და არც მოსწავლეს აკარგვინებს მას. ეს უნარი, მდინარის მსგავსად, საშუალებას იძლევა უმტკივნეულოდ გადაილახოს სხვადასხვა დაბრკოლება, გარემოების შეცვლის შესაბამისად შეიცვალოს გეგმები. რასაკვირველია, სასწავლო პროცესის დაგეგმვა მნიშვნელოვანია, მაგრამ „ზუსტი გეგმის მიხედვით ცხოვრება“ იშვიათად გამოგვდის, აცდენილია რეალობას, რაც, ასევე, არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს მიზნებსა და ორიენტირზე.

მთელი სიცოცხლის განმავლობაში გვახსოვს მასწავლებლები, რომლებმაც შთაგვაგონეს. ნებისმიერ პატარა ადამიანს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რაც გაცილებით სწრაფად ვლინდება, როდესაც დაგვაჯერებენ, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ამ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, მიზანს მივაღწიეთ. ინსპირაცია, ისევე როგორც თვითდაჯერებულობა, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ცოდნა. ამის მაგალითია ათობით გენიოსი, რომელმაც დიდ სიმაღლეს მიაღწია, მიუხედავად ყველა გარემოებისა. მასწავლებელი ინსპირატორია.

ბავშვები თავს კომფორტულად გრძნობენ კომპეტენტური ორგანიზატორი მასწავლებლის ხელში. მასწავლებელმა თვითონ უნდა გაიაზროს ის, რასაც ასწავლის. მან უნდა დააკავშიროს მიზეზ-შედეგები, ჰქონდეს ლოგიკა, ფართო ერუდიცია. მაგრამ ეს ყველაფერი კარგავს თავის არსს, თუ მასწავლებელს არ აქვს სასწავლო პროცესისა და საგანმანათლებლო მუშაობის ორგანიზების უნარი.

საუკეთესოა პროექტის ფორმატში მუშაობა, ძირითადად, ჯგუფურად და მკაფიო შედეგით. ბავშვებმა უნდა ისწავლონ ერთად და ცალ-ცალკე მუშაობა. ამ ჩვევის ჩამოყალიბება ყველასათვის, გამონაკლისის გარეშე, და არა მხოლოდ „უნარიანი“ და „ნიჭიერი“ მოსწავლეებისთვისაა სასარგებლო. ეს არის სკოლისა და მასწავლებლის ერთ-ერთი დანიშნულება.

ზოგჯერ დაფიქრებული, ღრმად მოაზროვნე მასწავლებლის სიჩუმე, პაუზები უფრო მეტს გვასწავლიან, ვიდრე ჰაერში გასროლილი ათასი სიტყვა. ეს ის სიღრმეა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გაააზრებინოთ, დაანახოთ მოსწავლეებს მეტი, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. ეს ნიშნავს იმ ერთიანობის შეგრძნებას, რომლის ნაწილიც ვართ (საზოგადოება, სამყარო).

ღრმა ადამიანთან ურთიერთობა გვასწავლის: რა არის ადამიანი, ადამიანობა, რა დანიშნულება აქვს მას სამყაროში, რა განსხვავებაა მოფიქრალ და პრიმიტიულ სურვილებს გამოკიდებულ პიროვნებას შორის.

მასწავლებელი კარგად გვამახსოვრდება უკუკავშირით, როდესაც მიგვითითებს, რამდენად ახლოსაა მოსწავლე შედეგთან. მასწავლებელი დაუზარლად უნდა აღნიშნავდეს მოსწავლის წარმატების მასშტაბებს. ბევრ პედაგოგს, რომელსაც სმენია შეფასების საფრთხეებისა და გარე მოტივაციის შესახებ, ეშინია ზედმეტად შეაქოს მოსწავლე. ის სევდიანი სახით ჩაჰყურებს მის ნოუთბუქს ან რვეულს და მხოლოდ შენიშვნებს იძლევა. ბავშვისთვის ეს დემოტივაციაა. სასწავლო პროცესში მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს ისეთი განცდა, რომ მისი ძალისხმევა კლასში ამაოა.

მასწავლებლისთვის ასევე   ძვირფასი  თვისებებია,პრინციპულობა, ინტელექტი, სიმკაცრე. ჩვენს ჩამონათვალშიც მხოლოდ ერთი თუ ასოცირდება პროფესიულ კომპეტენციასთან, დანარჩენი – პიროვნულთან, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ, გვახსოვდეს, რომ მოსწავლეებს დიდხანს ვემახსოვრებით მაშინ, თუ მათთვის ამ სამყაროში რომელიმე ახალ კარს შევაღებთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი