ვარ მასწავლებელი, ნიშნავს ვარ მუდმივ ძიებაში… ცოდნა და ღირებულებითი განათლება თუ სოციო-ემოციური უნარების განვითარება? ვფიქრობ, ვმსჯელობ, ვცდი, ვნერგავ, ვაანალიზებ და საკუთარ თავთან ვთანხმდები!.. ნაცნობი მდგომარეობაა, არა?! როგორ გადავცემ მოსწავლეს ცოდნას, ღირებულებებს, თუ მან ვერ შეძლო ჩემი, ან საკუთარი სურვილებისა თუ გრძნობების გაგება? რა აზრი აქვს ცოდნის გადაცემას, თუ მოსწავლემ ვერ შეძლო ურთიერთობა გარემოსთან და გარშემომყოფებთან, თუნდაც მიღებული ცოდნის გამოყენების მიზნით?
მართალია ამტკიცებენ, რომ ემპათია, თანაგანცდა – სხვა ადამიანის ემოციების, როგორც საკუთარის შეგრძნების და გაგების უნარი – თანდაყოლილია, მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება განვითარება. გულისხმიერ ადამიანს ხომ შეუძლია სხვისი გრძნობების გაგება, შესაბამისად, მას შეუძლია სხვების თანადგომა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სასწავლო გარემოში. მე, როგორც მასწავლებელი, ვთვლი, რომ ემპათიის უნარის მქონე მოსწავლეების სიმრავლე როგორც საზოგადოებისთვისაა მნიშვნელოვანი, ასევე დადებით ატმოსფეროს ქმნის კლასში. სწორედ ამ უნარის განვითარებისთვის დავგეგმე და ჩავატარე გაკვეთილი, სადაც გამოყენებული აქტივობები მოსწავლეებში თანაგანცდის უნარის ჩამოყალიბებასთან ერთად ხელს შეუწყობდა თანამშრომლობითი, წერითი და ლაპარაკის უნარ-ჩვევების განვითარებას. თანამშრომლობითი სწავლება თავის მხრივ ისეთ მნიშვნელოვან უნარებს ავითარებს, როგორიცაა, მოსმენა, გადაწყვეტილების მიღება, ემოციების მართვა და სხვა.
ფაქტია, რომ უფროსებსაც მოგვწონს ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება, მოსწავლის როლში შევდივართ და კომუნიკაციაც აღარ გვიჭირს. სწორედ ამიტომ და სწორედ ასე დავიწყე ჩემი გაკვეთილი მეოთხე კლასში:
მოსწავლეებმა მეტ-ნაკლებად გამოიცნეს მოცემული ემოციები. იქვე, გაკვეთილზევე, ბუნებრივად მოვიგონე და გავითამაშე ისეთი სიტუაციები (ფეხი გადამიბრუნდა, სასიამოვნო ინფორმაცია გავიგე, ფურცლები დამიცვივდა, ვიდეოს ხმა ვერ ჩავურთე და ა. შ.), რომ მოსწავლეებს შეძლებოდათ ჩემი ემოციების გამოცნობა და ასევე მივეცი საშუალება ემპათიაც გამოეხატათ.
იმავე გაკვეთილზე თანამშრომლობითი უნარების განვითარების მიზნით, ჯგუფებში ახალ სიტყვებზე სამუშაოდ გამოვიყენე ფრეიერის სქემა:
მოსწავლეებს (4-კაციან ჯგუფებს) ჰქონდათ საშუალება ფუნქციები გაენაწილებინათ და ერთდროულად ემუშავათ მოცემული სქემის სხვადასხვა გრაფაში.
ტექსტის გააზრების, გაგებისა და, რაღა თქმა უნდა, სოციო-ემოციური უნარების განვითარების მიზნით მოსწავლეთა ერთ ჯგუფს როლური თამაში დაევალა მოცემულ ტექსტზე დაყრდნობით და მათივე ინტერპრეტირებული დასასრულით. სასიამოვნო იყო მათი მხრიდან გადმოცემული ემოციების ხილვა და შესაბამისი დასასრული, სადაც მათ რეალურად გადმოსცეს ემპათია.
ერთ-ერთი ჯგუფის დავალება იყო წერილი მთავარ პერსონაჟს, სადაც მათ მოახერხეს და გაუგეს მას, თუმცა არც რჩევების მიცემა დავიწყებიათ მისთვის.
გაკვეთილის შედეგზე გასვლამ მაჩვენა, რომ ჩემმა მეოთხეკლასელებმა შეძლეს ყველა იმ მაგალითის გახსენება/გამოცნობა, სადაც მე ისინი ბუნებრივად ავიყოლიე ემოციისა და თანაგრძნობის გამოხატვაში.
ისიც სასიამოვნოდ მახსენდება, რომ როცა მიზნების ტომრიდან იმ ერთი მიზნის ამოღება ვთხოვე, რაც მათ მიჰქონდათ გაკვეთილიდან, უმრავლესობამ აირჩია: “To be helpful”.
გაკვეთილი იმ იმედით დავასრულე, რომ ჩემი მოსწავლეები მომავალში შეძლებდნენ საკუთარი და სხვისი ემოციების გამოცნობასა და თანაგრძნობის გამოხატვას. თუმცა მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი – თუ ერთ გაკვეთილს შეუძლია, შეცვალოს მოსწავლის ცნობიერება უკეთესობისკენ, რას ვაკეთებთ დანარჩენ გაკვეთილებზე? მოსწავლეებს მხოლოდ ცოდნას გადავცემთ თუ მათ პიროვნულ განვითარებაზეც ვზრუნავთ? პასუხი ისევ იგივეა: ორივე ერთად!
ჩემ მიერ წარმოდგენილი სიტუაციის უკეთ გაცნობისთვის გთავაზობთ ჩატარებული გაკვეთილის მსვლელობას:
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი | საორგანიზაციო საკითხების მოგვარება დრო-2 წთ.
აქტივობა 1 – მოსწავლეები სხედან ჯგუფებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოწვევის მიზნით კლასში გახარებული შემოვა სხვა მასწავლებელი და მასწავლებელს რაღაცას მიულოცავს ქართულ ენაზე. მასწავლებელიც, ბედნიერი სახით ინგლისურ ენაზე ეტყვის მოსწავლეებს, რომ მან ძალიან კარგი ახალი ამბავი გაიგო. შემდეგ სვამს კითხვებს: რას გამოხატავს ჩემი სახე ახლა? თქვენი სახე? რა გრძნობა გამოვხატე ახლახან? მოსწავლეები შეძლებისდაგვარად პასუხობენ. მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ადამიანთა სახეებს (დანართი N4) და ეკითხება – თუ რას გამოხატავს თითოეული ემოცია. პარალელურად დაფაზე აქვს გაკრული იმავე ემოციების სურათები და იქვე მიმოფანტული ემოციები სიტყვის ხატით. სწორი პასუხის შემთხვევაში ისინი ემოციას შეუსაბამებენ შესაბამის სიტყვას (label them). მეთოდი – როლური თამაში. კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო. დრო – 5 წთ. აქტივობა 2 – მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ჩართულობის რუბრიკას, რომლის საფუძველზეც ისინი შეფასდებიან გაკვეთილის განმავლობაში. შემდეგ უჩვენებს საგანმანათლებლო ვიდეოფილმს ემპათიის თემატიკაზე. პარალელურად აჩერებს ვიდეოს და სვამს კითხვებს პერსონაჟების გრძნობების შესახებ, თუ რამ მიიყვანა ისინი ამ გადაწყვეტილებამდე. მოსწავლეები ასევე გამოთქვამენ ვარაუდს მოვლენათა განვითარების შესახებ. ტექსტისა და ვიდეოს უკეთ გააზრებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ვიდეოს ტექსტს (დანართი N3) მცირე ცვლილებებით (შემოკლებულია, შეცვლილია საყვარელი ცხოველი cat-dog, ცხოველის ფერი brown-green, ოთახში შემოვიდა დედა, ტექსტში – მამა). აძლევს 5 წუთს და სთხოვს ტექსტში მოცემულ თითოეულ უცხო სიტყვაზე შეავსონ ფრეიერის სქემა (სამ სქემაზე მოცემულია სიტყვები: whiskers, tear-tore, forgive, დანარჩენი ორი ცარიელია, მოსწავლეები საჭიროების შემთხვევაში იმუშავებენ მათზე) (დანართი N1). ჯგუფები ერთმანეთს ადარებენ მათ მიერ შევსებულ სქემებს. შემდეგ იწყებენ მუშაობას შედარება შეპირისპირების სქემაზე (დანართი N2), სადაც ვიდეოსა და ტექსტში მოცემულ ინფორმაციას ადარებენ ერთმანეთს (5 წთ.) მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით ავსებს ფლიფჩარტზე გადატანილ იმავე შედარება-შეპირისპირების სქემას. მეთოდი – ტექსტისა და ვიდეოს ანალიზი კლასის ორგანიზების ფორმა – საერთო საკლასო, ჯგუფური დრო – 18 წთ აქტივობა 3 – მასწავლებელი ჯგუფებს გადასცემს კონვერტებს, სადაც მოცემულია დავალებები თითოეული ჯგუფისთვის, ინსტრუქციითა და შეფასების რუბრიკით (დანართი N5,6,7,8). ასევე, საჭიროების შემთვევაში, გადასცემს სათანადო სამუშაო ფურცლებს. დავალებაN1: როლური თამაში მოცემულ ტექსტზე დაყრდნობით და დასასრული მოსწავლეთა ინტერპრეტაციით. დავალება N2: მოცემული მოთხრობის დასასრულის შექმნა ტექსტითა და სათანადო ილუსტრაციით. დავალება N3: წერილი მეგობარს/პერსონაჟს – ლუნას. დავალება N4: სიტყვა ,,ემპათიის” მნიშვნელობის გააზრება ,,ფრეიერის სქემის“ დახმარებით სპეციალური საგანმანათლებლო ვიდეოს საფუძველზე. მეთოდი: პრაქტიკული მუშაობა. კლასის ორგანიზების ფორმა: ჯგუფური. დრო – 10 წთ აქტივობა 4- მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს/აცნობს რუბრიკებს თითოეული ჯგუფური დავალებისთვის და სთხოვს მათ გამოყენებას ურთიერთშეფასებისას. ჯგუფები იწყებენ პრეზენტაციას (მაქსიმუმ 5 წუთი თითოეული ჯგუფისთვის). მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს თითოეული პრეზენტაციის შემდგომ. მასწავლებელი აზუსტებს შეფასებას. მეთოდი – პრეზენტაცია. კლასის ორგანიზების ფორმა – ჯგუფური. დრო – 30წთ. აქტივობა 5 – გაკვეთილის შეჯამება მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, უყურონ თავდაპირველი ვიდეოს დასასრულს. მოსწავლეები ნახავენ ვიდეოს, შეადარებენ მათ მიერ შეთხზულ დასასრულებთან. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ ემპათიის მაგალითები გაკვეთილზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მოსწავლეები პასუხობენ. მასწავლებელი მოსწავლეთა ჯგუფებს აწვდის Tubric-ს და სთხოვს მათ, ამოიცნონ გაკვეთილის მიზანი მისი საშუალებით. მოსწავლეები ასახელებენ გაკვეთილის მიზანს. მასწავლებელი მაგიდებზე დებს მიზნების ტომარას და სთხოვს მოსწავლეებს, ამოირჩიონ, რა მიაქვთ გაკვეთილიდან. მოსწავლეები ირჩევენ და ასახელებენ. მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს სიმღერას ემპათიაზე და მოსწავლეები ამავე სიმღერით ასრულებენ გაკვეთილს. მეთოდი: Tubric, მიზნების ტომარა კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო, ჯგუფური. დრო: 15წთ. |