სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

       საქმე # 8309

 1983 წლის 18 ნოემბერი. თბილისის აეროპორტი. ავიაკომპანია აეროფლოტი. თვითმფრინავი ტუ-134A.  რეისი თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი. მოსკოვის დროით 15:43. თვითმფრინავში იმყოფება 57 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი. მგზავრებს შორისაა 7 ქართველი ახალგაზრდა, რომლებმაც წინა დღით ერთ-ერთი მეგობარი დააქორწინეს. ახალდაქორწინებული წყვილი _ მსახიობი გეგა კობახიძე და თინა ფეტვიაშვილი _ მათთან ერთად არიან.

. . .

„ჩვენ არ ვცხოვრობთ ერთი სიცოცხლით, არა, გვჯეროდეს! შესაძლოა, ვიცხოვროთ 100-1000000 და მეტჯერ, ალბათ უსასრულოდ, ერთი ცხოვრება არის მეორის წინამორბედი. იგი, ალბათ განსაზღვრავს მას. რაც მეტ სიკეთეს მოიტან შენ, მით გაიბედნიერებ თავს მომავალში“ _ ეს მხატვარ სოსო წერეთლის სიტყვებია. მან 25 წლისამ დაასრულა სიცოცხლე. განგებამ სამუდამოდ აღბეჭდა მის ბიოგრაფიაში _ ის ერთ-ერთი „თვითმფრინავის ბიჭია“.

. . .

აფრენიდან 30 წუთის შემდეგ, 7 ახალგაზრდა მეგობრიდან ერთ-ერთი, რომელსაც ხელში ხელყუმბარა უჭირავს, დგება და აცხადებს, რომ თვითმფრინავი კურსს შეიცვლის.  წინააღმდეგობის შემთხვევაში გაიხსნება ცეცხლი. ახალგაზრდები აღჭურვილნი არიან იარაღით: „TT“ ტიპის 2 პისტოლეტი, „ნაგანისა“ და „რევსტერის“ ტიპის 2 რევოლვერი, 2 სასწავლო ტიპის ხელყუმბარა. კახა ივერიელი, გია ტაბიძე და სოსო წერეთელი თვითმფრინავის კაბინაში იჭრებიან. კახა ივერიელი პილოტ ახმათგერ გარდაფხაძისგან  თვითმფრინავის თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აშშ სამხედრო ბაზაზე დასმას ითხოვს.  შტურმანი ვლადიმერ გასოიანი ცეცხლს ხსნის. ადგილზე კლავს გია ტაბიძეს, სასიკდილო ჭრილობებს მიაყენებს კახა ივერიელს და სოსო წერეთელს.

. . .

სოსო წერეთელი 1958 წლის 1 მარტს ცნობილი მეცნიერის კონსტანტინე წერეთლის ოჯახში დაიბადა. სახლი, რომელშიც მან თავისი 25-წლიანი ცხოვრება გაატარა, დღეს კოტე და სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმადაა ქცეული და თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებაში შედის. ეს სახლ-მუზეუმი ინახავს მისი დრამატული პიროვნული და შემოქმედებითი ცხოვრების ისტორიას, სრულყოფილად გამოხატავს ამ დრამატიზმის არსს.

მუზეუმის არქივში დაცულია მისი ბავშვობისდროინდელი ნახატები, მისი პირველი ნაბიჯები სამყაროს მხატვრული შემეცნებისკენ.  სკოლის დამთავრების შემდეგ მან სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

თავისუფლების წყურვილი, საბჭოთა სისტემის კრიტიკა და მის მიმართ პროტესტი სოსო წერეთლის მთავარი მრწამსია, ეს აძლევს მას ინსპირაციას როგორც მხატრობაში, ასევე ცხოვრებაში _ მუდმივი ძიების და აქტიური ძალისხმევის პროცესში იკვლევს თავისუფლების იდეას, ცდილობს მის გამოხატვას, ეცნობა მსოფლიო რელიგიებს, ჭვრეტს ქრისტიანობის არსს და იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას  (ის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ერთ-ერთი პირველი სტიქაროსანია)… მისი კუბისტური აბსტრაქციები, ფერის და ფორმის სიახლე, თვითმყოფადობა მისი ადამიანური და სამოქალაქო პოზიციის მეტაფორებია.

ამ კრიტიკული და საპროტესტო განწყობების გამო რიცხავენ სამხატვრო აკადემიიდან. სწორედ ამ ფაქტს უძღვნის ერთ-ერთ ცნობილ ავტოპორტრეტს “რა დავაშავე?!”.

. . .

თვითმფრინავ  ტუ-134-ში ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის რამდენიმე წევრი და მგზავრი. 17-მა მგზავრმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. თავდამსხმელთა ჯგუფის წევრმა დათო მიქაბერიძემ თვითმფრინავში თავი მოიკლა. პილოტმა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დასვა. სადგომისაკენ მიმავალ თვითმფრინავს მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოყვანილმა სპეცდანიშნულების რაზმმა ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა 11 მგზავრი და გარდაიცვალა 1. თვითმფრინავის კორპუსზე დაფიქსირდა 108 ნახვრეტი.  კახა და პაატა ივერიელები, გეგა კობახიძე და თინათინ ფეტვიაშვილი დააპატიმრეს. სოსო წერეთელი იზოლატორში სისხლისდენით გარდაიცვალა. თავდამსხმელთა  თქმით, მათ თურქეთიდან ამერიკაში უნდოდათ გადასვლა, იქ კი თავისუფლება და უკეთესი ცხოვრება სურდათ.

. . .

ბევრ სხვა კითხვასთან ერთად, რომლებიც კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმში, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, დიალოგისას ჩნდება, თავისუფლების შესახებ კითხვებსაც მოისმენთ. პროგრამას „იალქნებიდან ჯინსებამდე“ ჰქვია და ამ ლამის საკულტო ქსოვილის თავგადასავალის ფონზე ისეთ სერიოზულ და საჭირბოროტო თემებზე იმსჯელებთ, როგორებიცაა კაცობრიობის (მათ შორის ყოფილი საბჭოეთის და ჩვენი ქვეყნის) მიმართება თავისუფლების იდეასთან, ომთან, ბოროტებასთან და ბედნიერებასთან… ეს  საინტერესო და ჩამთრევი გაკვეთილები  იმ კონცეფციის გამოხატულებაა, რომელიც თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ, კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმის გახსნისას შეიმუშავა:

განახლებული მუზეუმი 2019 წლის 18 მაისს გაიხსნა. მისი საგამოფენო კონცეფციაა: აღადგინოს 80-იანი წლების ეპოქა, აჩვენოს ის წინააღმდეგობით აღსავსე სოციალურ-მორალური სურათი, რომელიც წინ უძღვოდა საბჭოთა იმპერიის ნგრევას საქართველოში. განახლებული სამუზეუმო სივრცე ორ ნაწილადაა გაყოფილი: ბინა-მუზეუმის ერთი ნაწილი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს კოტე წერეთლის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეთმობა, მეორე ნაწილი კი მისი ვაჟის, მხატვარ სოსო წერეთლის შემოქმედებას, რომელიც 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბის „თვითფრინავის საქმის“ მონაწილე იყო.

მუზეუმის „ეპოქალური ოთახი“ განსაკუთრებულად მომნუსხველი და იდეურად დატვირთულია. შუშის კედლით გამიჯნული ორი სამყარო _ 80-იანი წლების რეალური, ფაქტობრივი პოლიტიკური კონტექსტი და „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმე # 8309 დამთვალიერებელს ამ კონკრეტული მოვლენის და ზოგადად, ეპოქალური დრამის აღქმას უმძაფრებს. შავ-წითელ ფერებში გადაწყვეტილი ისტორიული რაკურსი ანტიკური სიღრმით წარმოაჩენს ნებისმიერი დროის, ეპოქის თავსატეხ თემებს _ თავისუფლება, ომი, ადამიანი…

ამ საგანმანათლებლო პროგრამას უკვე ჰყავს ბევრი მსმენელი სხვადასხვა სკოლიდან. პროგრამის პედაგოგის, ლუიზა ლაფერაძის თქმით კი, ყველა ჯგუფი თავად ქმნის თავის გაკვეთილს _ იმპროვიზებულად, მისთვის საინტერესო კითხვებით და დაძაბული რეფლექსიით.

. . .

ვინ იყვნენ „თვითმფრინავის ბიჭები“ _ თავისუფლებისთვის მებრძოლი რაინდები თუ ტერორისტები? რა იყო ეს აქტი _ გულწრფელი პროტესტი თუ გავლენიანი ოჯახის შვილების მორიგი ახირება? ამ კითხვებმა თაობების აზროვნებაში, ეჭვებსა და ოცნებებში გამოაღწია და დღემდე გაუნელებელი ინტერესის წყაროა. ეს თემა აინტერესებთ მწერლებს და რეჟისორებს. ჩნდება მისი ათასგვარი ინტერპრეტაცია, ყოველი დრო ალბათ თავისი კონტექსტით წაიკითხავს ამ ამბავს. ამბავს, რომელსაც ბევრი მსხვერპლი ჰყავს და არცერთი გმირი. სიმართლე კი, როგორც ამქვეყნად ყოველი ამბის და მოვლენის არსი, არა კოლექტიურ განსჯაში, არამედ თითოეულ გულში დგინდება. მთავარია, ეს გული თავად შეეხოს იმ წამს, რომელშიც ყოველი ამბის მონაწილე ერთიანდება _ ეს თავისუფლების წამია.

„სიკვდილი არის ერთი ცხოვრებიდან მეორეში გარდამავალი ინტერვალი, რომელიც ფიზიკურ ტკივილს აყენებს ადამიანს“ _ ესაც სოსო წერეთლის სიტყვებია. თუ განვაზოგადებთ, სიკვდილმა, რომელმაც თვითმფრინავის ბიჭები საბჭოთა ეპოქის დასასრულის საწყისად აქცია, ამ ფიზიკურ ტკივილში მთელი ქვეყანა ჩაიზიარა. ეს ტკივილი დღემდე გვახსენებს თავს, თუმცა დღეს უკვე შეგვიძლია გარედანაც შევეხოთ, დავინახოთ და ვიკვლიოთ ის.

ამ პროცესში ყველაზე მეტად სწორედ ეს სახლ-მუზეუმი დაგეხმარებათ _ უტყუარი ექსპონატებით, ეპოქის ანაბეჭდებით, ნახატებით, უზუსტესი კონტექსტით.

დაგეხმარებათ, დაინახოთ თვითმფრინავი, რომელიც ბოროტების წინააღმდეგ, ყველაზე ნათელი და ამაღლებული სურვილებით, ყველაზე შორ ცაში გასაფრენად ემზადება.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“