კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

მოსწავლეთა ლიტერატურული ინტერესების განვითარება

დიმიტრი უზნაძისა და შარლოტა ბიულერის კვლევებზე დაყრდნობით

არდადეგების პერიოდში მშობლებისა და პედაგოგების განსაკუთრებული საზრუნავია ბავშვებისთვის საკითხავი ლიტერატურის შერჩევა. იმისთვის, რომ ბავშვი წიგნმა გაიტაცოს და კითხვა შეუყვარდეს, ძალზე მნიშვნელოვანია, საკითხავი ლიტერატურა მის ინტერესებსა და ასაკს შეესატყვისებოდეს.

დ. უზნაძემ მოსწავლეთა ინტერესების სფეროები ლიტერატურული ინტერესების განვითარებაზე დაყრდნობით იკვლია. აღნიშნული კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში დამუშავდა. 

კვლევის მონაცემების თანახმად, 8-9 წლის ბავშვი მეტი ხალისით კითხულობს იმ  წიგნს, რომლის სიუჟეტიც მისი თანატოლის ცხოვრებას, მის ყოველდღიურ გამოცდილებას  ასახავს. შესწავლილი ბავშვების 41,3% სწორედ ამ მოტივით ანიჭებდა წიგნებს უპირატესობას. 18,4% პროცენტისთვის მომხიბვლელი გახლდათ ზღაპრული შინარსი, მაგრამ ორივე შემთხვევაში წამყვანი პირობა წიგნში მხიარული ეპიზოდების ან იუმორისტული სცენების არსებობა იყო.  უზნაძის თანახმად, „ბავშვს ცრემლი და უბედურება არც წიგნში არ უყვარს, იგი მასში უსიამოვნო ნალექს ტოვებს, და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ წიგნი იმ წიგნთა სიაში მოაქციოს, რომელიც განსაკუთრებით არ მოსწონს” (უზნაძე, 2005, გვ 491).

ამ ორთან ერთად უზნაძე ხაზს უსვამს კიდევ ერთ ფაქტორს – წიგნი, მასში არსებული ლექსიკა ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს, ვინაიდან იმის შესახებ, მოეწონა თუ არა წიგნში აღწერილი სიუჟეტი, გამოიწვია თუ არა მასში ღიმილი, ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ იმსჯელებს, თუ წაკითხული კარგად გაიგო. 

ბავშვისთვის ახალშეძენილი ჩვევა და მასში დახელოვნება, საზოგადოდ, სასიამოვნოა, ამიტომაც მას ისეთი წიგნი მოსწონს, რომელიც ამ პირობის ამოქმედების საშუალებას აძლევს, კერძოდ, გასაგებია და სასიამოვნო. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს რისკი, ბავშვს კითხვის ხალისი თავიდანვე ჩაუქრეს.

8-9 წლის ბავშვები წიგნის დადებით მხარედ ილუსტრაციებსა და დიდ შრიფტსაც ასახელებდნენ.

საინტერესოა, რომ წიგნის ზღაპრული, ფანტასტიკური შინაარსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 9-10 წლის ბავშვებისთვის ხდება. მოწონებულ წიგნს უპირატესობას ფანტასტიკური, ზღაპრული შინაარსის გამო მოსწავლეთა 31,6% ანიჭებდა, მაშინ როდესაც მომდევნო ასაკში ეს მოტივი 5,9%-მდე ეცემოდა. არმოწონების მიზეზებზე საუბრისას ბავშვები ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ ზღაპრის სიუჟეტი სინამდვილეში არასოდეს ხდება.
ამავე, 9-10 წლის ასაკში ბავშვს ახალი ინტერესი უჩნდება – ეს არის ფათერაკი, მოქმედი გმირის მოხერხებულობა, სახიფათო სიტუაციისგან თავის დაღწევა  ან ბოროტებასთან ბრძოლა. 

გერმანელმა ბავშვთა ფსიქოლოგმა შარლოტა  ბიულერმა ამის სადემონსტრაციოდ რობინზონ კრუზოს ტიპის ნაწარმოებისადმი ინტერესის დინამიკა წარმოადგინა. მან 8000 ბავშვის ლიტერატურული ინტერესების შესწავლისას შემდეგი მონაცემები მიიღო:

 

ასაკი

8-9

9-10

10-11

11-12

12-13

13-14

14-15

15-16

16-17

17-18

გოგონა

10

13

18

16

16

11

4

2

1


ვაჟი


4

12

12

10

6

4

1



როგორც ცხრილიდანაც ჩანს, აღნიშნული ნაწარმოები განსაკუთრებით პოპულარულია 10-11 წლის ბავშვებს შორის, რომელთაც სიუჟეტში ადამიანის მოხერხებულობა და გამჭრიახობა ხიბლავთ. 
11-12 წლის ბავშვები კიდევ ერთი სიუჟეტით ინტერესდებიან. კერძოდ, გმირის მიერ განხორციელებული ალტრუისტული ქცევით. ამგვარ სიუჟეტს ამ ასაკის ბავშვების 17% ანიჭებდა უპირატესობას.
რამდენადმე იცვლება სურათი 12-13 წლის ასაკში. ამ ასაკის ბავშვები ალტრუისტულმა ქცევამ რომ დააინტერესოს, ის თავგანწირვასა და გმირობას, მაღალი ღირებულებებისკენ სწრაფვას უნდა აღწერდეს. ეს განსაკუთრებით რაინდთა თქმულებების ლიტერატურულ ჟანრს ახასიათებს. რაინდთა ისტორიებისადმი ინტერესი სასკოლო ასაკში ცხრილის სახით არის წარმოდგენილი (შ. ბიულერის მონაცემები):

 

ასაკი

8-9

9-10

10-11

11-12

12-13

13-14

14-15

15-16

16-17

17-18

გოგონა

2

9

13

16

12

7

2

3

2

2

ვაჟი

2

3

6

13

15

5

3

1

1


საინტერესოა ისიც, რომ ეს ინტერესი 14 წლამდე ნარჩუნდება.

დ. უზნაძის კვლევის მონაცემების თანახმად,  რაინდთა ისტორიებისადმი  ინტერესი მაქსიმალურ დონეს 13-14 წლის ასაკში აღწევდა.
ამგვარ განსხვავებას უზნაძე განსხვავებული საკვლევი ობიექტით ხსნიდა. კერძოდ, შ. ბიულერი
აღნუსხავდა სხვადასხვა ასაკის ბავშვებში თითოეული ჟანრის წაკითხვის ინტენსივობას, დ.
უზნაძე კი ნაწარმოებების მოწონების მოტივებს იკვლევდა.

11-12 წლიდან ბავშვებს უჩნდებათ ახალი, უცნობი რეალობის
შეცნობის სურვილი, ამიტომ იმგვარ საკითხავ ლიტერატურას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც
რომელიმე რეალური სფეროს შედარებით ღრმად შესწავლის შესაძლებლობას იძლევა და ინტელექტუალურ
მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ამგვარ ლიტერატურას ბავშვების 20,9% ანიჭებდა უპირატესობას.

12-13 წლის ბავშვებთან კვლავ დიდ ინტერესს იწვევს თავგადასავლები,
ოღონდ, 9-10 წლისებისგან განსხვავებით, სახიფათო სიტუაციებისგან თავის დაღწევის პროცესი
მეტად ხიბლავთ, ვიდრე თავისთავად წარმატებით დაგვირგვინებული სიუჟეტი. კვლევის ერთ-ერთი
მონაწილე წიგნის მიმართ ინტერესის მოტივს ამგვარად ასაბუთებდა: „მომეწონა, როგორც მოგზაურობდნენო”.
პერსონაჟის მიმართ სიმპათიას კი მისი ფიზიკური ძალ-ღონე, ვაჟკაცობა და გამბედაობა განაპირობებდა.

უზნაძე მიმოიხილავს კესტერის კვლევებსაც. რომელთა თანახმადაც,
6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებს უმთავრესად ზღაპრები ხიბლავთ და ამ პერიოდს მეცნიერი
 ზღაპრის ხანას უწოდებს. 10-დან 13 წლამდე მოზარდები
უპირატესობას სათავგადასავლო ამბებს, მოგზაურთა ცხოვრებასა და  სამხედრო ისტორიებს ანიჭებენ. განსხვავებული სურათია
გოგონებთან: მათ 10 წლიდან სენტიმენტალური სიუჟეტი იტაცებთ. 14-17 წლიდან ბავშვები
უმთავრესად ავანტიურისტული და დეტექტიური სიუჟეტებით იხიბლებიან, აგრეთვე ისტორიული
და რეალისტური შინაარსის ნაწარმოებებითაც. კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე კი, კესტერის
მოსაზრებით, ინტერესი ტექნიკურ, ფილოსოფიურ და ისტორიულ ლიტერატურაზე გადადის, გოგონების
შემთხვევაში კი ინტერესთა სფეროს  რომანებიც
ემატება.

უზანაძე ინტერესთა მსგავს ცვალებადობას ბავშვის ასაკობრივი
თავისებურებებით ხსნის, რაც ვლინდება კიდეც სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის
მონაცემების მსგავსებით. უზნაძე ინტერესების განვითარებას სხვა სფეროებზეც განაზოგადებს
და ასკვნის, რომ ინტერესების ამგვარი განვითარება სპექტაკლებისა და კინოფილმების მიმართაც
ნარჩუნდება.

დ. უზნაძის, შ. ბიულერის მიერ ჩატარებული კვლევების
მონაცემები ალბათ დიდ დახმარებას გაუწევს მკითხველს   არდადეგების განმავლობაში ბავშვებისთვის საკითხავი
ლიტერატურის შერჩევაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი