პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ჭირვეული ბავშვები და დაბნეული მშობლები

სტატიის სათაურის შერჩევა ჩემთვის რთული და საპასუხისმგებლო მომენტია. ყოველთვის ვფიქრობ, როგორ შევარჩიო ის ისე, რომ მკითხველი დავაინტერესო. მგონი ამჯერად გამომივიდა, რადგან ბავშვები ხომ ჭირვეული და თავნებანი არიან (თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ, შეგიძლიათ კითხვა არ განაგრძოთ), მშობლები კი – დაბნეული, ანუ მათ ძალიან უჭირთ საკუთარ შვილებთან საერთო ენის გამონახვა. ეს პატარა წერილი სწორედ ასეთი დაბნეული მშობლებისთვისაა ახალ ზელანდიელი ფსიქოლოგის ნაიჯელ ლატას  წიგნიდან: „სანამ თქვენი შვილი საბოლოოდ გაგაგიჟებთ“.

მოდით, გავეცნოთ ავტორის მოსაზრებებს, რომელსაც მიაჩნია, რომ არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი, როგორც პატარა, რომელიც ისტერიულად ტირის. უფროსების უმრავლესობას გამოუცდია მდგომარეობა, როდესაც ფიქრობ, რომ საცაა დაყრუვდები და თავის ქალა „აგეხდება“ იმ გამაყრუებელი ხმებისგან, რომელსაც თქვენი პატარა სისტემატიურად გამოსცემს.

ახლა ერთ შემთხვევას მოგიყვებით, იწყებს ფსიქოლოგი: „ჩემთან კაბინეტში პატარა ჭირვეული გოგონა და მისი მშობლები მოვიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ გოგონამ ისეთი ტირილი მორთო, რომ მთელი ოფისი გააყრუა. დედამისი დარცხვენილი ღიმილით იყურებოდა და შემდეგ დანაშაულის სრული შეგრძნებით მითხრა, რომ მის პატარას ქოთნის ყვავილთან თამაში უნდოდა. მე ხელი ჩავიქნიე და დედას გამოვუცხადე, რომ ბოდიშის მოხდა საჭირო არ არის და რომ ჭირვეული ბავშვები – ეს ჩემი სამუშაოა. ჩვენ აქ სპეციალური მოწყობილობები გვაქვს, რომლებსაც ყურებში ვიკეთებთ, რათა ბავშვების ტირილი აღარ გვესმოდეს. შეწუხებული დედიკო იუმორის არსს ჩასწვდა, მაგრამ მაინც იკითხა, ხომ არ აჯობებდა შეხვედრის მომავალი კვირისათვის გადადება, რადგან პატარა შესაძლებელია მთელი საათი არ გაჩუმებულიყო.

არ არის საჭირო, შეხვედრის ჩაშლა, მით უფრო, რომ ბავშვი ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება. უბრალოდ მინდა, შემოგთავაზოთ ექსპერიმენტი – ვუთხარი მშობლებს. ისინი, მართალია, დაინტერესდნენ, მაგრამ სრულიად უიმედოდ გამოიყურებოდნენ, რადგან ძალიან ცუდი გამოცდილება ჰქონდათ – მსგავს სიტუაციებში მათი გოგონა სრულებით უმართავი ხდებოდა. საბოლოოდ დედა მაინც დამთანხმდა, რადგან აშკარად მიაჩნდა, რომ უარესი უკვე მაინც არაფერი მოხდებოდა.  მე მშობლები ოთახიდან გავიყვანე და პატარა „მოტირალი“ ადგილზე დავტოვე. ის თავად შემოგვიერთდება, როგორც კი ტირილს შეწყვეტს – ავუხსენი დაბნეულ დედიკოს და მამიკოს. ჩვენ კაბინეტში გადავინაცვლეთ, მანამდე კი ოფისის შემავალი კარი შევამოწმე, რომ ის საიმედოდ ყოფილიყო ჩაკეტილი, რათა „ექსპერიმენტის“ მსვლელობისათვის ხელი არავის შეეშალა. თავიდან ბავშვის განწირული „ბღავილის“ ხმა უფრო გაძლიერდა. ჩვენ ისეთი შეგრძნება დაგვეუფლა, რომ საცაა ფანჯრები ჩამოილეწებოდა ამ ხმაურისაგან. დედიკო, ძალიან შეწუხებული იყო და ნებართვაც კი ითხოვა, რომ ბავშვისთვის დაეხედა, მაგრამ მე ამის უფლება არ მივეცი. სიმართლე უნდა ვაღიარო: გაოცებული ვარ, როგორ ახერხებენ ბავშვები ასეთი ხმების გამოცემას და ფილტვები ისევ წესრიგში რჩებათ.

„როდიდან დაიწყო ეს ყველაფერი? – ვკითხე მშობლებს, რომ მათი ყურადღება ოდნავ მაინც სხვა მხარეს გადამეტანა. „ის ყოველთვის რთული ბავშვი იყო და მუდამ პრობლემებს გვიქმნიდა“ – მიპასუხა დაბნეულმა მამიკომ. რთული ფეხმძიმობა, დედა მუდმივად გამოუძინებელი, შემდეგ ურთულესი მშობიარობა, ძუძუთი კვების პრობლემები და არაადეკვატური ქცევები. მსგავს სიძნელეებს ბევრი ოჯახი აწყდება.

ჩვენი პატარას მშობლები კი ამ ყველაფრის გამო თითქმის უწყვეტ რეჟიმში ებუზღუნებიან ბავშვს და ფაქტობრივად ოცდაოთხსაათიან დაძაბულობაში ამყოფებენ შვილსაც და საკუთარ თავსაც. ფსიქოლოგთან მისვლა კი ერთმა შემთხვევამ აიძულა. კერძოდ, როდესაც ერთი კვირის წინ პარკში სეირნობისას პატარამ სასრიალოზე ასვლა და იქიდან ჩამოსრიალება მოინდომა, მას დედიკომ უარი უთხრა, რადგანაც მიიჩნია, რომ გოგონა ჯერ ძალიან პატარა იყო. აი აქ დაიწყო რაც დაიწყო: „შუაგულ პარკში ბავშვმა ყვირილი მორთო, ის წიოდა, ტიროდა და ბოლოს ბალახზე გორაობა დაიწყო.

მომეჩვენა, რომ – განაგრძო ამბის თხრობა დედიკომ  – თუ ჩემი შვილი ასე დიდხანს გააგრძელებდა, მე ის შემჯავრდებოდა და მეტიც, ჩემთვის სრულებით წარმოუდგენელი იქნებოდა ასეთ ბავშვთან მთელი ცხოვრების გატარება. თანდათან სულ უფრო მიფუჭდებოდა ხასიათი იმის გამო, რომ ჩემი შვილი ასე იქცეოდა“.

მე, როგორც დიდი პრაქტიკის მქონე ფსიქოლოგი, მივხვდი, რომ ჩემ წინ მდგომ მშობლებს დიდი შეცდომა ჰქონდათ დაშვებული. მათ არასწორი „საკვების“ ჭარბი დოზა მისცეს საკუთარ შვილს, რომელსაც ისევე, როგორც ნებისმიერ პატარას მის ასაკში საოცარი მადა აქვს და გამუდმებით ყურადღების უზარმაზარ ულუფებს მოითხოვს. ჰოდა, ამ არასწორი მენიუთი ნაკვებმა პატარა პირანიამ (პირანია – მტაცებელი თევზი. ამ ტერმინს ახალ ზელანდიელი ფსიქოლოგი ხშირად ხმარობს, როდესაც აღწერს ბავშვების მიერ ყურადღების მიპყრობის სრულიად ნაირნაირ ხერხებს) ჭირვეულობებით, ყვირილით, ტირილით და სხვა მსგავსი ქცევებით დაიწყო ყურადღების მიპყრობა. იმის თქმა მინდა, რომ ბავშვმა კარგად დაისწავლა, რით შეიძლება საკუთარი მშობლების ყურადღების მიპყრობა. ანუ ყველაფერი იმ ფაქტით აიხსნება, რომ მშობლები ძალიან დიდი ყურადღებას უთმობდნენ საკუთარი შვილის ცუდ ქცევებს და ისიც სწორედ ასეთ ქცევებს ახორციელებდა.

მაშ ასე, დაიმახსოვრეთ: არაფერია იმაზე დიდი ძალა, ვიდრე მშობლების ყურადღება. მე მიმაჩნია, რომ სწორედ ყურადღების ძალით არის შესაძლებელი ბევრი პრობლემის ახსნა და მოგვარება. და მაინც რა ხდება? რა ძალა აქვს ასეთი მშობლების ყურადღებას? უკვე ვიცი, რომ მკითხველი ამ შეკითხვას დამისვამს. პასუხი მარტივია: ჩვენ ეს სისხლში გვაქვს. ბავშვების ქცევები მიმართულია მათკენ, ვინც მათზე ზრუნავს. რადგან შენ ჯერ ისეთი პატარა ხარ, რომ არ შეგიძლია საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა, ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია მზრუნველობა. ყველაფერი ის, რაც უფროსების ყურადღებას იპყრობს, ბავშვებისათვის კონკრეტული ქცევების სტიმული ხდება. მათ სურთ, რომ მშობლები მუდმივად გვერდით იყვნენ და უყურონ ბავშვებს, იზრუნონ მათზე, დაიცვან ისინი ნებისმიერი მოულოდნელობისგან. მით უმეტეს, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში პატარებისათვის უამრავი საფრთხეა ჩასაფრებული.

ახლა ხომ მიხვდით, რომ ნებისმიერი საქციელი, რომელიც უფროსების ყურადღებას იპყრობს ბავშვებისათვის სრულიად მისაღებია და მასში ისინი ვერაფერ ცუდს ვერ ხედავენ. დარწმუნებული ვარ ნებისმიერ ადამიანს ნანახი აქვს ასეთი სცენა: სუფრასთან ორი ბავშვი სადილობს. ერთი მშვიდად მიირთმევს, მეორე კი ხან თეფშზე კოვზს არტყამს, ხან პურის ლუკმებს აქეთ-იქეთ ყრის. მშობლები პატარა „ხულიგანს“ დასტრიალებენ თავს, მშვიდს კი საერთოდ ვერ ამჩნევენ. გამუდმებით რაღაცას ელაპარაკებიან ურჩ შვილს. ხან აკრძალვებს უწესებენ, ხან სჯიან, ხან ეფერებიან, ხან ემუქრებიან. და რას სწავლობს ამით მშვიდი, დამჯერი პატარა? იმას, რომ თუ გსურს მშობლების ყურადღება მიიქციო, თეფშებზე უნდა აკაკუნო, საჭმელები პირიდან აფურთხო, იყვირო, იტირო…

ალბათ, გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ ხდება, რომ ბავშვები ცუდ ქცევებს ძალიან სწრაფად და მარტივად სწავლობენ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ უფროსები ძალიან ბევრ ყურადღებას ვუთმობთ მათ. თავის მხრივ ცუდი საქციელისადმი ყურადღების მიქცევა ძალიან ადვილია. ის თვალში საცემია. არაფერი ისე არ გვაღიზიანებს უფროსებს, როგორც ბავშვები, რომლებიც წონასწორობას გვაკარგვინებენ. მე ხშირად მომისმენია, მშობლებისგან: „ის თითქოს სპეციალურად იქცევა ასე, რომ მე გამაცოფოს!“ დიახ ეს ფაქტობრივად ასეა. ბავშვები ხომ ყურადღებას იპყრობენ. მე მიმაჩნია, რომ არსებობს გარკვეული ქცევები, რომელთა იგნორირება არ შეიძლება, მაგრამ ამ ასაკში შემთხვევების 90 პროცენტი სწორედ ისეთია, რომ თუ მათ არ განვამტკიცებთ ისინი აუცილებლად ჩაქრება. ვეთანხმები მშობლებს, რომ ძალიან ძნელია ყურადღება არ მიაქციო ბავშვის ცუდ საქციელს, მაგრამ ეს მაინც შესაძლებელია. და აქ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ უფროსები აუცილებლად თანამიმდევრული უნდა იყვნენ და ცუდი ქცევა ყოველთვის უგულებელყონ და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც გაახსენდებათ. გახსოვდეთ, რომ ბავშვებს ძალიან ეშინიათ უფროსების ზრუნვისა და მფარველობის გარეშე დარჩენის და ამიტომ თქვენ შეძლებთ ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებას, მით უფრო, თუ  საქმეში შექებას ჩართავთ. კარგი ქცევის გამტკიცება ხდება შექებით.

აი შექების რამოდენიმე ეფექტური საიდუმლო:

  • შეაქეთ ბავშვები კონკრეტული საქციელისათვის. ფსიქოლოგების ენაზე ამას „მარკირება“ ჰქვია. ანუ უნდა აღვწეროთ ის ქცევა, რომლის გამოც ვაქებთ ბავშვებს. „მადლობა, რომ ჩანთის მოტანაში დამეხმარე“. ამგვარად, ბავშვების ცნობიერებაში ყალიბდება კავშირი გარკვეულ ქცევასა და შექებას შორის;
  • ყოველთვის გამოხატეთ პირადი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს, ვინ აქებს მას. იმის ნაცვლად, რომ პატარას ვუთხრათ: „ყოჩაღ! შენ კარგად ჩაიცვი ტანსაცმელი“, სჯობს თქვათ: „მე ძალიან მომეწონა, როგორ ჩაიცვი ტანსაცმელი“;
  • შექების დროს მთელი თქვენი ყურადღება მისკენ უნდა მიმართოთ. არ აქოთ პატარა ტელევიზორის ყურების დროს და არც სხვა რამე საქმის კეთებისას. ადექით, მიდით მასთან, ჩაიცუცქეთ ან ისე დადექით, რომ ბავშვს თვალებში ჩახედოთ და აგრძნობინოთ, რომ მთელი თქვენი ყურადღება მისკენ არის მიმართული;
  • შექების დროს უნდა გამოიყურებოდეთ შესაბამისად. თუ თქვენ აქებთ ბავშვს და თავად გადაღლილი და უკმაყოფილო სახე გაქვთ, ეს შექება არ იმუშავებს. შეეცადეთ სახეზე კმაყოფილი ღიმილი გქონდეთ, ეს გაცილებით კარგ შედეგს გამოღებს;
  • არ დაგავიწყდეთ ფიზიკური კონტაქტი. ბავშვები პირდაპირი მნიშვნელობით იფურჩქნებიან, როდესაც მათ მშობლები ეფერებიან, ეხუტებიან, გულში იკრავენ;
  • შექება აუცილებლად მყისიერი უნდა იყოს. თუ თქვენ გსურთ კონკრეტული ქცევის განმტკიცება, აუცილებელია, შეაქოთ შვილი მაშინვე, როდესაც სასურველ ქცევას დააფიქსირებთ. ამით ბავშვი მიხვდება, მისმა რომელმა საქციელმა დაიმსახურა შექება.

 

ახლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ არ დაგვავიწყდეს: მოახდინეთ ისეთი ქცევის იგნორირება, რომელიც არ მოგწონთ. შეაქეთ ის ქცევები, რომლებიც თქვენთვის მისაღებია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“