იტალიელი ფსიქოლოგის დანიელე ნოვარას წიგნის „ნუ უყვირით ბავშვებს!“ მიხედვით
მკითხველს ახსოვს, რომ ჩემი ბოლოდროინდელი სტატიები ძალადობას ეხებოდა. ვფიქრობ, ამ პრობლემის უკეთ გასაგებად ურიგო არ იქნება, ერთმანეთისგან განვასხვაოთ კონფლიქტისა და ძალადობის ცნებები.
„კონფლიქტი ერთზე მეტ მხარეს გულისხმობს. აუცილებელია არსებობდეს ის, ვისთანაც ხდება შეტაკება. ძალადობა შეიძლება გამოვლინდეს საგნებისადმი, საკუთრი თავისადმი, უცნობი ადამინებისადმი. ეს ტერმინები ერთმანეთისგან შინაარსობრივად ძალიან განსხვავდება, ამიტომ მათმა ერთმანეთში არევამ ან ურთიერთჩანაცვლებამ ურთიერთობებში შესაძლოა პრობლემები წარმოშვას“, – მიაჩნია დანიელე ნოვარას (ცნობილი იტალიელი ფსიქოლოგი, პედაგოგი, კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მან იტალიის ქალაქ პიაჩენცაში დააარსა აღზრდისა და კონფლიქტების გადაჭრის ცენტრი, შეიმუშავა სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან კონფლიქტების მართვის საავტორო მეთოდიკები), რომლის წიგნიდან „ნუ უყვირით ბავშვებს!“ ამონარიდი ახლა თქვენ წინაშეა.
მაშ ასე, რას ნიშნავს ტერმინი „კონფლიქტი“? მაგალითად, საქმიან შეხვედრებზე აზრთა სხვადასხვაობას, როდესაც ერთ მხარეს მიაჩნია, რომ პროექტი მეტისმეტად ძვირი დაჯდება, მეორე კი, პირიქით, მის სიიაფეზე საუბრობს? ან თუნდაც ორ კოლეგას შორის დავას ორგანიზაციის სამომავლო განვითარების თაობაზე? ან იქნებ შვილებთან უთანხმოებას?
იტალიელ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ, ერთი მხრივ, კონფლიქტისა და ჩხუბის, მეორე მხრივ კი ძალადობისა და კონფლიქტის აღრევა იწვევს შიშს და შფოთვას ისეთ სიტუაციებში, როდესაც უთანხმოება წარმოიშობა. თუ ამ ორ ცნებას შორის განსხვავებას ვერ გავაცნობიერებთ, შესაძლოა, ბევრ გაუგებრობას შევეჯახოთ. მაგალითად, თუ მეზობელი მეზობელს უკმეხად ეტყვის რამეს, ამ ორ შორის „საომარი“ ვითარება შეიქმნება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ადამიანს ძალადობრივი არაფერი ჩაუდენია. და ეს გაუგებრობა შესაძლოა მოხდეს სწორედ იმის გამო, რომ არ არის გავლებული მკაფიო ზღვარი ტერმინებს შორის, რაც ადამიანებს უფრო მოწყვლადს ხდის და თავს დაჩაგრულად აგრძნობინებს. შედეგად სიტუაცია მკაფიოდ ვეღარ აღიქმება და შესაძლოა, მაგიდაზე მუშტის დარტყმა და ძლიერი შეურაცხყოფა ერთნაირად აღიქვას პიროვნებამ. „ამ ყველაფერზე იმიტომ ვსაუბრობ, – შენიშნავს დანიელე ნოვარა, – რომ ასეთ პირობებში რთულია ბავშვებს ვასწავლოთ, ერთმანეთისგან განასხვაონ ძალადობა და კონფლიქტი“.
კონფლიქტი – ეს ურთიერთობის წარმართვის ფორმაა. სწორედ კონფლიქტების საშუალებით აღმოაჩენენ ადამიანები, შესწევთ თუ არა თანაცხოვრების უნარი; უნარი იმისა, რომ მიიღონ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც არიან; პატივი სცენ ერთმანეთის პოზიციებს; გაიზიარონ განსხვავებული თვალსაზრისები; სხვადასხვა სიტუაციიდან ახლებური გამოსავალი იპოვონ და გაცილებით ქმედით ურთიერთშეთანხმებებს მიაღწიონ.
ძალადობა, ისევე როგორც ომი, კონფლიქტის საწინააღმდეგო მხარეა. ის სრულად უგულებელყოფს სხვას და ანადგურებს დავის პირველწყაროს. ძალადობა მიმართულია იმის განადგურებისკენ, ვინც, მოძალადის თვალსაზრისით, წარმოადგენს მიზეზს, დაბრკოლებას. ეს პრიმიტიული, ბანალური და დაუნდობელი ქცევაა. ამავე დროს საგულისხმოა, რომ ისინი, ვისაც არ უყვართ დავები და კონფლიქტები და უპირატესობას ანიჭებენ რბილ, მშვიდობიან ურთიერთობას, გაცილებით ადვილად ძალადობენ. მშობლები, რომლებიც არასოდეს ეკამათებიან შვილებს, უფრო ადვილად გადადიან ურთიერთობის არცთუ ისე მშვიდობიან ფორმებზე, როდესაც მოთმინების ფიალა ევსებათ.
გავრცელებული შეხედულება, თითქოს ძალადობა – ეს იგივე კონფლიქტია, რომელიც, უბრალოდ, მეტისმეტად შორს წავიდა, ფაქტებით არ დასტურდება. დასტურდება მხოლოდ ის, რომ ხანდახან შესაძლოა, კონფლიქტი ძალადობაში გადაიზარდოს, მაგრამ უმართებულოა იმის მტკიცება, რომ ძალადობა ნებისმიერი შორს წასული კონფლიქტის სავალდებულო დასასრულია. სინამდვილეში გაცილებით მეტია ისეთი შემთხვევა, როდესაც ძალადობას წინ არ უძღვის აშკარა კონფლიქტი.
გამოჩენილმა ფსიქოანალიტიკოსმა ფრანკო ფორნარიმ აღწერა ომის წარმოების ფსიქოლოგიური სარგებლიანობა და ძალადობის გამოყენება პრობლემის გადაჭრის მიზნით. ურთიერთობების დონეზე ძალადობა ტავტოლოგიური ლოგიკის გამოხატულებაა: „პრობლემა გადაიჭრება მაშინ, როდესაც ის აღარ იარსებებს“. აქ მიზანი ნათელია – გავაქროთ სხვა ადამიანის მიერ დაწესებული საზღვრები. აღმოიფხვრას კონფლიქტი მისი პირველწყაროს გაქრობით – სწორედ ეს არის ძალადობის ლოგიკა, რომელიც დამახასიათებელია მათთვის, ვინც ურთიერთობებში არსებულ პრობლემებთან გამკლავებას ვერ ახერხებს.
„ხასიათის ამ თვისებას მე „კონფლიქტურ არაკომპეტენტურობას“ ვუწოდებ“, – ამბობს ნავარა და დასძენს, რომ ეს ფრაზა გულისხმობს ურთიერთობაში დაძაბულობის გადალახვის უუნარობას, რადგან დაძაბულობა აუტანელ მუქარად აღიქმება. ამის საპირისპირო ცნებაა „კონფლიქტური კომპეტენტურობა“, რომელიც სწორედ დაძაბული მომენტების წარმატებით გადალახვის უნარს გულისხმობს. ამ დროს ადამიანები განიხილავენ დაძაბულობას როგორც სიტუაციას, საიდანაც გამოსავლის პოვნა შესაძლებელია.
ძალადობის საუკეთესო პროფილაქტიკაა კონფლიქტის და ჩხუბის „წარმართვის ცოდნა“.
ამრიგად, აუცილებელია, ვასწავლოთ შვილებს განსხვავებულ მოსაზრებებსა და რთულ ურთიერთობებში გარკვევა. მხოლოდ ამგვარად ისწავლიან ისინი საკუთარი იმპულსების კონტროლს, მხოლოდ ამგვარად მოახერხებენ, არ გახდენენ ძალადობის ობიექტები ან თავად არ იქცნენ მოძალადეებად.
ძალადობა არასოდეს წარმოიშობა ისე, უბრალოდ, თვისთავად. მოძალადეების უკან დგას აღზრდა, რომელიც დაფუძნებული იყო დათრგუნვაზე, გაუმართლებელ სიმკაცრეზე, ემოციების შეკავებაზე. ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლები იყვნენ, დიდი ალბათობით, თავად გახდებიან მოძალადეები. დღეს აღარავინ დავობს იმაზე, რომ იმ უფროსების უმეტესობამ, რომლებიც ბავშვებზე (და არამხოლოდ მათზე) ძალადობენ, ბავშვობაში თავად გადაიტანა ძალადობა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანი, რომელიც ბავშვობაში ემოციურ დეპრივაციას განიცდიდა, დიდი ალბათობით ზრდასრულ ასაკში ან მოძალადე გახდება, ან თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება ჩამოუყალიბდება.
აღზრდის ძალადობრივი მეთოდები სრულიად მიუღებელია, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ბავშვის პიროვნება ღირსებისა და პატივის შემლახავ გარემოში ყალიბდება, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ბავშვი ექცევა ერთგვარ ტოტალიტარულ რეჟიმში, რომლის წიაღშიც ის სათანადოდ ვერ აღიქვამს სიტუაციას და ვერ ახერხებს თავის დაცვას დამცირებისა და ჩაგვრისაგან. ასე აღზრდილი ბავშვი ზრდასრულ ასაკში თავად გადაიღებს ურთიერთობის ამ სტილს და მისით იხელმძღვანელებს ოჯახში, სამსახურში, პოლიტიკაში – ყველგან, სადაც მისი, საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ბავშვის შიშები შეეჯახება ძალადობაზე დაფუძნებულ წინააღმდეგობას.
დათრგუნული ბავშვის მყიფე ფსიქიკა აიძულებს მას, საკუთრი თავი აგრესორთან გააიგივოს, გაამართლოს მისი ქმედებები და მოძალადის პოზიციაზე გადავიდეს. აქ საუბარია იმაზე, რომ ბავშვები იმდენად სუსტები არიან, რომ მათთვის ტკივილის გადატანის ერთადერთი გზა ამ ტკივილის სამართლიანობის და სარგებლიანობის აღიარებაა. „ეს ყველაფერი ჩემივე კეთილდღეობისთვის კეთდება“. სწორედ ამიტომ ბავშვთა მიმართ ძალადობა თაობებს გადაეცემა. არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ბავშვები იძულებულები არიან, სიტუაციას განსხვავებული ინტერპრეტაცია მოუძებნონ, მათ არ აქვთ არჩევანი: ისინი მთლიანად საკუთრი მჩაგვრელების ხელში არიან და ამიტომ ხშირად ცდილობენ, განდევნონ, დაივიწყონ უსიამოვნო მოგონებები. ამ მანკიერი ჯაჭვის გასაწყვეტად საჭიროა კონფლიქტისა და ძალადობის ერთმანეთისგან განსხვავება. მშობლებმა უნდა აღიარონ, რომ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს აგრესიული გრძნობები და ზრახვები, მათ შორის – საკუთარი მშობლების და მით უმეტეს – სხვა ბავშვების მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ პატარა ძალადობისკენ მიისწრაფვის. ბავშვებს, ყოველ შემთხვევაში, ექვს წლამდე, არ გააჩნიათ ისეთი ფსიქოკოგნიტიური უნარები, რომლებიც საჭიროა ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად. მათ არ შეუძლიათ, ორგანიზება გაუწიონ წინასწარ დაგეგმილ ქმედებას და ის,რაც მშობლებს აგრესიულ საქციელად ეჩვენებათ, სინამდვილეში რეაქციაა, რომელიც გამოწვეულია საკუთარ ემოციებთან გამკლავების უუნარობით.
მნიშვნელოვანია, ბავშვს კონფლიქტში ჩართვის ნება დავრთოთ. ეს მას დაეხმარება, ისწავლოს (სათანადო დახმარების პირობებში) აგრესიის შეფასება, მისი დოზირება და შეკავება. ძალადობისადმი მიდრეკილება ჩნდება მაშინ, როდესაც:
- ბავშვს არ აძლევენ საშუალებას, გარეთ გამოიტანოს საკუთარი იმპულსები, გამოხატოს გრძნობები;
- როდესაც მშობლები ზედმეტად მკაცრი აღმზრდელობითი მეთოდების გამოყენებით უღვივებენ ბავშვს დანაშაულის გრძნობას.
ბავშვი, რომელმაც ვერ ისწავლა თავის უეცარ მრისხანებასთან გამკლავება, სირცხვილს გრძნობს და ცდილობს, დისტანცირდეს საკუთარი ემოციებისგან. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ შიში, რომ მათ შვილებს შესაძლოა ძალადობისკენ მიდრეკილება ჩამოუყალიბდეს, აიძულებს მშობლებს, აღზრდის დიქტატორული მიდგომები გამოიყენონ.
მხოლოდ სწორი აღზრდის პირობებშია შესაძლებელი ბავშვების დაუნდობლობის და ძალადობრივი ქმედებების თავიდან აცილება. ამისთვის უნდა ვასწავლოთ შვილებს „სწორად“ ჩხუბი და კონფლიქტის შემთხვევაში მათ მიერ გამომჟღავნებული ემოციების მიღების უნარი.
ბავშვებმა უნდა ისწავლონ:
- ერთმანეთის პირადი სივრცის საზღვრების გავლება.
- სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას საკთარი უნარ-ჩვევების გამოცდა;
- იმედგაცრუებასთან გამკლავება;
- გარშემო მყოფებთან ურთიერთობის სწორი სტრატეგიების არჩევა.