სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ნორვეგიის სასკოლო განათლება

განათლების სისტემა, მისი პრინციპები და პრიორიტეტები, წესისამებრ, ნაციონალურ მენტალიტეტსა და საზოგადოებრივ ღირებულებებს ასახავს. ამ კუთხით საკმაოდ საინტერესოა სასკოლო განათლებისადმი ნორვეგიული მიდგომა: მისი არაავტორიტარულობა, ცოდნის გააზრებული მიღება, ინდივიდუალური მიდგომა და თანასწორობა. ყოველივე ეს კი, საზოგადოდ, ნორვეგიული ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტებია.

ნორვეგიის საჯარო სკოლების ყველა საფეხურზე სწავლა უფასოა. სასკოლო სივრცეში უპირველესი ყურადღება ექცევა საყოველთაო, თანასწორ უფლებასა და ხელმისაწვდომობას საზოგადოების ყოველი წევრისთვის.

ნორვეგიაში საერთო სტანდარტზე დაფუძნებული სასკოლო სისტემაა. არსებობს ერთიანი სახელმწიფო სასწავლო გეგმა. სწავლება ორიენტირებულია მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და უნარების ინდივიდუალურ განვითარება-დახვეწაზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლე თავისთავად არის ღირებულება ანუ ბავშვის პიროვნება ვითარდება სახელდობრ მისთვის დამახასიათებელი უნარების შესაბამისად და არა სასწავლო გეგმის მიხედვით. ნორვეგიულ სკოლაში არავინ ადარებს ერთი მოსწავლის მოსწრებას მეორისას. სკოლა ცდილობს, თითოეულ მოსწავლეს მისცეს აუცილებელი ცოდნა მისთვის კომფორტულ ვითარებაში და მისთვის კომფორტული ტემპით, ამიტომ ყოველ მოსწავლეს საკუთარი გეგმა აქვს განსაზღვრული როგორც სასკოლო, ისე საშინაო სამუშაოს შესასრულებლად. ამ გეგმის შედგენაში კი მასწავლებლებთან ერთად თავად მოსწავლეც მონაწილეობს.

ნორვეგიის სასკოლო განათლების სისტემა შესაძლოა არ მოეწონოთ მათ, ვინც მიჩვეულია, სწავლაში წარმატება და, საზოგადოდ, მისი მნიშვნელობა ციფრებითა და შეფასებებით გამოხატონ. ნორვეგიაში მერვე კლასამდე ნიშნებს საერთოდ არ წერენ, შეფასებას მსუბუქად, მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ. ეს გარემოება ზოგიერთ სხვა ქვეყანაში შესაძლოა უცნაური მოეჩვენოთ, რადგან, წესისამებრ, მშობლები სწორედ შვილის მაღალი ნიშნებით ამაყობენ: „ჩემი გოგო ათოსანია”, „მას ყველა საგანში ათიანი ჰყავს”.

ამრიგად, ნორვეგიაში ის უფრო ფასობს, რა ისწავლა და რა შინაარსის ცოდნა შეიძინა მოსწავლემ, ვიდრე ის, როგორი ნიშანი მიიღო მან – მაღალი თუ დაბალი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სამოტივაციო ფაქტორი იმისა, რომ მოსწავლემ კარგ ნიშნებზე აღარ „ინადიროს” მიუღებელი მეთოდებით (შპარგალკა და სხვა) და თავად ცოდნის შეძენა ყურადღების მიღმა არ დარჩეს. ნორვეგიულ სკოლაში ნიშნების/ქულების ნაცვლად სხვა ცნებებით ოპერირებენ. ესაა „გუნდური მუშაობა”, „დისკუსია”, „გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება”. სწავლის პირველივე დღეებიდან მოსწავლეს აჩვევენ იმ აზრს, რომ თითოეული ადამიანის პიროვნება ვითარდება მხოლოდ სხვებთან ურთიერთობით, ამიტომ სწავლების პროცესი იმგვარად არის ორგანიზებული, რომ ბავშვებმა ისწავლონ ამა თუ იმ გადაწყვეტილების შედეგების ერთობლივი შეფასება.

აღზრდის ამგვარი პრინციპები მოსწავლეს უყალიბებს ძალზე მნიშვნელოვან თვისებებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი ცხოვრებისთვის.

ნორვეგიული სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გაუღვივოს ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულება. პოსტსაბჭოთა ქვეყნების სკოლებში კი სრულიად განსხვავებული მიდგომა იყო გაბატონებული: მოსწავლის მართვის ძირითადი ბერკეტი სწორედ მის ცუდ ნიშნებზე მითითება იყო.

ნორვეგიული სკოლის კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება ის გახლავთ, რომ აქ უფროს კლასებში მოსწავლეების გამოცდებზე გასვლა შერჩევითია. იმის შესახებ, ვინ ჩააბარებს გამოცდებს და, კერძოდ, რომელ საგნებს, იგებენ გამოცდამდე ორი დღით ადრე. მათ არჩევს ნორვეგიის საგამოცდო სამდივნო, რომელსაც წინასწარ არავითარი ინფორმაცია არ აქვს არც მოსწავლეზე და არც მისი მოსწრების ხარისხზე.

სკოლის დამთავრების შემდეგ ნორვეგიელთა უმეტესობა უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში აბარებს. სხვათა შორის, ამ ქვეყანაში სკოლადამთავრებულმა, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში აბარებს, აუცილებლად უნდა დაწეროს სამოტივაციო წერილი, რომელშიც დაასაბუთებს, რაში სჭირდება უმაღლესი განათლება და დაძლევს თუ არა სასწავლო პროგრამას. ნორვეგიულ სკოლაში შესაძლებელია ასევე სპეციალობის, ხელობის ათვისებაც.

ნორვეგიის სკოლებში 38 სასწავლო კვირაა ანუ მოსწავლეები ივნისშიც სწავლობენ. სავალდებულო სასკოლო განათლების სისტემა გულისხმობს 13-წლიან სწავლებას (10 წელი – დაწყებითი და საშუალო სკოლები, 3 წელი კი უფროსი კლასები). სკოლების დამახასიათებელი თავისებურებაა მოსწავლეთა მკაცრი დაყოფა ასაკის მიხედვით – დაწყებითი, უფროსი დაწყებითი და საშუალო სკოლები, წესისამებრ, გამოყოფილია უფროსი კლასებისგან. მცირედ დასახლებულ ადგილებში ამგვარი დაყოფა არ არსებობს ობიექტური მიზეზების გამო. მაგ., ერთ-ერთ ნორვეგიულ სოფელში სკოლაში მხოლოდ ერთი მოსწავლე დადის – 12 წლის ანდრინი. ეს გოგონა ერთადერთი ბავშვია სოფელში, სადაც სულ 18 ადამიანი ცხოვრობს.

ნორვეგიის დაწყებით სკოლებში ბავშვები სწავლობენ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, უფროს დაწყებით სკოლაში – მეხუთედან მეშვიდეს ჩათვლით, საშუალოში – მერვედან მეათეს ჩათვლით.

იმ საგნების სია, რომლებშიც გამოცდებს ატარებენ, მუდმივია. ესენია: ინფორმატიკა, ეკონომიკა, მათემატიკა და ინგლისური ენა. ამ სიიდან საგამოცდოდ, წესისამებრ, ირჩევენ ერთ ან ორ დისციპლინას. უფროს კლასებში გამოსაშვები გამოცდის სახით კი ამატებენ ორ სავალდებულო გამოცდას – ნორვეგიულ ენას და ერთ რომელიმე საგანს არჩევით.

უფროს კლასებში საკმაოდ პოპულარულია პროფესიული ხელობის განყოფილება. აქ ორი წლის განმავლობაში ეუფლებიან დურგლის, მლესავის, ზეინკლის და სხვა ხელობებს, რის შემდეგაც ორი წელი პრაქტიკას გადიან შესაბამის დაწესებულებებში. მხოლოდ ამის შემდეგ იღებს მოსწავლე უფროსი კლასების დიპლომს, რომელშიც ასევე მითითებულია, რა ხელობას ფლობს კურსდამთავრებული. ასეთი დიპლომის მქონე ყოველთვის მაღალანაზღაურებად სამუშაოს პოულობს.

ნორვეგიაში არსებობს სახალხო სკოლებიც, სადაც ერთი წელი სწავლა შეუძლიათ იმ მოსწავლეებს, რომელთაც სკოლა ახალი დამთავრებული აქვთ, უნივერსიტეტში ან კოლეჯში კი არ ჩაუბარებიათ. ამ სკოლებს ნორვეგიულად ეწოდება Folkehogskole – ეროვნული სახალხო სკოლა (ინგლისურად – Folk high school). ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებებს ზოგჯერ „ჩრდილოეთის ფენომენადაც” მოიხსენიებენ. პირველი ასეთი სკოლა 150 წლის წინ გაიხსნა დანიაში. შემდეგ ისინი მთელ სკანდინავიაში გავრცელდა. მათი საერთო რიცხვი სკანდინავიის ქვეყნებში 400-მდეა.

ნორვეგიაში 82 სახალხო სკოლაა. წესისამებრ, ისინი ქალაქებისგან მოშორებით მდებარეობს. თითოეულ სკოლას თავისი სპეციალიზაცია აქვს. არის სკოლები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ან სპორტს, ან ტურიზმის საკითხებს, ან ფოტოგრაფიის ხელოვნებას, ან უცხო ენებს, ან მუსიკას, ან სოციალურ მეცნიერებებს, პედაგოგიკას, ჟურნალისტიკას და სხვა.

მაგრამ სახალხო სკოლის დიპლომი არ წარმოადგენს აქ მიღებული სპეციალობის მოწმობას, თუმცაღა სახალხო სკოლადამთავრებულთა დაახლოებით 30 პროცენტი მაშინვე შოულობს სამუშაოს – დანარჩენები უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ სწავლას და სახალხო სკოლის დიპლომი მათ დამატებით ქულებს სძენს უნივერსიტეტში ჩაბარებისას. სახალხო სკოლების მიზანი, უმთავრესად, პროფესიის არჩევაში მოსწავლის დახმარებაა.

მოამზადა დავით თინიკაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი