როდესაც ინტეგრირებულ გაკვეთილზე დავიწყე ფიქრი, მინდოდა, უპირველეს ყოვლისა, ბავშვების ინტერესები გამეთვალისწინებინა და ვკითხე, რომელი საგანი უყვარდათ მეტად. უმეტესობამ, რა თქმა უნდა, სპორტიო, მიპასუხა. თავსატეხი გამიჩნდა: რა გამეკეთებინა ისეთი, რომ ბავშვების ინტერესი გამომეწვია. მერე გამახსენდა ერთი ამერიკული თამაში: „Scavenger Hunt“, რომელიც შეიძლებოდა ადვილად დამეკავშირებინა სპორტთან და საინტერესო და აქტიური გაკვეთილი დამეგეგმა.
რჩევისთვის – რა აქტივობები შეიძლებოდა ჩაგვერთო ინტეგრირებულ გაკვეთილში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით – სპორტის მაწავლებელს მივმართე. გაკვეთილის თემად ავირჩიე „Challenge Hunt“, მიზნად – მოსწავლეებისთვის გუნდური მუშაობის უნარების განვითარება, ფიზიკური აქტივობის განსაზღვრულ დროში შესრულება, ახალი სიტყვების ახსნისა და მოდელირების შემდეგ – ფიზიკური ვარჯიშების შესრულება, დაბოლოს – წინარე ცოდნის შეჯამება, დანაწევრებული წინადადებების შედგენა.
მოთელვისთვის გაკვეთილი დავიწყეთ გეომეტრიული ფიგურების გახსენებით და მოსწავლეებიც დავაჯგუფე: ჩემ მიერ მომზადებული ბარათები სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურის გამოსახულებით შემთხვევითობის პრინციპით დავურიგე ბავშვებს და შეიქმნა ხუთი გუნდი: Smiles, Hearts, Stars, Triangles, Circles.
ლექსიკისთვის გამოვიყენე ფლიპჩარტზე დაწერილი სიტყვები და მათი შესატყვისი მოქმედებების ამსახველი ნახატები, რომლებიც ბავშვებმა მარკერით დააწყვილეს. ზოგი სიტყვა მათთვის ნაცნობი აღმოჩნდა, ზოგიც – ახალი. ახალი სიტყვების მოდელირებაში სპორტის მასწავლებელი დამეხმარა.
შემდეგ გუნდები გაემართნენ თავ-თავიანთი ადგილებისკენ, სადაც მათი გუნდების სიმბოლოები ეხატა. პატარა სკივრებში მათ იპოვეს დანაწევრებული წინადადებები, რომლებიც სწორად უნდა აეწყოთ. წინადადებები შეიცავდა წინა გაკვეთილზე შესწავლილ მასალას (განუსაზღვრელ ნაცვალსახელებს). იქვე იყო ფლიპჩარტის ფურცლები და მარკერები. შედგენილი წინადადებები სწორედ ამ ფურცლებზე უნდა გადაეტანათ. ბავშვებმა ყველა დავალება განსაზღვრულ დროში შეასრულეს.
ჯგუფების პრეზენტაციას მოსწავლეები ერთად ადევნებდნენ თვალყურს და ერთმანეთს შეცდომებს უსწორებდნენ.
მინდა ვთქვა, რომ გაკვეთილის მიზნებს მივაღწიე სწორად დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად წარმართვით. ასევე ეფექტურად გამოვიყენე დროც და რესურსებიც: კარგად იმუშავა პოსტერმა, დაჯგუფების ბარათებმა, წინასწარ მომზადებულმა „დანაწევრებულმა“ წინადადებებმა და სპორტულმა ინვენტარმა. ბავშვებმა მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და ფიზიკური შესაძლებლობები.
უკუკავშირის დროს ბავშვების პასუხები გასაოცარი იყო. კითხვაზე, თუ რა ისწავლეს ამ გაკვეთილიდან, მიპასუხეს, რომ გუნდური მუშაობა, ახალი სიტყვები სპორტის თემაზე, დაბოლოს – ცხოვრებისეული უნარები. ვთხოვე, აეხსნათ, რას გულისხმობდნენ. მათ მითხრეს: „ცხოვრებაში ადვილად არაფერი მოდის და თუ გვინდა, მიზანს მივაღწიოთ, აუცილებლად უნდა გადავლახოთ დაბრკოლებებიო“. მხოლოდ ამ პასუხად ღირდა ეს გაკვეთილი.
როგორც ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, ამ საგნების ინტეგრირება ჩვენს სკოლაში ჯერ არავის უცდია. მათივე თქმით, ეს მიდგომა სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან შემეცნებასთან ერთად ხელი შეუწყო მოსწავლეების მოტორული უნარების განვითარებასაც. ასეა თუ ისე, გაკვეთილმა დადებითი გავლენა უდავოდ მოახდინა, რადგან ბავშვები დიდი ინტერესით შეხვდნენ სწავლების ამ ახალ ფორმას.
გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას:
ინტეგრირებული გაკვეთილი – სპორტი/ ინგლისური
საგანი
|
ინგლისური ენა – სპორტი
|
კლასი
პედაგოგი |
V კლასი
მანანა კაპეტივაძე |
მოსწავლეთა რაოდენობა | 25 მოსწავლე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე – 0 |
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა | ჯგუფური მუშაობა, ერთმანეთის შეფასება |
გაკვეთილის თემა | Challenge Hunt
|
გაკვეთილის ზოგადი მიზნები | · მოსწავლეებმა დაბრკოლებების გადალახვით შეასრულონ გრამატიკული დავალება
· ჩამოუყალიბდეთ გუნდური მუშაობის უნარები · შეძლონ განვითარებისთვის გამიზნული ფიზიკური აქტივობების შესრულება · აუმაღლდეთ ფიზიკური ვარჯიშისადმი ინტერესი და გამოიმუშაონ სწორი მოძრაობის უნარ-ჩვევები |
გაკვეთილის მიზნები და ამოცანები | გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეების თითოეული გუნდი შეძლებს:
სპორტი: · რამდენიმე მარტივი ფიზიკური ვარჯიშის შესრულებას განსაზღვრულ დროში სხვადასხვა აღჭურვილობის (ბურთი, ლახტი, კონუსები) გამოყენებით; ინგლისური ენა: · ახსნისა და მოდელირების შემდეგ ინგლისური სიტყვების მნიშვნელობის გაგებას (skipping rope, push-ups, jump, squat, dribble, burpee press) და მოქმედებების შესრულებას; · მოცემული სიტყვებისგან 5 წინადადების შედგენას ახალი სიტყვებისა და გრამატიკული მასალის (განუსაზღვრელი ნაცვალსახელები) some/ any/ a few/ a little, many/much, a lot of/ how many/how much – არჩევითი პასუხების გამოყენებით;
|
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები | სპორტის სტანდარტი. მე–5-7 კლასები
2. მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარ–ჩვევები ფ.ა.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა ფიზიკური აქტივობისას. შინაარსი: 2. მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარ–ჩვევები – რბენა, ხტომა, გადახტომა, ჩამოხტომა, ვიწრო საყრდენზე წონასწორობის შენარჩუნება, სხვადასხვა ზომის, ფორმისა და სიმძიმის საგნების დაჭერა, მიზანში ტყორცნა, მანძილის განსაზღვრა. გუნდური თამაშების (ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის) ძირითადი ტექნიკური ელემენტები. წინ და უკან კოტრიალი, ხარიხაზე დაყრდნობით გადახტომა.
ინგლისურ ენაში მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები: (დ II) მიმართულება: მოსმენა უცხ.დ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: · სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., ადექი, დაჯექი, მოდი დაფასთან, გადაშალე წიგნი და სხვა); · ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს. მიმართულება: წერა უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა. · ავსებს ნაკლულ ტექსტს საჭირო ინფორმაციით (გამოტოვებული სიტყვებით); · ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაიწერს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს. მიმართულება: სწავლის სწავლა უცხ.დ.II.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
უცხ.დ.II.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში. · ქმნის რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., წინადადებას); · სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როდესაც სიძნელეებს აწყდება. უცხ.დ.II.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებსა და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები. · თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი; · ცდილობს, მეწყვილესთან ერთად გადაჭრას დასმული ამოცანა.
|
|||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის ხანგრძლივობა |
45 წუთი |
|||||||||||||||||||||||||
სასწავლო რესურსები/მასალები | · ფლიპჩარტის ქაღალდი
· კონვერტები სხვადასხვა ფორმის ბარათებით · პატარა ყუთები · მარკერები · დაჭრილი წინადადებები · სკოჩი · კალათბურთის ბურთები · ლახტი · კონუსები
|
|||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა
რადგან ეს გაკვეთილი მოიცავს ფიზიკურ აქტივობებს, სასურველია, ჩატარდეს ეზოში ან სპორტულ დარბაზში. |
მასწავლებელი აცნობს ბავშვებს გაკვეთილის მიზნებს და უხსნის, რა უნდა გააკეთონ – 2 წუთი
აქტივობა 1-ელი. Ø მასწავლებელი აყენებს ბავშვებს წრეში და სთხოვს, გაიხსენონ გეომეტრიული ფიგურები და ფორმები (shapes – circle, triangle, star, heart shape). შემდეგ შემთხვევითობის პრინციპით (randomly) ურიგებს ბარათებს სხვადასხვა ფორმის ფერადი ფიგურებით და სთხოვს, დაჯგუფდნენ ფიგურების მიხედვით. თითო ჯგუფში ხუთი ბავშვი უნდა მოხვდეს – 5 წუთი
აქტივობა მე-2. Ø თავდაპირველად მასწავლებელი აჩვენებს ბავშვებს ფლიპჩარტს, რომელზეც ჩამოწერილია სიტყვები (skipping rope, push-ups, jump, squat, dribble, burpee press) და ხატია შესაბამისი გამოსახულებები. მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს, დააწყვილონ სიტყვები ნახატებთან. უცხო სიტყვები (squat, burpee press) შეიძლება გამოიცნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებელი უხსნის ბავშვებს სიტყვის მნიშვნელობას.
Ø მომდევნო ეტაპი – კენჭისყრის შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა უნდა მიირბინოს დანიშნულების ადგილას, ჯგუფის შესაბამის სიმბოლოსთან, და აიღოს პატარა სკივრი დავალებებით. მაგრამ სკივრს ისე ვერ მოიპოვებენ, თუ არ შეასრულეს სავალდებულო ფიზიკური ვარჯიშები – 7 წუთი
აქტივობა მე-3. Ø მოსწავლეები დგებიან სასტარტო პოზიციაზე და სასტვენის შემდეგ გარბიან დავალების შესასრულებლად. სპორტის მასწავლებელი თვალყურს ადევნებს და ეხმარება ბავშვებს ვარჯიშების შესრულებაში. ფიზიკური ვარჯიშების აღწერა დევს სკივრებში, რომლებსაც დანიშნულების ადგილზე პოულობენ. გუნდის ლიდერი ხსნის სკივრს და კითხულობს დავალებას. მაგ.: „Your group members will do 10 push-ups each in order to find out the task“. ჯგუფის ყველა წევრმა უნდა გააკეთოს 10-10 აზიდვა. ამის შემდეგ უკვე შეიძლება დავალების კონვერტის გახსნა. მეორე ჯგუფის დავალება: „Your group members will do 10 burpee press each in order to find out the task“. მესამე ჯგუფის დავალება: „Your group members will skip the rope 10 times each in order to find out the task“. მეოთხე ჯგუფის დავალება: „Your group members will do 10 squats each in order to find out the task“. მეხუთე ჯგუფის დავალება: „Your group members will dribble the ball through 10 cones each in order to find out the task“. – 5 წუთი
აქტივობა მე-4. Ø სკივრებში შემდეგი დავალებებია მოცემული – დანაწევრებული წინადადებების შედგენა. ჯგუფებმა უნდა შეადგინონ წინადადებები, some/ any/ a few/ a little, many/much, lots/ a lot of – გამოყენებით. თითო პაკეტში 5 წინადადებაა, ანუ თითო მოსწავლეზე ერთი წინადადება. ვარჯიშების შემდეგ, ისინი ხსნიან კონვერტებს დავალებებით და ადგენენ წინადადებებს. შედგენილი, დაწყობილი წინადადებები მათ გადააქვთ ფლიპჩარტის ფურცელზე და აკრავენ ხეზე (კედელზე). ყველა ჯგუფი პარალელურად ასრულებს დავალებებს. ამისათვის მათ 15 წუთი ეძლევათ დრო.
აქტივობა მე-5.
Ø როდესაც ყველა ჯგუფი შეასრულებს თავის დავალებას და გააკრავს ფლიპჩარტს, ბავშვები თავიანთ ნაშრომს წარადგენენ. დანარჩენები უსმენენ, ამოწმებენ, ინიშნავენ შეცდომებს და შემდეგ აძლევენ უკუკავშირს. განხილვას და შეჯამებას დაეთმობა 10 წუთი.
აქტივობა მე-6.
Ø უკუკავშირი – რა ვისწავლეთ ამ აქტივობით? მოსალოდნელი პასუხები: გუნდური მუშაობა, დაბრკოლებების გადალახვა, წინადადებების აწყობა და ა.შ. – 2 წუთი
|
|||||||||||||||||||||||||
შეფასება |
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
|