ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

გაერთიანებული ევროპა

მწერლები და ფილოსოფოსები საუკუნეების წინ ოცნებობდნენ გაერთიანებულ ევროპაზე. ვიქტორ ჰიუგო მშვიდობიან ,,ევროპის გაერთიანებულ შტატებზე” ფიქრობდა, რომელიც ჰუმანისტურ იდეებს დაეფუძნებოდა. მანამდე კი იმანუელ კანტს ,,მარადიული მშვიდობისთვის” აუცილებლად მიაჩნდა ევროპული სახელმწიფოების კონფედერაციის შექმნა. ეს ოცნება მე-20 საუკუნეში ევროპის კონტინენტზე ორმა საზარელმა მსოფლიო ომმა კინაღამ საბოლოოდ დაასამარა. თუმცა მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებში მაინც გაჩნდა გაერთიანების იმედი. ტოტალიტარიზმის მოწინააღმდეგებმა გადაწყვიტეს, ურთიერთშუღლი და სიძულვილი დაესრულებინათ და გადამტერებულ ერებს შორის მშვიდობა დაემყარებინათ.    

 

1945 – 1950 წლებში შორსმჭვრეტელმა სახელმწიფო მოღვაწეებმა: უინსტონ ჩერჩილმა, კონრად ადენაუერმა, ალჩიდე დე გასპერმა და რობერტ შუმანმა დაარწმუნეს თავიანთი ქვეყნების მოსახლეობა, რომ მათ ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყებოდა.  

1950 წლის 9 მაისს შუმანმა წამოაყენა წინადადება ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული  გაერთიანების დაარსების შესახებ. ეს, როგორც პრაქტიკული, ისე სიმბოლური თვალსაზრისით, ომისათვის აუცილებელი ნედლეულის მშვიდობის დასამყარებლად გამოყენებას ნიშნავდა. შუმანის გეგმა რეალობად იქცა 1951 წლის 18 აპრილს, როდესაც პარიზში ხელი მოეწერა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული  გაერთიანების დაარსებას. 
გაერთიანება დააფუძნა ექვსმა ევროპულმა სახელმწიფომ: ბელგიამ, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდებმა.  გაერთიანება მიზნად ისახავდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დამარცხებულებსა და გამარჯვებულებს შორის მშვიდობის განმტკიცებას ერთობლივ ინსტიტუციებში თანასწორუფლებიანი თანამშრომლობით.   

1957 წლის 25 მარტს ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული  გაერთიანების დამფუძნებელმა ექვსმა სახელმწიფომ რომში ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ატომური ენერგიის დარგში ევროპული გაერთიანებისა და ევროპული ეკონომიკური გაერთიანების შექმნის შესახებ. ევროპული ეკონომიკური გაერთიანება მიზნად ისახავდა დიდი ევროპული ბაზრის შექმნას მრავალფეროვანი საქონლითა და მომსახურებით. ექვს დამფუძნებელ ქვეყანას შორის გაუქმდა საბაჟო სამსახურები. ამავე დროს დაიწყო საერთო პოლიტიკის გატარება ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. 

განხორციელებული ღონისძიებები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დანიამ, ირლანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა გაერთიანებაში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ამავდროულად გატარდა ახალი სოციალური და გარემოსდაცვითი ღონისძიებები. 

1975 წელს დაფუძნდა რეგიონული განვითარების ევროპული ფონდი (EFRE). 

1979 წელს გაიმართა ევროპის პარლამენტის პირველი საყოველთაო პირდაპირი არჩევნები. ეს არჩევნები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. 

1981 წელს გაერთიანების წევრი გახდა საბერძნეთი, 1986 წელს კი – პორტუგალია და ესპანეთი. ევროპის სამხრეთით გაფართოებამ რეგიონული დახმარების პროგრამების განხორციელება განსაკუთრებით დააჩქარა. 

მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, 80-იანი წლების დასაწყისში მაინც აგორდა ,,ევროპესიმიზმის” ტალღა. ევროპის ინტეგრაციას ახალი იმპულსი სჭირდებოდა. ეს იმპულსი კი ევროპის კომისიის მიერ წარდგენილი გეგმა უნდა ყოფილიყო – გეგმა ევროპული შიდა ბაზრის ჩამოყალიბების შესახებ.

ევროპის პოლიტიკური სურათი არსებითად შეიცვალა 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. გაერთიანდა გერმანია, დაიშალა საბჭოთა კავშირი და 1991 წელს მაასტრიხტში ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა ევროპის კავშირი. ამას მოჰყვა შუა და აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიზაციის პროცესი. აღმოსავლეთევროპულმა ქვეყნებმა თავი დააღწიეს საბჭოთა კავშირის კონტროლს და დაიწყეს რეფორმირება ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. 

1995 წელს ევროპის კავშირს შეუერთდა ფინეთი, ავსტრია და შვედეთი. თუმცა ამ პერიოდისთვის ევროპა უკვე ახალი გამოწვევების წინაშე იდგა. ახალი ტექნოლოგიები ეკონომიკის მოდერნიზებას მოითხოვდა. ამასთანავე, უმუშევრობა და საპენსიო სისტემების მზარდი ხარჯები მძიმე ტვირთად დააწვა წევრი სახელმწიფოების ეკონომიკას. რეფორმები გარდაუვალი იყო. ამიტომაც, 2000 წელს დაამტკიცეს ე.წ. ,,ლისაბონის სტრატეგია”. ევროპის კავშირმა მიზნად დაისახა მსოფლიო ბაზარზე პოზიციების განმტკიცება, აშშ-სა და სხვა ქვეყნებისთვის კონკურენციის გაწევა. გარდა ამისა, უნდა მომხდარიყო ინოვაციების და ინვესტიციების ხელშეწყობა, აგრეთვე ევროპის განათლების სისტემების რეფორმირება.  

ამავე დროს ევროპის კავშირი ერთიანი ვალუტის შემოღებაზე მუშაობდა, რასაც მნიშვნელოვნად უნდა გაეიოლებინა საქმე საწარმოებისთვის, მომხმარებლებისა და ტურისტებისათვის. 2002 წელს ევრომ ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფოს ვალუტა შეცვალა. დოლართან ერთად, ის მნიშვნელოვან საერთაშორისო ვალუტად იქცა.  

საბჭოთა კავშირის გავლენისგან თავის დაღწევის შემდეგ, განხორციელებული რეფორმების საფუძველზე, 2004 წელს ევროპის კავშირში გაწევრიანდნენ ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის სახელმწიფოები: პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი; ბალტიის სახელმწიფოები: ესტონეთი, ლიტვა, ლატვია  და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები: მალტა და კვიპროსი. 2007 წელს ევროპის კავშირში გაწევრიანდა ბულგარეთი და რუმინეთი. ევროპის კავშირმა დიდ გაფართოებაში ევროპის კონტინენტის სტაბილიზაციის შანსი დაინახა. დღეს ევროპის კავშირი 27 სახელმწიფოს აერთიანებს.  

შესაძლებელია თუ არა, რომ ევროპის კავშირს სხვა სახელმწიფო შეუერთდეს? რა მოთხოვნებს უყენებს ევროპის კავშირი გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოს?  

ევროპა არის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანესა და ურალს შორის, ჩრდილოეთის ზღვასა და ხმელთაშუა ზღვას შორის. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს უფლება აქვს, გაწევრიანდეს ევროპის კავშირში. ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს დემოკრატიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ წინაპირობებს, უფლებამოსილია, მოითხოვოს ევროპის კავშირის წევრობა. ევროპის კავშირში ახალი სახელმწიფოს მიღებას ერთხმად უნდა დაეთანხმოს ევროპის კავშირის ყველა ქვეყანა.  

ამ ეტაპზე გაწევრიანების შესახებ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქეთთან, რომელიც უკვე არის NATO-ს წევრი სახელმწიფო. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ხორვატიასთან. გაწევრიანების სურვილი გამოთქვა მაკედონიამ, ალბანეთმა, ბოსნია-ჰერცოგოვინამ, მონტენეგრომ და სერბეთმა, აგრეთვე ისლანდიამ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოთა რიცხვს დაემატა კოსოვო. 

სახელმწიფო ევროპის კავშირში შეიძლება გაწევრიანდეს, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: 
1.   პოლიტიკური კრიტერიუმები: ინსტიტუციური სტაბილურობა, რომლითაც გარანტირებულია დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. სახელმწიფო უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს, მათ შორის უმცირესობათა უფლებებს; 

2. ეკონომიკური კრიტერიუმები: სახელმწიფოში უნდა არსებობდეს გამართული საბაზრო ეკონომიკა, რომელიც გაუძლებს ევროკავშირის ფარგლებში  არსებული კონკურენციის წნეხს; 

3. სახელმწიფოს უნდა შეეძლოს ევროპის კავშირის წევრობით განპირობებული ვალდებულებების შესრულება. ის უნდა დაეხმაროს ევროპის კავშირს მიზნების მიღწევაში. წევრობის მსურველ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ისეთი საჯარო მმართველობა, რომელსაც შეუძლია ევროპის კავშირის სამართლებრივი აქტების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება. 

რატომ უნდა სურდეს სახელმწიფოს ევროპის კავშირში გაწევრიანება, მაშინ, როდესაც ამ ნაბიჯით სახელმწიფო სუვერენიტეტს იზღუდავს? მიზეზი მარტივია: მშვიდობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური თანადგომა, ევროპული იდენტობის, ღირებულებების, მრავალფეროვნების შენარჩუნება გლობალიზებულ მსოფლიოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი