ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

სადაც სწავლა უყვართ

„მთელ სწავლის პერიოდში ჩემი უდიდესი პრობლემა ის გახლდათ, რომ რასაც მასწავლიდნენ, არ ემთხვეოდა იმას, რაც მაინტერესებდა”.
ფრენკ ზაპა
მსოფლიოს სასკოლო საგანმანათლებლო სისტემა დღესაც ასეა მოწყობილი – ასწავლიან იმას, რაც არ აინტერესებს მოსწავლეს. სახელმწიფო ამტკიცებს სასწავლო გეგმას და სკოლა, მასწავლებელი და მოსწავლე ამ დოკუმენტს ერგებიან.

ალბათ, იკითხავთ: დიახ, ასეა, მაგრამ სად არის ალტერნატივა? დენის ლიტკის იდეას („Big Picture”) გაეცანით.
1995 წელს დენის ლიტკიმ ელიოტ ვეშორთან ერთად აშშ-ში დააარსა კოლეჯი Metropolitan Regional Career and Technical Center. გამორჩეული იდეის განხორციელება ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა დააფინანსა. დღეს კი უკვე 72 ასეთი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციობს.

იდეა გამორჩეულია იმით, რომ კურიკულუმი სავსებით (და არა ნაწილობრივ) არის მორგებული თითოეული მოსწავლის საჭიროებებს, ინტერესებსა და მისწრაფებებს. 

ლიტკის მოსწავლეებს უყვართ ცხოვრება და სძულთ ტრადიციული სკოლა. ამ სკოლაში ყველა მოსწავლე წარმატებულია, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა ტრადიციული სკოლის კურიკულუმის დაძლევას. ამის მიზეზი ლიტკის შემდეგი გადაწყვეტილებებია:

. მან დაიქირავა მხოლოდ ენერგიული, წარმატებული, თავის საგანზე შეყვარებული მასწავლებლები;
. უარი თქვა ტესტირების გზით მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებაზე;
. უარი თქვა ნიშნებზე როგორც მოსწავლის წარმატების ერთადერთ მაჩვენებელზე; 
. ყურადღება აზროვნების განვითარებაზე გაამახვილა და არა ფაქტების დასწავლაზე;

. დანერგა მოსწავლეთა ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდები – გაკვეთილების უმრავლესობა იქცა პროექტებზე დაფუძნებულ მსჯელობად და გამოირიცხა სახელმძღვანელოებით სწავლა. თითოეულ მოსწავლეს დაევალა პროექტის შედგენა თავისი ინტერესის სფეროს მიხედვით, მასწავლებლები კი მოსწავლეთა პროექტების ხელმძღვანელებად იქცნენ. 

მოსწავლე ფასდება მის მიერ შედგენილი პორტფოლიოს მიხედვით, კვარტალში ერთხელ ის იცავს (დისერტაციის მსგავსად) თავის პროექტს მასწავლებლების, მშობლების, მენტორებისა და peer ჯგუფების წინაშე. 

ლიტკის აზრით, მოსწავლე მხოლოდ მაშინ იღებს განათლებას, როცა ის ამ პროცესის აქტიური მონაწილეა, როცა სასწავლო პროცესი მთლიანად არის ინდივიდუალიზებული მასწავლებლების, მშობლებისა და მენტორების მიერ და როცა სკოლა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, სკოლის ფარგლებს გარეთ შეიძინოს გამოცდილება.

სწავლა არ არის ინფორმაციის დამახსოვრება. ეს არის გააზრება, გაცნობიერება, ინფორმაციის მოძიებისა და მისი გამოყენების უნარი. გაკვეთილებს შორის, შესვენებების პერიოდში, მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ, ვიდრე გაკვეთილზე. დღეს კი სკოლათა უმრავლესობა მოსწავლეს ასწავლის, როგორ ჩააბაროს ტესტი, რომლის გამოყენებაც რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რომელიმე სატელივიზიო „ქუიზ შოუში” მონაწილეობ.

დაწყებითი საფეხურის სკოლა მოსწავლეს საბაზო საფეხურისთვის ამზადებს, საბაზო – საშუალოსთვის, საშუალო – კოლეჯისთვის, კოლეჯი – უნივერსიტეტისთვის. სკოლის ძირითად მიზნად მოსწავლის „უფრო მეტი სკოლისთვის” მომზადება იქცა.

„ახლა მე უფრო მეტად მაინტერესებს სკოლა, ვინაიდან სკოლას უფრო მეტად ვაინტერესებ მე”, – მოსწავლის ეს შეფასება ნათლად ასახავს ლიტკის სკოლაში კურიკულუმის შემუშავების პოლიტიკას – საგანმანათლებლო პროგრამა უნდა შეიმუშაოს მან, ვინც ყველაზე უკეთ იცნობს მოსწავლის შინაგან სამყაროს: მშობელმა, მასწავლებელმა და მოსწავლემ. 

წიგნში „განათლება ყველას საქმეა” დენის ლიტკის რამდენიმე მოსწავლის მაგალითი მოჰყავს. ერთ-ერთი მათგანია სონია, რომელიც აფროამერიკელების ისტორიით იყო დაინტერესებული. სკოლამ მოსწავლე „მიავლინა” სამოქალაქო უფლებების დაცვის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ადგილების მოსანახულებლად. ის ჩავიდა ალაბამაში, ეწვია ბირმინგემში მდებარე ბაპტისტურ ეკლესიას, მოინახულა ადგილი, სადაც ბომბის აფეთქებამ ოთხი გოგონა იმსხვერპლა; ბირმინგემის პარკიც მოინახულა, სადაც დემონსტრანტები დახოცა პოლიციამ; მონტგომერიშიც იყო – ავტობუსის იმ გაჩერებაზე, სადაც როზა პარკი დააკავეს. სკოლაში დაბრუნებულმა სონიამ დენის ლიტკის განუცხადა, რომ სკოლაში მისვლას მუდამ აგვიანებდა, მაგრამ წინათ ეს არც ადარდებდა, ახლა კი, როცა გაიგო, რამდენი ადამიანი დაიღუპა იმისთვის, რომ მას სკოლაში სიარულის უფლება ჰქონოდა, სულ სხვაგვარად გაიაზრა ეს საკითხი. დენის ლიტკი იხსენებს ასევე იმ მოსწავლის ისტორიას, რომელსაც სკოლაში მისვლის პირველივე დღიდან ადამიანის გარდაცვალების თემა აინტერესებდა. სკოლა არ იყო დარწმუნებული, რომ მოსწავლე ამ თემის კვლევას შეძლებდა, თუმცა ამის საშუალება მაინც მისცა. მოსწავლე დადიოდა დამკრძალავ ბიუროებში და სასაფლაოებზე, ესაუბრებოდა ადამიანებს გარდაცვალების შესახებ და მან წარმატებით დაიცვა პროექტი. დაცვაზე ერთ-ერთმა დამსწრემ ჰკითხა პროექტის ავტორს, გააგრძელებდა თუ არა ის ამ თემის კვლევას. მოსწავლემ უპასუხა, რომ ბავშვობაში, კამბოჯაში ცხოვრების დროს, მას მშობლები დაუხოცეს და სწორედ ამიტომ დაინტერესდა გარდაცვალების თემით. დიდი ხნის განმავლობაში ეს თემა მისი ფიქრის მთავარი საგანი იყო, ახლა კი ის ამაზე აღარ ფიქრობს და შეუძლია, გააგრძელოს სხვა საინტერესო თემების კვლევა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ამ მოსწავლის ცხოვრებაში, სკოლას მისთვის ამ საკითხის შესწავლის საშუალება რომ არ მიეცა.

თქვენ ვერაფერს შესთავაზებთ მოსწავლეს იმაზე მნიშვნელოვანს, რაც უკვე მასშია, ამიტომ, თუ მას ხელს შეუწყობთ, შეისწავლოს და იკვლიოს ის საკითხი, რომელიც აინტერესებს, მაშინ ის გაცილებით მეტს ისწავლის, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ნუ აიძულებთ მოსწავლეს იმის სწავლას, რაც არ აინტერესებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი