შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

განათლება ანტიკურ საბერძნეთში

განათლება მუდმივად განახლებადი პროცესია – ყველა თაობას თავისი სურვილები, მოთხოვნები და მიზნები აქვს, თუმცა ფაქტია, განათლების ფუნდამენტი დღემდე უცვლელია და იგი სათავეს საუკუნეების წინ იღებს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 21-ე საუკუნის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მხოლოდ ცალკეული ელემენტები კი არ თანხვდება ანტიკურს, არამედ მთელი სისტემა ანტიკურის მსგავსია.

რა ფასეულობები არსებობდა ანტიკურ საბერძნეთში და რა საერთო აქვთ მათ თანამედროვე განათლებასთან?
დიდი ბერძენი ტრაგიკოსი ევრიპიდე ამბობდა: „აღზრდა რთული საქმეა და მისი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა ადამიანის წმინდათაწმინდა მოვალეობაა, რადგან არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე საკუთარი თავისა და ახლობელთა განათლებაა”. როგორც ძველი ბერძნები ამტკიცებდნენ, აღზრდის პროცესი დროში განსაზღვრულია, ხოლო განათლების მიღებას ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე არ წყვეტს.

აღზრდის კონცეფცია საბერძნეთში გულისხმობდა ფიზიკურად და სულიერად სრულყოფილი ადამიანის აღზრდას. ათენური განათლება, ტრადიციისამებრ, ორ ნაწილად იყოფოდა: გონების წვრთნად და სხეულის წვრთნად.

ათენელი ვაჟი სწავლას 6-7 წლის ასაკში იწყებდა. ის სკოლაში ერთგულ მონას მიჰყავდა, რომელსაც ეწოდებოდა პედაგოგი. მას ბავშვისთვის მთელი დღე თვალყური უნდა ედევნებინა. განათლებასთან მონას შეხება არ ჰქონდა, მას მხოლოდ კარგი მანერების სწავლება და ზნეობრივი აღზრდა ევალებოდა. ამიტომ პედაგოგად, წესისამებრ, ირჩევდნენ მონას, რომელიც სანდო იყო, გამოირჩეოდა კარგი ყოფაქცევით და ზრდილობით.

სახელმწიფოს ჩართულობა განათლების საკითხებში 

ათენში არსებობდა ეტაპობრივი აღზრდის კონცეფცია. სახელმწიფო მოითხოვდა, ყველა ვაჟს ესწავლა წერა-კითხვა. მშობლებს უნდა აერჩიათ სკოლა და სწავლის ქირა გადაეხადათ. სკოლა კერძო დაწესებულება იყო, მასწავლებლობა კი არც ისე დაფასებულ პროფესიად მიიჩნეოდა. მასწავლებელს ხშირად გასამრჯელოსაც არ უხდიდნენ, თუმცაღა ის იმდენად მცირე იყო, რომ მისი გადახდა ღარიბ ოჯახებსაც კი შეეძლოთ. ვაჟები უმეტესად წერა-კითხვას არ სჯერდებოდნენ და მუსიკასა და გიმნასტიკასაც სწავლობდნენ. ეს ორი დისციპლინა ლიბერალური განათლების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა, ამიტომ ისწავლებოდა არა გრამატიკულ სკოლებში, არამედ ცალკე.

ათენში თავდაპირველად სახელმწიფო სკოლები არ იყო, ყველა მოქალაქეს შეეძლო სკოლის გახსნა. არც კურიკულუმი გახლდათ მკაცრად განსაზღვრული.

ანტიკურ ხანაში საბერძნეთში არსებობდა სკოლის საბჭო, რომელსაც ევალებოდა ფინანსების ადმინისტრირება, მასწავლებლების დანიშვნა და დაწესებულების გენერალური მენეჯმენტი. ის ადგენდა მასწავლებელთა ხელფასებსაც.

სპარტაში სახელმწიფო ბავშვის დაბადებისთანავე აწესებდა მასზე კონტროლს. უპირველეს ყოვლისა, მას უტარდებოდა გასინჯვა-შემოწმება და რაიმე ფიზიკური ნაკლის ან სერიოზული დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ხდებოდა მისი იზოლაცია ჩაკეტილი სპარტანული საზოგადოებისგან, ხოლო თუ ბავშვი ჯანმრთელი აღმოჩნდებოდა, უბრუნებდნენ ოჯახს, სადაც შვიდ წლამდე რჩებოდა და მშობლებისა და დაქირავებული ძიძის მეთვალყურეობით იზრდებოდა, შვიდი წლიდან კი იწყებოდა ბავშვის სახელმწიფო აღზრდა, რომელიც 30 წლამდე გრძელდებოდა.

სპარტელი ვაჟები მკაცრ პირობებში, სპეციალურ საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ, რათა ამტანობა გამოემუშავებინათ. მათგან მოითხოვდნენ ზამთარში ფეხშიშველა სიარულს, შიშველ მიწაზე ძილს, მოსამსახურეთა გარეშე საკუთარი თავის მომსახურებას, დღისით და ღამით მთელ ქვეყანაში ხეტიალს.
საერთო საცხოვრებლებში ვაჟები დივიზიებად ერთიანდებოდნენ. დივიზიიდან გამოარჩევდნენ ერთ ვაჟს, რომელიც ყველაზე უკეთ იქცეოდა და „მწყემსად” ნიშნავდნენ. მას ევალებოდა დივიზიაში დისციპლინის დამყარება. ძირითად კონტროლს კი ეწეოდა პედონომოსი (Paidonomos), რომელსაც ჰყავდა სპეციალური დამხმარეები, ე.წ. მემათრახეები. ფიზიკური დასჯა სპარტაში ჩვეულებრივი რამ იყო. სპარტაში ისჯებოდა ინდივიდუალიზმი, ინიციატივა, ვაჟებს ასწავლიდნენ მონურ მორჩილებას. შედეგად სპარტელებს ჰყავდათ „ძალიან ბევრი დიდებული მეომარი, მაგრამ ძალიან ცოტა დიდებული გენერალი”.
 
სასწავლო პროგრამა 

ბერძნულ გრამატიკულ სკოლებში მოსწავლეებს თავდაპირველად ასწავლიდნენ ანბანს, რომლის ნიმუში დაცულია ათენეოსთან. შემდეგ ისინი ითვისებდნენ ხმოვნებისა და თანხმოვნების შერწყმას და ბგერების წარმოთქმას. მოგვიანებით სწავლობდნენ წერას კარნახის საშუალებით. ბავშვებს ასევე ზეპირად უნდა ესწავლათ პოეზიის ნიმუშები. ვინაიდან წიგნი ცოტა იყო, ხშირად მასწავლებელი თვითონვე კარნახობდა მათ პოეტურ ქმნილებებს.

არითმეტიკაში მარტივი გაკვეთილები ტარდებოდა. თავდაპირველად თითებზე თვლას სწავლობდნენ, შემდეგ – საანგარიშოებზე. ბერძნები იყენებდნენ გაცილებით რთულ მათემატიკურ აღნიშვნებსა და სიმბოლოებს, ვიდრე რომაელები და ეს შეუძლებელს ხდიდა თუნდაც ძალიან მარტივი გაანგარიშებების ფურცელზე გამოყვანას. მოსწავლეები იძულებული იყვნენ, გამოეყენებინათ საანგარიშო და აბაკუსი.

ათენში ვაჟები ზეპირად სწავლობდნენ ჰომეროსისა და ჰესიოდეს შემოქმედებას. ისწავლებოდა სხვა დიდი პოეტებისა და დრამატურგების ნაწარმოებებიც. რთულ პასაჟებს მასწავლებელი საგანგებოდ უხსნიდა მოსწავლეებს. ბევრი დრო ეთმობოდა ციტირებას. ციტატები მხატვრულად, შესაფერისი მიმიკითა და ჟესტიკულაციით უნდა წაეკითხათ. მოგვიანებით ისწავლებოდა მუსიკაც, რომელსაც დიდი ესთეტიკური დატვირთვა ჰქონდა. ვაჟები სწავლობდნენ სოლო ან გუნდში სიმღერას, მუსიკის თანხლებით კითხულობდნენ ჰომეროსის პასაჟებს, მღეროდნენ ტირტეოსის სიმღერებს. ეს პატრიოტი პოეტი სპარტაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ზეპირად კითხულობდნენ ასევე ლიკურგოსის კანონებს. 

შესაძლოა, სპარტელთა უმრავლესობასაც შეეძლო წერა-კითხვა, თუმცა არსად არის ნახსენები, რომ ეს სახელმწიფო განათლების პროგრამაში შედიოდა. ცნობილია, რომ ძალიან ცოტამ იცოდა არითმეტიკის ელემენტები.

ბერძნებს სწამდათ, რომ „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”, ამიტომ ფიზიკურ კულტურას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. 12 წლიდან ვაჟები მიჰყავდათ გიმნასტიკურ სკოლებში, რომლებიც სპეციალურ შენობებში – პალესტრებში იყო განთავსებული. პროგრამაში შედიოდა სპორტის ხუთი სახეობა: სირბილი, ჭიდაობა, ხტომა, დისკოსა და შუბის ტყორცნა. სავარაუდოდ, ისწავლებოდა ცეკვაც.
ქალთა განათლება

სპარტაში გარკვეულ ყურადღებას ქალთა განათლებასაც უთმობდნენ. ლიკურგოსი, პლუტარქოსის ცნობით, ასახელებდა რამდენიმე საქმიანობას, რომლებიც ქალისათვის უფრო შესაფერისი იყო. ქალებს, ისევე როგორც მამაკაცებს, უნდა გაევლოთ ფიზიკური წვრთნა და სხეული გაეკაჟებინათ. თუმცა მას ქალის უპირველეს მოვალეობად მაინც დედობა მიაჩნდა. 

სპარტაში ქალები, კაცების მსგავსად, იზრდებოდნენ სუფთა ჰაერზე და ეჩვეოდნენ ვარჯიშს. გოგონები სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ დადიოდნენ გიმნასიონებში, სადაც ვარჯიშობდნენ სირბილში, ხტომაში, ჭიდაობაში, სწავლობდნენ დისკოსა და შუბის ტყორცნას. რა თქმა უნდა, ეს ვაჟებისგან განცალკევებით ხდებოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როცა გოგონები ვაჟებთან ერთად ცეკვავდნენ. 

ფიზიკურმა დატვირთვამ ერთი ძალიან კარგი რამ მისცა სპარტელ ქალებს: ისინი მთელ საბერძნეთში გამოირჩეოდნენ მოხდენილობით. მათ ხასიათითაც გამოარჩევდით სხვა ქალებისგან – ძალზე დამოუკიდებლები იყვნენ. თუმცა ლიტერატურაში ან ხელოვნების რომელიმე სხვა დარგში მათი განსწავლა არ ხდებოდა.
სპეციალური და პროფესიული განათლება
ანტიკურ საბერძნეთში გარკვეული ყურადღება ეთმობოდა სპეციალურ და პროფესიულ განათლებას. სპეციალურ სასწავლებლებში ამზადებდნენ ექიმებს, ხუროთმოძღვრებს, ხელოსნებს და სხვ., თუმცა ბერძნები ვაჭრობასა და ხელოსნობას თავისუფალი მოქალაქეებისთვის შეუფერებელ საქმიანობად მიიჩნევდნენ და სჯეროდათ, რომ ხელოსნობა აფერხებდა ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. ათენის ღარიბი მოსახლეობა იძულებული იყო, ხელოსნობით ერჩინა თავი. სხვათა შორის, სოკრატე მოქანდაკის შვილი გახლდათ და თვითონაც ეწეოდა ხელოსნობას, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, ყოფილიყო მდიდარი და არისტოკრატული კლასის წევრი.

ნიჭითა და მონდომებით გამორჩეული ახალგაზრდები სწავლას განაგრძობდნენ ფილოსოფიურ თუ რიტორიკულ სკოლებში, სადაც იმდიდრებდნენ ცოდნას და სწავლის დასრულების შემდეგ ღირსეულ ადგილს იკავებდნენ საზოგადოებაში.

ათენში დემოკრატიის განვითარებას მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა: მან ცოდნის წყურვილი გაუღვიძა ხალხს და შედეგმაც არ დააყოვნა. მრავალმხრივმა შესაძლებლობებმა და მუდმივმა დისკუსიებმა საბერძნეთში დიდი როლი შეასრულა ადამიანის გონებრივ განვითარებაში. თვითმართვადი სახელმწიფოს მოქალაქე, ყოველი ინდივიდი თავს მნიშვნელოვან ფიგურად გრძნობდა და ცდილობდა, საზოგადოებაში თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. ისინი მუდმივად სრულყოფილებისკენ მიისწრაფოდნენ. გაჩნდა მოთხოვნა სრულყოფილ განათლებაზე და, შესაბამისად, გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდა თაობის განსწავლაზე ზრუნავდნენ. ბერძნული სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან, უმთავრესად სიცილიიდან, მოდიოდნენ პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც ყველა საგანში განწავლულები იყვნენ. მათ სოფისტებს ანუ „სიბრძნის მასწავლებლებს” უწოდებდნენ.
სოფისტები

სამოღვაწეო ასპარეზზე სოფისტების გამოსვლამ აღზრდა-განათლების სფეროში რევოლუცია მოახდინა. სოფისტები იყვნენ პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც ძირითადად მოდიოდნენ მცირე აზიის ბერძნული კოლონიებიდან და იტალიის იმ ნაწილიდან, რომელიც Magna Graecia-ს სახელწოდებით არის ცნობილი. ისინი ცდილობდნენ ადამიანებისთვის ესწავლებინათ, როგორ გამხდარიყვნენ თავიანთი ქვეყნის წარჩინებული მოქალაქეები.

სოფისტები ასწავლიდნენ ასტრონომიას, გეომეტრიას, არითმეტიკას, გრამატიკასა და ლიტერატურას; მზად იყვნენ, ნებისმიერ კითხვაზე გაეცათ პასუხი და დამახსოვრების ისეთი სისტემა ჰქონდათ შემუშავებული, რომ ორმოცდაათსიტყვიანი ჯაჭვის ერთხელ მოსმენით გამეორება შეეძლოთ.

მათი საყვარელი საგანი იყო მათემატიკა, განსაკუთრებით კი გეომეტრია. მოდაში შემოვიდა მათი სააზროვნო, ლოგიკური ამოცანები და მათი ამოხსნის გზები, რომლებიც ევკლიდემ თავის ტრაქტატში შეიტანა. ისინი ასწავლიდნენ გეოგრაფიასა და ისტორიას, თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც რიტორიკის შესწავლა იყო. როგორც აღვნიშნეთ, იმ პერიოდში ადამიანი ცდილობდა, ადგილი დაემკვიდრებინა სამყაროში და რაკი პოლიტიკა და სასამართლო სახელის მოხვეჭის იოლი გზა იყო, ორატორულ ხელოვნებას უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ეუფლებოდ. სოფისტები ასწავლიდნენ ხალხს, როგორ შეემკოთ თავიანთი გამოსვლები მაღალფარდოვანი ფრაზეოლოგიით, როგორ ემოქმედათ აუდიტორიის გრძნობებზე და, რაც მთავარია, როგორ ეკამათათ სხვადასხვა საკითხზე. გაკვეთილების ფასი კურსის ხანგრძლივობაზე იყო დამოკიდებული. სოფისტი მასწავლებლები სტუდენტებს გარანტიას აძლევდნენ, რომ კურსის დასრულების შემდეგ ნებისმიერ სასამართლო პროცესს მოიგებდნენ. ისინი დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში და ლექციებს უკითხავდნენ მათ, ვისაც სწავლის საფასურის გადახდა შეეძლო. ეს თანხა ხანდახან ძალიან მაღალიც იყო. მაგალითად, არისტიპუსი ლექციების კურსის სანაცვლოდ ათას დრაქმას ითხოვდა. ისოკრატესიც ამავე თანხას იღებდა. ცნობილია, რომ როდესაც დემოსთენესმა მას 200 დრაქმა შესთავაზა მთელი კურსის მეხუთედი ნაწილის მოსასმენად, ისოკრატესმა უპასუხა: „მე ჩემს სალექციო კურსს ნაწილებად ვერ დავყოფო”. ზოგი ღარიბი სტუდენტი მთელ ღამეს ათევდა მუშაობაში, რათა საჭირო თანხა შეეგროვებინა და დილით სოფისტების ლექციებს დასწრებოდა.

ყველა პროფესიონალი სოფისტისგან განსხვავებით, სოკრატე გაკვეთილების სანაცვლოდ გასამრჯელოს არ იღებდა. ამან ის სიღატაკემდე მიიყვანა. მიუხედავად ამისა, იგი აგრძელებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ხშირად შეაჩერებდა ხოლმე გამვლელებს და  ამა თუ იმ საკითხზე დაუწყებდა დისკუსიას.

სოკრატემ სწავლების საკუთარი მეთოდი განავითარა. ამ მეთოდს დიალექტურ მეთოდს უწოდებენ და მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტი იმავე ენერგიას ხარჯავს, რასაც მასწავლებელი. ანუ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს უამრავ შეკითხვას და ცდილობს, თავად მიიყვანოს ისინი სწორ პასუხამდე. სოკრატეს მიაჩნდა, რომ მას ეკისრა საღმრთო მისია – ადამიანთათვის გონება გაენათებინა და ისინი სწორი აზროვნებისაკენ წაეყვანა. პრაქტიკულად, ყველაფერი, რაც ჩვენ მის შესახებ ვიცით, მისი ორი მოწაფის – ქსენოფონისა და პლატონის დამსახურებაა. ისინი სოკრატეს გავლენას განიცდიდნენ. ისოკრატესმა, გორგიასის მოწაფემ, დააარსა პოლიტიკური რიტორიკის სკოლა, სადაც პოლიტიკური ფილოსოფია წამყვანი დარგი იყო, მაშინ როცა პლატონი ათენში დაბრუნდა და დააარსა აკადემია.

სიცოცხლის ბოლო 40 წლის განმავლობაში პლატონი აკადემუსის ტყეში, საკუთარ სახლში მართავდა ლექციებს. პლატონის გარდაცვალების შემდეგ (ძვ. წ. 347 წ.) მისმა ძმისწულმა სპეუსიპუსმა მემკვიდრეობით მიიღო მისი მამული, რომელიც შემდეგ მან საკუთარ მოსწავლეებს დაუტოვა.

არისტოტელეს მიმდევრების თავშეყრის ადგილი იყო ლიცეუმი, რომელიც ასევე კერძო საკუთრებას წარმოადგენდა.

ეპიკურელთა სკოლამ დაიწყო ფუნქციობა ეპიკურესის ბაღში, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში ფილოსოფოსთა ერთ-ერთ მიმდევარს ეკუთვნოდა. როგორც ჩანს, მხოლოდ სტოიკოსებს არ გააჩნდათ კერძო საკუთრება. ეს სკოლები საერთო საძმოს წარმოადგენდა და ერთი საერთო მიზანი ჰქონდა: ცოდნის შეძენა და სტუდენტებისათვის გადაცემა. ამ სკოლებში  უმაღლესი განათლების მისაღებად მოდიოდნენ მოსწავლეები საბერძნეთის ყოველი კუთხიდან. მათი წყალობით ათენი, სულ მცირე, ქრისტეშობამდე ინარჩუნებდა ფილოსოფიური აზროვნების ცენტრის ფუნქციას.

რეგულარული სოფისტური სკოლები ძვ. წ. IV საუკუნეში ჩამოყალიბდა ორ დიდ გიმნასიონში. ერთის ხელმძღვანელი იყო პლატონი, მეორისა – არისტოტელე. მანამდე სოფისტები იქ ატარებდნენ გაკვეთილებს, სადაც კი სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდებს ნახავდნენ ერთად შეკრებილს. გასაოცარ ენთუზიაზმს ანთებდნენ ისინი მსმენელებში. მათი გავლენით უსაქმურმა ახალაზრდებმა ქვიშაში გეომეტრიული ფიგურების ხატვა დაიწყეს. მოსწავლეები ისე იყვნენ მოხიბლული სოფისტთა გაკვეთილებით, რომ მათ ქალაქიდან ქალაქში დაჰყვებოდნენ. არა მარტო ახალგაზრდობა – ზრდასრული ხალხიც აიყოლიეს სოფისტებმა. ,,გადმოცემის თანახმად, დიდმა პერიკლესმა ნახევარი დღე გაატარა ერთ-ერთ მასწავლებელთან კამათში ერთი უბედური შემთხვევის განხილვისას: ცხენი გასროლილმა შუბმა მოკლა და გაჩნდა კითხვა, ვინ იყო დამნაშავე – შუბი, ადამიანი, რომელმაც ის ისროლა, თუ რბოლის ზედამხედველი”.

წიგნების კითხვა პოპულარული გახდა ხალხში. პლატონს მიაჩნდა, რომ ფილოსოფოსთა ნაშრომები ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, ამიტომ ხდებოდა წიგნების გადაწერა სპეციალურად ეგვიპტიდან შემოტანილ პაპირუსებზე.

სოფისტებს შორის გამორჩეული იყო პროტაგორასი ადბერადან (ძვ. წ. 480-410 წ.წ.). ის თავის თავს „ღირსების მასწავლებელს” უწოდებდა და ღირსებაში გულისხმობდა არა მორალს, არამედ იმ თვისებებს, რომლებიც ადამიანს საშუალებას მისცემდა, საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა. იგი 40 წლის განმავლობაში მოგზაურობდა მთელ საბერძნეთში, კარგა ხანს ცხოვრობდა ათენში და დიდი პოპულარობა მოიპოვა თავისი ლექციებით. პლატონი, მუიხედავად იმისა, რომ სოფისტების პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა, პროტაგორასს დიდი პატივისცემით მოიხსენიებდა და აღწერდა, რა ვნებათა ღელვას იწვევდა მისი ყოველი გამოჩენა ათენელ ახალგაზრდებში.

სოკრატე მოგვითხრობს, როგორ მიუბრახუნა ერთ დილას კარზე ჰიპოკრატემ, შევარდა მასთან და აყვირდა: „პროტაგორასი ჩამოვიდა!” ჰიპოკრატემ სოკრატე მასთან შესახვედრად წაიყვანა. როცა მივიდნენ კალიასის სახლში, სადაც იმყოფებოდა პროტაგორასი, იქ დახვდათ მოწაფეთა ბრბო, უმეტესად უცხოელები ანუ ის ხალხი, რომელიც პროტაგორასს ერთი ქალაქიდან მეორეში დაჰყვებოდა. აქვე იყვნენ ცნობილი ათენელები: კრიტიასი, ალკიბიადესი და პერიკლესის ორი ვაჟი, პროდიკუსი კეოსიდან, ევნოსი პაროსიდან, და ჰიპიასი ელისიდან.

სოფისტების სწავლებას ნაკლოვანი მხარეებიც ჰქონდა. მათ ხალხს ზედაპირული ცოდნის მიღების სურვილი შთაბერეს. სოფისტების გავლენის ქვეშ მოქცეული პოლიტიკოსები თავგამოდებით ამტკიცებდნენ იმას, რაც შესაძლოა არ ყოფილიყო მართალი და ამ მეთოდების გამოყენებას ეროვნული ინტერესებით ამართლებდნენ. სოფისტები ბევრს მსჯელობდნენ მორალის შესახებ, ცდილობდნენ, პასუხი გაეცათ შეკითხვაზე: როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა ბედნიერება? ზოგი ამბობდა, ინსტიქტებს უნდა მიჰყვესო, სხვანი – კარგი ცხოვრებით უნდა იცხოვროსო. რა არის კარგი ცხოვრება? რას ნიშნავს ეს – საზოგადოებრივი წესების დაცვას? თუ ის უნდა აკეთოს პიროვნებამ, რაც თავად მიაჩნია სწორად? კამათი ამ საკითხებზე ყოველთვის მწვავე და არგუმენტირებული იყო.

სოფისტურ წარმოდგენებზე დაყრდნობით ცნობილმა ორატორმა ისოკრატესმა ჩამოაყალიბა „წრიული” ანუ „ზოგადი აღზრდის” კონცეფცია. აქედან წარმოიშვა ტერმინი „ენციკლოპედია” და საფუძველი ჩაეყარა საცნობარო ლიტერატურის შექმნას, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში ზოგადი განათლების დონის ამაღლებას.

უნდა ითქვას, რომ სოფისტებმა თითქოს ხასიათი შეუცვალეს ბერძნებს, ჩაუკლეს მათ სახელმწიფოსთვის თავდადების სურვილი. ხალხმა პირადი ინტერესები დააყენა სახელმწიფოზე მაღლა. ათენელებიც კი გაზარმაცდნენ და უკვე ერჩივნათ, დაქირავებულ მეომრებს ებრძოლათ მათ ნაცვლად. მდიდართა სასახლეების ბრწყინვალება მეტოქეობას უწევდა საზოგადოებრივი ძეგლების მშვენიერებას. ძვ. წ. IV საუკუნე საბერძნეთის ისტორიაში ინტრიგების, შურისძიებებისა და არაკეთილსინდისიერი დიპლომატიის საუკუნედ არის ცნობილი. თითოეული თავად წერდა კანონებს და ის მტკიცე ჯაჭვი, რომლითაც მანამდე შეკრული იყო მთელი ქალაქ-სახელმწიფო, ნელ-ნელა მოეშვა.

მართალია, სოკრატემ, პლატონმა და არისტოტელემ სოფისტური მოძღვრების ნაკლოვანი მხარეები მწვავედ გააკრიტიკეს, მაგრამ სწავლების სოფისტურმა მეთოდებმა ღრმა კვალი დატოვა სააღმზრდელო პრაქტიკაში.

პერიკლესი ოცნებობდა, ათენი საბერძნეთის „განათლების ცენტრად” ეხილა და მისმა ოცნებამ უდავოდ შეისხა ხორცი. აღიარებულია, რომ „გონებამახვილობაში, გულმოდგინებასა და გემოვნებაში” ათენელებს ბადალი არ ჰყავდათ. ათენელი მოქალაქე იყო კარგი პოლიტიკოსი, იურისტი და, რა თქმა უნდა, მეომარი ან მეზღვაური. ყველაფერს, რასაც აკეთებდა, აკეთებდა დიდი მონდომებით, საქმის სიყვარულითა და ენთუზიაზმით. ეს მას ახალგაზრდული სულისა და მხნეობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ათენელები მისდევდნენ სპორტს, შეეძლოთ სიმღერა, ცეკვა, ლირაზე დაკვრა, ახასიათებდათ განათლების მიღების წყურვილი და გამუდმებით მსჯელობდნენ ადამიანის არსებობის საზრისზე.

თუ სპარტული განათლება სახელმწიფოს მიერ იყო რეგულირებული და მიზნად ისახავდა ქალაქის მცველი მოქალაქეების აღზრდას, ათენურ განათლებას „ინდივიდუალისტური სული ჰქონდა”. მისი მიზანი ხასიათისა და გემოვნების ჩამოყალიბება იყო.

ათენის ფილოსოფიურმა სკოლებმა ნიადაგი მოუმზადა საბერძნეთში უნივერსიტეტის დაარსებას.

ალექსანდრე მაკედონელმა ახალი ტალღა მოიტანა საბერძნეთის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მამის, ფილიპეს მსგავსად, ისიც დიდ პატივს სცემდა საბერძნეთს, ცივილიზაციის ცენტრი ათენი ვეღარ იქნებოდა. ძვ. წ. 332 წელს, მაკედონელის სიცოცხლეში, დაარსდა ალექსანდრია, რომელიც მალევე იქცა საგანმანათლებლო ცენტრად. მას უზარმაზარი რესურსები და შესაძლებლობები ჰქონდა.

პტოლემეოს სოტერმა (ძვ. წ. 283 წ.) დააარსა ალექსანდრიის მუზეუმი. მისმა ვაჟმა, პტოლემეოს ფილადელფუსმა (ძვ. წ. 247 წ.), გაამდიდრა და გააფართოვა იგი. ამ მუზეუმს თავდაპირველად სასწავლო დაწესებულებად არავინ მოიაზრებდა – იქ სამეცნიერო კვლევა-ძიება უნდა წარმართულიყო. ძვ. წ. III საუკუნეში იქ მიმდინარეობდა მეცნიერული მუშაობა ფილოლოგიაში, მათემატიკაში, ასტრონომიაში, მექანიკაში, ანატომიასა და ბუნებისმეტყველებაში. მდიდარი ბიბლიოთეკა და უმაღლესი განათლების მისაღებად საჭირო პირობები იზიდავდა სწავლულებს ბერძნული სამყაროს ყოველი კუთხიდან. აქ ისინი საუნივერსიტეტო ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მუზეუმთან ახლოს იყო ბიბლიოთეკა, სადაც დაახლოებით ნახევარი მილიონი წიგნი ინახებოდა.

ალექსანდრიაში იყო მხატვრული ტექსტების ფილოლოგიური კვლევის პირველი მცდელობა.

მოგვიანებით მცირე აზიაში დაარსდა მეორე სასწავლო ცენტრიც – პერგამონი, რომელსაც ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა. განათლების კერა დაარსდა ანტიოქიაშიც – მუზეუმი და ბიბლიოთეკა. იყო შედარებით ნაკლები მნიშვნელობის საგანმანათლებლო კერებიც: პელა, კოსი და როდოსი.

თანდათანობით ათენმა დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება, თუმცა იგი კვლავ ინარჩუნებდა სწავლა-განათლების კერის ტრადიციულ იმიჯს.

მითრიდატეს პირველ ბრძოლაში მონაწილეობის შემდეგ ათენი ალყაში მოექცა. მოსახლეობის დიდი ნაწილი დახოცეს, აკადემიისა და ლიცეუმის ხეები დაჭრეს და შენობები დაარბიეს, თუმცა მოგვიანებით მან კვლავ დაიბრუნა ბრწყინვალება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი