“ზნე-ხასიათის წვრთნა ერთი უდიდესი, უაღრესი საგანია სკოლისა, რადგანაც გაადამიანება კაცისა თავი და ბოლოა ყოველგვარი წვრთნისა, ზრდისა და განათლებისა”.
ილია ჭავჭავაძე
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში სამოქალაქო აღზრდას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, უფრო მეტიც, ჩვენს ქვეყანაში ზოგადი განათლება სამოქალაქო ხასიათისაა, რადგან მისი მიზანია “საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის”. შესაბამისად, სამოქალაქო აღზრდის, როგორც დისციპლინის მიზანია, ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე ხელი შეუწყოს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას. ამასთან, აღნიშნული საგნის სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სამოქალაქო კომპეტენციის ჩამოყალიბებისა და საზოგადოებაში სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებისათვის.
ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდა
ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა დამოკიდებულია სწორედ მოქალაქეების უნარებზე, ცოდნასა და განწყობებზე. სამოქალაქო აღზრდის სწავლების შედეგად მოსწავლეები იგებენ იმას, თუ რას ნიშნავს, იყო მოქალაქე. ამასთან, მოქალაქე არა მხოლოდ უფლებებით არის აღჭურვილი, არამედ მას შესაბამისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობებიც აქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ ადამიანი საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს ვერ აცნობიერებს, ის ვერ გამოიყენებს ვერც საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებს და ვერც მიღებულ ცოდნას.
სამოქალაქო კომპეტენცია
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ხელისუფლების წყარო ხალხია. აღნიშნული პრინციპი დემოკრატიის ფუნდამენტს წარმოადგენს, თუმცა ადამიანები ვერ შეძლებენ საკუთარი ხელისუფლების საქმიანობაში მონაწილეობას, ან მის გაკონტროლებას სამოქალაქო კომპეტენციის გარეშე. ადამიანის მოქალაქედ ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს ოჯახი, მედია, რელიგიური და სხვა ინსტიტუტები, თუმცა ზოგადი განათლების სისტემას ყველაზე სერიოზული წვლილი შეაქვს მასში ისეთი ეფექტიანი ინსტრუმენტის მეშვეობით, როგორიც სამოქალაქო აღზრდაა.
სამოქალაქო კულტურა
სამოქალაქო აღზრდა ხელს უწყობს სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებას. საქართველო მრავალფეროვანი (მრავალეროვნული, მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური) ქვეყანაა, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემა და ერთგულება.
სამოქალაქო აღზრდის მიზანი სამი არსებითი კომპონენტის სახით შეიძლება წარმოვადგინოთ: სამოქალაქო ცოდნის, სამოქალაქო უნარებისა და სამოქალაქო განწყობის ჩამოყალიბება.
სკოლისა და მასწავლებლის მნიშვნელობა სამოქალაქო აღზრდაში
მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა თუ გარემომცველი საზოგადოების აქტიური მონაწილეობა განაპირობებს მიზნების (ზოგადი განათლების) მიღწევის ხარისხსა და წარმატებას, ნათქვამია “ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში”. მნიშვნელოვანია, რომ განათლების მუშაკებმა, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მხარი დაუჭირონ სამოქალაქო აღზრდას საზოგადოების ყველა სეგმენტის, ინსტიტუტების ფართო სპექტრისა და ხელისუფლების საშუალებით.
“მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო” გვთავაზობს იმ ასპექტების ჩამონათვალს, რომლებსაც სამოქალაქო განათლების (და არა მარტო) მასწავლებლის კომპეტენცია უნდა მოიცავდეს. ამავე ნაშრომში დეტალურად არის აღწერილი სამოქალაქო განათლების მასწავლებლისთვის აუცილებელი 15 კომპეტენცია. ამიტომ მათზე აღარ შევჩერდებით.
სამოქალაქო აღზრდის მნიშვნელოვანი ნაწილს უნდა შეადგენდეს საზოგადოებრივი შრომა, რომელიც ინტეგრირებული უნდა იყოს სკოლის როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სასწავლო გეგმაში. მოსწავლეებს უნდა შევუქმნათ როგორც ხელმძღვანელობის, თვითმმართველობის, საზოგადოებრივი საქმიანობის, ისე საკუთარ გამოცდილებაზე რეფლექსიის რეგულარული შესაძლებლობები.
მსოფლიო სწავლების მიმართულებები და მათი ასახვა საგნობრივ ჭრილში
დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება სასკოლო კულტურის განუყოფელი კომპონენტია, რადგან ის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და ურთიერთობების დამყარების საშუალებას წარმოადგენს.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია ყოველი კლასის ან საფეხურის ბოლოს სასწავლო პროცესის შედეგები და მოსწავლის მიერ მათი მიღწევის ინდიკატორები. შედეგები დაჯგუფებულია მიმართულებების მიხედვით. ყოველი მიმართულება ასახავს საგნის ძირითად შინაარსს და ეფუძნება ერთ ან რამდენიმე დისციპლინას.
მიმართულებების ჩამოყალიბებას მარტივიდან რთულისკენ, კონკრეტულიდან ზოგადისკენ პრინციპი დაედო საფუძვლად. სამივე მიმართულება ერთადერთ მიზანს – მოქალაქის ფორმირებას ემსახურება და მოცემული სახით მათი წარმოდგენის არსი მიზნისკენ სავალი გზის – სწავლა/სწავლების გამარტივებაა. ეს მიმართულებები, რომლებიც იმავდროულად სამოქალაქო საზოგადოების საფუძველიც არის, ასე წარმოვადგინეთ: პიროვნული განვითარება, მდგრადი განვითარება, მმართველობა.
სწავლების შედეგად მოსწავლეს უნდა განუვითარდეს სამოქალაქო კომპეტენციის სამი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტი: სამოქალაქო ცოდნა, სამოქალაქო უნარ-ჩვევები და სამოქალაქო განწყობები.
სამოქალაქო აღზრდის სპეციალური და ინტერდისციპლინარული ხასიათი
მიუხედავად იმისა, რომ “უფრო ეფექტურად ითვლება ფოკუსირებული მიდგომა, როცა სამოქალაქო განათლება სასწავლო გეგმაში ცალკეა გამოყოფილი”, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, სამოქალაქო განათლება ინტეგრირებულად ისწავლება დაწყებით კლასებში (1-4 კლასებში სხვა საგ-ნებთან ინტეგრირებულად, ხოლო მე-5-6 კლასებში – კვირაში 3-საათიანი სასწავლო კურსი “ჩვენი საქართველო”). საბაზო საფეხურზე იგი ისწავლება ისტორიასთან ინტეგრირებით (საერთო დატვირთვა – კვირაში 3 საათი), ხოლო ცალკე საგნად არის გამოყოფილი საბაზო საფეხურის მე-9 და საშუალო საფეხურის მე-10 კლასებში (შესაბამისად, კვირაში 2- და 3-საათიანი კურსი “სამოქალაქო განათლება”). სამოქალაქო აღზრდის სავალდებულო სწავლებისას მოსწავლის მისაღწევი შედეგები დაყოფილია შემდეგი სამი მიმართულების მიხედვით: პიროვნული განვითარება, მდგრადი განვითარება, მმართველობა და მოქალაქეობა. მე-11-12 კლასებში ის არჩევითია (ერთწლიანი, კვირაში
2-საათიანი კურსები: მოქალაქეობა, გამოყენებითი ეკონომიკა, სახელმწიფო და პრაქტიკული სამართალი). ეროვნულ სასწავლო გეგმაში წარმოდგენილია არჩევითი კურსების სტანდარტებიც.
სამოქალაქო აღზრდის ხელშემწყობი ფორმები სკოლაში
წარმოგიდგენთ სამოქალაქო აღზრდის ორგანიზების რამდენიმე სანიმუშო ფორმას: საზოგადოებრივი სამსახური, მონაწილეობა სკოლის მართვაში, მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში, მთავრობის ინიცირება და მოდელირება, ცნობილი ადამიანების ცხოვრების შესწავლა, ინტერვიუ აქტიურ ადამიანებთან, საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროს კვლევა, საჯარო გამოსვლები, საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და გამოხატვა, პოლიტიკურ დისკუსიებ-ში მონაწილეობა, პროექტები, სადამრიგებლო შეხვედრების საათი.
სამოქალაქო კომპეტენციები და მათი განვითარება სკოლაში
თანამედროვე სკოლა მოწოდებულია, მოსწავლეებს განუვითაროს დემოკ-რატიული მოქალაქეობისთვის მნიშვნელოვანი სამოქალაქო წიგნიერების ისეთი ასპექტები, როგორიცაა: პოლიტიკური და იურიდიული წიგნიერება, სოციალური და კულტურული წიგნიერება, ეკონომიკური წიგნიერება და ეროვნული, ევროპული და გლობალური წიგნიერება.
საბაზო სამოქალაქო კომპეტენციები
სწავლა-სწავლების კონტექსტში სიტყვა “კომპეტენცია” გულისხმობს ადამიანის დახელოვნებას გარკვეულ საკითხში, ერთდროულად საკითხის შესახებ (ა) ცოდნის შეძენას, მასთან (ბ) ურთიერთქმედების უნარ-ჩვევების ათვისებასა და (გ) მის მიმართ გარკვეული განწყობის/დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
ამ სამი კომპონენტის ჭრილში საბაზო სამოქალაქო კომპეტენციები ასე შეიძლება წარმოვადგინოთ: პოლიტიკური და იურიდიული კომპეტენცია, სოციალური და კულტურული კომპეტენცია, ეკონომიკური კომპეტენცია და მდგრადი განვითარების კომპეტენცია.
კომპეტენციების განვითარების მიმართება ბავშვის ასაკობრივ განვითარებასთან
კომპეტენციების რთული ბუნებიდან გამომდინარე, მათი განვითარება სკოლაში სწავლის პერიოდში ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება, მოსწავლის ფსიქო-ფიზიკური განვითარების შესაბამისად.
სასკოლო გარემოში სამოქალაქო კომპეტენციების განვითარების ამოცანის მისაღწევად სამოქალაქო განათლების სტანდარტში წარმოდგენილია სწავლების ყოველი მიმართულების შესაბამისი ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და განწყობების ზუსტი დახასიათება და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საფეხურების მიხედვით არის შემოთავაზებული ყოველი მიმართულების შესაბამისი ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და განწყობების სირთულე და “ულუფები”.