სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

არის თუ არა დისციპლინა ჰუმანისტურ კლასებში?

ეს კითხვა ხშირად ისმის, როდესაც საქმე ეხება ჰუმანისტურ
პრინციპებზე აგებულ პიროვნებაზე ცენტრირებულ სასწავლო პროცესს (ბიჰევიორისტული კლასისგან
განსხვავებით). დიახ, არის და ეს თვითდისციპლინირებას გულისხმობს. ბევრი მასწავლებელი
ცდილობს მოსწავლეებში ამ უნარის აღზრდას, მაგრამ, როგორც კ. როჯერსი მიუთითებს, არასწორად.
შეცდომა სხვადასხვაგვარია, მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ მოსწავლეები რეალურად არ
არიან ჩართული სასწავლო პროცესში. ხშირად მასწავლებელი ისე ადგენს ქცევის წესებს, რომ
არ ითვალისწინებს მოსწავლის ინტერესებს, მასთან ერთად კი არ ქმნის, არამედ პირდაპირ
სთავაზობს
. ეს მომენტიც
განასხვავებს ერთმანეთისგან ტრადიციულ და ჰუმანისტურ მიდგომებს.

არ არსებობს თვითდისციპლის ფორმირების ერთი მეთოდი;
ხერხები მრავალფეროვანია. მთავარია, არსებობდეს ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც მოსწავლეს
საშუალებას მისცემს, ისწავლოს საკუთარი გამოცდილებით (საკუთარ შეცდომებზე) და მოახდინოს
ამ პროცესის რეფლექსია.

რას წარმოადგენს თვითდისციპლინა და როგორ მიიღწევა ის?
კ. როჯერსი ამგვარად აყალიბებს მის შემადგენელებს:

1. არჩევანი,
დროის ორგანიზაცია, მიზნების დასახვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და მოწესრიგებულობა.
პატარა ბავშვებიც კი ადვილად ადაპტირდებიან და ავლენენ თავიანთ შესაძლებლობას,
როცა გარემოში არის არჩევანის თავისუფლება და იმავდროულად ორგანიზებულია დრო, სივრცე,
სასწავლო მასალები. ტრადიციულ კლასებში სასწავლო გარემო მორგებულია უმეტესად მასწავლებელზე,
უკეთეს შემთხვევაში – რამდენიმე მოსწავლეზე, იშვიათად კი – მთელ კლასზე. ამ კუთხით,
მაგალითად, დაწყებით კლასებში ძალზე ნაყოფიერია აქტივობის ცენტრების  რაც ჰუმანისტური
სკოლებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს (უნდა ითქვას, რომ ჰუმანისტური პედაგოგიკის
ეს იდეა ცენტრალურია საგანმანათლებლო პროგრამისთვის „ნაბიჯ-ნაბიჯ”, რომელიც მრავალი
წელია საინტერესოდ და ეფექტიანად მუშაობს საქართველოშიც).

2. ერთმანეთის
დახმარება და ერთმანეთზე ზრუნვა.
ჰუმანისტურ კლასებში წახალისებულია ურთიერთდახმარება
და არა კონკურენცია და შეჯიბრება. აქცენტი დაისმის ჯგუფის საერთო ძალისხმევაზე. შეჯიბრებასა
და ინდივიდუალურ მუშაობაზე ორიენტირებული სკოლა ვერ შექმნის მზრუნველ ატმოსფეროს, რაც
სწავლისა და დისციპლინირებულობის აუცილებელი პირობაა. ასეთ გარემოში წარმატებას აღწევს
მხოლოდ ზოგიერთი მოსწავლე. ჰუმანისტური სკოლის სპეციალური პროგრამები ორიენტირებულია
მოსწავლის მიერ, ერთი მხრივ – საკუთარ მოთხოვნილებებსა და უფლებებს, მეორე მხრივ კი
სხვათა მოთხოვნილებებსა და უფლებებს შორის გონივრული ბალანსის დაცვაზე.

3. საკლასო
ცხოვრების სოციალური საფუძველი ისევე იქმნება, როგორც სოციალური თანხმობა დემოკრატიულ
საზოგადოებაში.
როგორც ვიცით, დისციპლინის საკითხში ბიჰევიორისტული მიდგომა უყურადღებოდ
ტოვებს იმ ფაქტს, რომ კლასში დემოკრატიული პრინციპების გამოყენება უზრუნველყოფს პიროვნულ
ზრდას. დისციპლინის ეს იერარქიული და ზოგჯერ ავტორიტარული მოდელი მიიჩნევს, რომ ყველაფერი
ზემოდან უნდა მოდიოდეს. მაგალითად, ზოგჯერ კლასის წესები სასწავლო წლის დაწყებამდე
იქმნება. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ამ წესებში ბევრი რამ მიუღებელია მოსწავლეებისთვის
და მათ ეწინააღმდეგებიან. სასკოლო სისტემაში, რომელიც ფუნქციობს პრინციპით „ზემოდან
ქვემოთ”, იერარქიის თითოეული წევრი გადასცემს მითითებებს მის დაქვემდებარებაში მყოფთ.
ბოლოს მითითებების ეს ნაკადი თავს იყრის საკლასო ოთახში. მასწავლებელი მათ შესრულებაზეა
ორიენტირებული და მცდელობა, შექმნას კლასში თანამშრომლობითი ატმოსფერო, მარცხდება.
წესები განიხილება როგორც „მათი” და არა როგორც „ჩვენი”. 

4. საკუთარი თავისა და
სხვისი მოსმენა.
მოსწავლეებს კლასში
არ მოაქვთ მხოლოდ წიგნები, რვეულები და კალმები; მათ მოაქვთ ტრავმებით, ძალადობითა
და კონფლიქტებით დამძიმებული ფსიქიკა, აგრესიული მუხტი, რომლითაც სავსეა სოციუმი, რომელშიც
ისინი ცხოვრობენ და რომელიც, სამწუხაროდ, ყველაფერზე შეიძლება იყოს ორიენტირებული,
გარდა ბავშვებისა. ვიდრე მოსწავლეები ტროპიკულ ტყეებზე ისწავლიან რამეს, კარგი იქნება,
ჯერ საკუთარი თავი შეისწავლონ. დრო, რომელსაც ბავშვი ან მოზარდი ხარჯავს საკუთარი თავის
შეცნობაზე, სხვის მოსმენასა და მასზე რეაგირებაზე, ნაყოფიერად დახარჯულად მიიჩნევა.
ჰუმანისტურ სკოლებში მოსწავლეები გადიან ტრენინგებს და სწავლობენ მედიაციისა და კონფლიქტების
მოგვარების ტექნიკებს, იციან, რას ნიშნავს „არ დაკარგო სახე” და რომ კონფლიქტი შეიძლება
დასრულდეს არა ძალადობით, არამედ დიდი ურთიერთგაგებით.

როჯერსს მოჰყავს ასეთი მაგალითი რეალური სასკოლო ცხოვრებიდან:
მეორე კლასის მასწავლებელი ავად გახდა და მას სხვა მასწავლებელი ცვლის. რა მოხდა კლასში?
მასწავლებელი წარუდგა კლასს, აუხსნა, რომ რამდენიმე დღე შეცვლის მათ პედაგოგს. ერთ-ერთი
მოსწავლე ხელს იწევს და ნებართვის მიღების შემდეგ აცხადებს, რომ ის მასწავლებლის ასისტენტია
და ევალება, გადასცეს მას მათი პედაგოგის მიერ შედგენილი მოკლე სქემა იმისა, რას წარმოადგენს
კლასი და როგორ მუშაობენ მოსწავლეები; აცხადებს, რომ რამდენიმე მოსწავლესთან ერთად
გაუწევს ასისტირებას _ დააარიგებენ და შეაგროვებენ ნამუშევრებს, დაეხმარებიან, როცა
საჭიროდ ჩათვლიან (კლასში ამ ფუნქციას სხვადასხვა დროს ნებისმიერი მოსწავლე ასრულებს).
ახალი მასწავლებელი გაკვეთილების შემდეგ ჩანაწერში აღნიშნავს, რომ სასიამოვნოდ გაოცებულია
კლასის მოწესრიგებულობით და გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში კვლავ შეცვალოს
პედაგოგი.

5. ნდობათვითდისციპლინირებულობის აღზრდაში უდიდეს როლს ასრულებს. იგი ავითარებს პასუხისმგებლობას.
იმ კლასში, სადაც დისციპლინა „მკაცრი ხელის” პრინციპით რეგულირდება, არ ხდება ის, რაც
ზემოთ მოყვანილ მაგალითში აღვწერეთ. კლასში შემცვლელი მასწავლებლის გამოჩენა დიდ აურზაურს
იწვევს. ეს მომენტი კარგადაა ცნობილი ბევრი მასწავლებლისთვის, ვისაც კოლეგა შეუცვლია.
ნდობა, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთზე ზრუნვა მოსწავლეებს მრავალ საჭირო უნარს უყალიბებს.
როჯერსს მოჰყავს ასეთი მაგალითი სასკოლო ცხოვრებიდან: 18-წლიანი გამოცდილების მქონე
მასწავლებელი აღწერს თავის ერთ-ერთ კლასს, რომელშიც იყო შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე მოსწავლე, 6 წლის ანა. „ნერვიულად ვცემ ბოლთას და ველოდები ავტობუსს, რომელმაც
სკოლაში უნდა მოიყვანოს ანა. ვცდილობ, შევინარჩუნო დამაჯერებელი სიმშვიდე, მაგრამ არ
გამომდის. თითქმის პანიკაში ვარ. სამი დღით ადრე სპეციალისტმა მთხოვა, ინკლუზიური განათლების
პროგრამის ფარგლებში ანა კლასში მიმეღო. გავესაუბრე ჩემს მოსწავლეებს. მათ მიიჩნიეს,
რომ ეს ძალიან კარგი იდეაა. მეც გადავწყვიტე, მიმეღო ეს გამოწვევა, მაგრამ ახლა ეჭვებმა
შემიპყრო. როგორც გამოცდილმა მასწავლებელმა, ვიცი, რომ კლასში შესაძლებლობებისა და
პრობლემების მოსწავლეთა დიდი მრავალფეროვნებაა. ტესტირებამ აჩვენა, რომ შემეცნებითი
უნარების, ინტელექტუალური განვითარების თვალსაზრისით მოსწავლეები მერყეობენ 68-დან
137 პუნქტამდე. კლასში მყავდა სწავლისუნარდარღვეული მოსწავლე, ერთი ჰიპერაქტიური ბიჭი,
ერთი – განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული, ერთიც ისეთი, რომელიც მთელი
ექვსი წლით უსწრებდა თანატოლებს სქესობრივი განვითარების თვალსაზრისით და ა. შ. ასე
რომ, ანა არცთუ ისე გამოირჩეოდა სხვებისგან”. პიროვნებაზე ცენტრირებულმა მიდგომამ,
რთულმა, მაგრამ საინტერესო სამუშაომ საოცარი შედეგი გამოიღო – ანა სრულად იქნა ინტეგრირებული
კლასში. მოსწავლეები დიდ დახმარებას უწევდნენ მას. განსაზღვრულ სიტუაციებში ანაც ეხმარებოდა
თანაკლასელებს (იგი ძალიან კარგად კითხულობდა). ვიდრე ბავშვები თავისუფლად მიიღებენ
ერთმანეთს და კლასი ერთ სოციალურ ჯგუფად ჩამოყალიბდება, აუცილებელია, თითოეულმა მათგანმა
კარგად შეიცნოს და მიიღოს საკუთარი თავი თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. ნდობის,
სწავლისადმი ინტერესის განვითარება ამყარებს მე-კონცეფციას და მასწავლებელს საშუალებას
აძლევს, დაეყრდნოს თითოეულს. ეს ქმნის მოტივირებულ, მასტიმულირებელ ატმოსფეროს, გარემოს,
სადაც მოსწავლეები თავს ლაღად გრძნობენ, არ არიან შებოჭილნი ერთობლივი მუშაობისას,
სწავლობენ შეცდომებზე, რისკავენ, ხარობენ წარმატებებითა და მიღწევებით, ენდობიან ერთმანეთსა
და მასწავლებელს. მოსწავლეები ანას არ განიხილავენ როგორც მათგან სრულიად განსხვავებულს,
რადგან უკვე იციან, რომ მრავალფეროვნება, ინდივიდუალური სხვადასხვაობა, საზოგადოდ,
დამახასიათებელია ადამიანებისთვის, კარგად აქვთ გაცნობიერებული თავიანთი ძლიერი და
სუსტი მხარეები.

 

ცხრილი: დისციპლინა მასწავლებელსა და პიროვნებაზე ცენტრირებულ
კლასებში

მასწავლებელზე ორიენტირებული
კლასი

 

 

 

პიროვნებაზე ორიენტირებული
კლასი

მასწავლებელი ერთადერთი
ლიდერია

ლიდერობა გადანაწილებულია

მართვა მეთვალყურეობას
გულისხმობს

მართვა ხელმძღვანელობას
გულისხმობს

მასწავლებელი პასუხისმგებელია
მოსწავლის მუშაობის შემოწმებაზე და, საზოგადოდ, საკლასო სამუშაოს ორგანიზაციაზე

მოსწავლეები თვითონ
არიან კლასის საქმიანობის ხელშემწყობნი

კლასში დისციპლინას
მართავს მასწავლებელი

მოსწავლეები თვითდისციპლინირებულები
არიან

მასწავლებელს მხოლოდ
ზოგიერთი მოსწავლე ეხმარება

ყველა მოსწავლეს შეუძლია,
მონაწილეობა მიიღოს კლასის მართვაში

მასწავლებელი ადგენს
კლასის წესებს და მათ დაცვას აკისრებს მოსწავლეებს

წესები ერთობლივი შეთანხმებით
დგინდება. იდება შეთანხმება ანუ კლასის კონსტიტუცია

ქცევის შედეგებზე ყველა
თანაბრად აგებს პასუხს

ქცევის შედეგებზე მოსწავლეები
პასუხს აგებენ ინდივიდუალურობის გათვალისწინებით

მოტივაციის გაძლიერებისთვის
ძირითადად გამოიყება გარეგანი განმამტკიცებლები

მოტივაციის გაძლიერებისთვის
ძირითადად გამოიყენება შინაგანი განმამტკიცებლები

მოსწავლეების პასუხისმგებლობა
შეზღუდულია

პასუხისმგებლობა მთელ
კლასზეა გადანაწილებული

საკლასო ცხოვრებაში
უფროსების მონაწილეობა შეზღუდულია

მოსწავლეთა შესაძლებლობების
გამდიდრებისა და განვითარების მიზნით კლასი პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებს მოზრდილთა
(სკოლის გარეთ არსებულ) სხვადასხვა ჯგუფებთან

რაზე ხარჯავს ზოგიერთი მასწავლებელი უმეტეს დროს გაკვეთილზე?
– კლასში დისციპლინის დამყარებაზე. რას მოითხოვს თანამედროვე ცხოვრება მასწავლებლისგან?
– კლასში მეტი დრო დაუთმოს სწავლებას და არა წესრიგის დამყარებას. ამასთან დაკავშირებით
კ. როჯერსი იხსენებს ა. აინშტაინის ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც ის თავის ჩაცმულობაზე
საუბრობს. დიდი მეცნიერი ცნობილი იყო იმით, რომ მუდამ ერთი და იმავე ფერის სვიტერი
ეცვა. კითხვაზე, რატომ ეცვა სულ ერთნაირი ტანსაცმელი, მან მიუგო, რომ გადაწყვეტილების
მიღება, რა ჩაიცვას დღეს, მისთვის არ იყო ის პრობლემა, რომელზეც უნდა დაფიქრებულიყო,
ეზრუნა – მას ხომ ამდენი მნიშვნელოვანი საკითხი ჰქონდა გასააზრებელი…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“