ორშაბათი, აპრილი 22, 2024
22 აპრილი, ორშაბათი, 2024

თავისუფალი სკოლა- დილა სიმღერით

მახსოვს, ბავშვობაში დილით, გაკვეთილების დაწყებამდე გამამხნევებელი ვარჯიშები გვიტარდებოდა ხოლმე. სკოლის ეზო სპეციალურად ამ ვარჯიშისთვის იყო დახაზული. მოწყობა ტარდებოდა კლასების მიხედვით. ჩვენ მე-5 კლასში რომ გადავედით, პირველად მაშინ მოგვეცა მაღალკლასელებთან ერთად ვარჯიშის უფლება. თავდაპირველად გამამხნევებელი ვარჯიშები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სკოლაში 15 წუთით ადრე ვცხადდებოდით, ვიკავებდით ჩვენთვის განკუთვნილ ადგილს და მოუთმენლად ველოდებოდით ვარჯიშის დაწყების მაუწყებელი ზარის დარეკვას…

ერთი პერიოდი საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო კვირა დროშის აღმართვის ცერემონიალით იწყებოდა. ეს ფაქტი ამაღლებდა საზეიმო განწყობას. მასში მონაწილეობდნენ კონკრეტული სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები, ხელოვანები და ა.შ.

…2018 წლის აპრილში მომეცა საშუალება, გავცნობოდი დანიის საგანმანათლებლო სისტემას. ამ ნაყოფიერი ვიზიტის შესახებ ყოველთვის მინდოდა ფართო საზოგადოებისთვის მომეყოლა. დანიაში ორკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. მათ შესახებ ვრცლად და დაწვრილებით შემდგომში აუცილებლად მოგიყვებით. ამ სტატიაში მინდა, გესაუბროთ „თავისუფალ სკოლებში“ დანერგილი ერთი საინტერესო ტრადიციის შესახებ.  ორიოდე სიტყვით შევეხები, რას ნიშნავს თავისუფალი სკოლა. ეს არის ერთგვარი ალტერნატივა სახელმწიფო და მუნიციპალური სკოლებისა. მათ შეუძლიათ შეზღუდვის გარეშე აირჩიონ პედაგოგიური მიდგომები, რელიგიური თუ პოლიტიკური იდეოლოგია და ა.შ. 2018 წლის მონაცემებით დანიაში დღეს მოქმედებს 552-მდე ამ ტიპის სკოლა (სულ 1082 საჯარო სკოლაა) და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჩემი პირველი გაოცება და გულწრფელი აღტაცება ამ თავისუფალ სკოლებში დანერგილმა მეტად საინტერესო პრაქტიკამ გამოიწვია. მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის ხელმძღვანელები ყოველ დილით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე იკრიბებიან სააქტო დარბაზში. სცენაზე ლიდერები მონაცვლეობით გამოდიან და ყველას აცნობენ სიახლეებსა და იმ  დღეს დაგეგმილ ღონისძიებებს. ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო. დარბაზში შეკრებილი საზოგადოება იწყებს სიმღერას. იქვე აუცილებლად დგას ფორტეპიანო…

ბუნებრივია, დავინტერესდი ამ ტრადიციით. მას დანიელები „Morgensang“-ს ქართულად დილის სიმღერას ეძახიან. დილის სიმღერა არის თავისუფალი სკოლის ტრადიციის ნაწილი და ის მისი დამფუძნებლებისგან მომდინარეობს. გრუნდვიგი და კოლდი წერდნენ სიმღერებს ეკლესიისთვის. მათ შექმნეს ტექსტების კრებული თავისუფალი სკოლებისთვის, სადაც თავმოყრილია სიმღერები სიკეთეზე, სიყვარულზე, ბედნიერებაზე, ბუნებაზე, ცხოვრებაზე…

მათ მიაჩნიათ, რომ  დილის სიმღერის შემდეგ განწყობა ამაღლებულია, ივსებიან ენერგიით, თავს გრძნობენ ერთი დიდი ოჯახის ნაწილად. ზოგიერთი სიმღერა პირდაპირ ეხმიანება კონკრეტულ დღეს და ერთგვარი შეტყობინების სახით მისდით მოსწავლეებს. დანიელი კოლეგის შეფასება შემდეგნაირია: „როცა შენ გიწევს მუშაობა მოსწავლეთა ჯგუფთან, შენ დარწმუნებული ხარ, რომ სიმღერით დილის დაწყების შემთხვევაში ყველას აქვს დღის ერთნაირი დასაწყისი, რომელიც მდიდარია პოზიტიური ფონით, დადებითი განწყობით. დილის შეკრების შემდეგ მოსწავლეები მიდიან საკუთარ კლასებში და სასწავლო პროცესში ერთვებიან“.

აღსანიშნავია, რომ სიმღერათა კრებულში, რომელსაც „Højskole sangbogen“ ჰქვია, ტექსტები დიფერენცირებულია ასაკის მიხედვით. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები შედარებით მარტივ და მათი ასაკისთვის შესაფერის სიმღერებს მღერიან.

ყოველდღიური დილის სიმღერები არამარტო მოსწავლეებს, არამედ მომავალი თავისუფალი სკოლის მასწავლებლებსაც ჰქონდათ. მე ვიმყოფებოდი იმ სასწავლებელში, რომელიც ამზადებს მასწავლებლებს თავისუფალი სკოლებისთვის. Den frie lærerskole მდებარეობს პატარა ქალაქ ოლლერუპში. ის სკანდინავიის ქვეყნებში განთქმულია. ყველაზე მთავარი აქ მელოდა.  ზრდასრული სტუდენტებიც დიდი სიხარულითა და ხალისით მღეროდნენ ლექციების დაწყების წინ.

მინდა, გაგიზიაროთ ჩემ მიერ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ასახულია როგორც მოსწავლეების, ასევე სტუდენტების დილის შეხვედრები.

ქართული მრავალხმიანი სიმღერით ჩვენ ხშირად ვამაყობთ. ჩვენი მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა. ის ხშირად ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. ჩვენი წინაპრები მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს გვმატებდა.

რადგან ქართული სიმღერის გამოყენების ფარგლები საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია, ვფიქრობ, მისი ამგვარი დანიშნულებით გამოყენება კარგად მოერგება ქართულ რეალობას. რამდენი მოსწავლე გვყავს სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული?!

საქართველოში სკოლაში სიარული და სწავლა ხშირად სტრესთან ასოცირდება. ბავშვები სექტემბრის დასაწყისშივე ოცნებობენ არდადეგებზე. მიფიქრია, რომ მოეცათ არჩევანის საშუალება, რას ავირჩვედი? – დღის დაწყებას გაკვეთილის გამოკითხვით თუ ხალისიანი სიმღერით, რომელიც ერთგვარად ამსუბუქებს მძიმე სამუშაო დღეს. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ სკოლა, სადაც ზარის დარეკვა ასოცირდება სიმღერასთან, როგორც ერთგვარ გამამხნევებელ აქტივობასთან. როგორი ბედნიერები იქნებოდნენ ჩვენი მოსწავლეები… მით უმეტეს, რომ სიმღერის უნარი და ნიჭი სისხლში გვაქვს გამჯდარი და ჩვენი ორგანული ნაწილია.

 

თავისუფალი სკოლების შესახებ ვრცლად იხილეთ:

https://www.dfl-ollerup.dk/grundtvig-and-kold

https://cphpost.dk/activities/free-alternative-schools-booming-across-denmark.html

https://www.dfl-ollerup.dk/English

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი