„ჩვენი, მშობლების მოთხოვნილებაა, შვილებს მუდმივად ვჭირდებოდეთ; მოზარდებს კი ერთი სული აქვთ, თავი დააღწიონ ჩვენი საჭიროების განცდას. ეს სავსებით რეალური კონფლიქტია და უფროსები მას ყოველდღიურად ეჯახებიან. ისინი მუდმივად უნდა ეხმარებოდნენ შვილებს, მშობლებისგან დამოუკიდებლობა მოიპოვონ“.
ამ სიტყვების ავტორები არიან ამერიკელი ფსიქოლოგები, თაობებს შორის კომუნიკაციის სპეციალისტები ადელ ფაბერი და ელაია მაზლიში. მათი წიგნები გამოცემისთანავე ბეტსელერებად იქცა. ისინი მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. მსურს, დაინტერესებულ მკითხველს გავაცნო მცირე ნაწყვეტი ა. ფაბერისა და ე. მაზლიშის ერთ-ერთი წიგნიდან. წიგნის სათაურია „როგორ ვესაუბროთ მოზარდებს, რომ მათ მოგვისმინონ და როგორ ვუსმინოთ მოზარდებს, რომ ისინი გვესაუბრონ“.
ავტორები ჰყვებიან ჯგუფის შესახებ, რომელშიც შეკრებილები იყვნენ 12-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდების მშობლები.
მაშ ასე: „ჩვენი მიზანია, – დაიწყეს შეხვედრა ტრენერებმა, – საერთო ძალისხმევით განვსაზღვროთ ყველაზე ეფექტური მეთოდები, რომელთა საშუალებითაც მოვახერხებთ, დავეხმაროთ შვილებს ბავშვობიდან თინეიჯერობის ასაკში გარდამავალ რთულ გზაზე“. აქ ჯგუფის წევრმა მამამ გააპროტესტა: „კი მაგრამ, რატომ გგონიათ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი აუცილებლად რთული უნდა იყოს? მე თავად არანაირი პრობლემა არ მქონია და ჩემი მშობლები სულაც არ იტანჯებოდნენ ჩემი ქცევის გამო. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს დროს ასეთი რთული ცხოვრება არ იყო…“
„მოდი, გავიხსენოთ ის „ჩვენი დრო“, – შესთავაზეს ჯგუფს ტრენერებმა, – რადგან, ვფიქრობთ, ჩვენი თინეიჯერობის პერიოდშიც აღმოჩნდება რაღაც ისეთი, რისი გაცნობიერებაც დაგვეხმარება, გავუგოთ დღევანდელ მოზარდებს. თავდაპირველად გავიხსენოთ, რა იყო საუკეთესო იმ „ჩვენს დროში“.
- „ჩემთვის – სპორტულ სექციაში სიარული და თავისუფალი დროის მეგობრებთან გატარება“.
- „ჩემთვის – გადაადგილების თავისუფლება. ძალიან მაგარი იყო, როდესაც პირველად ჩავჯექი მეტროში მარტო და პლაჟზე წავედი“.
- ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მოგონებაა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა და კიდევ – ერთი ბიჭი, რომელიც მე და ჩემს დაქალს ერთდროულად შეგვიყვარდა“.
- „ჩემთვის იმ დროის გახსენება ძალიან სასიამოვნოა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საზრუნავი არაფერი მქონდა, რადგან მშობლები გვერდით მყავდა და ყველაფერს თავად აგვარებდნენ“.
- „სამწუხაროდ, ჯგუფის პოზიტიურ განწყობას ვერ შევუერთდები, – განაცხადა ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დასძინა: – მე სიხარულით დავემშვიდობე „იმ დროს“, შვებით ამოვისუნთქე იმის გამო, რომ აღარ მჭირდებოდა მუდმივად ჩემს გარეგნობაზე ნერვიულობა. მაშინ ჩემ შესახებ სხვების აზრს დიდ ყურადღებას ვაქცევდი და ვდარდობდი, მიმიღებდა თუ არა ესა თუ ის კომპანია. თავს მუდამ აუტსაიდერად მივიჩნევდი“.
ამ ქალბატონს ჯგუფის სხვა წევრებმაც მიბაძეს და აი, რა გაიხსენა რამდენიმე მათგანმა:
- „მეც პუტკუნა ვიყავი, ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი და საკუთარი თავის რწმენა საერთოდ არ მქონდა“.
- „უნდა ვაღიარო, რომ ისე ვიყავი გატაცებული ბიჭებისთვის თავის მოწონებით, სკოლაც კი ძლივს დავამთავრე“.
- „არც მე მილხინდა მაიცდამაინც, რადგან თანატოლი ბიჭები ჩემზე ზეწოლას ახდენდნენ და მაიძულებდნენ არასწორად მოვქცეულიყავი. ჰოდა, მეც ბევრი სისიულელე ჩავიდინე“.
- „მე კი მუდმივად ვშფოთავდი: ვინ ვარ? რა მინდა? რა მიყვარს? რა არ მიყვარს? მე მე ვარ თუ ვინმეს ვბაძავ? შესაძლებელია, საკუთრ პრინციპებს არ ვუღალატო და სწორედ ასეთი მიმიღონ სხვებმა?“
„ჩვენმოგვხიბლა ჯგუფის წევრების გულწრფელობამ“, – წერენ ავტორები. მათ სთხოვეს მშობლების ჯგუფს, გაეხსენებინათ, რას ეუბნებოდნენ ან რას აკეთებდნენ მშობლები მათ მხარდასაჭერად.
- „ჩემი მშობლები არასოდეს მეჩხუბებოდნენ სხვების თანდასწრებით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვიმსახურებდი ამას“.
- „მამაჩემი ხშირად მეუბნებოდა: შენს პრინციპებს არ უღალატო. თუ რამეში ეჭვი შეგეპარება, საკუთრ სინდისს დაეკითხე და ისე მოიქეცი, როგორ ის გიკარნახებს. და კიდევ: არ შეგეშინდეს შეცდომების, სხვანაირად ვერასოდეს ისწავლი მართებულად მოქცევას. მაშინ მე ვფიქრობდი, რომ ამდენი ჭკუის სწავლება უკვე ყელში ამომივიდა, მაგრამ ახლა ხომ ხედავთ, ზუსტად ეს სიტყვები გამახსენდა“.
- „დედა ყოველთვის თვითგანვითარებისკენ მიბიძგებდა, არასოდეს მაძლევდა უფლებას, მოვდუნებულიყავი და ხელი ჩამექნია, თუ რამე არ გამომივიდოდა. მამას კი იდეალურ ადამიანად მივაჩნდი, რაც ძალიან მახარებდა და საკუთარი თავის რწმენას მმატებდა“.
- „ჩემი მშობლები მაიძულებდნენ, საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევები გამომემუშავებინა, თუნდაც ფინანსების მართვა, მანქანის საბურავის გამოცვლა, ის კი არა, ყოველდღე მაკითხებდნენ ესპანურენოვანი წიგნის ხუთ გვერდს. მაშინ ძალიან მეზარებოდა ამ ყველაფრის კეთება, მაგრამ ახლა მადლობელი ვარ, რადგან სწორედ ესპანურის ცოდნის გამო მაქვს კარგი სამსახური“.
„გამოდის, რომ თინეიჯერულ ასაკში მრავალი თქვენგანი რეალურ დახმარებას იღებდა მშობლებისგან, – დასძინეს ტრენერებმა. მაგრამ ჯგუფის წევრებმა ის შემთხვევებიც გაიხსენეს, როდესაც მშობლები დაუმსახურებელ შენიშვნებს აძლევდნენ და ზოგ შემთხვევაში სრულიად არასწორად ექცეოდნენ მათ:
- „დედისგან დახმარება არასდროს მიმიღია, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები მქონდა. ის არ მეუბნებოდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. საბოლოოდ მეც აღარაფერს ვუყვებოდი, რადგან მაინც ვერანაირ რჩევას ვერ მივიღებდი“.
- „ჩემი მშობლები მუდმივად ერთსა და იმავეს ჩამჩიჩინებდნენ: შენ ჩვენი ერთადერთი ვაჟი ხარ, ამიტომ შენგან ძალიან ბევრს ველით, შენ კი მუდმივად იმედებს გვიცრუებ, სათანადოდ ვერ იყენებ საკუთრ პოტენციალსო“.
- „მე ექვსი და-ძმიდან უფროსი ვიყავი, ამიტომ მშობლები მავალებდნენ საჭმლის მომზადებას, სარეცხის დარეცხვას და უმცროსებისთვის თვალყურის დევნებას. დედას და მამას დასვენება სჭირდებოდათ, მე კი ამ პირობებში ბავშვობა და თინეიჯერობა არ დამცალდა“.
- „ჩემთან ყველაფერი სულ სხვანაირად იყო. მშობლები პატარა ბავშვივით მექცეოდნენ, ყოველგვარ წინააღმდეგობას მარიდებდნენ და შედეგად თავი სრულიად უსუსური მეგონა, რომელსაც მშობლების გარეშე არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ზრდასრულობაში დიდხანს დავდიოდი ფსიქოთერაპევტთნ, რომ საკუთარი თავის რწმენა შემეძინა“.
- „დედაჩემი ის სხვა უკიდურესობაში იყო გადავარდნილი. არაფერს მიკრძალავდა. შემეძლო, სადაც მინდოდა, იქ წავსულიყავი და როდესაც საჭიროდ ჩავთვლიდი, მაშინ დავბრუნებულიყავი შინ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნარკოტიკებს და სასმელს პირდაპირ სახლში მოვიხმარდი. ბევრი შეცდომა დავუშვი და დღესაც ვბრაზობ დედაზე იმის გამო, რომ მისმა ზედმეტმა სირბილემ ცხოვრების რამდენიმე წელი დამაკარგვინა“.
მკითხველი უთუოდ მიხვდა, რომ მშობლებს შეუძლიათ, შვილებს ცხოვრება გაუფუჭონ მაშინაც კი, როცა სიკეთე სურთ. ასევე, ფაქტია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანების უმრავლესობა მაინც ახერხებს, რთულ სიტუაციაში გადარჩეს, შემდეგ თავადაც შექმნას ოჯახი და ყველაფერი ცუდი შეძლებისდაგვარად უკან მოიტოვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ფეხზე დასადგომად“ და შეცდომების გამოსასწორებლად ჯგუფის თითოეულ წევრს ბევრი დრო და უზარმაზარი ენერგია დასჭირდა.
შემდეგ ერთ-ერთმა ქალბატონმა ტრენერებს და შეხვედრის მონაწილეებს მიმართა: „სამწუხაროდ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი, რომ ყველაფერს უკან ვერ მოიტოვებ და სწორედ ამიტომ ვარ ახლა აქ. მე ძალიან მაწუხებს ჩემი გოგონას ქცევა და, რაც მთავარია, არ მსურს დედაჩემის შეცდომების გამეორება“.
აი, მშობლების ზოგიერთი საწუხარი:
- „მე ძალიან მაწუხებს ჩემი ვაჟის ქცევის მანერა. ის არავითარ წესს აღარ ემორჩილება. მის ასაკში მეც ასეთი მეამბოხე ვიყავი, მაგრამ ყველაფერს ვმალავდი, ჩემი ვაჟი კი ყველაფერს დაუფარავად აკეთებს“.
- „ჩემი გოგონა ჯერ მხოლოდ 12 წლისა, მაგრამ მისი ეგო უკვე ბიჭების მხრიდან აღიარებას მოითხოვს. მე კი მეშინია, რომ ის პოპულარობის მოსაპოვებლად უახლოეს მომავალში თავს დიდ განსაცდელში ჩაიგდებს“.
- „ჩემს ბიჭს ახლა მხოლოდ თავისი ახალი ძმაკაცები აინტერესებს, მე კი სულაც არ მომწონს ეს კომპანია, რადან აშკარად ცუდ გავლენას ახდენს ჩემს შვილზე“.
- „ჩემს გოგონას თითქოს პიროვნების გაორება აქვს. სახლის გარეთ პირდაპირ ანგელოზია – თავაზიანი, ზრდილობიანი. მაგრამ სახლში სულ სხვანაირია. საკმარისია, რამეზე უარი უთხრა ან საქმეში დახმარება სთხოვო, რომ მაშინვე უხეში და უზრდელიც კი ხდება“.
„ახლა, როდესაც მივხვდით ჩვენი პრობლემების არსს, – თქვეს ჯგუფის წევრებმა, – სასწრაფოდ გვჭირდება პასუხები!“ მაგრამ საქმე ის არის, რომ სწრაფი პასუხები არ არსებობს. წარმოუდგენელია, დავიცვათ მოზარდები ყველა იმ საფრთხისგან, რომლებიც უხვადაა გარშემო, მაგრამ თუ მშობლები მოახერხებენ, შექმნან ოჯახში ისეთი ფსიქოლოგიური კლიმატი, რომელშიც ბავშვები თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს, გაჩნდება შანსი, რომ მოზარდები უფრო გახსნილები გახდნენ და თქვენს „დიდურ“ მოსაზრებებსაც შეძლებისდაგვარად გაუწიონ ანგარიში. ისინი უფრო ადვილად შეეგუებიან თქვენ მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. შედეგად, გაიზრდება შანსი, თქვენი ცხოვრებისეული ღირებულებები მათთვის დამცავ ფარად გადაიქცეს.
„მივხვდი! – წამოიძახა ერთმა ქალბატონმა, – მე ყოველთვის ვუსმენ ადამიანებს… ყველას, ჩემი შვილების გარდა. როცა ჩემი რომელიმე მეგობარი განერვიულებულია, მე, რა თქმა უნდა, აზრად არ მომდის, ზედმეტად ჩავერიო და რჩევები გავცე. მაგრამ როდესაც საქმე შვილებს ეხება, მაშინვე ჭკუის სწავლებას ვიწყებ. ვფიქრობ, ასე იმიტომ მემართება, რომ შვილებს ვუსმენ როგორც დედა. დედობა ხომ თავისთავად გულისხმობს, რომ ყველაფერი ცუდი, რაც ჩემი შვილის ცხოვრებაში ხდება, შევცვალო და გამოვასწორო“.
შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესება გვიანი არასოდეს არის. სინამდვილეში მშობლებისთვის გაცილებით მოხერხებულია მტკივნეული და უსიამოვნო გრძნობების განდევნა. მათთვის ძნელია შვილების გულისტკივილის, იმედგაცრუებების, სევდიანი ისტორიების მოსმენა. მათ ძალა არ ჰყოფნით, შვილების უბედურებას უყურონ, ამიტომ უფროსები თავს არიდებენ თინეიჯერებთან გულითად საუბრებს და შვილებს საკუთარ „ზრდასრულ ბრძნულ ლოგიკას“ ახვევენ თავს. არადა ყველაზე მნიშვნელოვანი მოსმენაა. შვილების მოსმენა საუკეთესო რამაა, რაც მშობლებს შეუძლიათ გააკეთონ შვილებისათვის. მოსმენა და გრძნობების გაზიარება თინეიჯერებს ყველაზე მეტად დაეხმარება პრობლემებთან გამკლავებაში. მშობლებმა უნდა შეცვალონ დამოკიდებულება „როგორ გამოვასწორო ყველაფერი“ დამოკიდებულებით: „როგორ დავეხმარო შვილებს, რომ მათ თავად მოახერხონ ყველაფრის შეცვლა“.