კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

სხვისი შრომა, ანუ ირიბად მასწავლებლებზეც

ამასწინათ, ასე 20 წლის წინათ, მამაჩემმა მითხრა, მოდი სადარბაზო დავალაგოთ, სირცხვილია ამ ნაგავში ცხოვრება და სიარულიო. ჩვენ მაშინ მეთექვსმეტე სართულზე ვცხოვრობდით და იდეა არ მეხალისა. ან რატომ უნდა დამელაგებინა საერთო სარგებლობის კიბე, როცა ჩვენამდე ამოსასვლელად კიბის უჯრედს კიდევ 90 ოჯახი იყენებდა.

ასეც ვკითხე.

ერთხელ რომ დასუფთავდება და ნახავენ რა კაია სუფთა, მერე ნაკლებად დაყრიან, ცდად ღირსო, მამაჩემმა.

არგუმენტი დამაჯერებლად არ მომეჩვენა და უარი ვთქვი, არა-მეთქი.

დაძალება მამაჩემის სტილი არაა. ადგა და მარტომ, ღიღინით დაიწყო ძირს დაყრილი ნაგვის პარკებში ჩაყრა და ქვევით ჩაზიდვა. მე ნამუსმა შემაწუხა და შორიახლოს ვტრიალებდი, მაინტერესებდა როდის მობეზრდებოდა ეს ამბავი. მეზობლები აივლიდნენ-ჩაივლიდნენ. რამდენიმემ შეაქო, ვიღაცა მიესალმა და ჩაუარა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ ამბავში რაღაც ფარული ინტერესები დაინახეს (თავმჯდომარეობა ხომ არ გადაგიწყვეტია? კაი იქნებოდა, მე მხარს დაგიჭერ!). სადღაც მეცხრე სართულამდე მარტომ ალაგა. მე სიბრაზისგან მუშტებს ვიკბენდი, ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა დაულაგო სადარბაზო „სხვას“, როცა რამდენიმე საათში ისევ დაანაგვიანებენ.

ორი-სამჯერ ავუარე, ჩავუარე. ზერელედ ვუთხარი, მაინც ჩავდივარ, გავაყოლებ 1-2 პარკს-მეთქი. არ შემწინააღმდეგებია, მძიმე არ აწიო, წელს გატკენს, რა გვეჩქარება, ნელა ჩავიტანთო მითხრა და პირთამდე სავსე პარკიდან ნაგავი ამოყარა, რომ მძიმე არ მეთრია ფეხით.

 

მამაჩემს იმდენი წელია ვიცნობ, რამდენიც მეხსიერება მაქვს. არასოდეს მინახავს უფრო ოპტიმისტი და მხიარული ადამიანი, როცა ბრაზობს, მაშინაც მხიარულია და რამე სასაცილოს იტყვის ხოლმე ისე, რომ ვისაც უბრაზდება იცინის. ამ მხიარული ბუნების უკან კი დიდი სიჯიუტე დგას. თავისნათქვამაა, რომ თქვას კლდეა მოსანგრევიო, მარტო მიადგება და შუა გზაში არ მიატოვებს, შეიძლება მიაფუჩეჩოს, მაგრამ არ მიატოვებს. ეს ვიცოდი და ვხვდებოდი, რომ დარჩენილ სართულებსაც მარტო დახვეტდა – ჩემ პროტესტს აზრი არ ჰქონდა და ხელები დავიკაპიწე.

*********

 

მოსწავლეებთან რამდენიმეწლიანმა ურთიერთობამ მასწავლა, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ სწავლობს რაღაცას, როცა ცოცხალ მაგალითს ხედავს. წესად მაქვს, რომ გაკვეთილზე არასოდეს ვაგვიანებ და ტელეფონი გამორთული მაქვს. რაგინდ სასწრაფო ზარი იყოს, პრინციპულად არ ვპასუხობ, რადგან ჩემ მოსწავლეებს ვეუბნები – სანამ თქვენთან ვარ, მხოლოდ თქვენთან ვარ და იქნებ მომბაძოთ!

მასწავლებლის, როგორც ქცევითი მოდელის სანიმუშოობის აუცილებლობა განათლების სისტემის მთავარი კომპონენტია. ერთხელ, კახი კავსაძემ თქვა, აი, ქუჩაში რომ მიდიხარ, შენი ქცევა შენი ქცევა აღარაა მხოლოდ, შენ იმ წუთას ვიღაცისთვის საყვარელი და იქნებ სანიმუშოც კახი კავსაძე ხარ და უმსგავსოდ რომ მოიქცე, იქნებ როგორ ატკინო გული სხვასო.

ერთი შეხედვით, ქცევის ეს მოდელები ხელოვნური და ყალბია, მეორეს მხრივ კი შესაძლოა ასეთი მიდგომით ადამიანი გაამხნევო. გაამხნევო, რომ მის მოწესრიგებულობას და სამოქალაქო პასუხისმგებლობას აზრი აქვს. აბა, წარმოიდგინეთ, შვილს სერიოზული, სევდანარევი იდუმალგაბრაზებანარევი ბრძნული სახით უხსნი სიგარეტის მავნებლობაზე და სახეში აბოლებ, რატომ უნდა დაგიჯეროს თუ ადამიანს ზოგადად არაპირდაპირი საფრთხის ცნობიერი შიში ისედაც არ აქვს.

მასწავლებლის ჰეროიზაციის მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ის ავტორიტეტი არ იქნება საგანმანათლებლო სივრცეში, მოსწავლის ქცევის მოდელის ჩამოყალიბებას როგორ მოახერხებს? მასწავლებლის ავტორიტეტის შელახვას კი, გარკვეულწილად თავად საგანმანათლებლო სისტემის იმგვარად მოწყობა უწყობს ხელს, სადაც პიროვნებას, ინდივიდს, პედაგოგს დამოუკიდებლად მოქმედების არეალი შეზღუდული აქვს.

ცხადია ჩარჩო საჭიროა. საერთო პირობებზე შეთანხმება აუცილებელი, მაგრამ თუ ექსპერიმენტებისა და ინდივიდუალური მიდგომებისთვის არც დრო და არც ადგილი არ დარჩა, როგორ მოახერხოს პედაგოგმა შედეგის დადება?

რეპეტიტორობის ინსტიტუციას ბევრი აკრიტიკებს. ამბობენ, კარგი საგანმანათლებლო სისტემის არსებობის შემთხვევაში, მოსწავლეს დამატებით მომზადება არ დასჭირდებაო. ამის მიზეზი, ერთის მხრივ, მოსწავლეთა რაოდენობაა, მეორეს მხრივ კი მასწავლებლების ხელფეხშეკრულობა. აბა მაშინ როგორ ახერხებს კერძოდ, ზედმეტი კონტროლისა და ბიუროკრატიას აცდენილი პედაგოგი იყოს 10-ჯერ, ხშირად 100-ჯერაც უფრო ეფექტიანი, ვიდრე სკოლის კედლებში, სადაც მისი, როგორც ინდივიდის ხმა ადმინისტრაციულ ლაბირინთებში ჩაკარგულია?

როგორ გაზრდის სამსახურის დაკარგვის შიშით საჯარო გამოსვლისას ერთის, პირად ლაპარაკებში კი მეორის მთქმელი პედაგოგი არაკონფორმისტ მოქალაქეს?

როგორ შეძლებს გახდეს  მოსწავლისთვის ავტორიტეტული მასწავლებელი, ვისაც დღენიადაგ, ბევრნაირი ფორმით რეპუტაციას ულახავენ?

მასწავლებლების კრიტიკა ყოველდღიურობის ნაწილია. ადამიანებს, ვისაც დაბალ ანაზღაურებაზე ურთულესი და საოცრად დიდი პასუხისმგებლობის აღება უწევთ საკუთარ თავზე, მშობლები ხშირად დაუმსახურებლად ასწორებენ მიწასთან.

მშობლების ნაწილი თვლის, რომ მისი შვილის უსაფრთხოებასა და განათლებაზე მხოლოდ სკოლა და მხოლოდ პედაგოგია პასუხისმგებელი და მასწავლებელსაც, ხშირად ისღა დარჩენია „სკოლის კედლებს იქითკისერიმცგიტეხია“ პოზიცია დაიჭიროს, რადგან ისევ და ისევ, პედაგოგის რეპუტაცია შელახულია.

რამდენჯერმე დავესწარი ჩემი უფროსი შვილის გაკვეთილს. 45 წუთი საკმარისი იყო იმისთვის, რომ 30 ბავშვთან, როგორც იაკობისა ღმერთთან მებრძოლი ახალგაზრდა და ძალიან კვალიფიციური მასწავლებლის შრომა დამეფასებინა. რა ფანტასტიკური უნარების მქონე გინდა უნდა იყოს მასწავლებელი, 30 პირველკლასელს რთულად თუ ვინმე გაუმკლავდება.

არადა უხდებათ. უჭირთ, მაგრამ უხდებათ. და როდესაც უხდებათ, მერე მოტივაციაც აღარაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

და ასეთ პედაგოგებს რომელიმე პრეტენზიული მშობელი კი ხშირად მაინც გააკრიტიკებს. ევალება და მაშ, როგორო, იტყვის. შვილს დილით დაუტოვებს და იმას კი არ მოიკითხავს, იქნებ მშობლის ჩართვაც საჭირო იყოს საქმეში? იქნებ მასწავლებელთან ერთად მუშაობამ შედეგი გააორმაგოს, იქნებ მასწავლებლის ავტორიტეტს „შეხიდება“ სჭირდება?

 

***********

ამასწინათ, ასე 4 წლის წინათ, მაშინ 3 წლის შვილთან ერთად ნათლობაში ვიყავი. როგორც ბავშვების უმეტესობამ, მათემაც დაუდევარი ჭამა იცოდა. ძირს ყრიდა ყველს, პომიდორს, სალათს და შენიშვნები კი გაუგებარი იყო მისთვის. მახსოვს, რომ მკაცრად ველაპარაკე და გაბუტულები წამოვედით სახლში.

მანამდეც ბევრჯერ მითქვამს, რომ როდესაც ჩვენ ვანაგვიანებთ, ვიღაცას ყოველთვის უწევს ამის ალაგება, შეიძლება ამაში ხელფასს იღებდეს, მაგრამ მაინც – ეს სრულიად დაუფასებელი და მოსაწყენი შრომაა.

თუ ეს მისი სამსახურია, რატომაც არ უნდა აალაგოსო, უკითხავს შვილს ასეთ დროს. ამაზე მეც მიფიქრია, მანამ სანამ ვაშინგტონის ერთ-ერთ მოსაცდელში, ავტობუსის მოლოდინში ასეთ ამბავს არ გადავეყარე – აფროამერიკელმა დამლაგებელმა კაცმა ყურსასმენები გამოიძრო და სკამზე ჩამომჯდარ კაცს ძირს დაყრილ ნაგავზე უთხრა, გამოხვეტას ვაპირებ და შენი დაყრილი ნაგავი აკრიფეო. ის, ვისაც შენიშვნა მისცეს, უხმოდ წამოდგა და ძირს დაგდებული Coca-ს ქილა, შოკოლადის ნაფრცქვენები და მიწის თხილი ფრთხილად წამოკრიფა, ურნაში ჩაყარა და გარეთ გავიდა.

პასუხი, რომელიც ჩემ შვილს გავეცი მაშინ, მოფიქრებული არ მქონია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეფექტური აღმოჩნდა.

ამასწინათ, ახლა ნამდვილად ამასწინათ, შვილი, რომელიც ახლა 7 წლისაა, მეგობრის რესტორანში წავიყვანე. ამჯერად კონკრეტული მიზნით – დარბაზი უნდა დაგველაგებინა. როდესაც მეგობარს ვთხოვე, დარბაზს დაგილაგებთ-მეთქი, გაუკვირდა. იფიქრა ვხუმრობდი, მაგრამ დაჟინებით ვთხოვე და დამთანხმდა. მე და ჩემმა შვილმა ბანკეტის მერე დანაგვიანებული დარბაზის დალაგება დავიწყეთ.

ანაზღაურება იმდენივე მივეცი ბავშვს, რამდენსაც დამლაგებლები იღებენ. მძიმე სამუშაო ყოფილაო მითხრა.

ნამდვილად მძიმეა-მეთქი ვუპასუხე.

მამაჩემისგან განსხვავებით, ჩემი შეგონების მცდელობა უფრო ხისტი და პირდაპირი აღმოჩნდა, მაგრამ გაამართლა. ალბათ გაამართლა, რადგან ახლა ჩემმა შვილმა იცის, რომ მის დაგდებულ ნაგავს ვიღაც ყოველთვის ალაგებს და ეს მძიმე და დაუფასებელი შრომაა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი