ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ბედნიერი მშობლობის საიდუმლო

დასაწყისი

სტივ ბიდალფი ავსტრალიაში მოღვაწე ფსიქოლოგია. მისი ინტერესის საგანს წარმოადგენს ბავშვთა აღზრდა. ფსიქოლოგი ავტორია მრავალი წიგნისა, რომლებიც გამოცემულია 32 ენაზე, და არაერთი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიისა. მინიჭებული აქვს სხვადასხვა სამეცნიერო ხარისხი და ჯილდო, მათ შორის – „წლის საუკეთესო მამის წოდება“ (2000 წ., ავსტრალია).

წიგნ „ბედნიერი მშობლობის საიდუმლოს“ შესავალში სტივ ბიდალფი სვამს კითხვას: რატომ არის ამქვეყნად ამდენი უბედური ზრდასრული ადამიანი?

 

დაფიქრდით – თქვენს გარშემო ადამიანების უმრავლესობას უთუოდ აქვს გარკვეული პრობლემები. ვიღაცას თავდაჯერება აკლია, ვიღაცას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, ვიღაცას ადამინებთან კონტაქტის დამყარება უჭირს, ვიღაც აგრესიულია, გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებს ხალხს. ისეთებიც არიან, რომლებიც გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებენ, მაგრამ ძლივს იკავებენ თავს სასმლისა და სხვა მსგავსი ნივთიერებების მიღებისგან. საქმე ის არის, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი პირდაპირ „დაპროგრამებულია უბედურებაზე“. ვფიქრობ, ბავშვობაში მათ უნებურად ასწავლეს უბედურად ყოფნა და მას შემდეგ ასე ცხოვრობენ. ამ წიგნის კითხვისას შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ თავადაც მსგავს სცენარს უმზადებთ შვილებს. მაგრამ შეიძლება, თავიდან აიცილოთ უარყოფითი სცენარით მათი დაპროგრამება და ასწავლოთ მათ იყვნენ ოპტიმისტები, მოსიყვარულეები, გულწრფელები და ბედნიერები.

მაშ ასე, პატარა ბავშვს არ აქვს პასუხი ბევრ კითხვაზე. მაგალითად: ვინ ვარ? როგორი ვარ? ამქვეყნად ჩემი ადგილი სად არის? ეს თვითგამორკვევის ან თვითიდენტიფიკაციის კითხვებია, რომლებზეც ჩვენი ცხოვრებაა დაფუძნებული და რომელთა პასუხებზეა დამოკიდებული, როგორ ვიქცევით ზრდასრულობაში. ბავშვის ცნობიერებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს უფროსების ნებისმიერი გამონათქვამი, განსაკუთრებით – ასეთი: „უსაქმური ხარ“ ან „შესანიშნავი ბავშვი ხარ“. ყველაფერი, რასაც „დიდი“ ადამიანები მტკიცედ და ავტორიტეტულად ამბობენ, ბავშვის ქვეცნობიერში ილექება. ჩემი მრავალწლიანი ფსიქოთერაპიული პრაქტიკის განმავლობაში არაერთხელ მომისმენია, როგორ იმეორებენ ზრდასრული ადამინები, რომლებიც კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ბავშვობაში უფროსებისგან მათი მისამართით ნათქვამ სიტყვებს: „მე სრულიად უმაქნისი და უვარგისი ვარ“.

აბა, წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლებოდა თქვენი შვილის ცხოვრება, ის რომ ასეთი შეგონებებით აღგეზარდათ:

  • მე კარგი ადამიანი ვარ;
  • მე ადვილად ვპოულობ საერთო ენას ადამიანთა უმრავლესობასთან;
  • მე თითქმის ყველა პრობლემის გადაჭრა შემიძლია;
  • მე ნიჭიერი და გონიერი ვარ;
  • მე შემოქმედებითი ადამიანი ვარ
  • მე ჯანმრთელი და ძლიერი ვარ;
  • მე მომწონს ჩემი გარეგნობა

და სხვა.

ფსიქოლოგებს გვიყვარს ყველრისთვის სახელის დარქმევა, ამიტომ მსგავს ფრაზებს „ატრიბუციებს“ ვეძახით. ბავშვობაში შეთვისებული ატრიბუციები ხშირად მოულოდნელად ამოტივტივდება ხოლმე ზედაპირზე.

აი, ზრდასრული ადაამინების საუბრები:

  • „რატომ არ ითხოვ დაწინაურებას?“ – „იმიტომ, რომ მაინც არაფერი გამომივა, ზუსტად ვიცი“;
  • „მსგავსი შეცდომა ხომ ადრეც დაუშვი? რატომ იმეორებ მუდმივად ერთსა და იმავეს?“- „იმიტომ, რომ სრული იდიოტი ვარ“;
  • „რატომ აძლევ სხვებს უფლებას გამოგიყენონ?“ – „იმიტომ, რომ სულ ასე მემართება, მე ხომ სულელი ვარ და ჭკუას ვერასდროს ვისწავლი“.

უფროსები შემთხვევით არ იმეორებან საკუთრი ასეთ ნეგატიურ შეფასებებს – ისინი ბავშვობიდანვე მათ ქვეცნობიერშია ჩაწერილი და ზრდასრულ ასაკშიც სჯერათ მათი. „დაპროგრამება“ იმ ასაკში ხდება, როდესაც პატარები უკრიტიკოდ იჯერებენ უფროსების ნათქვამს.

მკითხველს, სავარაუდოდ, ეჭვი შეეპარება და იტყვის, რომ შეუძლებელია, პატარებმა ყველაფერი დაიჯერონ. რა თქმა უნდა, პატარები ფიქრობენ იმაზე, სიმართლეა თუ არა უფროსების ნათქვამი, მაგრამ მისი გადამოწმება არ შეუძლიათ. „უფროსებმა ყველაფერი იციან, ისინი ჩვენს აზრებს კითხულობენ“, – ფიქრობენ პატარები. ამიტომ, როდესაც ბავშვს ეუბნებიან: „დაბდურა და მოუწესრიგებელი ხარ“ – მას მართლა ასეთი ჰგონია თავი. როდესაც პატარას გამუდმებით ესმის: „სულ ფეხებში გვედები“ – ის თავს გარიყულად გრძნობს. მას ძალიან უნდა, შეაქონ, ამიტომ იწყებს უმისამართოდ ბორიალს და შესაძლოა მართლაც გაებლანდოს ფეხებში უფროსებს. თუ ბავშვს გამუდმებით უმტკიცებენ, რომ ის ცუდია, საბოლოოდ მართლაც იჯერებს, რადგან ჰგონია, რომ დიდები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ.

გზავნილი, რომელიც იწყება სიტყვით „შენ“, მოქმედებს როგორც ცნობიერ, ასევე ქვეცნობიერ დონეზე. პაციენტებთან მუშაობის გამოცდილებაც იმავეს ცხადყოფს. როდესაც ბავშვებს ვთხოვ, აღწერონ საკუთარი თავი, ისინი ამბობენ: „მე ცუდი ბიჭი ვარ“, „მე უფროსებს სულ ფეხებში ვებლანდები“.

სიმართლე უნდა ითქვას – ბავშვები ზოგჯერ ფიქრობენ: „დედიკო და მამიკო ამბობენ, რომ ვუყვარვარ, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია“. ცნობიერ დონეზე ბავშვები ისმენენ ერთს, ხოლო ქვეცნობიერად გრძნობენ, რომ ამ სიტყვებში რაღაც წინააღმდეგობა იმალება.

ის, თუ როგორ ვესაუბრებით ჩვენს შვიებს, ძალიან დიდ როლს ასრულებს. ჩვენ ვამბობთ: „შენზე გაბრაზებული ვარ, წადი და დაუყოვნებლივ აალაგე სათამაშოები!“ ამ დროს სრულიადაც არ ვფიქრობთ გრძელვადიან შედეგებზე. ყოველთვის, როდესაც რაიმე კონფლიქტი წარმოიშობა, უფროსები ამბობენ: „ზარმაცო! შენ მე არასდროს მიჯერებ!“- აბა, როგორ ფიქრობთ, რა შედეგამდე მიგიყვანთ მსგავსი რეპლიკები?

მიმაჩნია, რომ თუ რაღაც გაწუხებთ, სრულიადაც არ არის საჭირო, შვილებს უმტკიცოთ, რომ ბედნიერი და ყველაფრით კმაყოფილი ხართ – ამით მათ თავგზას აუბნევთ და დროთა განმავლობაში ისინიც დაიწყებენ ეშმაკობას და შფოთვას. შვილებს გულწრფელად უნდა გაუზიაროთ თქვენი გრძნობები, ოღონდ ისე, რომ ისინი არ დაამციროთ. ბავშვი აუცილებლად გაგიგებთ, თუ ეტყვით: „დღეს ძალიან დავიღალე“ ან „ძალიან უკმაყოფილო ვარ“. ეს მით უფრო შედეგიანი აღმოჩნდება, რაც უფრო მეტად დაემთხვევა თქვენი სიტყვები იმას, რასაც პატარა განიცდის. თქვენი გულწრფელობა დაანახებს ბავშვებს, რომ თქვენც ცოცხალი ადამიანი ხართ და ამაში ცუდი არაფერია.

ერთხელ, სკოლაში, მშობელთა კრებაზე სიტყვით გამოსვლისას, დამსწრე საზოგადოებას ვთხოვე, გაეხსენებინათ ფრაზები, რომლებსაც მათ საკუთარი მშობლები ბავშვობაში ეუბნებოდნენ და რომლებიც „შენ“ ნაცვალსახელით იწყებოდა. მე ამ ფრაზებს დაფაზე ვწერდი და აი, რა გამოვიდა:

„შენ სრულიად უნიათო ხარ“;

„შენ სულ ფეხებში ედები ყველას“;

„შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ და არაფერი გაგეგება“;

„შენ ეგოისტი ხარ“;

„შენ ყველას თავს აბეზრებ“;

„შენ სრულებით არ გეხერხება სისუფთავის დაცვა“;

„შენ მხოლოდ საკუთრ თავზე ფიქრობ, სხვები არ გაინტერესებს“;

„შენ ყველგან და ყოველთვის იგვიანებ“;

„შენღორმუცელა და გაუმაძღარი ხარ“;

„შენ გამო სულ უსიამოვნებებში ვეხვევით“;

„შენმავნე და აბეზარი ხარ“;

„შენ სულ არანორმალურივით იქცევი“;

„შენ სულ პატარა ბავშვივით ჭირვეულობ“;

„შენ სულ მთლად მამას/დედას/ ბებიას/ მამიდას/ ბიძას/ბაბუას/ბებიას… ჰგავხარ“.

მას შემდეგ, რაც დაფა შეივსო, ვიგრძენი, რომ დარბაზმა ამოისუნთქა, თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი ჩამოიხსნა და გათავისუფლდა.

უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ მათ მშობლებს სულაც არ უნდოდათ, განზრახ დაემცირებინათ ისინი. სავარაუდოდ, საქმე აღზრდაზე არქაულ და სრულიად არასწორ წარმოდგენებს ეხება.

ახლა მინდა გაიხსენოთ, რამდენად ხშირად საუბრობთ ბავშვებზე ისე, რომ გგონიათ, მათ არ ესმით თქვენი. არ დაგავიწყდეთ, ბავშვებს ძალიან მახვილი სმენა აქვთ. მათ შეუძლიათ, კანფეტის ქაღალდის შარიშური 50 მეტრის დაშორებითაც კი გაიგონონ და აღიქვან ინფორმაცია მაშინაც კი, როდესაც სძინავთ.

გარდა ამისა, არ დაივიწყოთ ის დრო, როდესაც პატარა ჯერ არ ლაპარაკობს (ან ლაპარაკობს, მაგრამ არ სურს, რომ თქვენ ეს იცოდეთ).

იმის თქმა მინდა, რომ პატარები ჩვილი ასაკიდანვე ისმენენ და იმახსოვრებენ თქვენ მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას. განმაცვიფრებენ მშობლები, რომლებიც გამუდმებით ჩხუბობენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ „ბავშვებმა ამის შესახებ არაფერი იციან“. სინამდვილეში პატარებმა ყველაფერი იციან. უბრალოდ, მშობლები ეცოდებათ და მალავენ საკუთარ გრძნობებს ან რაიმე განსხვავებული ფორმით გამოხატავენ მათ. შესაძლოა, ეს იყოს ღამის ენურეზი ან პატარა და-ძმაზე ბრაზის გადმონთხევა. ერთი სიტყვით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბავშვებმა ყველაფერი იციან, ამიტომ ყურადღებით ადევნეთ თვალყური საკუთარ გამონათქვამებს, განსაკუთრებით იმათ, რომლებსაც შვილებზე ამბობთ. თქვენი ნებისმიერი სიტყვა გავლენას ახდენს ბავშვის ცნობიერებაზე.

იქნებ ჯობია, დადებით გავლენაზე იფიქროთ და, მაგალითად, თუ ბავშვი სადმე ახლომახლო იმყოფება და შეუძლია, გაიგონოს თქვენი საუბარი, აღნიშნოთ, მისი რომელი თვისება მოგწონთ, განსაკუთრებულად რას აფასებთ მასში. გარკვეულ ასაკში ბავშვები უხერხულობას გრძნობენ, როცა მათ პირდაპირ აქებთ, ამიტომ ირიბი ქება შესაძლოა უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“