კლასიკის მარტივი განმარტება ყველამ იცის: ის, რაც მოდიდან არ გადადის… მაგრამ მაინც: რა ფენომენია „ვეფხისტყაოსანი?“ სულ პირზე გვაკერია, ამ პოემის სამყაროში ვტრიალებთ 9 საუკუნეა, მაგრამ ის მაინც ენიგმაა, მაინც ფანტომია, მაინც მისიტიკაა, მაინც ხელუხლებელი პლანეტაა, უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ყველას შთააგონებს, მათაც, ვინც პირველად კითხულობს და მათაც, ვინც მეათასედ უბრუნდება, რადგან მისგან ვერსად გაიქცევი, ის სულ გიხმობს, სულ გიზიდავს და სულ გაოცებს… ადამიანებს კი ყველაზე მეტად ის გვიყვარს, ვინც (რაც) გვაოცებს…სულ ახალია… სულ კითხვებს ბადებს… მილიონ კითხვას სვამენ ბავშვები, როცა მის ტექსტზე ვმუშაობთ…
ამასწინათ ერთი ტელეგადაცემის ვიდეოვერსია ვნახე, სადაც სამი ცნობილი და პატივცემული ადამიანი რუსთველის პოემის პრობლემებზე საუბრობდა… შე-ვით-ვატყევ (რუსთველისეული ზმნაა), მათ არაფერი იციან ამ პოემის შესახებ. კადნიერებაა თქმა იმისა, რომ მე ვიცი რამე „ვეფხისტყაოსანზე“. თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე და საუკეთესო რუსთველოლოგები მასწავლიდნენ ძველ ქართულ ლიტერატურას, მოგვიანებით სამეცნიერო მუშაობაც დავიწყე და ხარისხიც მივიღე, მაგრამ არც ესაა არაფერი ამ პოემის სიღრმეებში წვდომისათვის. აქვე დავასახელებ ხუთ ადამიანს, ვისგანაც ყველაზე მეტი ვისწავლე „ვეფხისტყაოსანზე“: ვიქტორ ნოზაძე, რევაზ სირაძე, ზვიად გამსახურდია, სარგის ცაიშვილი და ნოდარ ნათაძე… ოთხ მათგანს პირადად შევხვედრივარ და მომისმენია მათთვის ლექციასა თუ კერძო საუბარში. უსაზღვროდ მადლიერი ვარ მათი. ემიგრანტი რუსთველოლოგის, ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის“ ფერთამეტყველება“, რომელიც 1953 წელს ბუენოს-აირესში გამოიცა, თვისობრივად ახალი სიტყვაა რუსთველოლოგიაში, ხოლო ზვიად გამსახურდიას წიგნი „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება“, ვფიქრობ, რომ რუსთველოლოგიაში ყველაზე მრავალშრიანი და სრულქმნილი სამეცნიერო ნაშრომია. ამ წიგნისთის ზვიად გამსახურდიამ დაუცველად, ჰონორის კაუზას წესით მიიღო სამეცნიერო ხარისხი. რამდენადაც მახსოვს, ის დოქტორის ხარისხის მისაღებად სარგის ცაიშვილმა და რევაზ სირაძემ წარადგინეს.
არაფერს ვიტყვი აწ განსვენებული სარგის ცაიშვილისა და რევაზ სირაძის ლექციებზე, სადაც სტუდენტები ვახერხებდით ფრენას რუსთველის ფერად სამყაროში, ხოლო ნოდარ ნათაძის ღვაწლი ტექსტის დადგენის, რედაქტირებისა და განმარტების საქმეში ნამდვილად ფასდაუდებელია. არასდროს დავიღლები ამ ადამიანებისთვის პატივის მიგებით, მაგრამ მაინც შემიძლია ვთქვა, რომ თუ რამე ვიცი ამ ენიგმატურ, მისტიფიცირებულ ტექსტზე, ისევ და ისევ ამავე პოემამ მასწავლა. ის თავის წიაღში გაცხოვრებს, გაცოცხლებს და გზრდის, გწრთვნის. მისი განუწყვეტელი კითხვა იძლევა მისი გაგებისთვის აუცილებელ იმპულსებს. რუსთველი ქმნის და რუსთველივე ხსნის ყველა იმ შიფრ-კოდს, რომლითაც დაშიფრულია პოემის ტექსტი. ჩემთვის „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად გატარებული ყოველი დილა და ყოველი ღამე მზიანი და ნათელი იყო. ადრე მე ის არ მესმოდა და ნიკო მარივით ათას სიშლეგეს ვამბობდი მასზე, მაგრამ მერე ნიკო მარივით მოვინანიე ყველა გაუცნობიერებელი ფრაზა… ის ნელ-ნელა მიახლოვდებოდა და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი უგონო სიყვარულია… არასდროს არავინ მყვარებია ხელოვნებაში ასე თავგამეტებით, მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურის ფერად სამყაროში უამრავი „შეყვარებული“ მყავს. ჰოდა, როცა შეყვარებული ხარ, ყოველგვარი სასწაულიც ხომ მაშინ ხდება? ჩემს სასწაულზეც მოგიყვებით: ამასწინათ, როცა მეათე კლასში „ხელი“ რუსთველის ტექსტის სწავლებას ვიწყებდი და პოემის პროლოგი უნდა ამეხსნა, ის ჩემთან მოვიდა და მითხრა:
- გინდა დაგეხმარო გაკევთილის დაგეგმვაში?
რატომღაც არ გამკვირვებია მისი გამოჩენა და ჯერ ქება თავისივე სიტყვებით ვუთხარი:
„გეტყვი: მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო,
შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,
მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,
თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით არ ვარდნო და არ იანო“…
- ოჰ, კარგი ნუ აჭარბებ! – თქვა მან – დროა, საქმეზე გადავიდეთ, მე მინდა, რომ შენ ბავშვებს გაკვეთილზე გააცნო ლექსთმცოდნე რუსთველი, რადგან შაირობის რაობის ახსნა ამის გარეშე მოსაწყენი სქოლასტიკა იქნება და ბავშვები არ მოგისმენენ…
- მოიცა, მოიცა… – შევაჩერე ეს „ხელი“ კაცი, – ლექსთმცოდნე რუსთველი საიდან მოვიყვანო? ალქიმიაზე ბევრი წამიკითხავს, მაგრამ ქრისოპოეია ჩემთვისაც ისევე მიუღწეველი რამ არის, როგორიც შუა საუკუნეების ალქიმიკოსებისთვის იყო… თვით მეოცე საუკუნის ენიგმა, ფულკანელიც რომ გავხდე, რუსთველს საკლასო ოთახში საიდან შევიყვან?..
- ეჰ, როგორ გამიცრუე იმედი! – ოხვრას გულიც ამოაყოლა შოთამ, – არ მეგონა, თუ ასეთი მწირი ფანტაზია გექნებოდა… აქაოდა ლიტერატურა მიყვარსო, უკიდეგანო ფანტაზია მაქვსო, სულ ეს არის შენი ფანტასმაგორიები? რუსთველი თუ არ გყავს, შენ უნდა შექმნა… და რამდენი მოსწავლის ანთებული თვალები შემოგყურებს და ელის შენგან რაღაც საოცარს? გაკვეთილი-ფანტაზიისთვის დაგჭირდება სულ სამი-ოთხი მოსწავლე-ასისტენტი, დანარჩენები კი ისე ჩაერთვებიან, გაკვეთილის დამთავრებაზე უარს იტყვიან და როცა ზარი დაირეკება, კიდევ შემოგეხვეწებიან, მასწავლებელო, ფანტაზიორების გაკვეთილს კიდევ როდის ჩავატარებთო? აბა, შენ იცი… მე კი ამჯერად დაგტოვებ და თუ დამანახებ, რომ რამე საინტერესოს და ახალს შექმნი შენს გაკვეთილზე…
ის წავიდა. როგორც მოულოდნელად გაჩნდა, ისევე მოულოდნელად გამიქრა თვალთახედვიდან…
ეს პარასკევს იყო. იმავე საღამოს ჩემს მოსწავლეს, სანდროს, დავურეკე და შაბათს სკოლაში შეხვედრა ვთხოვე. ლუკა, ნინი და ლილე კი ისეთ დროს დავიბარე, რომ სანდრო უკვე წასული იყო და მათთან კრინტიც არ დამიძრავს სანდროსთან ჩემი შეთანხმების შესახებ. სანდრომ მითხრა, რომ რუსთველის კოსტიუმის და მაკიაჟის ამბებს ის უჩემოდ მოაბამდა თავს და წინა დღეს ფოტოს ჩამიგდებდა ფეიბუქის მესენჯერში… მე მხოლოდ ის ვურჩიე, რომ ხმა უნდა შეეცვალა და ბოლომდე ვერავის ეცნო კლასელთა შორის… ჩემი ახალი „რუსთველი“ ისე დამემშვიდობა, სახეზე ღიმილს ვერ იშორებდა და თვალებიც უცნაურად უკიაფებდა… ლუკას, ნინის და ლილეს კი ვუთხარი, პროლოგის მე-12-19-ე სტროფები ყურადღებით წაიკითხეთ, წარმოიდგინეთ, რომ გაკვეთილზე რუსთველი გამოგვეცხადა და შაირობაზე პოეტის შეხედულებებში ცხარედ შეეკამათეთ, არ დაზოგოთ-მეთქი…
ორშაბათს ახალბედა მასწავლებელივით ვღელავდი. სია უჩვეულო ბორძიკით ამოვიკითხე, სადნროს რომ მივადექი, მისმა მერხის მეზობელმა ნიკამ მითხრა: მას, სანდრო ავად არის, წუხელ დამირეკა, სიცხე აქვს და დღეს ვერ მოვიდაო. ბავშვებს გაკვეთილის გეგმა გავაცანი. შაირობაზე პოემის პროლოგის რვა სტროფში გაცხადებული პოეტის შეხედულებები უნდა აგვეხსნა და დისკუსია გაგვემართა. გამოწვევის ფაზას მოსდევდა მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ლექციური ნაწილი, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
ბევრი ახსნა არავის სჭირდება იმის გასაცნობიერებლად, თუ რა სტიქიაა და რას ნიშნავს შაირობა ანუ პოეზია რუსთველისთვის. პოეზიის არსაა და სალექსო ჟანრებზე საკუთარ შეხედულებებს ის პროლოგის მე-12-19-ე სტროფებში მწყობრად, სისტემურად აყალიბებს და გვევლინება ლექსთწყობის ანუ ვერსიფიკაციის საუკეთესო მკვლევრად. თანამედროვე ლექსთმცოდნეობა, რასაკვირველია, ვერ გაიზიარებს რუსთველის ზოგიერთ შეხედულებას, მაგრამ ის თავისი ეპოქის ესთეტიკიდან, გემოვნებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს, რომელთა შორისაც მთავარი გზავნილია ის, რომ შაირობა ფილოსოფიის დარგია, ვინაიდან პოეტი ისევე უნდა მიელტვოდეს სამყაროს შემეცნებას, როგორც – ფილოსოფოსი. თანამედროვე ლექსთმცოდნეობა იტყვის: ფილოსოფია მეცნიერებაა სამყაროს შემეცნების შესახებ, ხოლო პოეზია – ხელოვნება და ის ფილოსოფიის დარგად ვერ ჩაითვლებაო, მაგრამ აქ რუსთველი პოეზიის ფილოსოფიურ ხასიათს გულისხმობს. მართალია, გამოსახვის ხერხები განსხვავდება, მაგრამ მიზანი და იდეები კი ერთია… პოეზია საღმრთოა, ანუ უფლის მიერ შთაგონებულია და სულისთვის დიდად სასარგებლო რამ არის. თუმცა მის აღქმას ყველა ვერ შეძლებს, ამას მომზადებული, გემოვნებიანი მკითხველი სჭირდება, ანუ ”კაცი ვარგი”. ლექსი იმითაა კარგი, რომ ფრაზის მოხდენილად გამოთქმის საშუალებას იძლევა. მაგალითად, ნიკო მარი დააბნია რუსთველის ამ ორმა ფრაზამ: ”გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი” და ”მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად”… ის წერდა, რომ თუნდაც ამ ფრაზებში რუსთველი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს გამოთქვამდა… მაგრამ მარმა ვერ გაიგო, რომ აქ სხვადასხვა რამეზეა საუბარი. რუსთველი პირველ სენტენციაში ამბობს: ლექსი იმითაა კარგი, რომ ფრაზას მოკლედ ანუ მოხდენილად გვათქმევინებს, ხოლო მეორში კი გულისხმობს, რომ პოეტი არ არის ის, ვინც ვერ წერს პოემას ანუ გრძელ ლექსს.
შედარებების დიდოსტატი აცხადებს, რომ მელექსეს ისევე გამოსცდის „ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა“ (ანუ ლექსის თავისუფლად, წყაროსავით გადმოდინების ნიჭი), როგორც ცხენს – გრძელ შარაზე სირბილი და მობურთალს – მოედანი. ლექსშემოლეული, სიტყვამცირე მელექსე სასაცილოა. მელექსეობა ჩოგნის ხელმარჯვედ ხმარება და გმირობაა მეტაფორულ პლანში. მოშაირედ ვერ იწოდება ერთი-ორი უმსგავსო და შორი-შორი ლექსის ავტორი, ისინი ნუ გაუტოლებენ თავს კარგ მელექსეებს, მაგრამ სწორედ ასეთებს ჩვევიათ ჯორივით ჯიუტობა – ”ჩემი სჯობსო”…
რუსთველი გამოყოფს სამი ტიპის ლექსს: გრძელ ლექსს ანუ პოემას, მეორეა ”ლექსი ცოტაი” ანუ მცირე ფორმის ლირიკული ლექსი, სადაც ურთიერთდაუკავშირებელი ემოციები გადმოიცემა მხოლოდ და მის ავტორებს არ ძალუძთ გულის გამგმირავი სიტყვების თქმა და მესამეა სალაღობო ლექსი. ”მეორე ლექსის” ანუ ”ლექსი ცოტაის” ავტორებს რუსთველი ადარებს გამოუცდელ მონადირეებს, რომელთაც დიდი ნადირის ხოცვა არ შეუძლიათ და ხელობად აურჩევიათ ”ხოცა ნადირთა მცირეთა”.
მესამე ლექსი ანუ სალაღობო, თანამედროვე შაირი, ექსპრომტი, მსუბუქი ხასიათის იუმორისტული ლექსი, კარგია გასართობად, ამხანაგთა საქილიკოდ და საამო მოსასმენია, თუ კარგად და ნათლად არის ნათქვამი, მაგრამ რუსთველი დასკვნაში კატეგორიულია: მოშაირე არ ქვია მას, ვინც ვერ წერს პოემას. თანამედროვე ლექსმცოდნეობა არც ამაში დაეთანხმება რუსთველს. სამყარო იცნობს უამრავ გენიალურ პოეტს, რომლებმაც სახელი გაითქვეს არა პოემებით, არამედ მცირე ფორმის ლირიკული ლექსებით (თუნდაც მხოლოდ გალაკტიონი დავასახელოთ), მაგრამ ეს რუსთველის ეპოქის ესთეტიკა და სტილია. საგმირო-სარაინდო და სატრფიალო-სამიჯნურო ამბებს, გრანდიოზულ სანახაობებს, ამაღლებულ გმირთა ფერად-ფერად თავგადასავლებს, ომებისა და გმირობების ბატალურ სცენებს მცირე ფორმის ლექსში ვერ ჩატევ, ამის გადმოცემას უთუოდ პოემა სჭირდება.
მეთვრამეტე სტროფში რუსთველი პოეტური ოსტატობის საიდუმლოებებს გვიმხელს: მელექსე ლექსს ამაოდ არ უნდა აბრკმობდეს ანუ ლექსი არ უნდა იყოს ნაჭირვები, ნაწვალები. მეორე: პოეტი უთუოდ უნდა იყოს შეყვარებული, სატრფოს აქებდეს და ამკობდეს, ამ შთაგონების გარეშე ის ღირებულს ვერაფერს შექმნის და მესამე: ის უანგარო და კეთილშობილი ადამიანი უნდა იყოს, ისე უნდა ენამუსიკობდეს თავისი სატრფოსთვის, რომ მისგან სანაცვლოდ არაფერს ითხოვდეს…
მეცხარმეტე სტროფში კი რუსთველი საკუთარ საიდუმლოს გვიმხელს: ჩემზე კი იცოდეთ, რომ მე ისევ იმას ვაქებ, ვისაც აქამდე ვაქებდი, ეს მეამაყება და თავს არ განვიქიქებ ამის გამო, ის არის ჩემი სიცოცხლე, უმოწყალო, როგორც ჯიქი და მისი სახელი შეფარვით პოემის სიუჟეტში შევაქე…
ლექციური ნაწილი ვერ დავამთავრე, კარებზე კაკუნი გაისმა. მოულოდნელმა სტუმარმა ყველას ყურადღება მიიპყრო და ოცდაათი ბავშვის მზერა კარებთან შეჩერდა.
- მობრძანდით! – შევძახე მღელვარებით და საკლასო ოთახში შემოვიდა რუსთველი… აი ის, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკაზე რომ ჩანს, უკვე წვეროსანი და მოხრილი…
კლასში ხმაურია, ყველას აინტერესებს, ვინ უნდა იყოს ეს უცნაური, ეპოქის კონტექსტიდან ამოვარდნილი არსება, მაგრამ ის მოულოდნელად აცხადებს:
- იცოდეთ, ბავშვებო, დედამიწაზე ყოველგვარი სასწაული რეალურია, დროის მანქანა არსებობს, მაკა მასწავლებელთან და თქვენთან მოვედი, რომ დაგხმარებოდით ჩემი პოემის პროლოგის გაგებაში და ცხარედ გვეკამათა შაირობის რაობაზე… იმედი მაქვს, მაკა მასწავლებლის ლექციამ კითხვები აღგიძრათ და ჩემი ტექსტიც უამრავ კითხვას ბადებს… მე ხომ მისტიფიკაციის დიდოსტატი ვარ და ყველაფერი დავშიფრე, მისტიკის ბურუსში გავხვიე… თუმცა ამოუცნობიც არაფერია, უბრალოდ მახვილი თვალი უნდა…
- ეს სანდრო კი არა, ნამდვილი შოთაა, – ვფიქრობ ჩემთვის და ვერ ვფარავ გაოცებას, ხმა მაინც როგორ შეიცვალა ასე… არა რა, გარდა იმისა, რომ უნიჭიერესი და მიზანდასახული მოსწავლეა, თან როგორი შემოქმედებითია, რა გარდასახვა შესძლებია… კმაყოფილი ვადევნებ თავლყურს, რა გაგრძელება მოჰყვება კლასში რუსთველის რეინკარნაციას… და აი, ლუკა წამოდგა, ნინის და ლილესაც თვალებში ცეცხლი უნთიათ…
- თქვენ ბრძანეთ, რომ შაირობა სიბრძნის დარგი ანუ ფილოსოფიაა, რაზეც თანამედროვე მეცნიერები არ დაგეთანხმებიან, მაკა მასწავლებელმა თქვა, რომ ამაში პოეზიის ფილოსოფიურ შინაარსს და ქვეტექსტებს გულისხმობთ, რამე ახალს ხომ არ გვეტყოდით ამის შესახებ?
- თუ მაკა მასწავლებელი ასე ამბობს, ესე იგი, ასე ყოფილა… იმიტომ კი არა, რომ მაკა მასწავლებელია უცდომელი… უბრალოდ, იცოდეთ, რომ ტექსტი მკითხველისთვის იბადება და მკითხველი აცოცხლებს მას… თქვენ რასაც და როგორც კითხულობთ, ყველაფერი ლოგიკური, გასაგები და მისაღებია.. ვინც იმას უღრმავდება, თუ რას გულისხმობს პოეტი ამა თუ იმ ფრაზაში, ის ყოველთვის პოულობს სწორ პასუხს და ეს პასუხები შესაძლოა მილიონნაირი იყოს და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს, მაგრამ მაინც ყველაში იქნება რაციონალური მარცვალი, რადგან ერთადერთი და ურყევი ჭეშმარიტება არ არსებობს… წაიკითხეთ ჩემი ტექსტი თქვენეული მზერით და დაიწყეთ ჩხრეკა, მაკა მასწავლებელსაც მოუსმინეთ, სხვა მასწავლებლებსაც, რუსთველოლოგებსაც, სხვა დარგის მეცნიერ-მკვლევრებსაც, მერე ეს აზრები შეაჯერეთ, გაიაზრეთ და რა დასკვნებამდეც მიხვალთ, თქვენეული ჭეშმარიტებაც ის იქნება, ჩემო ძვირფასებო… მსოფლიო ფილოსოფია საუკუნეებია დასტრიალებს ოთხ კითხვას: როგორ შეიქმნა სამყარო? როგორ გაჩნდა ადამიანი? რა მისია აკისრია ადამიანს? და სად წავა მისი სული სიკვდილის შემდეგ? როგორ ფიქრობთ, ჩემი პოემა ამ კითხვებს არ პასუხობს? მე ვფიქრობ, რომ ჩემებურად პასუხობს და გამოდის, რომ ის პოეტურ ნაწარმოებთან ერთად ფილოსოფიურიც არის…
- ნამეტნავად ფილოსოფიურია! – ეხმაურება ლუკა მრავლისმთქმელი ღიმილით და მას ახლა ნინი ცვლის:
- შოთა, შენ ამბობ, რომ პოეზია საღმრთო, საღმრთოდ გასაგონია და მსმენელთათის დიდი მარგი, თანაც ამბობ, რომ ეამება მხოლოდ იმას, ვინც იქნება კაცი ვარგი… ამაზე რას გვეტყვი? ეს პოემა ღმერთმა გიკარნახა და შენ იჯექი, იწერდი და ითვლიდი თექვსმეტმარცვლიან სტრიქონებს თუ? ან კაცი ვარგი რაღანაირია? მე ვიქნები კაცი ვარგი?
- ჰო, ეგ ძალიან სასაცილოა, რომ მე ვიჯექი, მარცვლებს ვითვლიდი და ზეციური მამა ამ მარცვლებს კალთაში მიყრიდა… არაერთხელ მომისმენია მსგავსი რამეები… ჰო, სიმართლე რომ გითხრა, სადღაციდან მოდის ეს მუსიკა, სადღაც გესმის, სადღაც იღვრება და მერე ფურცელზე გადმოდის, არც მარცვლების თვლა არის საჭირო და არც ნაჭირვებ-დაბრკმობილია შაირი, როცა გეწერინება, როცა გიყვარს, როცა გული საამისოდ ანთია და გონებაც მისდევს გულს… ჰო, შენ იქნები ქალი-ვარგი, რადგან ვიცი, როგორ გესმის ეს მუსიკა, როგორ ითვლი მარცვლებს და სწავლობ, მაღალია ჩემი შაირი თუ დაბალი და მერე მელოდიას აყოლებ ტაეპებს… შენ უთუოდ იქნები ქალი-ვარგი, რადგან სიყვარული შეგიძლია და შენს სულსა და გონებას ყოველთვის მოსწყურდება ჯადოსნური სიტყვები, მაგიური ლოგოსი!
ნინი სახეზე ალმურაკრული ჯდება და ცხადად ეტყობა ინტერესი, ერთი სული აქვს გაიგოს, ვინ ესაუბრება ასე გულში ჩამწვდომად… თითქოს რაღაცას ხვდება და ოდნავ იღიმება… თან რუსთველს თვალს არ აცილებს… სიტყვას ლილე იღებს:
- რატომ ამათრახებ ასე მცირე ფორმის ლირიკული ლექსების ავტორებს? რატომ გგონია, რომ „მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად?“ რატომ ამცირებ მათ და ადარებ გამოუცდელ მონადირეებს, რომლებიც „დიდსა ვერ მოჰკლვენ ნადირსა“ და „ხელად აქვთ ხოცვა ნადირთა მცირეთა?“ რატომ გგონია, რომ ისინი ხელმარჯვედ ვერ სცემენ ჩოგანს? შენ არ მოსწრებიხარ ჩვენს დიდ პოეტს, გალაკტიონ ტაბიძეს, თორემ ნახავდი, როგორი ოსტატობით სცემს ჩოგანს და რა ჯადოქრული „ლექსი ცოტაი“ შექმნა? თან რამდენი?
- ჩემო საყვარელო, შენი გალაკტიონი მეოცე საუკუნის ენაზე საუბრობს, 850 წლის წინ კი საგმირო-სარაინდო და სატრფიალო-სამიჯნურო ამბებს ერთ-ორ „უმსგავსო და შორი-შორ“ ფრაზაში ვერ ჩატევდი, „ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა“ იყო საჭირო… მე რა ვიცოდი, რა იქნებოდა 800 წლის შემდეგ? რა გზას გაივლიდა კაცობრიობა და რა ჯადოქრობებს იტყოდა გალაკტიონი?.. მაგრამ გჯეროდეს, მე მჯერა მისი, იმისიც მჯერა, რაც მან თქვა ჩვენზე: „რარიგ კარგია, სამშობლოვ, შენი მტკვარი და რიონი, შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და… გალაკტიონი…“
ლილეს სალომე ცვლის, სალომეს – მარი, მარის – ნიკა, ნიკას – ქეთა, ქეთას – ნია, ნიას – თიკო, თიკოს – ლიზი, ლიზის – თეკლა, თეკლას – ელე, ელეს – ანა, ანას – ნოდო, ნოდოს – ბექა და ასე უსასრულოდ აყრიან კითხვებს რუსთველს, მანაც ღირსეულად გაუძლო ყველა გამოწვევას და ბოლოს, როცა თავისი მუზის და დაფარული სიყვარულის შესახებ ყვებოდა, ხმამ გასცა…
- ეეეე, გამოვიცანი, რატომაც არაა სანდრო დღეს სკოლაში! – შეჰყვირა ოთომ და…
მართალია, ეს გაკვეთილი-ფანტაზიაა და მე ჯერ არ ჩამიტარებია, მაგრამ რაც მასწავლებლის თავში იბადება და მწიფდება, ყოველთვის ახდენილი სიზმარივით გაცხადდება ხოლმე გაკვეთილზე და მასწავლებელსაც მეტი რა უნდა? ამ გაკვეთილის გეგმა და სცენარი მილიონი ვარიაციით შეიძლება დავწეროთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა…
მე ნამდვილად ჩავატრებ ასეთ გაკვეთილს… თუნდაც მომავალ წელს, როცა ჩემი წლევანდელი მეცხრე კლასი „ვეფხისტყაოსანს“ მიადგება, როგორც ნაცნობ, მაგრამ მაინც ყოველთვის ფეხდაუკარებელ კუნძულს, რომელსაც ცხრა საუკუნეა შორიდან ვუმზერთ, ის გვატკბობს, ჩვენ მას ვუახლოვდებით და ის ყოველთვის გვიგზავნის თავისი წიაღიდან ახალ-ახალ სხივებს…შარშანწინ ილიას უნივერსიტეტში სემიოტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე წარვადგინე ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე. ერთმა ცნობილმა პროფესორმა თქვა: ღმერთო ჩემო, რაღა უნდა დაიწეროს ახალი „ვეფხისტყაოსანზე?“ მაკა, რას გვთავაზობ? ხოლო როცა ჩემი მოხსენება მოისმინა თქვა, რომ ამ პოემის უნიკალურობა სწორედ იმაშია, რომ მისი ინტერპრეტაციები ამოუწურავია და მკვლევრებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, ახალი და ახალი პლასტები წარმოაჩინონ რუსთველის გენიიდან…