ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრაში მასწავლებელი ასმათ ხაზალაშვილი ცხოვრობს. იგი ადგილობრივ სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. სერტიფიცირებული პედაგოგი მუდმივად ცდილობს განვითარების და სწავლის პროცესი არ შეწყვიტოს. 2017-2018 სასწავლო წელს ასმათ ხაზალაშვილმა მასწავლებელთა სწავლების პროგრამა გაიარა ახალციხის თსუ-ის ფილიალში და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. ხიზაბავრის სკოლა მცირეკონტიგენტიანია. სკოლაში 70 მოსწავლემდე სწავლობს და ყოველ წელს მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა. ინტერვიუში ხიზაბავრის სკოლის მასწავლებელი იქაურ ლეგენდებზე, სკოლის დაარსების ისტორიაზე, საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებასა და პრაქტიკაზე გვიყვება.
– თქვენი სოფლის სახელს მრავალი ლეგენდა და გადმოცემა უკავშირდება. ცოტა რამ მოგვიყევით ხიზაბავრის წარსულზე…
ხიზაბავრა ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი წარსულის მქონე სოფელია. არქეოლოგიური მასალებზე დაყრდნობით დასახლება ივარაუდება გვიანი ბრინჯაოს -ადრე რკინის ხანიდან. ე.ი ძვ.წ.აღ-ის პირველი ათასწლეულით. სოფლის სახელწოდება ორი სოფლის სახელის შეერთებითაა მიღებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ლეგენდა: ორი სოფელი ყოფილა- ხიზა და ბავრა. მათ გაუვალი ტყე ჰყოფდა. უგზოობის გამო მათ მცხოვრებთ არ სცოდნიათ ერთმანეთის არსებობა. ზამთარში ,,ბავრელ” კაცს თოვლზე ადამიანის ნაფეხური შეუნიშნავს, ნაკვალევს გაჰყოლია და ხიზაში მისულა, სადაც მისთვის კარგი მასპინძლობა გაუწევიათ. შემდეგ, ხიზელებიც სტუმრებიათ ბავრელებს, მოსწონებიათ ბავრა და თვითონაც გადმოსულან საცხოვრებლად. ურთიერთპატივისცემის ნიშნად სახელები – ხიზა და ბავრა, შეაერთეს და მიიღეს ხიზაბავრა. ხიზაბავრას ტერიტორია – დარნებით, მიწისქვეშა სამალავებით არის დაქსელილი. ეს მიწისქვეშა სამალავები ეხმარებოდა მოსახლეობას თავდაცვაში მტრის შემოსევის დროს. სულხან საბას განმარტებით დარანი არის ,,სახლი მიწის ქვეშ ნაგები, გინა მიწა და კლდე შეთხრილი უჩინრად”. დარნებს თავის დროზე მეტად მნიშვნელოვანი, სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. ხიზაბავრის მოსახლეობა მეთევზეობასაც ეწეოდა. თევზჭერის საშუალებას წარმოადგენდა ნემსკავი, ბადე (სამი ტიპის: სასროლი, გაბმული და ხოლიხე), დატოპვა, ანუ ხელაობა და ოჩხე. ოჩხის კეთება და შემდგომ მისი ჩხრეკა შრომატევადი იყო, ამავე დროს დიდ ფიზიკურ გამძლეობასა და საქმის ცოდნას მოითხოვდა. ასპინძის რაიონში ოჩხეს მარტო ხიზაბავრაში აკეთებდნენ. ოჩხეს ზაფხულში ამზადებდნენ. მტკვრის ნაპირას ქვებისგან დიდ ორმოს აშენებდნენ. ორმოს უტოვებდნენ შესასვლელს. შემდეგ ზამთარში მიდიოდნენ მის საჩხრეკად. გაყინულ წყალში ჩადიოდნენ და იწყებდნენ თევზჭერას. დღეს აღარავინ აკეთებს ოჩხეს… ხიზაბავრაში არის სამკურნალო წყალი, რომელსაც სახსრების ტკივილის დროს იყენებენ. ეს წყალი ვარანტებში მდებარეობს. ხიზაბავრა ცნობილია აგრეთვე საფირმო კერძით, დელიკატესით – ლოკოკინით, რომელსაც ზამთრობით მოიპოვებენ.
– როგორც ცნობილია, ხიზაბავრას სკოლის დაარსების ისტორია ილია ჭავჭავაძეს და წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოებას უკავშირდება… როგორი იყო პირველი სკოლა ხიზაბავრაში?
ხიზაბავრაში სკოლა 1881 წელს გაიხსნა. სკოლის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მღვდელს – ივანე გვარამაძეს. ივანე გვარამაძე 1869 წელს ხიზაბავრაში მოავლინეს მღვდლად. იგი იყო დიდი განმანათლებელი, არქეოლოგი, ისტორიკოსი და ხალხური სიტყვიერების შემკრები. იცოდა რამდენიმე უცხო ენა და ეწეოდა ქველმოქმედებას. სწორედ, მის სახელს უკავშირდება ჩვენს სოფელში სკოლის დაარსებაც. როგორც ვიცით, მან თხოვნით მიმართა წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოებას და მათაც დახმარება აღუთქვეს. ასე გაიხსნა 1881 წელს ხიზაბავრის ორკლასიანი სასწავლებელი, რომელიც თავდაპირველად საეკლესიო სასწავლებელი იყო. სკოლაში სწავლა სეზონურად მიმდინარეობდა, მხოლოდ ზამთრის თვეებში. შემდეგ ოთხკლასიან სკოლად გადაკეთდა, 1925 წელს კი შვიდწლედად. 1935 წელს კი სკოლამ საბოლოოდ საშუალო სკოლის სტატუსი მიიღო.
საინტერესო წარსულის მქონე სკოლაში ასწავლით. რას ფიქრობთ მასწავლებლის მისიაზე? რამ გადაგაწყვეტინათ მასწავლებლობა?
პედაგოგობა მეტად რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა და ამას მთელი არსებით ვაცნობიერებ. თითოეულ ბავშვთან ძალიან დიდი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო, თუ რაღაც ისე არ გამოგივიდა, დაკარგავ მათ სიყვარულსა და ნდობას… მე ძალიან მიყვარს და მომწონს ბავშვებთან ურთიერთობა და სწორედ ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა მასწავლებლობა.
– რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ მოსწავლის ნდობა არ დაკარგოს და მისი იმედები გაამართლოს?
პირველ რიგში მასწავლებელი უნდა იყოს შემოქმედი. ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა, რთული და საინტერესო პროცესია, რაც ძალიან დიდ ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს როგორც მასწავლებლისგან, ისე მოსწავლისგან. ეს პროცესი, რომ მომაბეზრებელი არ გახდეს მოსწავლისთვის, მასწავლებელი ყველანაირად უნდა ეცადოს, იყოს შემოქმედებითი და კარგად დაგეგმილი და გააზრებული სამოქმედო გეგმით ასწავლოს. ქართულში თემატიკა უსაზღვროა. მრავალფეროვანია მოსწავლეთა დამოკიდებულებები და მათი შეხედულებები, ეს კი მასწავლებელს დამატებით სტიმულს აძლევს სიახლეებზე საფიქრალად.
- რა გიჩვენათ გამოცდილებამ და მოსწავლეებზე დაკვირვებამ? ხომ არ აფრთხობთ მათ რთული ლიტერატურული ტექტსტების შესწავლა? როგორ პოულობთ ამ პრობლემის დაძლევის გზებს?
მე მე-7, მე-8 , მე-9 და მე-11 კლასებს ვასწავლი. ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლას როდესაც ვიწყებთ, მოსწავლეები თითქოს ერთგვარ შიშს გრძნობენ. მეტად რთული ეჩვენებათ ძველი, ხმარებიდან გასული სიტყვები. ცოტათი თითქოს აფერხებთ ტექსტი, მაგრამ როგორც კი სიღრმისეულად დავუკვირდებით ამ ტექსტებს, დროს დავხარჯავთ მათზე საკვლევად, მათაც დაუძლევლად აღარ ეჩვენებათ ეს პროცესი. აქ ცალკე საყურადღებოა მასწავლებლის უწყვეტი განათლების პროცესი და იმ სიახლეებზე მიდევნება, რაც საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარეობს. ამასთან, დაკავშირებით მახსენდება 2015 წელს გავლილი ტრენინგი ,,გრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში”. ამ ტრენინგმა კარგი გამოცდილება მომცა და მოსწავლეებთან მუშაობა გამიადვილა. თან, ჩვენთან გადატვირთული კლასები არ არის. კლასში მინიმუმ სამი ბავშვია, მაქსიმუმ რვა. ასეთ დროს უფრო მარტივია მასწავლებელმა თითოეულთან მიიტანოს ცოდნა, საკუთარი გამოცდილება და სიახლეები. მინდა ცოტა კიდევ ვისაუბრო იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია რეგიონის მასწავლებლებისთვის ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღება. ახლახან ვიყავი ტრენინგზე, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის ეფექტიანი სწავლებისთვის სამუზეუმო მასალების გამოყენებას შეეხებოდა. ეს იყო არაჩვეულებრივი ტრენინგი და საუკეთესო გამოცდილებისა და ინფორმაციის მიღების საშუალება. ამ ახალ სასწავლო წელს ვაპირებ ასეთი ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვას.
როგორ უმკლავდებით ერთდროულად სოფლის ცხოვრებასთან ერთად პროფესიულ გამოწვევებს? რეგიონში მცხოვრებ მასწავლებლებს, ალბათ კიდევ უფრო მეტი შრომა უწევთ პროფესიული განვითარებისთვის…
მართალია! ცხოვრება ხიზაბავრაში და ჩვენს სოფლებში ადვილი არ არის. აქ ყოფნა დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ჩემს პროფესიულ განვითარებაზე ვიზრუნო. ფიზიკურ შრომას, გონებრივ შრომასაც ვუთავსებ. ვცდილობ, არ გამოვაკლდე ტრენინგებს, სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს და ცოდნა მუდმივად გავიმდიდრო და გავიმყარო. მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთთანამშრომლობას, რაშიც ძალიან მეხმარება ინტერნეტი და თავისუფალი სივრცე. სხვადასხვა რაიონში მცხოვრები მასწავლებლები ინტერნეტით ვუკავშირდებით ერთმანეთს და პროფესიულ სიახლეებს ვუზიარებთ. ვფიქრობ, მასწავლებლისთვის აუცილებელია მუდმივი განვითარება და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეჟიმში ყოფნა. გარდა ამისა, ვფიქრობ რეგიონში მცხოვრებ მასწავლებლებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ, ჩვენ ხომ ორმაგად დატვირთული ვართ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე ძალიან გვაწუხებს მოსწავლეთა სიმცირე. მოსწავლეთა კონტიგენტი ყოველწლიურად მცირდება, ახალგაზრდობა თავს არიდებს სოფელს, არც გაემტყუნებათ, უმუშევრობა ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი სოფლებისთვის. ასეთ დროს უფრო მიმძაფრდება განცდა, რომ რაც შეიძლება მეტად დავიხარჯო, მეტი გავიგო, უფრო მეტად განვვითარდე, მეც ყოველდღიურად ვისწავლო და ჩემი ცოდნა გადავცე ბავშვებს, რომელთაც ეს ყველაფერი ძალიან სჭირდებათ.