ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები

სწავლა-სწავლების პროცესში არაერთი პრობლემა იჩენს თავს და ეს ბუნებრივიცაა, იმდენად რთული, მრავალმხრივი, დინამიკური და შექცევადია მასთან დაკავშირებული თემები და საკითხები. მიუხედავად ამისა,  შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, დავძლიოთ ბევრი წინააღმდეგობა, რომლებიც ყოველდღიურად გვხვდება. და მაინც ყველაზე მეტად უმართავი, დაუძლეველი და რთულად გასახორციელებელი შეფასების სისტემაა, კონკრეტულად კი განმავითარებელი ფორმატი.

არანაკლებ რთულია, ახალი და განსაკუთრებული თქვა ამ საკითხთან მიმართებაში, რადგან მედიასივრცეში თეორიული თუ პრაქტიკული უამრავი რეკომენდაცია არსებობს.  ერთი შეხედვით, შესაძლებელია, ვინმეს იოლიც კი მოეჩვენოს აღნიშნული პრობლემის მოგვარება,  სინამდვილეში კი  ასე ნამდვილად არ არის.

არადა, სასწავლო პროცესის ეფექტურობა პირდაპირ არის დაკავშირებული ობიექტურ, კომპეტენტურ განმავითარებელ შეფასებასთან, ურთიერთშეფასებასა და თვითშეფასებასთან.

პრობლემათა ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით და მათი მოგვარების ვარაუდები და გზები

 

 

 

 

 

  1. პრობლემათა სათავე, რომლიდანაც დანარჩენი პრობლემები მომდინარეობს, გახლავთ ის, რომ სკოლებში შეფასების სისტემა და მასთან დაკავშირებული საკითხები არ აღიქმება სასკოლო კულტურის ნაწილად და, ზოგადად, დღევანდელ პედსაზოგადოებას არც აქვს გაცნობიერებული, რა არის სასკოლო კულტურა.

 

სასკოლო კულტურა, როგორც ესგ-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რა თქმა უნდა, უპირველესად გულისხმობს მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის დამოკიდებულებას სასკოლო ღირებულებებისადმი. რა უნდა გააკეთოს სკოლამ ამ პრობლემის გადასაჭრელად? ერთჯერადად ვერაფერი. მიზნობრივი, სისტემატური მუშაობა ამ მხრივ,  სწორად წარმოებული მონიტორინგი, განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობის გაცნობიერება, თანამშრომლობა, მშობლის ჩართულობა ხელს შეუწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებასა და მის განვითარებას. უცვლელი და მარადიული არაფერია. მათ შორის არც ჩვენი დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ.

 

  1. საგაკვეთილო პროცესში განმავითარებელ შეფასებას, ფაქტობრივად, არ ეთმობა დრო. თვით სამოდელო და საჩვენებელ გაკვეთილებზეც კი შეფასება მიფუჩეჩებულია. უკეთეს შემთხვევაში, მასწავლებელი სულ 1 წუთში ,,ასწრებს“ შეფასებასაც და ურთიერთშეფასებასაც… რატომ ხდება ასე? განა ასე რთულია სწორი  განმავითარებელი შეფასება მივცეთ მოსწავლეებს? რასაკვირველია, შეუძლებელი არ არის, მაგრამ მიუჩვეველი მოსწავლე და მასწავლებელი ფორმალურად უდგება ამ პროცესს. ერთმა ძალიან კარგმა მასწავლებელმა ამას წინათ მითხრა,  როდესაც გეგმას განვიხილავდით, – 4 წუთი როგორ დავკარგო შეფასებისათვის?  დიახ, დაკარგული ჰგონია ეს წუთები, რადგან საგაკვეთილო პროცესში არ არის დანერგილი სისტემატური განმავითარებელი შეფასება.

მე არ ვფიქრობ, რომ ყოველ გაკვეთილზე შესაძლებელია რამდენიმე მოსწავლის განმავითარებელი კომენტარით შეფასება. თუნდაც 1 მოსწავლის სრულფასოვანი და  ობიექტური, სწორი შეფასება ყურადსაღები და გასათვალისწინებელი ხომ იქნება სხვა მოსწავლეთათვის?

  1. მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, შევეხები იმ სამ მიმართულებას, რომლებიც სხვა საგნებისათვისაც არ არის უცხო – კითხვა, ზეპირმეტყველება, წერა. მასწავლებლისათვის ურთულესია ამ პროცესების შეფასება განმავითარებელი ფორმით.

თუ კლასებში მოსწავლეთა თვითშეფასებასა და ურთიერთშეფსებას დავნერგავთ, მას აქტივობების განხორციელების განუყოფელ ნაწილად ვაქცევთ, შეფასების რუბრიკებს მზამზარეულს არ მივაწოდებთ მოსწავლეებს, ჩავრთავთ მათაც შეფასების კრიტერიუმების შედგენის პროცესში –  რა თქმა უნდა, მათ აღარ გაუჭირდებათ ერთმანეთის წარმატების აღიარება, ერთმანეთისთვის რეკომენდაციების მიცემა. ასე მეტაკოგნიტური უნარები ჩამოუყალიბდებათ და უკეთ გაუძღვებიან სწავლის სწავლას;

  1. განმავითარებელი შეფასების კულტურის არქონის გამო მოსწავლეები და მშობლები აღიარებენ განმსაზღვრელ შეფასებას, განმავითარებელს კი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.

ნიშნის კულტი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის განმავითარებელ შეფასებას. ამიტომაც მიმაჩნია, რომ განმსაზღვრელი შეფასება საერთოდაც უნდა გაუქმდეს და უცხოეთის ბევრი ქვეყნის მსგავსად, მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება სემესტრული გამოცდებით ან ალტერნატიული გზებით მოხდეს.

ათი წელია მასწავლებელი ვარ, კარგად ვიცნობ არა მხოლოდ იმ სივრცეს, სადაც ვასწავლი, არამედ უამრავი ჩემი კოლეგის გამოცდილება და ხედვაც ვიცი ამ საკითხთან მიმართებაში. მშობლებისა და მოსწავლეების ძალზე დიდი ნაწილისათვის  განმავითარებელი შეფასება არაფერს ნიშნავს, ძირითადი ორიენტირი მაღალი ქულაა. ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რაში და როგორ გამოიყენებენ მას, თუკი სათანადო საგნობრივი კომპეტენცია არ ექნებათ

მშობლების პედაგოგებთან თანამშრომლობა მუდამ უმნიშვნელოვანესი იყო,  დღეისათვის კი სწავლა-სწავლების წარმატების ერთი ძირითადი რგოლი უნდა გახდეს. სკოლის კულტურაში ეს სფეროც უნდა მოიაზრებოდეს. ის არ უნდა შემოიფარგლებოდეს მშობლებთან ერთჯერადი შეხვედრით. მართალია, მშობელთა ერთ ნაწილს სკოლაში მოსვლაც კი ძალიან უჭირს, ვერ ახერხებს ან ინდიფერენტულია, მაგრამ  ყველა კლასშია მშობელთა აქტივი, რომლებსაც შეუძლია სხვებზე გავლენის მოხდენა. რას და როგორ სწავლობს მათი შვილი, როგორ და რა ფორმატით ფასდება – მათი უფლებაა ამის ცოდნა. ამის შემდეგ აღარ დაუპირისპირდება მშობელი მასწავლებელს თუნდაც იმის გამო, რომ მან გაკვეთილი სახლში ,,ჩაიბარა“… და უსამართლოდ ეჩვენება მისი შვილის დაბალი შეფასება.

 

 

  1. განმავითარებელი კომენტარების წერილობითი ფორმით გაკეთება ურთულესია, განსაკუთრებით, მრავალრიცხოვან კლასებში. გასაგებია, რომ ეს არ ხდება ყოველდღიურად, მაგრამ პერიოდულად, მასწავლებლისაგან მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და დაკვირვებას. როგორც წესი, მასწავლებელს სამუშაო სახლში მუდამ მიჰყვება. ამიტომაც უჭირს საშინაო და სასკოლო საქმის გაძღოლა, მით უმეტეს, თუ მასწავლებელი რეპეტიტორია. მას არასოდეს დარჩება დრო საფუძვლიანი და ეფექტური განმავითარებელი შეფასების წერილობით საწარმოებლად. კარგი მასწავლებელი შეეცდება, მოსწავლეს, ე.წ. დაკვირვების დღიურის წარმოებაში მაინც დაეხმაროს.. ჩამოუყალიბოს მეტაკოგნიტური უნარები და დროდადრო მაინც ადევნოს თვალ-ყური მოსწავლის მიერ მიღწეულ შედეგებს.

რეპეტიტორობის ინსტიტუტი კი დღემდე რჩება სკოლის უსერიოზულეს კონკურენტად.  ამის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ყველას კარგად მოეხსენება.

 

  1. კიდევ ერთი მასშტაბური პრობლემაა მასწავლებელთა თვითგანვითარებისა და თანამშრომლობის დეფიციტი. მხოლოდ რამდენიმე მასწავლებელს ძალიან გაუჭირდება მოსწავლის ეფექტურად შეფასება, თუ სასკოლო სივრცეში არ არსებობს გამოცდილების გაზიარების კულტურა და პროფესიული განვითარების ბაზა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათეული წელია მოქმედებს პროფესული განვითარებისა და წინსვლის სქემა,  კარგად მოგეხსენებათ ის შედეგები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში   პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულებით დაიდო. სახელმწიფოებრივმა მიდგომამ ამ კუთხით ბევრი ვერაფერი შეცვალა. ამაზე ჩვენი და ჩვენი მოსწავლეთა შედეგები მეტყველებს. რაღაც უნდა შევცვალოთ, რა და როგორ? ამ კითხვებზე კომპეტენტური პასუხი, ვფიქრობ, ყველაზე მეტად კომპეტენტურ მასწავლებლებს შეუძლიათ. არადა, ხშირად მათი ხმა არის ,,ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. ვერც აქ გავიმართლებთ თავს. მეტი აქტიურობა და მოქალაქეობრივი კულტურა გვმართებს, მასწავლებლობა არ არის პროფესია, რომლითაც მხოლოდ თავი  უნდა ირჩინო… ჩვენი ინდიფერენტულობა, უპასუხისმგებლობა, არაკოლეგიალურობა, ურთიერთთანამშრომლობის კულტურის არქონა, ,,რა ჩემი საქმეა“-თი გულის  გაკეთება ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან. გვეშველება თუ არა? ამ რიტორიკულ კითხვას ჩვენვე უნდა გავცეთ პასუხი.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი