კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

კიდევ ერთი მითი აღზრდის შესახებ

კითხვები:

რატომ ვერ შეძლო აღზრდის შესახებ თანამედროვე მიდგომებმა „ანგელოზების“ თაობის აღზრდა“?

„რატომ ვერ მოხერხდა თანამედროვე მიდგომების გამოყენების ფონზე უფრო ცივილიზებული თაობის აღზრდა“?

ვისაუბროთ აღზრდის თანამედროვე მიდგომების მითებზე, კერძოდ, ბავშვების აგრესიის ირგვლივ გავრცელებულ მითებზე. ყველას შესანიშნავად მოეხსენება, რომ აგრესიას აქვს მრავალი გამოვლინება: კინკლაობები, დაშინება და ფიზიკური ძალადობა…

მცირე ასაკის ბავშვების აგრესიული ქცევა ძალიან ადვილად შეგვიძლია ავხსნათ ოჯახში  არაჯანსაღი ატმოსფეროს არსებობით. ანუ – თუ ოჯახში ყველაფერი კარგად არის, მაშინ პატარა არ გაიზრდება აგრესიული. მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ახლა გარშემო იმდენად ბევრი აგრესიაა, რომ მსგავსი არგუმენტი კარგავს დამაჯერებლობას; თანაც გამოდის, რომ პრაქტიკულად ვერცერთი მშობელი ვერ ართმევს თავს საკუთარ მოვალეობებს.

აგრესიული ქცევა ტრადიციულად მიიჩნეოდა, რაღაც თანდაყოლილ ანომალიად, ფსიქიკური გადახრის ნაირსახეობად. ის აღიქმებოდა საზოგადოებაში თანაცხოვრების უნარის არქონად. თუ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე გამოაჩნდებოდა აგრესიული ქცევა, ითვლებოდა, რომ მას მომავალშიც პრობლემები შეექმნებოდა. აგრესიული ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებად, ითვლებოდა: სახლში კონფლიქტური სიტუაციები, ფიზიკური დასჯა, ტელევიზიით იმგვარი გადაცემების ყურება, რომლებშიც მრავლად იყო ძალადობის სცენები, თანატოლების მხრიდან დევნა, ჩაგვრა. ეს ყველაფერი ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ არის.

მარკ კამინგსი – ნოტრ-დამის უნივერსიტეტის მკვლევარი, რომელიც ათ წელიწადზე მეტია იკვლევს ყოფითი, საოჯახო კონფლიქტების გავლენას ბავშვების ფსიქიკაზე, ამბობს, რომ ყველა ბავშვს უნახავს ოჯახის წევრების კამათი. მშობლები შესაძლებელია, ცდილობენ, აარიდონ შვილებს მსგავსი სცენები, მაგრამ ხშირად ეს შეუძლებელია. კამინგსი ერთ-ერთ ნაშრომში წერს, რომ ბავშვების უსაფრთხოება და მათი ემოციური კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებულია მშობლებს შორის ურთიერთობებზე, ვიდრე ბავშვებსა და მშობლებს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე. „მაშინაც კი, როდესაც ექსპერიმენტის დროს ბავშვებს ვაყურებინებდით მშობლებს შორის ბობოქარი კონფლიქტის სცენას – იხსენებს მარკ კამინგსი – პატარები მაშინ მშვიდდებოდნენ, როცა კონფლიქტის მშვიდობიან დასასრულს ხედავდნენ“. ანუ აუცილებელია ბავშვებმა შეიტყონ, რომ უფროსების კამათი შერიგებით დასრულდა. უფრო მეტიც,  მაშინაც  კი, როდესაც მშობლები ჩხუბობენ ბავშვების თანდასწრების გარეშე, პატარები მაინც გრძნობენ უფროსებს შორის განვითარებულ კონფლიქტს. მეცნიერი დასძენს, რომ: „კონფლიქტის დასრულება უნდა იყოს გულწრფელი და არა ხელოვნურად გათამაშებული, რადგან ბავშვები შესანიშნავად გრძნობენ სიყალბეს“. შედეგად, ბავშვები შეიძენენ კონფლიქტური სიტუაციებიდან გამოსვლის უნარს.

საინტერესოა, რომ ფიზიკური დასჯა ბავშვებს უფრო აგრესიულს ხდის.

ცნობილია, რომ ამერიკელი მშობლების 90 პროცენტი ცხოვრების მანძილზე თუნდაც ერთხელ აუცილებლად სჯის საკუთარ შვილს ფიზიკური მეთოდების გამოყენებით. კენეტ დოჟი – დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარი, ბავშვთა განვითარების საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერია. მისი კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება ბავშვების ფიზიკური დასჯის საკითხებს. მკვლევარმა შეისწავლა, როგორც საკუთარი თანაშემწეების ექსპერიმენტული მონაცემები, ასევე ამ საკითხის გარშემო არსებული საერთაშორისო კვლევები.

„აუცილებელია, გავიგოთ, როგორ იქცევიან მშობლები, როდესაც შვილებს ფიზიკურად სჯიან და რა ემართებათ ამ დროს ბავშვებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დასავლურ კულტურაში ფიზიკური დასჯა არ არის მიღებული და თუ მშობლები მაინც სჯიან შვილებს, ეს ხდება უკიდურეს სიტუაციებში. ანუ მშობელი ამბობს: „შენ იმდენად ცუდად მოიქეცი, რომ იძულებული ვართ განსაკუთრებულად მკაცრად დაგსაჯოთ, ანუ „ტაკოზე მოგცხოთ“. გვინდა ვთქვათ, რომ ხანდახან, მიუხედავად მშობლების მცდელობებისა, რომ ბავშვებს კარგად მოექცნენ, მათი საქციელი ცუდად აღიქმება.  მშობლების რეაქცია შვილების საქციელზე ბავშვებისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც თავად ფიზიკური სასჯელი.

გამოდის, რომ ჩვენ ვადასტურებთ ერთ უცნაურ გარემოებას: ბავშვებსა და მშობლებს შორის კონფლიქტი გარკვეულწილად შესაძლებელია მომავალში პოზიტიური შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. ანუ მითი აღზრდის თანამედროვე მეთოდების აბსოლუტურ სისწორეზე, რბილად რომ ვთქვათ, შეირყა.

ახლა მოდით, განვიხილოთ ბავშვების ურთიერთობები თანატოლებთან. დავსვათ საკითხი: როგორ გავლენას ახდენენ ბავშვებზე კონფლიქტური სიტუაციები და მათი დამოუკიდებლად, მშობლების ჩარევის გარეშე გადაჭრის უნარი.

ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოზეფ ალენი, მიიჩნევს, რომ ბევრი მშობელი იმყოფება, ეგრეთ წოდებული, აღზრდის პარადოქსის სიტუაციაში. „ბავშვების დაცვა – მშობლების თანდაყოლილი მისწრაფებაა“.  შვილების დაცვა, გაკონტროლება თავისთავად არ არის ცუდი და დასაგმობი, მაგრამ, სამწუხაროდ, მშობლები უმეტეს  შემთხვევაში ყველა ზღვარს გადადიან – ფიქრობს პროფესორი.

მშობლები ყველაზე მეტად წუხან იმის გამო, რომ ვერ იღებენ სწორ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, უნდა ჩაერიონ თუ არა, როდესაც მათ პატარას, მაგალითად, სათამაშო წაართვეს.

მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ბულინგი საშიში მოვლენაა და აუცილებელია მისი  შეჩერება. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია აფრთხილებს უფროსებს, რომ ბულინგი დაკავშირებულია სიტუაციის არასწორ შეფასებასთან და საბოლოოდ გამოწვეულია არასათანადო ფსიქოლოგიური განვითარებით. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვები შეცდომებს უშვებენ იმიტომ, რომ ისინი ჯერ ძალიან პატარები არიან. ფსიქიატრები ფიქრობენ, რომ დასჯის სერიოზული მეთოდები უფროსების ავტორიტეტს მნიშვნელოვნად აზიანებს. ანუ: „ბავშვებს ეშინიათ არა სხვა ბავშვების\ადამიანების, არამედ, იმ დადგენილი წესების, რომლებიც შესაძლებელია უნებურად დაარღვიონ“. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ბულინგის მიმართ აბსოლუტურად სრული შეუწყნარებლობის პოლიტიკამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ბავშვები გაცილებით მეტს ნერვიულობენ წესების დარღვევის გამო. ამერიკაში  სკოლებიდან მათი გარიცხვების 95 პროცენტი დაკავშირებულია არა ბულინგთან, არამედ სასკოლო ნორმების დარღვევასთან.

ამერიკელი მშობლების 68 პროცენტი ეთანხმება ბულინგის მიმართ სრული შეუწყნარებლობის პოლიტიკას. თანდათან იზრდება ჩამონათვალი, თუ რას ვეძახით ჩვენ ბულინგს: სისასტიკეს, დევნას, განდევნას, შეურაცხყოფას, აგრესიის ფიზიკურ გამოვლინებას. არის ერთი პრობლემა: მსგავსი ქმედებების უდიდეს ნაწილს სჩადიან არა, ე.წ. ხულიგანი ბავშვები, არამედ ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი პატარები და მოზარდები. პოპულარობასა და დაუნდობლობას შორის კავშირი, სავარაუდოდ, უცხო არ უნდა იყოს მასწავლებლებისთვისაც. ისინი უხვად შეხვედრიან ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც ძალიან პოლულარული არიან და თან ძალიან მოსწონთ თანატოლების დაჩაგვრა.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ეკვლიათ პოპულარობასა და აგრესიას შორის კავშირი.  კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორი ანტონიუს სილესენი განმარტავს, რომ აგრესია ხშირად სჭირდებათ ბავშვებს თანატოლებზე კონტროლის მოსაპოვებლად და სტატუსის განსამტკიცებლად. გარკვეული ტიპის აგრესიული საქციელის განსახორციელებლად საჭიროა ძალიან განვითარებული სოციალური უნარ-ჩვევები. ფიზიკური აგრესიაც კი ხშირად სოციალიზაციის ნიშანია და არა პირიქით. აგრესიული ბავშვები სულაც არ არიან უემოციოები და უგრძნობლები. პირიქით, ანტონიუს სილესენის აზრით, რელაციური აგრესიის (ამ ტიპის აგრესიის განმასხვავებელი ნიშანია შერჩეული „მსხვერპლის“ სოციალური ადგილის ჩამოშლა. ამისათვის ხშირად აგრესორი მეგობრულ ურთიერთობებს იყენებს. რელაციური აგრესია არ არის პირდაპირი ფიზიკური აგრესია, ის მსხვერპლს სოციალური იზოლაციით სჯის, ავრცელებს ჭორებს და იყენებს მსგავს ფაქიზ მანიპულაციებს) გამოსახატავად უნდა იყო ემოციური, რადგან უნდა გრძნობდე საკუთარ გარემოცვას და უნდა იცოდე ასევე ის სუსტი წერტილები, რომლებზედაც ზემოქმედება უნდა მოახდინო, რომ შედეგს მიაღწიო და მოწინააღმდეგეს ნერვები აუშალო.

ბავშვებმა შესანიშნავად იციან, რომ მსგავსი ქცევა არ არის კარგი – ამბობს მეცნიერი – მშობლები ხომ გამუდმებით ამას ჩასჩიჩინებენ. მაგრამ რთულია ზოგიერთი ქცევისგან თავის დაღწევა, რადგან ისინი ბავშვს თანატოლებში პატივისცემას უმკვიდრებენ. რატომ ხდება, რომ აგრესიულ ბავშვებს კი არ გაურბიან, პირიქით – პატივისცემით ექცევიან?

აგრესიული ქცევა ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი კანონდარღვევა, თანატოლების მხრიდან აღიქმება, როგორც უფროსების მიმართ პროტესტი. სწორედ ამიტომ აგრესიული ბავშვი ასაკთან შედარებით უფროსად  და თანაც უფრო დამოუკიდებლად გამოიყურება.

სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვას თუ მივუბრუნდებით, გამოდის, რომ აღზრდის თანამედროვე მიდგომების გარკვეული ნაწილი კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. ჩვენ გადავურთეთ ბავშვებს ტელევიზორი აგრესიული ფილმებიდან მშვიდ საგანმანათლებლო ტელეპროგრამებზე, ბავშვებმა კი ამ დროს დაჯგუფებების შექმნა ისწავლეს, რომლებშიც არ იღებენ მათთვის არასასურველ თანატოლებს; ისწავლეს, როგორ მოახერხონ და უკეთესად დაჩაგრონ სხვები. ჩვენ არ ვაძლევდით საშუალებას შვილებს თვალყური ედევნებინათ უფროსების კინკლაობებისათვის და თავადაც ესწავლათ, როგორ ვახერხებთ კამათის შემდეგ შერიგებას და ერთმანეთის მიმართ კეთილი გრძნობების გამოხატვას, პრობლემების მშვიდად და მშვიდობიანად გადაჭრას. ჩვენ ვფიქრობდით, რომ აგრესია – ეს არის რეაქცია თანატოლების ქცევაზე. სინამდვილეში არსებობს ბავშვებს შორის ურთიერთობების რთული სისტემა. ჩვენ გვსურდა, რომ ჩვენს შვილებს უფრო მეტი ეთამაშათ. მიუხედავად ამისა, ბავშვების თავისუფალ დროს გამუდმებით ვავსებდით სხვადასხვა დამატებითი აქტივობით. ამ და სხვა შეუმჩნეველი შეცდომებით ჩვენ შევქმენით იდეალური ატმოსფერო ისეთი აგრესიულობის განვითარებისათვის, რომელსაც კვებავს ერთმანეთის მიმართ მიუღებლობა და მაღალი სოციალური სტატუსის მიღწევის სურვილი. რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ბავშვები და მოზარდები ერთმანეთის გარემოცვაში, მით უფრო ძლიერდება ეს მისწრაფებები და კონკურენცია.

კიდევ ერთი მითი აღზრდის შესახებ: მამების როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ის ხელს უწყობს ბავშვებში აგრესიის ნაკლებად განვითარებას.

მკვლევრებმა გამოჰყვეს მამების სამი კატეგორია: ტრადიციულები, პროგრესული და ისეთები, რომლებიც არაფერში ერევიან. მიხვდებით, რომ პროგრესული მამიკოები, ყველა პუნქტის მიხედვით ლიდერობენ, ისინი სამაგალითო ქცევებით გამოირჩევიან, როგორც სახლში, ასევე გარეთ. მაგრამ როგორც გაირკვა ასეთი მამიკოების შვილებიც ისეთივე აგრესიულობით გამოირჩევიან, როგორც ტრადიციული აღზრდის სტილის მქონენი და მით უფრო, ისეთების შვილები, რომლებიც საერთოდ არ ერევიან შვილების აღზრდაში.

დაბოლოს, ბავშვები – ეს ხომ მუდმივი წინააღმდეგობრიობაა. ისეთმა ფაქტორებმაც კი, როგორებიცაა: დედმამიშვილებს შორის დამოკიდებულება, თანატოლების მიერ ურთიერთგავლენები, მშობლებსა და შვილებს შორის დამოკიდებულება და თქვენ წარმოიდგინეთ მადლიერების განცდაც კი, შესაძლებელია იქონიოს ბავშვზე როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური გავლენა. მიუხედავად ამ და სხვა მრავალი წინააღმდეგობისა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შესაძლებელია უკეთ გავუგოთ ბავშვებს, მხოლოდ ასე შევძლებთ უფროსები მათ შესახებ რაღაც სიახლის გაგებას.

 

ამონარიდები ამერიკელი ავტორების პო ბრონსონისა და ეშლი მერიმენის წიგნიდან: „მითები აღზრდის შესახებ. მეცნიერება ინტუიციის წინააღმდეგ“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“