პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

მონობიდან ნობელის პრემიამდე

მსოფლიოში სულ რამდენიმე ასეული ათასი იეზიდი ცხოვრობს. ყველაზე ოპტიმისტური დათვლით იეზიდთა საერთო რაოდენობა დაახლოებით მილიონ-ნახევარს უტოლდება. იეზიდები, ძირითადად, ერაყის ჩრდილოეთით და სირიის აღმოსავლეთით არიან განსახლებულნი. მათ დემოგრაფები ეთნო-რელიგიურ ჯგუფად განიხილავენ. იეზიდები ეროვნებით ქურთულ თემს მიეკუთვნებიან, მათი უმრავლესობა ქურთული ენის დიალექტზე, კურმანჯიზე საუბრობს. ისინი ქურთებისგან უმთავრესად რელიგიური შეხედულებებით განსხვავდებიან. იეზიდიზმი გამორჩეული და თვითმყოფადი რელიგიაა, რომელიც ზოროასტრიზმის, იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის ნიშნებს აერთიანებს. იეზიდთა გარდა, აღნიშნულ რელიგიას სხვა ეთნოსები ფაქტობრივად არ მისდევენ.

ერაყის ჩრდილოეთით მცხოვრებმა მცირერიცხოვანმა ეთნო-რელიგიურმა ჯგუფმა უკანასკნელ წლებში უამრავი განსაცდელი გამოიარა. წარსულში ყველა რეგიონალური აქტორი მათ ასიმილაციას ან განადგურებას ცდილობდა. სადამ ჰუსეინი იეზიდების არაბებად ძალადობრივი რეგისტრაციის იდეის ერთგული იყო. ადგილობრივი ქურთები კი იეზიდთა განსაკუთრებულ რელიგიურ მახასიათებლებს არაფრად აგდებდნენ და მათ დამოუკიდებელ ეთნოსად აღიარებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. იეზიდებს ყველაზე მეტად 2014 წლის შემდეგ გაუჭირდათ. მრავალ ომში გამოწრთობილ და ნატანჯ ხალხს თავს „ისლამური სახელმწიფოს“ რისხვა დაატყდა. „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლას ათასობით იეზიდის სიცოცხლე შეეწირა. ტრადიციულად, მსოფლიომ ამ შემთხვევაშიც დაიგვიანა და კატასტროფის თავიდან აცილება ვერ მოახერხა.

საუბედუროდ, ხანდახან ომის მთავარი სისასტიკე მხოლოდ ადამიანთათვის სიცოცხლის მოსწრაფებაში არ ვლინდება. დაუნდობელი ომების მიმდინარეობისას ხშირად მოქალაქეები წამებით აღსავსე სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებენ. წამებას მხოლოდ ერთეულები უძლებენ.

2014 წლის აგვისტოში ტერორისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ სინჯარის პროვინციის პატარა სოფელ კოჩოშიც შევიდა. მამაკაცები და მოხუცები საჯაროდ დახვრიტეს. 21 წლის ნადია მურადს დედა და ძმები თვალწინ მოუკლეს. კოსმეტიკოსობაზე მეოცნებე გოგონა კი გაყიდეს. „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანებით ვაჭრობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ბუნებრივია, ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ახალგაზრდა ქალებზე მოდიოდა. მონად გაყიდული ქალები მყიდველთა სექსუალურ ქვეშევრდომებად იქცეოდნენ ხოლმე. ნადია მურადი ტყვეობაში ჩავარდნის შემდეგ რამდენჯერმე გაყიდეს. ყოველი ახალი ბატონი იეზიდ ახალგაზრდაზე სექსუალურად ძალადობდა. ყოველი ახალი ბატონი არშემდგარ კოსმეტიკოსს აწამებდა. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ სოფელ კოჩოს ყოფილმა მკვიდრმა მონობიდან გაქცევა მოახერხა და თავი გერმანიას შეაფარა.

წამებისა და მრავალგზის გაუპატიურების შემდეგ ტრავმირებულ ადამიანებს ბრძოლის გაგრძელების თავი აღარ აქვთ. აღმოსავლური კულტურის წარმომადგენელი ქალებისთვის ორმაგად რთული, მძიმე და სასირცხვილოა სექსუალური ძალადობის მსხვერპლად საკუთარი თავის ღიად გამოცხადება. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ძალიან მტკივნეულია თითქმის ყოველდღიურად, სხვათა თანდასწრებით თავს გადახდენილი ყველაზე მძიმე ტრაგედიის შესახებ დაწვრილებით მოყოლაც.

ნადია მურადმა ფარ-ხმლის დაყრაზე უარი თქვა. მან ტყვეობიდან დახსნისთანავე ყველას გასაგონად დაიწყო საუბარი ადამიანებით ვაჭრობაზე, სექსუალურ ძალადობასა და იეზიდების გენოციდზე. მურადმა ოცდამეერთე საუკუნეში გავრცელებული მონობის უახლესი ფორმები თავის წიგნში აღწერა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ რიგით მოქალაქეებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები თვითმხილველის პერსპეტივიდან დაანახა. ჩრდილოეთ ერაყიდან გამოდევნილმა ქალმა თავისი საქმიანობის შედეგად ასობით გოგონას მონობიდან გათავისუფლება მოახერხა.

წიგნების გამოცემის, საქველმოქმედო მოღვაწეობის, იეზიდთა გენოციდის შესახებ პოლიტიკური ღონისძიებების ორგანიზების შემდეგ გაერო-მ 24 წლის გოგო ადამიანებით ვაჭრობის მსხვრეპლთა უფლებების დაცვის საგანგებო ელჩად დანიშნა. გაერო-ის ოფიციალური სტატუსის მიღების შემდეგ მონობიდან გათავისუფლებული ქალის საქმიანობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

2018 წელს ნობელის კომიტეტმა მშვიდობის პრემიაზე წარდგენის ასობით განაცხადი მიიღო. კომიტეტის წევრებს თავისუფლად შეეძლოთ გლობალური ჩრდილოეთისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ მიღება. ისინი ხომ ხშირად აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო, პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით აჯილდოებენ პირებს. ბარაკ ობამა სულ რამდენიმე თვის არჩეული იყო სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე, როდესაც კომიტეტმა მას პლანეტის ყველაზე პრესტიჟული პრიზი გადასცა. ანალიტიკოსებს დღემდე ვერ გაურკვევიათ, რით დაიმსახურა ამხელა პატივი შეერთებული შტატების გამორჩეულმა პრეზიდენტმა. წელს ნახევარსაუკუნოვანი შესვენების შემდეგ კორეის ლიდერები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, დონალდ ტრამპმა დიქტატორ ინთან დაიწყო მოლაპარაკებები. მაშასადამე, ბევრს ეგონა, რომ პრემიას ისედაც ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაისაკუთრებდნენ.

თუმცა, ნობელის კომიტეტმა ამჯერად განსხვავებული ნაბიჯი გადადგა. 2018 წელს მშვიდობის პრემია ნადია მურადს გადაეცა. ნადია მურადის დაჯილდოებით კომიტეტმა მთელი მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ მიაპყრო მესამე სამყაროს ქვეყნებში გამეფებულ უსამართლობაზე, მცირერიცხოვანი ხალხების მასობრივ დევნასა და განადგურებაზე, ადამიანებით ვაჭრობისა და სექსუალური ძალადობის ათასობით რეაგირების გარეშე დარჩენილ სასტიკ შემთხვევაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“