პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

  მკითხველის გადაქცევა წიგნის გმირად _ პოსტმოდერნისტული პროვოკაციული თამაში

პოსტმოდერნიზმმა მკითხველისა და ავტორის ურთიერთობის უამრავი ექსპერიმენტი შექმნა და თანდათან უფრო გაართულა „თამაშის“ წესები. სირთულე მეტ შენიღბვასა და გამოცნობას გულისხმობს, თუმცა მკითხველის ცდუნებაც უფრო მეტია,  უცნაურ თამაშში აჰყვეს ავტორს და მასთან ერთად განსხვავებული გზითა და ბილიკებით შეიმეცნოს საკუთარი თავი და სამყარო.

მკითხველთან ურთიერთობის ამსახველი პასაჟები მხატვრულ ტექსტში შემოდის, როგორც მეტანარატივები, რომლებსაც მწერალი გარკვეული ფუნქციით იყენებს. სერბი მწერლისთვის, მილორად პავიჩისთვის, ეს თამაშის ერთგვარი ხერხია. ამ თვალსაზრისით, მან თამამი ექსპერიმენტები შესთავაზა მკითხველს თავის ცნობილ ნაწარმოებებში („ხაზარული სიტყვის კონა“, „ჩაით დახატული პეიზაჟი“, „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინეპოლში“, „სხვა სხეული“ და სხვ.) ამჯერად კი მისი რომანის, “შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის”, ერთ ნოველას შევეხებით, რომელშიც მისი ოსტატური იმპროვიზაციის ხელოვნება უმაღლესი ოსტატობით მჟღავნდება.

მწერალი ძველ სიბრძნეს კიდევ ერთხელ შეახსენებს მკითხველს, რომ “თუკი რამეს ვკითხულობთ, ჩვენივე თავის შესაცნობად ვკითხულობთ”. ამ რომანში ერთმანეთს ხვდებიან მწერალი, მის მიერ უკვე დაწერილი თუ ჯერ კიდევ დასაწერ ამბავთა პერსონაჟები და მკითხველები, ისინი ერთმანეთის აღქმა-შემეცნების სარკეებში ირეკლებიან, ჩნდებიან და ქრებიან განზომილებაში, სადაც ზღვარი წაშლილია სიზმარსა და რეალობას შორის.

მწერლის აზრით: `შვიდივე მომაკვდინებელი ცოდვა უფუთფუთებთ ადამიანებს თავში და თითოეული თავის ჟამს ელის~. ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა და მათი დამძლევი სათნოებანია: 1.ამპარტავნება – სიმდაბლე; 2. ანგარება (სიხარბე) – მოწყალება; 3. სიძვა – უმანკოება; 4. მრისხანება – სიმშვიდე; 5. ნაყროვანება – მარხულობა; 6. შური – სიყვარული; 7. სასოწარკვეთილება – სასოება. ამ „ცოდვებს“ ხელოვნების სხვადასხვვა სფეროში არაერთი შედევრი უტრიალებს, მათ შორის გამოვარჩევთ ჰიერონიმუს ბოსხის „შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას“.

მწერალი თითოეულ ცოდვას ცალკე ნოველას უძღვნის. ამჯერად ერთზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც სიხარბის შესახებაა. ეს არის ნოველა “ჩაი ორისთვის”, რომელიც ირონიულ-პაროდიული თხრობით გამოირჩევა.

`ძვირფასო მკითხველო, ავტორი გირჩევთ, რომ ამ მოთხრობას წასაკითხად ხელში ნუ აიღებთ ოთხშაბათს და ნურაფრის გულისთვის ნუ იზამთ ამას, ვიდრე მაისი არ დადგება. ყოვლის უფრო უკეთესად კი მოთხრობა საღამოთი ლოგინში იკითხება. თავად მიხვდებით, რატომაც. და ბარემ გეტყვით,  მოთხრობაში გმირები არ არიან. გმირები მარტო თქვენ ხართ, მკითხველნი~. ასეთი პროვოკაციული მიმართვა მკითხველის ცნობისმოყვარეობის დაძაბულობის ველს ქმნის, რადგან წარმოუდგენელია, როგორ უნდა იქცეს მკითხველი გმირად. სწორედ აქედან იწყება ახალი გამოცდილება. პავიჩი თავის მკითხველს ბადებს მოთხრობის კითხვის პროცესში.  იწყება თავბრუდამხვევი თამაში: `ძვირფასო მკითხველნო, ვინც არ უნდა იყოთ, გინდ მამაკაცნი და გინდ დედაკაცნი, და რაც არ უნდა გერქვათ, პირველ ნაცილად თუ ტყუილად იქცევა თქვენი საიდუმლო, ანუ ცრუ სახელი. ამიერიდან მოთხრობის ქალი მკითხველის სახელი იქნება ასენეთა, ასე ერქვა იოსებ მშვენიერის ცოლს, ხოლო მამაკაცი მკითხველის სახელი არისტინე იქნება, ასე ერქვა XII საუკუნის ერთ-ერთ მწერალს~.

ინტრიგის გასამძაფრებლად, რა თქმა უნდა, მწერალი მკითხველს სასიყვარულო ამბავში მონაწილეობას სთავაზობს. თუმცა, გარკვეულ ბარიერსაც უქმნის, რადგან ამბავში მონაწილეობისთვის მკითხველმა ერთგვარი ინიციაცია უნდა გაიაროს. მას რაიმეს გასაღები უნდა ჰქონდეს ოდესმე დაკარგული (კარის, ზარდახშის, სულ ერთია, წვრილმანი თუ მსხვილმანი ნივთისა). თანვე, აფრთხილებს: უნდა გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულწილად თავს ხიფათში იგდებთ, ვინაიდან მკითხველის გადაქცევა წიგნის გმირად მწერალს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ სულ ორიოდე სტრიქონითაც კი ავნოს რამე ამ მკითხველს, ანდა მოკლას კიდეც”.  ამის შემდეგ, იმის მიხედვით, მკითხველი კაცია თუ ქალი, მწერალი თითოეულს განსხვავებულ მითითებას სთავაზობს. წარმოსახვითი თამაში უკვე დაწყებულია და მწერალი პირველი მითითების შესრულებას ითხოვს: მკითხველ-ასინეთას უნდა დაესიზმროს `მდედრული სიზმარი~. ამის შემდეგ პირველ პირშია მოთხრობილი სიზმარი, რომლის ზედმიწევნით დაუსიზმრებლობაც არაფერს შეუშლის ხელს. შემდეგ მწერალი მკითხველს სთხოვს, ცალი საყურე ჩაიდოს ჩანთაში და უახლოეს ოთხშაბათს, სადაც ცხოვრობს, იმ ქალაქის იმ რესტორანში მივიდეს, რომელიც ტაძართან ყველაზე ახლოსაა. მივიდეს, ჩაი შეუკვეთოს, ცალი საყურე მაგიდაზე დადოს, დაელოდოს ახალგაზრდა კაცს, რომელიც გასაღებს მოუტანს. ასეთივე მითითებებია მამაკაცი მკითხველისთვის. შემდეგ მწერალი წერს, რომ ამ მოთხრობის გამოქვეყნების შემდეგ ვიღაც მკითხველმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა იმავე რესტორანში, რომელიც ბელგრადელი მკითხველის მითითებაში ეწერა, სახელად `კითხვის ნიშანში~. სამოცდაათს გადაცილებულ მწერალს შეხვდა “გაფურჩქვნის ხანაში” მყოფი შავებში ჩაცმული ყმაწვილი. შემდეგ ამას მოსდევს მკითხველის მონათხრობი, რომლის მიხედვითაც, მან იპოვა ძვირფასი საყურე, რომელიც, აღმოჩნდა, რომ თურმე, გახმაურებული მკვლელობის შედეგად დაკარგულა.

რეალობა და მოთხრობის ამბები ერთმანეთს ჩაეხლართება დეტექტიური სიმძაფრით. ჩნდება ლაბირინთი, რომელიც მკითხველს, ერთდროულად, ყელგან და არსაითკენ მიძღვება. ასარჩევი ბილიკების მრავალფეროვნების საიდუმლო სწორედ ის თავსატეხია, რომელიც ყოველმა მკითხველმა თავის სულის, გულისა და გონების შესაბამისად უნდა ამოხსნას. მოულოდნელად მწერალი გაზეთში თავისი გარდაცვალების ამბავს კითხულობს და მკითხველს ეუბნება: `ჩემო ძვირფასო მკითხველო, გინდა ქალი იყავი, გინდა მამაკაცი, სულ ადვილად მიხვდები, რომ ამ წიგნის ბოლოს თქმული სიტყვები სხვა არა არის რა, თუ არა ჩემი სიყვარულის დადასტურება შენ მიმართ, თუ არა ჩემი პატარა ტყუილი, რომელიც სამომავლოდ სიმართლედ იქცევა~.

ამგვარი უწყინარი თამაშით მწერალი ცდილობს ახალი გზითა და ხერხით დააფიქროს მკითხველი ცხოვრების აზრსა და მიზანზე, უბიძგოს საკუთარი თავისა თუ სამყაროს შესაცნობად. ამგვარად,  მოახილვინოს საკუთარი სულის „ჯოჯოხეთი და სამოთხე“. ოღონდ ამ მოხილვისას სერიოზული ვერგილისუსის ნაცვლად, დანტეს რომ გაუძღვა „უსიერ ტყეში“, ჯამბაზად შენიღბული პავიჩი ქილიკითა და სარკაზმით მარადიულ თემებს კარტივით ურევს და თვგზააბნეულ მკითხველს მხატვრული სიტყვის უსასრულო შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ არწმუნებს.

მხატვრული ნაწარმოების სიცოცხლე და უკვდავება მკითხველთა თაობებზეა დამოკიდებული, რომლებიც ერთსა და იმავე მხატვრულ ტექსტს განსხვავებულად `შიფრავენ~ და ამგვარად საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილად აქცევენ.  რეზო ყარალაშვილის აზრით, `ხშირად ყოველი ეპოქა ხელახლა ახდენს ნაწარმოების ინტერპრეტაციას და საკუთარ მიზნებს, მოთხოვნილებებსა და წარმოდგენებს უქვემდებარებს მას. ნაწარმოების ახალი გაგება შეიძლება განსხვავდებოდეს ტრადიციული გაგებისგან, ახალ გააზრებას შეიძლება თითქმის არაფერი ჰქონდეს საერთო წინამავალ ინტერპრეტაციასთან, და მიუხედავად ამისა, მხატვრული ნაწარმოების გაგება შეიძლება ორჯერვე იყოს მიღწეული~. მილორად პავიჩი, მკითხველთან  ამგვარი პოსტმოდერნისტული შეთამაშებით, თანამედროვე თუ მომავალი თაობებისთვის,   ვისთვის იოლად, ვისთვის ძნელად აღსაქმელი მხატვრული ტექსტის მრავალშრიან საინტერპრეტაციო სივრცეს ქმნის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“