ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მოსწავლის აპოლიტიკური ოცნებები

როცა ოცნებაზე სტატიის დაწერა გადავწყვიტე, მივხვდი, ამ სიტყვის პოლიტიკასთან ასოციაციას თავს ვერ დავაღწევდი. არადა, ამის არც სურვილი მაქვს და არც მიზანი, ამიტომ პოლიტიკისგან თავის დაღწევას სათაურიდანვე შევეცადე. მე არაპოლიტიკურ ოცნებებზე ვწერ, მოსწავლეების ოცნებებზე.

ბავშვობის ოცნებების გახსენებას თუ ვინმე გთხოვდათ, ალბათ ნებისმიერ თქვენგანს უამრავი რამ გაგახსენდებოდათ. უმეტესობა, სავარაუდოდ, დადებით ემოციებთან იქნება დაკავშირებული, ზოგიც – მწარე იმედგაცრუებასთანაც. ისეთებიც გამოერევა, ,,მწარე რომ იყო და ახლა ტკბილად გვახსენდება“, ზოგიერთზე უკვე გულიანად გაცინებაც შეგვიძლია, იქნებ მსუბუქი სევდაც შემოგვაწვეს. ოცნებაზე ახლახან კიდევ ერთხელ დამაფიქრა 1993 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის ტონი მორისონის ბრწყინვალე რომანმა ,,ყველაზე ცისფერი თვალი“. ნაწარმოების მთავარი გმირის, პატარა შავკანიანი გოგოს ოცნება არცერთ ჩემს მიერ ზემოთ აღწერილ ოცნების ტიპს არ მიესადაგება. 11 წლის გოგო ცისფერ თვალებზე ოცნებობს, ასრულების შემთხვევაში კი საკუთარ თავს არწმუნებს, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება. ცისფერთვალება გოგოს ,,მახინჯოს“ ვეღარავინ დაუძახებს, ვეღარც თანაკლასელები დაჩაგრავენ, მოძალადე მამას და სასტიკ დედასაც გაუმკლავდება. ,,ღამე არ გავიდოდა, პეკოლას უფლისთვის ლოცვით არ მიემართა და ცისფერი თვალები არ შეეთხოვა. მთელი წელი გულმხურვალედ ლოცულობდა… საოცრების იმედად ყოფნის აუცილებლობას ისე ჰყავდა შეპყრობილი, რომ საკუთარ სილამაზეს არ და ვერ ხედავდა“. ისეთი იმედები დაუკავშირა თავისი ოცნების ახდენას, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, უკან არაფერზე დაიხიოს. ნაწარმოების დასასრულ ჩვეულებრივ შარლატანს რომანის გმირი გოგონა ,,ღმერთის შუაკაცად“ მიიჩნევს და მისი დავალებით ცისფერი თვალების სანაცვლოდ საწყალ ძაღლს წამლავს. ლიტერატურულ ნაწარმოებში აღწერილი ამბავი სავსებით შესაძლებელია რეალობაშიც მოხდეს, ამიტომ საყურადღებოა და გასათვალისწინებელი, რომ ოცნება შესაძლოა ძალიანაც ცისფერი იყოს, მისი შედეგები კი – საკმაოდ შავი. ალბათ უკვე მიხვდით კიდეც, შესავალს როგორც დავასრულებ. ჰო, რა თქმა უნდა, ვისაც ეს წიგნი არ წაგიკითხავთ, პირობას გაძლევთ, ზოგიერთი არასასიამოვნო პასაჟის მიუხედავად, შესანიშნავი ტექსტით ისიამოვნებთ.

ტონი მორისონის ნაწარმოებმა ნათლად შემახსენა, რომ ბოლო წლებში მოსწავლეების ოცნებების თემას ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში გარკვეული ადგილი უკავია. თქვენი ნებართვით ცოტა შორიდან დავიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის კითხვა წერაზე ბევრად თავისუფალი და სასიამოვნო ინტელექტუალური პროცესი იყო, წერაც ყოველთვის მიყვარდა. ბუნებით მეამბოხე არ გახლდით და მოსწავლეობისას დაწერილი ჩემი თემები მეტწილად მაშინდელ (მეოცე საუკუნის 80-იანები) კლიშეებს და სტერეოტიპებს მიუყვებოდა, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რას და რატომ ვწერდი და მართლა მიკვირდა, რა საჭირო იყო წერისას ,,შპარგალკა“. ჰოდა, არც ისაა გასაკვირი, ჩემს მოსწავლეებშიც წერის სიყვარულის გაღვივებას რომ ვცდილობ, ოღონდ ამჯერად ყოველგვარი კლიშეებისა და სტერეოტიპების გარეშე. წერის პროცესი მოსწავლეებში უნარების ძალზე ფართო სპექტრს ავითარებს, კრიტიკული აზროვნებითა და ლოგიკური მსჯელობით დაწყებული შემოქმედებითობითა და უსაზღვრო ფანტაზიით დამთავრებული.

ყველაზე მეტად მე და ჩემს „წერა-კითხვის მოყვარულ“ მოსწავლეებს ,,ესეების კლუბი“ მოგვწონს. ჩვენი საყვარელი საქმიანობა შედარებით პატარა ზომის ცნობილი მწერლების პოპულარული მოთხრობების კითხვა და მასზე ესეების წერაა. ზოგჯერ მოზრდილ წიგნსაც გამოვურევთ, ხანდახან ორიგინალურ ,,შედევრებსაც“ ვთხზავთ. საქმიანობის დაგეგმვაზე, თემებისა და კითხვების შერჩევაზე, მოსწავლეთა ნამუშევრების განხილვაზე გაწეულ ძალისხმევასა და დახარჯულ დროს სრულად ანაზღაურებს ის პროგრესი, რომლებსაც ბავშვები თვიდან თვემდე აღწევენ. აქა-იქ გაელვებული ორიგინალური, მოულოდნელი აზრები და მშვენიერი ფრაზები კი შესანიშნავი დამატებითი კომპენსაციაა.

ამ პატარა ლირიკული გადახვევის შემდეგ მთავარ სათქმელს დავუბრუნდები. ოცნების თემა ჩვენს საქმიანობაში დროგამოშვებით სხვადასხვა ფორმით შემოდის. ბავშვები ხან თავიანთ ოცნებებზე წერენ, ხანაც ნაწარმოების გმირების ოცნებებს განიხილავენ და თავიანთს ადარებენ, ზოგადად, ოცნებაზეც გვისაუბრია და დაგვიწერია ხოლმე.

ოცნებების საჯაროდ დემონსტრირება ჩემში მაინც არაერთგვაროვან ასოციაციებს იწვევს. ერთი მხრივ, იმაზეც ვფიქრობ, ბავშვებისგან იმის თქმას ხომ არ ვითხოვ, რაც შესაძლოა მხოლოდ თავიანთთვის აქვთ შემონახული. მეც არ მომინდებოდა ყოველთვის ოცნებებზე საუბარი. ამ უხერხულობისაგან თავდასაღწევად ერთი წესი მაქვს, მოსწავლეების სააზროვნო პროცესის გასაადვილებლად და შესაძლო დაძაბულობის მოსახნელად ვაზუსტებ, რა ტიპის ოცნებას ვითხოვ, ამასთანავე ვთხოვ, რომ თავიანთი ,,ოცნებების სკივრიდან“ ისეთი  ამოარჩიონ, რომელზედაც თავად სურთ საუბარი.

თუმცა მაინც იქითკენ ვიხრები, რომ ჩემი ეჭვები გადაჭარბებულია და ურთიერთობებში ჩვენზე ბევრად თავისუფალ ბავშვებს არავითარი უხერხულობა არ ექმნებათ თავიანთ ოცნებებზე საუბრისას. ჩემი დაკვირვებით უფრო ასეც არის, მაგრამ ,,დადგენილ“ წესებს მაინც არ ვღალატობ. კითხვაზე – უნდა ვაწერინოთ თუ არა მოსწავლეებს თავიანთ ოცნებებზე? – ჩემი პასუხი უდავოდ დადებითისკენ იხრება. თუ დავუკვირდებით, მოსწავლეების ოცნებები არც ისე შორსაა სასწავლო პროცესისგან. ოცნებებზე საუბრისას საკმაოდ საინტერესო ფსიქოლოგიურ ასპექტებს ვეხებით. დამეთანხმებით, ბავშვების უმეტესობა სრულიად გულწრფელად გვიზიარებს თავიანთ ოცნებებს. თუ მათ ყურადღებით გავეცნობით და გავაანალიზებთ, აუცილებლად წაგვადგება ჩვენი საქმიანობის დაგეგმვისას და ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით მათთან პოზიტიური ურთიერთობების დასამყარებლად.

მოდით ისიც ვთქვათ, შესაძლოა მოსწავლემ ისეთი ოცნება ,,შემოგვასაღოს“, რომელიც მისი მოსაზრებით კარგ ტონად ჩაეთვლება. თუმცა არც ამგვარი შემთხვევებია ინტერესმოკლებული, უფრო მეტიც, ძალიანაც საყურადღებო მგონია. როცა ბავშვი გულმოდგინებითა და ნიჭიერებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, თავის ოცნებას კი მაინც სწავლას უკავშირებს, ვფიქრობ, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს. ერთი რამ აშკარაა, მოსწავლეს კარგად ესმის სწავლის უპირატესობა უსწავლელობასთან შედარებით, სურს, იყოს განათლებული და წარმატებული. მისი ეს ერთი შეხედვით, არაფრით გამყარებული სურვილი ჩვენგან მოითხოვს მოსწავლის არასასურველი აკადემიური მოსწრების მიზეზების კიდევ ერთხელ გაანალიზებას. გვახსოვდეს, დრო ბევრი არ გვაქვს, შესაძლოა სულ მალე მან სწავლაზე ოცნებაც კი შეწყვიტოს.

მოსწავლეების ოცნებები ჩემთვის ორ ჯგუფად იყოფა. პირობითად მათ ,,პატრიოტული“ და ,,პირადი“ ოცნებები დავარქვი. მოსწავლეების პატრიოტული ოცნებების საწინააღმდეგო, რასაკვირველია, არაფერი მაქვს. ერთი სიამოვნებაა ამ დროს მათი მოსმენა, ზრდასრული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ბავშვები ხომ სრულიად გულწრფელები არიან და საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად კი არა, მართლა სურთ გაერთიანებული და გაბრწყინებული საქართველო; სურთ, არავის შიოდეს; ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს და პირობასაც ალალი გულით იძლევიან, რომ ყველაფერს გააკეთებენ უკეთესი საქართველოსთვის. თუმცა, რაღა დაგიმალოთ და, მე უფრო მეტად მაინც მათი პირადი ოცნებების კითხვა და მოსმენა მომწონს. ამ დროს ბავშვები უფრო ორიგინალურები ხდებიან, მათი ოცნებები კი ფერადი, ბრჭყვიალა ბუშტებივით ლამაზია და ყველაზე უკეთ გადმოსცემს მათ ხასიათს, იმ კონკრეტულ მომენტში მათ სამომავლო გეგმებს და განწყობებს. ვინ იცის, რაზე იოცნებებენ ხვალ, მაგრამ დღეს კითხვის მოყვარული თეკლა ოცნებობს ისეთ ბიბლიოთეკაზე, სადაც მისთვის საინტერესო ყველა წიგნი იქნება; ფორტეპიანოზე დაკვრით გატაცებული მარიამი იუთუბ-ზე ლოლა იგნატოვას შესრულებით მოიხიბლა და ოცნებობს მის მსგავსად შეეძლოს დაკვრა; კინოს მოყვარული ლიზის ოცნებაა, ჰქონდეს სახლის კინოთეატრი მდიდარი ფილმოთეკით; გიოს იმედი აქვს, რომ წარმატებული მოჭიდავე იქნება; მაკა კი თავისი წკრიალა ხმით მომღერლობაზე ოცნებობს. მე არაფერი მაქვს მათი ოცნებების საწინააღმდეგო, მაგრამ ამასთანავე ყოველი საშუალებით ვცდილობ, დავანახო და დავარწმუნო ისინი, რომ ოცნებების ასრულებისაკენ მიმავალი გზა შრომასა და მიზანდასახულობაზე გადის, თვალსაწიერის გაფართოება კი გემოვნებიანი, მაღალმხატვრული ლიტერატურის კითხვით მიიღწევა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“