კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

ხუთი მიზეზი, რატომ არ სურთ მოზარდებს სკოლაში სიარული

 ‘’რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, დღევანდელ სინამდვილეში უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ოჯახები, სადაც ცხოვრობენ სკოლის ასაკის მოზარდები, რომლებსაც  არათუ არ სურთ სკოლაში სიარული, არამედ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ დადიან სასწავლებელში’’, –  ამგვარ დასკვნამდე კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ მაკდაუენი მიდის. მისი მოსაზრებით, ამის გამომწვევი მიზეზი არ გახლავთ არც მძიმე სოციალური პირობები, არც ეგრეთ წოდებული „მძიმე ბავშვობა’’. ნიშანდობლივი ის არის, რომ   მშობლები შვილებს ყველანაირ პირობას უქმნიან, თუმცა „ძვირფასი ბავშვები” მშობლებს თავს აჩვენებენ, თითქოს იღებენ განათლებას, მაგრამ სკოლაში საერთოდ არ დადიან. 

ჩნდება ლოგიკური შეკითხვა – რას აკეთებენ ბავშვები სახლში? მშობლების განმარტებით, არც არაფერს. ეს მოზარდები სადილის შემდეგ საკუთარ ჭურჭელსაც კი არ რეცხავენ. ისინი უყურებენ ტელევიზორს, თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს, ეთამაშებიან შინაურ ცხოველებს. არადა, ერთი შეხედვით, ნორმალური გონებრივი შესაძლებლობები აქვთ, თანაკლასელებთანაც მშვენიერი დამოკიდებულება აქვთ. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ არ აქვთ მიზეზი იმისა, რომ არ სურთ სკოლაში სიარული და განთლების მიღება.

მშობლების მცდელობა, რამენაირად დაარწმუნონ შვილი განათლების აუცილებლობაში, ხშირად უშედეგოა. ისინი დასჯის სხვადასხვა ზომებს მიმართავენ – ბავშვს აღარ აძლევენ ყოველდღიურ ჯიბის ფულს; გადაჰყავთ სხვა სკოლაში; ხან ფიზიკურადაც სჯიან, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთგვაროვანია – ოჯახში დაძაბული მდგომარეობა და გამუდმებული კონფლიქტები.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ შემთხვევაში? თუმცა, ვიდრე ამ შეკითხვაზე შევეცდებოდეთ პასუხის მოძიებას, უმჯობესია საკითხი სხვაგვარად დაისვას – ანუ „რატომ?”, –  რატომ აცხადებენ უარს მოზარდები სკოლაში სიარულზე. ამ შეკითხვაზე პასუხი კი მარტივზე მარტივია – სიზარმაცე! თუმცა ამ სენზე, ანუ სიზარმაცეზე არაფრით არ შეიძლება ისე ვიმსჯელოთ, როგორც უბრალო პრობლემაზე. 

 „როდესაც ბავშვი ცრუობს, გამუდმებით აცდენს გაკვეთილებს, – ამ საქციელს, ბუნებრივია თავისი მიზეზები აქვს და არცთუ ისე მარტივი. ბავშვობაში ყოველ ჩვენგანს გაკვეთილიც გაგვიცდენია, ჯგუფური ე.წ. „შატალოც” არაა უცნაური და უჩვეულო საქციელი, მაგრამ ამ ყოველივეს რეგულარული ხასიათი არ მიუღია. მაშ, რა არის იმის მიზეზი, რომ ბავშვებს სკოლაში სიარული აღარ სურთ?” – კითხულობს პროფესორი მაკდაუენი.

მაშ ასე, პირველი მიზეზი სიზარმაცეა! საბოლოო ჯამში რა არის სიზარმაცე? სიზარმაცე ეს გახლავთ მოქმედებისა და მუშაობის სიძულვილი და უსაქმურობისაკენ მიდრეკილება. ფსიქოლოგების მოსაზრებას თუ დავეყრდნობით, სიზარმაცე მოტივაციის არარსებობაა. უფრო კონკრეტულად, ბავშვებს არ აქვთ ინტერესი, არ აქვთ მოტივაცია, იარონ სკოლაში – მათ უჩნდებათ შეკითხვა – რატომ უნდა ვიარო სკოლაში და მივიღო განათლება?

მეორე მიზეზი გადაღლილობა გახლავთ. როდესაც მოზარდი სკოლის პარალელურად რამდენიმე სხვადასხვა საქმიანობითაა დაკავებული – მაგალითად მუსიკაზე, ცურვაზე, ფეხბურთზე თუ ა. შ. სიარულით, მას უბრალოდ აღარ რჩება სასიცოცხლო ენერგია, რათა გაკვეთილების მომზადებაზე იფიქროს.

მესამე მიზეზი გარემო პირობების მავნე ზეგავლენაა. როდესაც მეორე–მესამე კლასელი მოზარდისათვის ავტორიტეტი ეგრეთ წოდებული „ქუჩის ბიჭი” ხდება. ეს „ავტორიტეტი” დაუდევრად აბოლებს სიგარეტს შუა ქუჩაში, არც ჩხუბსა და აყალმაყალის ერიდება და გოგონების სიმპათიასაც იმსახურებს. ბუნებრივია, ბავშვისათვის მისაბაძი სწორედ ის ხდება. ზუსტად ის ადამიანი, რომლისთვისაც სკოლის ეზო მხოლოდ მისი და მისნაირების თავშეყრის ადგილია და სხვა არაფერი.

„შემდეგი მიზეზია თანაკლასელებისა თუ თანასკოლელების ნეგატიური დამოკიდებულება მოზარდის მიმართ’, – ასკვნის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი. როდესაც მოსწავლე ცუდად გრძნობს თავს სკოლის ეზოსა თუ მის გარეთ,  როდესაც გამუდმებულ დისკომფორტს გრძნობს. გაკვეთილების მიმდინარეობისას მასზე მოძალადე სხვა მოზარდისაგან შესაძლოა საფრთხე არ ემუქრებოდეს, მაგრამ გაკვეთილის დასრულებისთანავე მოზარდი მუდმივ შიშს განიცდის, რომ „განგსტერების” გარემოცვაში აღმოჩნდება და რამენაირად თავი უნდა დაიცვას. ბუნებრივია, რომ ამგვარი ფსიქიკის მქონე მოზარდი ვერ მოახდენს კონცენტრაციას ვერც გაკვეთილზე და მისი სასკოლო მოსწრებაც ვერ ქნება სახარბიელო.

დაბოლოს, მეხუთე მიზეზი ისევ და ისევ მოტივაციის არარსებობაა. „რატომ უნდა ვიარო სკოლაში, მისი დამთავრების შემდეგ სწავლა რომელიმე კოლეჯში გავაგრძელო, როდესაც ჩემი თანაკლასელის მშობლებს საერთოდ არ უსწავლიათ, მაგრამ მშვენიერი ბიზნესი აქვთ და მათი ოჯახი გაცილებით უკეთ ცხოვრობს, ვიდრე ჩემი?! ჩემი მშობლები თავს წარჩინებულის დიპლომებით იწონებენ, მაგრამ თვიდან თვემდე კომუნალური გადასახადების გადახდას ძლივს ახერხებენ”, – სწავლისადმი მოზარდის ამგვარი დამოკიდებულება ყველაზე ხშირია და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ათეული წლებია, რაც სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.

მოამზადა კახა ჭაბაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“