„გაცნობიერებული მშობლობა, ანუ როგორ გავხდეთ საკუთარი შვილების საყრდენი და გავუხსნათ მათ გზა სამყაროს შესამეცნებლად“
პირველი ნაწილი
სუზან სტიფელმანი (Susan Stiffelman) — ამერიკელი პედაგოგი, განათლების სპეციალისტი, კონსულტანტი და ფსიქოთერაპევტი ოჯახური ურთიერთობების საკითხებში. ის ატარებს სემინარებს სკოლებსა და მშობლებისათვის შექმნილ ორგანიზაციებში. სუზანი რამდენიმე წიგნის ავტორია, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მრავალ ქვეყანაში.
ურთიერთობების ოთხი მოდელი
ზოგადად, ადამიანებს შორის ურთიერთობების ოთხი ძირითადი მოდელი არსებობს და ჩვენი დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ რომელიმე ამ ოთხი მოდელიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება. ადამიანები პასიურები, აგრესიულები, პასიურ-აგრესიულები ან მტკიცე და შეუპოვრები (ანუ, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ასერტულები) არიან.
პასიური ადამიანი ხდება მაშინ, როდესაც საკუთარ ჭეშმარიტ გრძნობებს ახშობენ და ქმნიან ილუზიას თითქოს ყველაფერი წესრიგშია. პასიური ადამიანი ამბობს „დიახ“-ს და გულისხმობს „არა“-ს. ის სხვების სურვილებსა და მოთხოვნებს საკუთარზე მაღლა აყენებს. პასიურ მშობლებს ეშინიათ საკუთარი შვილების წყენინების და ცდილობენ თავი მოაწონონ მათ. ამიტომ, ასეთი მშობლები მუდამ დათმობებზე მიდიან და შვილების ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებენ.
ურთიერთობების აგრესიული მოდელის მიმდევრები მუქარებს და დაშინებებს მიმართავენ, რათა შვილები საკუთარ ნება-სურვილს დაუქვემდებარონ. ზოგიერთ პასიურ დამკვირვებელს შესაძლოა ასეთი მოდელი ეფექტურადაც კი მოეჩვენოს, რადგან ამ დროს ბავშვის არასასურველი ქცევა ქრება. მაგრამ ასეთი „გაქრობები“ მომავლში არასასურველ შედეგებს იძლევა. ბავშვებს არ შეუძლიათ, აგრესიულ მშობლებთან სიახლოვე განიცადონ, ისინი ხომ შვილებისათვის ემოციურ ასპექტში უსაფრთხოების გარანტი ვერ ხდებიან.
პასიურ-აგრესიული მშობლები საკუთარი შვილების გაკონტროლებას დანაშაულისა და სირცხვილის განცდის ჩანერგვით ცდილობენ. ასეთი მშობლები ხშირ შემთხვევაში აგრესიას ღიად არ გამოხატავენ, მაგრამ მათი მანიპულაციები ძალიან დახვეწილია და ბავშვებში დანაშაულის განცდას იწვევს, რაც შვილებს პიროვნული განვითარების საწყის ეტაპზე ღრმა იარებს უტოვებს. ასეთი ბავშვები გამუდმებით ცდილობენ მშობლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და საკუთარ გრძნობებსა და სურვილებს გაცილებით ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. თუ მშობელი ამბობს: „შენ ერთადერთი ბავშვი ხარ ამ ოჯახში, რომელსაც წესიერად სუფრის გაწყობაც კი არ შეუძლია“, ეს ნიშნავს, რომ ის ცდილობს შეარცხვინოს შვილი; მაგრამ თუ ის ამბობს: „წუხელ მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს იმაზე ფიქრით, საიდან ვიშოვო შენთვის ექსკურსიაზე წასასვლელი ფული“, ამ შემთხვევაში ბავშვი აუცილებლად დანაშაულს იგრძნობს მშობლების წინაშე. ჩემი აზრით, ეს შვილებთან ურთიერთობის არასწორი ფორმაა.
ასერტული მშობელი გემის კაპიტანია და ის მართავს შვილის „ცხოვრების ხომალდს“. ასერტული ურთიერთობების შემთხვევაში მშობლები სრულიად ბუნებრივ საზღვრებს აწესებენ მათსა და შვილებს შორის, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს საკუთარი მოთხოვნები, განცდები და გრძნობები იქონიონ. ასეთი მშობლები არ ამუნათებენ შვილებს, როცა მათი და ბავშვების საჭიროებები გარკვეულწილად არ თანხვდებიან ერთმანეთს. სრულებით არ არის საჭირო საკუთარი შვილების წინაშე მუდმივად თავის მოწონება და არც იმის შიში ვარგა, რომ ამის გამო ბავშვი განერვიულდება. მშობლები კარგად აცნობიერებენ, რომ, თუ ისინი საკუთარი შვილების ყველა პრობლემის მოგვარებას საკუთარ თავზე აიღებენ, ამით შვილებს ცხოვრების სირთულეების გადალახვასა და მათთან ადაპტაციის უნარის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობენ. ასერტული მშობლების შვილებმა იციან, რომ ისინი უყვართ სწორედ ისეთები, როგორებიც არიან და არა იმის გამო, რომ მათ მშობლების ხათრით ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რათა დედიკომ და მამიკომ იამაყონ საზოგადოებაში საკუთარი შვილების მიღწევებით.
ასერტული მშობლები ადვილად იღებენ შვილების „დაუმორჩილებლობას“. არ ღიზიანდებიან, პირად შეურაცხყოფად არ იღებენ შვილის წუწუნს და რაც მთავარია, ძალის გამოყენებით არ ცდილობენ მის დამორჩილებას. ასეთი მშობლები გაგებით ეკიდებიან შვილების გამოხატვის თავისებურებებს და არ ზღუდავენ მათ, მაგრამ აწესებენ გარკვეულ საზღვრებს და არ ეშინიათ იმის, რომ შესაძლოა შვილს ეს გააბრაზებს.
ეს რაც შეეხებოდა თეორიულ ასპექტებს, მოდით ახლა ცოტა პრაქტიკულად ვისაუბროთ. მაშ ასე: ჩაწერეთ საკუთარი შვილის სახელის გასწვრივ ყველა ის თვისება, რომლებთან გამკლავებაც ყველაზე მეტად გიჭირთ. თუ სერიოზულად მოეკიდებით ამ „დავალებას“ და არ ჩართავთ საქმეში „ცენზურას“, შესაძლოა დაახლოებით ასეთი სია გამოგივიდეთ:
მოუთმენელი, თხუპნია, ძალაუფლების მოყვარე, ეგოისტი, უზომოდ მგრძნობიარე, მოუქნელი, ზედმეტად ფრთხილი, უხეში, არაკეთილგანწყობილი, ზედაპირული, აგრესიული, მორცხვი, ინფანტილური, მშიშარა, მომთხოვნი, გამომწვევი, უტიფარი, კრიტიკული, ცივი, ჯიუტი, ყველას და ყველაფერს აკონტროლებს, უმადური, ეჭვიანი, კონფლიქტური, უინტერესო, სუსტი, მორცხვი, მფრთხალი, მოუსვენარი, წუწუნა, ადვილად ბრაზდება, ყველაფერს ძალიან ნელა აკეთებს და არასოდეს არ მიჰყავს დაწყებული საქმიანობა ბოლომდე.
ახლა კი გაეცით პასუხი შემდეგ შეკითხვებს (რაღა თქმა უნდა მხოლოდ ისეთებს, რომლებსაც თვლით, რომ თქვენც გეხებათ):
- რომელ ადამიანს გაგონებთ თქვენი წარსულიდან ეს ბავშვი? თქვენს მშობლებს ან მასწავლებლებს? უფროს ან უმცროს და-ძმებს? ან იქნებ ყოფილ მეუღლეს?
- როგორ იქცეოდით თქვენ, როდესაც რომელიმე ამ ადამიანთაგანი მსგავს ქცევას ახორციელებდა? განერიდებოდით? თავად გადადიოდით შეტევაზე? კამათობდით? „ისტერიკას“ აწყობდით? იმალებოდით? ტიროდით? პასიური იყავით თუ პირიქით აგრესიული? ან იქნებ პასიურ-აგრესიული?
- როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენს პრობლემებსა თუ თხოვნაზე იმ ადამიანს? ის თავად თქვენ გადანაშაულებდათ საკუთარი პრობლემების შექმნაში? იგნორირებას ახდენდა თუ ცდილობდა გაეუფერულებინა თქვენი პრობლემები? გეუბნებოდათ, რომ თქვენ ზედმეტად ახლოს მიგაქვთ გულთან ყველაფერი? ან იქნებ რაიმე სხვა ფორმით ცდილობდა ზედმეტი წუწუნისათვის თქვენს დასჯას? გეუბნებოდათ, რომ საკუთარი პრობლემები თავად უნდა გადაჭრათ? დანაშაულის გრძნობას ხომ არ გიღვივებდათ? გეუბნებოდათ, რომ მისი ცხოვრება გაცილებით რთულია, ვიდრე თქვენი? ან იქნებ იცინოდა თქვენს ზედმეტ მგრძნობიარობაზე?
- ახლა დაფიქრდით, ხომ არ ავლენს თქვენი შვილი ისეთ არასასურველ თვისებებს, რომლებსაც საკუთარ თავს გაგონებთ? და ეს ის თვისებები ხომ არ არის, რომელთა „აღიარებაც“ ძალიან გიჭირთ? თავად ხომ არ აკეთებდით ისეთ რამეებს, რომლებიც ბავშვისათვის მიუღებლად მიგაჩნიათ? რა გრძნობები გიჩნდებათ, როდესაც ფიქრობთ, ისეთი მსგავსი თვისებების გამოვლენაზე, რომლებიც საერთოა თქვენთვის და თქვენი შვილისთვის?
- როგორ იქცეოდნენ თქვენს ადრეულ ბავშვობაში ის ადამიანები, რომლებიც თქვენზე ზრუნავდნენ მაშინ, როდესაც თქვენ არასასურველ თვისებებს ამჟღავნებდით ან არასწორად იქცეოდით? გარცხვენდნენ თუ გაკრიტიკებდნენ? უფრო დამჯერ და-ძმას ხომ არ გადარებდნენ? კუთხეში გაყენებდნენ თუ საკუთარ ოთახში გიშვებდნენ, რათა იქ კარგად დაფიქრებულიყავით, როგორი ცუდი ბავშვი ხართ? ან იქნებ სულაც თქვენი მშობლები თქვენ მიმართ უპატივცემულობას გამოხატავდნენ? გიყვიროდნენ თუ გემუქრებოდნენ? ფიზიკურად ხომ არ გსჯიდნენ?
- რაზე უფრო სწუხხართ ახლა, როდესაც ხედავთ, რომ თვენი შვილიც ისეთივე თვისებებს ავლენს, როგორც თქვენ? რა გაკვეთილის გამოტანა შეგიძლიათ? იქნებ თქვენი შვილის ამ ქცევამ მოთმინების უნარი გამოგიმუშავათ? ან იქნებ მისმა ქცევამ უფრო მოქნილი და ასერტული გაგხადათ?
მინდა, გითხრათ, რომ ბავშვის ქცევების „სიღრმისეულ“ მიზეზებში გარკვევა – ძალიან სერიოზული და რთული საქმეა. ამიტომ თუ ემოციები დუღს და ზედაპირზეც კი ამოდის, ისე, რომ მათთან გამკლავება გიჭირთ, აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტს. მაგრამ თუ თქვენ გსურთ საკუთარ შვილს, ისე შეხედოთ, როგორც მასწავლებელს და მზად ხართ გარდაქმნებისა და განკურნების გზას დაადგეთ, მაშინ გპირდებით, რომ დიდ ჯილდოს მიიღებთ.
მოდით, ახლა გაგაცნობთ მშობლების მიერ ჩემთვის გამოგზავნილი შეკითხვების ნაწილს.
შეკითხვა: „ჩემი ოთხი წლის გოგონას განუწყვეტელ წუწუნს ჭკუიდან გადავყავარ. ვიცი, რომ ის პატარაა და ყოველთვის ვერ ახერხებს საკუთარი გრძნობების სიტყვებით გადმოცემას, მაგრამ მისი მოტირალი, წუწუნა ინტონაცია ზოგჯერ სასტიკად მაღიზიანებს“.
რეკომენდაცია: იქნებ სცადოთ და თქვენი გოგონას წუწუნს უფრო მსუბუქად შეხედოთ. მისი საქციელი ხომ თავისთავად განყენებულად ცუდი ან კარგი არ არის? მას ასეთად აქცევს თქვენი აღქმა. აქ იწყება ხასიათების ჭიდილი, ძალაუფლებისათვის ბრძოლა. თუ თქვენ გსურთ ბავშვმა რაიმეს კეთება შეწყვიტოს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ეს გაღიზიანებთ, მაშინ მის უფრო დიდ პროტესტს გამოიწვევთ. რასაც ახლა ვიტყვი იმან შეიძლება „ბუდისტურ შეგონებასავით“ გაიჟღეროს, მაგრამ თუ თქვენ შეძლებთ და მის წუწუნს ზედმეტ „იარლიყებს“ არ მიაწებებთ, მაშინ დაახლოებით ასეთი რამის თქმაც უნდა შეძლოთ: ჩემო კარგო, მე მინდა, გავიგო რა გჭირდება და ამისათვის შემიძლია დავიცადო მანამდე, სანამ ნორმალური ხმით არ მეტყვი, თუ რაშია საქმე“. რაც უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას გაუწევთ შვილს, მით უფრო მალე მოახერხებს თქვენი შვილი საკუთარი სურვილის წუწუნის გარეშე გაჟღერებას.
შეკითხვა: „ჩემი თერთმეტი წლის ტყუპები „თვალებს ატრიალებენ“ ან სულაც გამომაჯავრებენ ხოლმე, როდესაც მათ რაიმეს გაკეთებას ვთხოვ. ასეთ ქცევას მე უპატივცემულობად მივიჩნევ. ხოდა რისი სწავლა შეიძლება თუ საქმე ასეთ აღმაშფოთებელ ბავშვებთან მაქვს“?
რეკომენდაცია: მოდით, იქიდან დავიწყოთ, რომ ტყუპების საქციელს პირად შეურაცხყოფად ნუ მივიღებთ. ამ ასაკის ბავშვებს, ხშირად არ აქვთ პოზიტიური ქცევის როლური მოდელი. მოზარდები ცდილობენ, ე.წ. „გარდატეხის ასაკში შევიდნენ“ და გაიგონ, როგორ მოახერხონ საკუთარი მშობლებისაგან დისტანცირება. სამწუხაროდ, ზოგჯერ ბავშვები ცუდი ქცევების კოპირებას უფრო აქტიურად ახდენენ, ვიდრე პოზიტიურის. როდესაც თქვენი შვილები არასასიამოვნო მიმიკებით ცდილობენ ემოციის გამოხატვას, ეს მხოლოდ არასწორი და არაეფექტური ხერხია, რათა მოზარდებმა გაჩვენონ, რომ არ სურთ თქვენი თხოვნის შესრულება? ამიტომ სჯობს მხოლოდ რჩევით შემოიფარგლოთ და თქვათ: „კარგი იქნება, თუ თქვენს მოსაზრებებს მისაღები ფორმით გამოხატავთ და მოახერხებთ, მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი შეხედულებები!“
დანარჩენ შეკითხვებს და კიდევ სხვა საინტერესო საკითხებს სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ.