ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

გამოცდების შედეგების გამოყენება მასწავლებელთა შეფასებისთვის

მე-6 და მე-9 კლასების გამოცდების შედეგების გამოყენება მასწავლებელთა შეფასებისთვის (რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ადმინისტრაციისთვის)

ნებისმიერი დაწესებულების წარმატებულად მუშაობისთვის საჭიროა მისი საქმიანობის რეგულარული ანალიზი და შეფასება, რომლის საფუძველზეც დადგინდება ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები, მოხდება პრობლემების იდენტიფიცირება და სწორად დაიგეგმება სამომავლო საქმიანობა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ზოგასაგანმანათლებლო სკოლებია, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლების მუშაობის შეფასება, რომელიც უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიზუსტით.

უკვე რამდენიმე წელია საქართველოს სკოლებში სასწავლო წლის ბოლოს ტარდება მე-6 და მე-9-კლასელების ტესტირება. ეს გამოცდა არ არის სავალდებულო და სკოლა თავად წყვეტს, სჭირდება თუ არა მისი ჩატარება. ტესტირების შედეგების გამოყენება კი შეიძლება არა მხოლოდ თითოეული მოსწავლის მომზადების დონის დასადგენად, არამედ მასწავლებლების მუშაობის შესაფასებლადაც.

მე-6 და მე-9 კლასების გამოცდები მიეკუთვნება ცენტრალიზებული ტესტირების ტიპს (ისევე, როგორც სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებში) და ტარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ. ამ გამოცდების საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ კონკრეტულ სკოლაში სწავლის დონის შეფასება, არამედ მიღებული შედეგების შედარება სხვა სკოლების შედეგებთან. მაგრამ ხდება თუ არა ასეთი შეფასებისას გამოცდის შედეგად მიღებული მონაცემების სწორად გამოყენება? ხომ არ ანიჭებს ზოგიერთი სკოლის ადმინისტრაცია რომელიმე კომპონენტს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას და ხომ არ ტოვებს ყურადღების მიღმა სხვა მნიშვნელოვან მონაცემებს?

ამ წერილში ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოს სკოლამ მე-6 და მე-9 კლასების გამოცდების შედეგები მასწავლებლების შეფასებისთვის.

 

მონაცემები, რომლებიც აღწერს გამოცდების შედეგებს.

მე-6 და მე-9 კლასების გამოცდები ტარდება რამდენიმე საგანში. გამოცდების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ სკოლას უგზავნის მონაცემთა პაკეტს, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • თითოეული მოსწავლის მიერ მიღებული ქულები საგნების მიხედვით;
  • თითოეული მოსწავლის პროცენტილი საგნების და ცალკეული სასწავლო თემის მიხედვით (პროცენტილის არსს განვიხილავთ მოგვიანებით);
  • სკოლის საშუალო შედეგი თითოეულ საგანში;
  • სკოლის პროცენტილი თითოეულ საგანში.

რადგანაც ჩვენს მიზანს ამ შემთხვევაში წარმოადგენს პედაგოგების მიღწევების შეფასება, ამიტომ ძირითადი ყურადღება უნდა მივაქციოთ არა ცალკეული მოსწავლეების ქულებს, არამედ თითოეულ საგანში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებლებს.

მაგალითისთვის გამოვიყენებთ 2014-2015 სასწავლო წლის ბოლოს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ჩატარებული გამოცდების შედეგებს, რომლებსაც წარმოვადგენთ ცხრილების სახით (მოსწავლეების ინდივიდუალური შედეგების გარეშე).

6 კლასი

საგანი დავალებათა რაოდენობა სკოლის საშუალო შედეგი პროცენტილი
ქულები %
ქართული ენა და ლიტერატურა 40 24,13 60,32 44,88
მათემატიკა 30 11,00 36,67 25,82
ინგლისური ენა 70 37,25 53,21 70,43

 

9 კლასი

საგანი დავალებათა რაოდენობა სკოლის საშუალო შედეგი პროცენტილი
ქულები %
ქართული ენა და ლიტერატურა 40 20,43 51,08 18,03
მათემატიკა 30 6,00 20,00 0,49
ინგლისური ენა 70 22,86 32,65 23,53
ისტორია 60 29,00 48,33 34,05
რუსული ენა 70 23,00 32,86 28,70
გეოგრაფია 50 21,57 43,14 23,66
ბიოლოგია 40 18,14 45,35 34,33
ქიმია 40 17,00 42,50 28,99
ფიზიკა 40 10,57 26,42 6,22

 

მეოთხე გრაფაში მოცემული მონაცემები – პროცენტებით გამოხატული საშუალო შედეგი – სკოლას არ მიეწოდება, მაგრამ სკოლის წარმომადგენლებს თავად შეუძლიათ ამ რიცხვების გამოთვლა. რადგანაც თითოეული ტესტური დავალება არის 1-ქულიანი, ამიტომ დავალებათა რაოდენობა  ემთხვევა მაქსიმალურ ქულას, რომლის მიღებაც შეუძლია მოსწავლეს მოცემულ საგანში. ქულებით გამოსახული სკოლის საშუალო შედეგი (საშუალო ქულა) წარმოადგენს შესაბამისი კლასის გამოცდაზე გასული ყველა მოსწავლის ქულების საშუალო არითმეტიკულს, ხოლო პროცენტებით გამოსახული საშუალო შედეგი აჩვენებს, მაქსიმალური ქულის რამდენ პროცენტს წარმოადგენს საშუალო ქულა. პროცენტებით გამოსახული შედეგის გამოსათვლელად საჭიროა საშუალო ქულა გაიყოს შესაბამისი საგნის დავალებათა რაოდენობაზე და მიღებული შედეგი გამრავლდეს 100-ზე. მაგალითად, მე-9 კლასის ინგლისური ენის გამოცდის შემთხვევაში საშუალო შედეგის პროცენტული მაჩვენებელი გამოითვლება ასე: 22,86:70×100=32,65 (პასუხი დამრგვალებულია მეასედის სიზუსტით).

რადგანაც სხვადასხვა საგანში მაქსიმალური ქულა განსხვავდება, ამიტომაც კლასის შედეგის შესაფასებლად უფრო მართებულია პროცენტებით (და არა ქულებით) გამოხატული საშუალო შედეგის გათვალისწინება. მაგალითად, თუ სკოლის საშუალო შედეგი ქართულ ენაშიც და ისტორიაშიც იქნება ტოლი 20-ის, პროცენტებით გამოსახვის შემთხვევაში მივიღებთ სხვადასხვა რიცხვს – 50%-ს ქართული ენისთვის და 40%-ს ისტორიისთვის (ანუ ქართულ ენის შედეგი აღმოჩნდება უფრო მაღალი, ვიდრე ისტორიისა, მიუხედავად იმისა, რომ ქულა ერთნაირია).

ცხრილების ბოლო სვეტში წარმოდგენილი პროცენტილი კი არის სიდიდე, რომელიც აჩვენებს, მოცემულ საგანში სკოლის საშუალო შედეგი გამოცდაში მონაწილე დანარჩენი სკოლების რა ნაწილზე (რამდენ პროცენტზე) უკეთესია. პროცენტილის გამოთვლა არ არის საჭირო – ამ მაჩვენებელს სკოლა იღებს შეფასებისა და გამოცდების ცენტრიდან.

იმის დასადგენად, თუ რამდენად წარმატებულად იმუშავა თითოეული საგნის მასწავლებელმა, მე-6 და მე-9 კლასების გამოცდების შედეგებში პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება ორ სიდიდეს – სკოლის საშუალო შედეგს  და პროცენტილს. მაგ., მე-9 კლასის ინგლისური ენის გამოცდაში სკოლის საშუალო შედეგია 22,86 ქულა (რაც წარმოადგენს მაქსიმალური ქულის დაახლოებით 33%-ს), ხოლო პროცენტილია 23,53% (რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლამ ინგლისურ ენაში აჯობა გამოცდებში მონაწილე სკოლების 23,53%-ს).

რადგანაც თითოეულ სკოლას უწევს მუშაობა განსაკუთრებულ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ პირობებში, ამიტომ მართებული იქნება შევაფასოთ თითოეული საგნის შედეგები არა მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოსაა შედეგი მაქსიმალურთან, არამედ ასევე შევადაროთ ის სხვა საგნებში დაფიქსირებულ შედეგებს და ამ შედარების საფუძველზე გამოვავლინოთ წარმატებული და ნაკლებ წარმატებული საგნები.

 

რა დასკვნების გაკეთება შეიძლება სკოლის საშუალო შედეგის მიხედვით?

სკოლის საშუალო ქულის მიხედვით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება ესა თუ ის მოსწავლე ან კლასი შემდგომში მსგავს გამოცდებზე (მაგ., სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე). საშუალო შედეგების მიხედვით საგნების რეიტინგი ჩვენ მიერ შერჩეულ სკოლაში გამოიყურება ასე:

6 კლასი

  1. ქართული ენა – 60,32%
  2. ინგლისური ენა – 53,21%
  3. მათემატიკა – 36,67%

9 კლასი

  1. ქართული ენა – 51,08%
  2. ისტორია – 48,33%
  3. ბიოლოგია – 45,35%
  4. გეოგრაფია – 43,14%
  5. ქიმია – 42,50%
  6. რუსული ენა – 32,86%
  7. ინგლისური ენა – 32,65%
  8. ფიზიკა – 26,42%
  9. მათემატიკა – 20,00%

მაგალითად, მე-9 კლასის ქართული ენის გამოცდაზე დავალებების რაოდენობა იყო 40, ხოლო მოსწავლეების საშუალო შედეგი – 20,43 ქულა, ანუ მაქსიმალური ქულის 50%-ზე ოდნავ მეტი, რაც აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს ყველა დანარჩენ საგანში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, თუ მომავალში ქართული ენის სწავლება ამ კლასში ამავე წარმატებით გაგრძელდა, გამოსაშვებ გამოცდებზეც დაფიქსირდება დამაკმაყოფილებელი შედეგი.

მაგრამ სურათი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს, როდესაც ჩვენ განვიხილავთ ისეთ მონაცემს, როგორიცაა პროცენტილი.

 

რატომ არ ნიშნავს მაღალი საშუალო ქულა ყოველთვის მაღალ პროცენტილს?

პროცენტილის მიხედვით საგნების რეიტინგი ჩვენ მიერ შერჩეულ სკოლაში გამოიყურება ასე:

6 კლასი

  1. ინგლისური ენა – 70,43%
  2. ქართული ენა – 44,88%
  3. მათემატიკა – 25,82%

9 კლასი

  1. ბიოლოგია – 34,33%
  2. ისტორია – 34,05%
  3. ქიმია – 28,99%
  4. რუსული ენა – 28,70%
  5. გეოგრაფია – 23,66%
  6. ინგლისური ენა – 23,53%
  7. ქართული ენა – 18,03%
  8. ფიზიკა – 6,22%
  9. მათემატიკა – 0,49%

როგორც ვხედავთ, საგნების განლაგება ჩამონათვალში შეიცვალა. ზოგიერთი შემთხვევაში ეს ცვლილება უმნიშვნელოა: მაგ. მათემატიკა და ფიზიკა მე-9 კლასში ბოლო ორ ადგილს იკავებენ როგორც საშუალო ქულის, ასევე პროცენტილის მიხედვით, მათ უბრალოდ გაცვალეს ადგილები. სხვა შემთხვევაში კი ცვლილება უფრო მნიშვნელოვანია: მაგ., იმავე მე-9 კლასში ქართული ენა ლიდერობდა საშუალო ქულის მიხედვით, მაგრამ პროცენტილის მიხედვით სხვა საგნების ფონზე მხოლოდ მე-7 ადგილზე აღმოჩნდა.

როგორც ვხედავთ, სკოლის მაღალი საშუალო შედეგი ამა თუ იმ საგანში ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პროცენტილიც მაღალი იქნება. მარტივი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ხდება ასე, ასეთია: ზოგიერთი საგნის სწავლება უფრო რთულია, ვიდრე სხვა საგნების. ანუ შეიძლება ერთი საგნის მასწავლებელს უწევდეს მეტი ძალისხმევა, ვიდრე რომელიმე სხვა საგნისას ანალოგიური შედეგის მისაღწევად. ეს კი, თავის მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი ფაქტორებით:

  1. მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია ზოგიერთ საგანში აპრიორი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა საგნებში. მაგ., განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, ალბათ, არ იქნება სადავო ის ფაქტი, რომ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მოტივაცია საქართველოში როგორც წესი უფრო დაბალია, ვიდრე ჰუმანიტარული საგნებისა.
  2. ერთი საგნის სახელმძღვანელოები ხარისხით აღემატება სხვა საგნისას.
  3. ერთი საგნის პროგრამა ობიექტურად უფრო რთულია, ვიდრე მეორე საგნისა.
  4. ქვეყანაში ზოგიერთი საგნის კვალიფიციური პედაგოგების აშკარა ნაკლებობაა და შესაბამისად ამ საგნის სწავლება დამაკმაყოფილებელ დონეზე ბევრ სკოლაში ვერ ხერხდება. ასეთ საგნებს მიეკუთვნება, მაგალითად, ფიზიკა.

ჩვენი აზრით, ამ მიზეზებისგან ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი – განსხვავებული მოტივაციის დონე. შესაძლოა, არსებობდეს სხვა მიზეზებიც, რომელთა გამოც ზოგიერთი საგნის სწავლებისას მაღალი შედეგების მიღწევა (ქვეყნის მასშტაბით) უფრო რთულია, ვიდრე სხვა საგნებში.

აქედან გამომდინარეობს პროცენტილის გათვალისწინების საჭიროება.

 

რას გვაჩვენებს პროცენტილი?

  1. პროცენტილი შეიძლება მიუთითებდეს მასწავლებლის მუშაობის საკმაოდ მაღალ ეფექტიანობაზე მაშინაც კი, როდესაც მის საგანში მოსწავლეების მიერ მიღებული საშუალო ქულა არც ისე მაღალია. მაგ., ჩვენს შემთხვევაში მე-9 კლასის გამოცდებზე უმაღლესი პროცენტილი აქვს ბიოლოგიას (34,33%), რომელიც საშუალო ქულის მიხედვით მხოლოდ მესამეა. ასევე პროცენტილის მიხედვით, ორ-ორი ადგილით მაღლა აიწია 2 საგანი: ქიმია (28,99%) და რუსული ენა (28,70%). შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქიმიის და რუსული ენის მასწავლებლებლებს (სხვა საგნების ფონზე) არც ისე წარუმატებლად უმუშავიათ, როგორც ეს საშუალო ქულის მიხედვით ჩანდა.
  2. რადგან პროცენტილი ითვალისწინებს სხვა სკოლების შედეგებს, ამიტომ ის გარკვეულწილად ასახავს სკოლის მოსწავლეების პერსპექტივებს ისეთ კონკურსებში, სადაც მონაწილეობას იღებენ სხვა სკოლების მოსწავლეებიც, მაგალითად – ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ამ შემთხვევაში მოსწავლეს თუ აბიტურიენტს სჭირდება, რომ თავისი ქულით აჯობოს სხვა კონკურსანტებს. სხვა სიტყვით, პროცენტილი გვაჩვენებს სკოლის მოსწავლეების კონკურენტუნარიანობას ამა თუ იმ საგანში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენ მიერ შერჩეული სკოლის შემთხვევაში, მე-9 კლასში ქართულ ენაში დაფიქსირდა საუკეთესო საშუალო ქულა, მაგრამ ამ საგნის კონკურენტუნარიანობა გარე კონკურსების თვალსაზრისით აღმოჩნდა საკმაოდ დაბალი და მასწავლებელს შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია, მიიღოს ზომები მოსწავლეების კომპეტენციების ასამაღლებლად, მით უმეტეს, თუ ეს მოსწავლეები განაგრძობენ სწავლას საშუალო სკოლაში, რის შემდეგაც უნდა იყვნენ მზად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად.

ამგვარად, მე-6 და მე-9 კლასების გამოცდების შედეგების შეფასებისას აუცილებელია როგორც სკოლის საშუალო შედეგის, ასევე პროცენტილის გათვალისწინება. პედაგოგების წარმატების აღნიშვნა თითოეული ამ მაჩვენებლის მიხედვით შეიძლება გახდეს მათთვის დამატებითი სტიმული  მუშაობაში.

 

დამატებითი რეკომენდაციები

  1. მონაცემების შეფასებისას სკოლამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე. კერძოდ, თუ ორი ან მეტი საგნის მაჩვენებლები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან, მაშინ მათ შორის არ უნდა გამოვყოთ უარესი და უკეთესი. მაგალითად, მე-9 კლასის გამოცდებზე ყველაზე მაღალი პროცენტილი აქვთ ბიოლოგიას (34,33%) და ისტორიას (34,05%). მათი მაჩვენებლების სხვაობა უმნიშვნელოა (არ აღემატება 1%-ს) და შეიძლება იყოს გამოწვეული რამე შემთხვევითი ფაქტორებით; შესაბამისად, ორივე საგანი უნდა ჩაითვალოს თანაბრად წარმატებულად პროცენტილის მიხედვით. იგივე ეხება ქიმიას და რუსულ ენას (შესაბამისად – 28,99% და 28,70%) და ა.შ.
  2. მონაცემების ანალიზის შედეგები კლასებისა და საგნების მიხედვით მით უფრო სანდოა, რაც მეტია გამოცდებზე გასული მოსწავლეების რაოდენობა, ანუ რაც უფრო მრავალრიცხოვანია კლასი.
  3. რათა შესაძლებელი იყოს კლასის მომზადების დონის რაც შეიძლება სრულყოფილი ანალიზი, ტესტები ყველა საგანში უნდა შეასრულონ ამ კლასის ერთმა და იმავე მოსწავლეებმა (იდეალურ შემთხვევაში – კლასის ყველა მოსწავლემ). წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საგნები აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში და ვერ მოხერხდეს გამოცდების შედეგების მიხედვით სწორი დასკვნების გაკეთება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

პირადი მაგალითი

ქალაქი, როგორც ტექსტი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“