ანბანის სწავლება დიდი პასუხისმგებლობაა მასწავლებლისთვის. თავიდან გვარიანად შემაშინა პატარა ადამიანებისთვის 33 ასო-ბგერით შედგენილ სგასულიერებული ანბანიამყაროში გზამკვლევობამ. არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, რომ ბავშვებისთვის საანბანე პერიოდი დაუვიწყარი ყოფილიყო. რამდენიმე წლის წინ წაკითხული ნენე კვინიკაძის წერილი გამახსენდა, სადაც წერდა იუმორით სავსე ც-სა და ტ-ს, ფუტურისტული ჰ-სა და ლ-სა და ძვირფასი ჟ-სა და ს-ს შესახებ. წერილის ავტორმა ბავშვობაში დამაბრუნა, საიდანაც რამდენიმე მოგონება ამოტივტივდა. განსაკუთრებით ერთი მათგანი მიყვარს.
სკოლაში ჯერ არ დავდივარ. ზაფხულია. ასოების უმეტესობას ვცნობ. სოფელში ვარ და ვწერ. ოთახში, ჩემ გარდა, არავინაა. ვგრძნობ, რომ დამოუკიდებლად ვართმევ თავს რაღაც ძალიან რთულს და სიხარულით ვივსები. ვერაფრით ვიხსენებ, როგორ იწერება ჟ. მეორე სართულზე დედა ამოდის. ჩემს გასაჭირს ვუზიარებ. დედა კალამს იღებს და რვეულის სითეთრეში ფრთხილად გამოჰყავს რთულთავიანი ჟ. მერე ისევ მარტო მტოვებს. ნასვრეტებიანი თხელი ფარდიდან მზის სხივები იღვრებიან.
ერთი სიტყვით, ასო-ბგერების შესახებ განსაკუთრებული მოგონებების დაგროვების სურვილმა გამომაგონებინა სწავლების ჩემებური მეთოდი, რომელსაც „გასულიერებული ანბანი“ დავარქვი.
ყველაფერი ა და ი-დან დაიწყო. ერთხელ სათამაშოდ ტყეში წავლენ და დედ-მამის გაფრთხილება დაავიწყდებათ. შუაგულ ტყეში ტბაში ჭყუმპალაობას მოისურვებენ. მერე გასაშრობად მზისგან გაცხელებულ ქვებზე წამოწვებიან. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, დრო თვალსა და ხელს შუა გაირბენს. ამ დროს შემოესმებათ დედ-მამის ძახილი: აააა, იიიი, იმეორებს ექო მათ სახელებს.
მოყოლის პარალელურად დაფაზე ვხატავ. ბავშვები ამბის გაგრძელების მოლოდინში ჩუმდებიან, თვალებში სიხარული და მოლოდინი უციმციმებთ. დროდადრო მეკითხებიან, რომელია ბიჭი და რომელი გოგო. გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ. ამასობაში ა-ს და ი-ს მშობლები პოულობენ და გულში იხუტებენ. ესენიც ხვდებიან, როგორ შეაშინეს დედ-მამა და პირობას დებენ, რომ გაუფრთხილებლად არსად აღარ წავლენ.
როგორც მიხვდით, ვიგონებთ სიუჟეტს, რომელიც ხან ტყეში ვითარდება, ხან – საკლასო ოთახში, ხან – სახლში, ხანაც – ეზოში. მთავარი პერსონაჟი ახალი ასო-ბგერაა, დანარჩენები – უკვე შესწავლილები. თემა დიდაქტიკურია, ბავშვებისთვის საინტერესო. ამბავი ძალიან გრძელი არ უნდა იყოს. სასურველია, სათაური მთავარ პერსონაჟ ასოზე იწყებოდეს, მაგალითად, ყოყლოჩინა ყ-ს, ჯაჯღანა ჯ-ს, ციმციმა ც-ს, ლამაზი ლ-ს, ჭოკით მხტომელი ჭ-ს ან ჰაეროვანი ჰ-ს ამბავი. ამბებიც ხან სევდიანია, ხან – მხიარული, ხანაც – სათავგადასავლო.
გაკვეთილის დაწყებას მოუთმენლად ელიან. თავდაპირველად დაფაზე სათაურს ვაცოცხლებთ. ხშირად სათაურის ფორმულირებისას ბავშვებს თანამონაწილეობას ვთხოვ. მერე ვხატავთ და აქ საქმე რთულდება ხოლმე. ძირითადად აინტერესებთ, მთავარი პერსონაჟი გოგო იქნება თუ ბიჭი. სქესთა თანაფარდობის დაცვა კლასს აშოშმინებს.
მოსმენის შემდეგ ხატვის დრო დგება. ვიხსენებთ მეთოდს „დახატე ის, რამაც გული აგიჩქარა“ და პატარა თითები თეთრ ფურცლებზე მოძრაობას იწყებენ. დროდადრო დახმარებისთვის მიხმობენ, ხან ჭ-ს ვერ აცმევენ შორტს ან მაისურს, ხან – კეპს ვერ ახურავენ ან თვალების ადგილს ვერ პოულობენ. მეორეული პერსონაჟების დახატვა უფრო უძნელდებათ. ასეთ დროს ინტერნეტში ილუსტრაციებს ვპოულობ და დაფაზე ვხატავ ციყვებს, ირმებსა თუ ჩიტებს. ისინიც თამამდებიან და თავისას ცდილობენ.
ერთი სული მაქვს, სანამ გადაწყვეტილებებს გამიზიარებენ. თითოეულთან მივდივარ და რასაც მეუბნებიან, ნახატს ვაწერთ. ბოლო ორ ნახატზე თვითონ შეძლეს წარწერის გაკეთება.
ბოლო ნაბიჯი ნახატების გამომზეურებაა.
სამწუხაროდ, რასაც ვუამბობდი, არ ვიწერდი. მხოლოდ ჰაეროვანი ჰ-ს ამბავი ვაქციე პატარა მოთხრობად. სტატიის დაწერამდე ჩამოვხსენი ნახატები, ვათვალიერებდი და ვიხსენებდი ამბების სიუჟეტს. მართალი გითხრათ, გახსენება გამიჭირდა და დახმარებისთვის ბავშვები მოვიხმე. სათითაოდ ვეკითხებოდი, ყველაზე მეტად რა დაამახსოვრდათ და ჩემი დღიურის ფურცელი თვალის დახამხამებაში გადაივსო ჩანაწერებით.
აი, ისინიც:
„გ ირმის რქებზე რომ აძვრა“;
„ჭ რომ ჭოკით ხტებოდა და ღალღა რომ გამოიყვანა ხის ტოტიდან“;
„ჰაეროვანი ჰ რომ იყო და ბაბუაწვერა რომ ეჭირა და რომ დაფრინავდა“;
„ც რომ ციმციმებდა და დაკარგული დ იპოვა მუხის ხის წვერზე“;
„ტანწერწეტა წ ბალერინა რომ იყო“;
„ჯაჯღანა რომ იყო ჯ ასო და მერე წ-მ რომ აცეკვა“;
„ტ რომ ძილისგუდა ძ-ს არ აძინებდა“;
„წ-ს ბალეტს ოჯახი რომ ესწრებოდა და მერე ნაყინი რომ ჭამეს“.
ასე რომ, ანბანის ამგვარი სწავლებისას ბავშვებს:
- უყვარდებათ ანბანი;
- უვითარდებათ ფანტაზია;
- სწავლება ხდება სახალისო;
- სწავლობენ მოსმენასა და აზრის გამოტანას;
- იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
და რაც ყველაზე მთავარია, საანბანე პერიოდი მასწავლებლისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც დაუვიწყარ თავგადასავლად იქცევა.
ნენე კვიკინაძის წერილი იხ. ჟურნალ „ფოკუსის“ 77-ე ნომერში.