ლიტერატურულ ტექსტებში სათქმელის ამოსაცნობად მოსწავლეებს ტროპის სახეების გააზრებული ცოდნა დიდ დახმარებას უწევს. თუმცა მის მრავალფეროვან სახეებს შორის განსაკუთრებულად უძნელდებათ მეტაფორების დაშიფვრა. გთავაზობთ რესურსს, რომელიც „ვეფხისტყაოსნის” სწავლებისას მეტაფორის გასააზრებლად გამოვიყენე. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს ჰქონდათ მხატვრულ ტექსტებში ტროპის ამ სახეობაზე მუშაობის გამოცდილება, „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგშივე სირთულეს წავაწყდი. რესურსი, რომელსაც წერილში წარმოგიდგენთ, ზოგიერთი ძვირფასი მინერალის მეტაფორულ გააზრებას ეხება.
ცხრილის სახით წარმოდგენილი რესურსის ოთხი სვეტიდან პირველში დასახელებულია პოემაში მეტაფორებად გამოყენებული ძვირფასი მინერალები, მეორეში წარმოდგენილია ინფორმაცია თითოეულ მათგანზე, მესამეში – ძვირფასი ქვების/მინერალების ფოტოები, მეოთხე სვეტში კი – ზემოთ ხსენებული მეტაფორების შემცველი ტაეპები პოემიდან სათანადო განმარტებებითურთ.
რესურსში ჩამოთვლილ მინერალებზე მოძიებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ თითოეული მათგანი არის ძვირფასი, ყურადღება გამახვილებულია ფერებზე, სიმკვეთრესა თუ სიმყარეზე, რომლებიც ერთგვარი მინიშნებაა მეტაფორულად გააზრებული სიტყვების დასაშიფრად. ფოტოები კი მახასიათებელ ნიშნებს აზუსტებს, მათ აღქმასა და პოეტის ჩანაფიქრის ამოცნობას აადვილებს. მასალაში თითოეულ მინერალზე წარმოდგენილი ინფორმაცია ხელს შეუწყობს სხვა საგნის, კერძოდ, გეოგრაფიის/ ისტორიის საგანში კონკრეტული თემის შესწავლასაც. ვინაიდან ინტეგრირებული სწავლება სასარგებლო, საინტერესო და სინთეზური აზროვნების საუკეთესო საშუალებაა, წარმოდგენილი რესურსი ამ თვალსაზრისითაც საინტერესო მასალაა ზემოხსენებულ საგნებში კონკრეტული საკითხის სწავლების ინტეგრირებისას.
რესურსის სარგებლიანობის დასაზუსტებლად აღვნიშნავ, რომ მასწავლებელმა იგი შეიძლება გამოიყენოს:
- მოსწავლის მიერ ელექტრონულ რესურსებზე მუშაობის უნარის გასავითარებლად;
- (ძვირფასი ქვების/მინერალების შესახებ) ინფორმაციის მისაღებად;
- თითოეული მათგანის ვიზუალურ მახასიათებლებზე ყურადღების გასამახვილებლად და „ვეფხისტყაოსანში“ მათი მეტაფორული გააზრების გამოსაცნობად;
- „ვეფხისტყაოსნიდან“ განმარტებებითურთ მოყვანილ ზოგიერთ ციტატაზე დასაკვირვებლად, მსგავს ნიმუშებზე მუშაობის გასამარტივებლად;
- კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ.
ძვირფასი ქვების/მინერალების დასახელება | ინფორმაცია ძვირფასი ქვების/მინერალების შესახებ | ძვირფასი ქვების/მინერალების ფოტოები | მაგალითები ტექსტიდან განმარტებითურთ | |
ალმასი |
ელვარე და უაღრესად მყარი ძვირფასი ქვა, რომელიც ფართოდ იყო გამოყენებული ქართულ საიუველირო ხელოვნებაში. ალმასით არის შემკული მცხეთის ნეკროპოლში აღმოჩენილი ნივთები. შუასაუკუნეების ხატები და ხელნაწერთა ყდები. ალმასი ჩვენში გამოყენებული იყო ტექნიკური მიზნებისათვისაც. კერძოდ, მისი საშუალებით იხვრიტებოდა ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული მძივები. ალმასი არის თეთრი (წყლის ფერი), შავი და მოყვითალო, რომელთაგან შავი ფერის უფრო ღირებულია. საქართველოში ალმასს არ ამზადებდნენ, იგი შემოჰქონდათ ინდოეთიდან, შემდეგ კი ევროპიდან. ალმასი ასევე გამოიყენება მინის საჭრელად. მის სინონიმს ძველ ქართულ მწერლობაში წარმოადგენს „ანდამატი“. | ![]() |
„მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი.“
ალმასი ჭირის დაძლევის, სიმაგრის აღმნიშვნელი მეტაფორაა. |
|
ბალახში | საუკეთესო ლალი (იხ. ლალი) | ![]() |
„ბროლ-ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა“
ბროლი კბილის, ბალახში წითელი ბაგის აღმნიშვნელი მეტაფორაა. |
|
ბროლი | წყლისფერი მინერალი, რომელსაც, როგორც წესი, აწახნაგებენ, რაც განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს და მის სხივთა ელვარებას კარგად გადმოსცემს. ბროლის დამუშავებით გამოირჩეოდნენ ჩინელები და ინდოელები. ევროპაში ანტიკური ხანიდან გამოიყენებენ ბროლის ჭურჭელს, ხშირად გვხვდება მეფეთა და დიდებულთა გვირგვინების მორთულობაში. ძველ ქართულში ბროლის შესატყვისი ტერმინებია: „ჭიქა“, „ქარწიბა“, „დამანა“, „გველსალოკა“. საქართველოს არქეოლოგიაში ბროლით შემკული დიდი რაოდენობის ნივთია აღმოჩენილი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი საბადოების ბაზაზეა დამზადებული.
|
![]() |
„მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა…“
ბროლი ცრემლის აღმნიშვნელი მეტაფორაა.
|
|
გიშერი | ერთგვარი ძვირფასი შავი ქვა, რომლისგანაც ამზადებდნენ სხვადასხვა სახის სამკაულებს. გიშერი ქვანახშირის სახესხვაობაა. ახასიათებს სირბილე, ადვილად ემორჩილება დამუშავებას. იხმარება სხვადასხვა დანიშნულების ნივთების დასამზადებლად. გიშრის წარმოებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. „ეთნოგრაფიულ ყოფას იგი ბოლო დრომდე შემორჩა, რასაც განაპირობებდა იმერეთში ძიროვანისა და ოკრიბის მდიდარი საბადოების არსებობა. გიშრის დამუშავება ორ საფეხურად იყოფა: 1. გიშრის ნედლეულის მოპოვება 2. გიშრისგან სხვადასხვა ნივთების „გამოქნა“. მომპოვებელს და მომჭრელს „მეძებარი“//მომჭრელი ეწოდება. გამთლელს და დამმუშავებელს – გიშრის მთლელი//„ხელოვანი“. გიშერი ჰაერზე სწრაფად კარგავს სინოტივეს, ტანში „იბწკალება“ – იშლება. ამიტომ გიშრის მჭრელი მას აყალო მიწით შემოზელდა და ისე ამოჰქონდა საბადოდან. გაგოზილ „რიყე“ გიშერს ისევ მიწაში მარხავდნენ. რადგან მეორედ დამარხული გიშერი შესჩვეოდა ჰაერის ზემოქმედებას. ასეთი მდგომარეობა ამცირებს გიშრის სიხისტეს და აადვილებს მის დამუშავებას. მისი დამუშავების ტექნოლოგია რამდენიმე საფეხურს მოიცავს: გიშრის ნატეხების სახსრებად დახსნა, ზომაზე დაყენება, გაფცქვნა – ცილის შემოცლა, დაკუთხვა – გიშრის კაკლებისათვის ფორმის მიცემა, გახვრეტა, ქვაზე ხეხვით გაპრიალება, ნამზადის ჩვარში გახვევა და ბნელ ადგილზე შენახვა. გიშრის ნივთებიდან აღსანიშნავია სამკაულები, სკვნილები (კრიალოსნები). გიშრის ყელსაბამით ნიშნავდნენ ქალებს. როგორც ნივთიერი, ისე წერილობითი წყაროების საფუძველზე ირკვევა, რომ გიშრის წარმოება სამკაულისა და ამულეტის სახით საქართველოს მიწა-წყალზე თავს იჩენს ჩვენს ერამდე მე-16 საუკუნეში“. | ![]() |
„ჰგია გიშრისა ღარისად.“
გიშრის ღარი შავი წამწამების აღმნიშვნელი მეტაფორაა.
„ბროლ-ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს.“ ბროლ-ბალახში ტუჩ-კბილების აღმნიშვნელი მეტაფორაა, გიშერი კი – შავი ულვაშისა. ტაეპის აზრია: მხიარულ საუბარში ბაგეები გახსნეს, მათი საუბრისას წითელი ტუჩების, თეთრი კბილებისა და შავი ულვაშების მოძრაობა ჩანდა. |
|
იაგუნდი | ფალაური „იაკუნდ“, მინერალ კორუნდის გამჭვირვალე, სხვადასხვა ფერის სახესხვაობათა კრებითი სახელი. მინერალთა გარკვეული ჯგუფის ზოგადი სახელწოდებაა. ზოგჯერ იაგუნდის ქვეშ წითელი ან ლურჯი ფერის ძვირფასი ქვები იგულისხმებოდა. | „იაგუნდი ეგრცა სჯობს, ათასჯერცა მინა მინდა.“
იაგუნდი ფერმიხდილი, ტანჯული ტარიელის მეტაფორაა. მთლიანი ტაეპის აზრია: ფერმიხდილი ტარიელი („იაგუნდი“) მშვენიერ თინათინს („მინას“) მირჩევნია, ამ ტანჯულ ადამიანს ჩემგან მეტი თავდადება სჭირდება.
|
||
ლალი | გამჭვირვალე წითელი ფერის ქვა, ისტორიულ წარსულში ლალი ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოჰქონდათ, მისი სახელიც არაბულ-სპარსული წარმოშობისაა, ხოლო ევროპულ ქვეყნებში რუბინი ეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძვირფასი ქვა ძნელი საშოვნელი იყო, ქართული ოქრომჭედლობის არაერთი ნიმუშია შემკული ლალის თვლებით, მაგ., ანტიკური ხანის ერთ ყელსაბამს 29 ლალის ქვა ამკობს. ლალის გამოყენება საქართველოში გაიზარდა შუა საუკუნეებში, განსაკუთრებით საეკლესიო ნივთებში. ქართულ მწერლობაში ლალი იქცა ბრწყინვალე წითელი ფერისა და სილამაზის სიმბოლოდ. ღვინოც კი, ქართველს ლალისათვის შეუდარებია. | ![]() |
ბროლ–ლალსა ღვარი ნარგისთათ მოსდის გიშრისა ღარითა;
ბროლ-ლალი პირისახის მეტაფორაა, გიშრის ღარი კი შავი წამწამების. ტაეპის აზრია: ქუთუთოებიდან („ნარგისთათ) ცრემლის ღვარი წამწამებით მოედინება ბროლივით თეთრსა და ლალივით ფეროვან სახეზე. |
|
მარგალიტი | ზღვის ძვირფასი ქვა, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა საქართველოში. ძირითადად თეთრი ფერის ქვაა, მაგრამ გვხვდება მტრედისფერიც, მოყვითალოც, მოლურჯოც და მოწითალოც კი. განსაკუთრებით ძვირფასია სფეროსებრი მოყვანილობის მარგალიტი, ზოგიერთი მათგანი სიდიდით მტრედის კვერცხის ზომებს უახლოვდება. მარგალიტს ძირითადად მოიპოვებდნენ ძველი აღმ. ზღვების სანაპიროზე. განსაკუთრებით მდიდარი იყო სპარსეთის უბე. საქართველოში არჩევდნენ მის სახესხვაობებს: წვრილ მარგალიტს „ჭიოტა“ ჰქვია, საშუალო ზომისას – „ხოშორი“, დიდი ზომისას – „ობოლი“, ხოლო ბევრ მარგალიტს ერთად „აკუმი“. მარგალიტით შემკული ნივთები აღმოჩენილია ქრისტიანობამდელ სამარხებში. მცხეთაში აღმოჩენილ იქნა მარგალიტით შემკული ბეჭდებისა და ყელსაბამების დიდი რაოდენობა. ისტორიული საბუთების მიხედვით VI ს-ში, როცა ხაზარებმა თბილისი გაძარცვეს, მტერს ხელში ჩავარდნია დიდი რაოდენობით მარგალიტით შემკული სამკაული და საეკლესიო ჭურჭელი. | ![]() |
„მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ–მარგალიტი ტყუბანი.“
მარგალიტი შეტყუპებული კბილების აღმნიშვნელი მეტაფორაა, ძოწი კი – ბაგეებისა. ტაეპის აზრია : ვარდივით ნაზ სახეს წითელი ბაგეები და თეთრი შეტყუპებული კბილები უმშვენებდა. |
|
ქარვა | ორგანულ ნაერთთა კლასის მინერალი, იგივე ბუნებრივი წარმონაქმნი, რომელიც ყალიბდება დედამიწის (ან სხვა კოსმოსური სხეულის) ზედაპირზე ან მის წიაღში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესების შედეგად და ქიმიური შედგენილობითა და ფიზიკური თვისებებით თითქმის ერთგვაროვანია.
ქარვა წარმოიქმნება ფისის სპეციფიკური ფოსილიზაციის (მცენარეებისა და ცხოველების ნაშთების გაქვავებული ანაბეჭდები) შედეგად. გაცხელებისას დნება, ადვილად იწვის. აქვს კარგი დიელექტრიკული თვისებები. ადვილად მუშავდება. უხსოვარი დროიდან იყენებენ, ვინაიდან რბილი სახით ყალიბდება, ხშირია შემთხვევები, როდესაც ქარვის ნატეხში სხვადასხვა მწერებს პოულობენ. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ქარვა ესე არს ნივთი ყვითელი, რომელი გამოიღების ლიტოვის ზღვიდამ, ვიდრე წყალთა შინა, ლბილ არს და რა გამოიღების განიფიტების“. ძველი წარმოდგენით, ქარვა — ესაა ღვთაებრივი წარმოშობის იდუმალი, ყვითელი ფისი. საქართველოში ქარვა უცხოეთიდან შემოჰქონდათ და საინტერესოა, რომ იგი გვხვდება ბრინჯაოს ხანის მასალებში, რაც სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის დადასტურების საბუთადაა მიჩნეული. |
![]() |
ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს.“
ლალი ვარდისფერი, მოწითალო სახის აღმნიშვნელი მეტაფორაა, იაგუნდნი– ფერდაკარგული (მოლურჯო) სახის, ქარვა კი – გაუფერულე ბული სახისა. ტაეპის აზრია: მათი მკრთალი ცისფერ-მოლურჯო (გაუფე- რულებული) სახეები გაყვითლდა, ქარვად იქცა, თუმცა ლალისფერი უნდა ყოფილიყო. |
|
ძოწი | ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი წითელი ფერის საიუველირო ქვა – მაგმური მინერალი. სახელი ძოწი ბროწეულის ფერთან ასოცირდება და ეს მინერალიც უმეტესად სწორედ ამ ფერში მოიპოვება. სახელი “garnet” (ძოწი) მოდის ლათინური სიტყვა “granatum” – იდან, რაც თარგმანში მუქ წითელს ნიშნავს. წითელი ძოწის შესახებ ინფორმაცია ათასწლეულებს ითვლის. მას ეგვიპტელები როგორც დეკორატიულ, ასევე ცერემონიალურ ქვად იყენებდნენ. ანტიკური რომაელები კი, მას დამცავ თილისმად ატარებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ძოწი უმეტესად წითელ ფერში გვხვდება, ის ასევე შეიძლება თითქმის ყველა ფერის იყოს. სულ ახლახან, 1990 წელს მადაგასკარში აღმოაჩინეს ძალიან იშვიათი ცისფერი ძოწი. |
![]() |
„შუა ძოწსა და აყიყსა ჭვირს მარგალიტი ტყუბები.“
ძოწი და აყიყი (წითელი ძვირფასი ქვა) წითელი ბაგეების მეტაფორაა, მარგალიტი კი – თეთრი კბილების. ტაეპის აზრია: წითელ ბაგეებს შორის შეტყუპებული მარგალიტივით თეთრი კბილები უბრწყინავს. |
|
გამოყენებული ლიტერატურა:
- შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი“, სასკოლო გამოცემა, თბილისი 2017 წელი
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი (ნაწილი I. ა-მ) :: ლექსიკონები :: მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა (nplg.gov.ge)