სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ დავძლიოთ სიზარმაცე ბავშვებში

ყველა იმ პრობლემას შორის, რომლებსაც მშობლები და პედაგოგები ბავშვთან ურთიერთობაში ხვდებიან, სიზარმაცე განსაკუთრებული სიმწვავით აღიქმება და განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება აღმზრდელთათვის. „საშინლად ზარმაცია, არაფრის გაკეთება სურს. რაიმე ნივთს რომ აიღებს, ორი ნაბიჯის გადადგმა ეზარება თავის ადგილზე დასადებად“;  „ისეთი ზარმაცია, საჭმელი წინ თუ არ დავუდე, შეიძლება მშიერი დარჩეს“; „ჩანთაში წიგნების ჩალაგებაც კი ეზარება, ესეც ჩემი გასაკეთებელია“; „მასწავლებელი ამბობს, მართალია, ძალიან ჭკვიანი, გონებაგახსნილი და ნიჭიერია, მაგრამ სიზარმაცის გამო ძალიან ცუდი შედეგები აქვს ცხოვრებაშიც ვერაფერს მიაღწევსო“; ეს ის ფრაზებია, რომლებიც არცთუ იშვიათად გვესმის მშობლებისგან.

თითოეული მშობელი ოცნებობს აღზარდოს შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული და მიზანმიმართული შვილი. ამიტომ, აპათიურობა ბავშვში, სურვილის არქონა შეასრულოს სასკოლო დავალებები და ყოველდღიური საქმეები, მშობლებში განგაშს იწვევს.

სიზარმაცე ბავშვებში იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ არის. ხშირად ისინი არა მხოლოდ სასწავლო საქმიანობაში უკეთებენ დემონსტრირებას თავის სიზარმაცეს, არამედ ნებისმიერ სხვა საქმეში, ისეთშიც, რომლებიც მათგან დიდ ძალისხმევას და შრომას არ მოითხოვს.

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პრობლემის, სიზარმაცის დაძლევაც მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევით უნდა დავიწყოთ. თუ გვეცოდინება რით არის გამოწვეული სიზარმაცე ბავშვში, ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ მას, თავი გაართვას ჩვენთვის ასე მიუღებელ და მისთვის საზიანო ჩვევას.

    სიზარმაცის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

  • ჰიპერმზრუნველობა – ბავშვის სიზარმაცის მიზეზები მრავალრიცხოვანია, თუმცა მათგან ყველაზე მთავარი ბავშვის განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდს უკავშირდება. საინტერესო და ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ჩვენთვის ასეთი მიუღებელი ქცევისკენ, არცთუ იშვიათად, ნაწილობრივ ჩვენ თავად ვუბიძგებთ პატარას, როდესაც არ გვყოფნის მოთმინება, ავიტანოთ მისი მოქმედების ნელი ტემპი, მოუხერხებლობა და საყვედურებით ვახშობთ მასში დამოუკიდებლად მოქმედების ინიციატივას – „შენ ჯერ კიდევ პატარა ხარ, მე თვითონ დავალაგებ!“   „ხელი არ ახლო, თორემ გააფუჭებ!“ „არ აიღო ფინჯანი, გატეხავ!“. ამ სიტყვების სისტემატურად მოსმენის შემდეგ ბავშვს შეიძლება საერთოდ გაუქრეს დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის სურვილი – „რატომ უნდა ვეცადო, თუ მაინც ამიკრძალავენ და უუნაროს და მოუხერხებელს მიწოდებენ“ – სამართლიანად ფიქრობს პატარა. ის თანდათან ეჩვევა, რომ მის ნაცვლად ყველაფერს უფროსები გააკეთებენ, რომლებსაც გაცილებით უკეთესად გამოსდით ეს საქმე. მრავალი წლის შემდეგ კი მისი სიზარმაცის გამო დედის აღშფოთების საპასუხოდ  მოზარდი გულწრფელი გაოცებით განაცხადებს: „რატომ უნდა გავაკეთო ეს მე, როცა შენ ჩემ გვერდით ხარ, შენ ბევრად უკეთესად გამოგდის“;
  • ტემპერამენტის თავისებურებები – ბავშვის სიზარმაცეზე საუბრისას ნუ დაგვავიწყდება მისი ტემპერამენტის ტიპის თავისებურებების გათვალისწინება. თუ ის ქოლერიკი ან სანგვინიკია, მაშინ ნათელი ხდება, რატომ არ გამოსდის სამუშაო, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციის მაღალ დონეს და სიბეჯითეს. ასეთ სამუშაოს უკეთესად შეასრულებს დინჯი, გაწონასწორებული ფლეგმატიკი ან მელანქოლიკი. თუმცა აღნიშნული ტიპის ტემპერამენტის პატარები გაჭირვებით ასრულებენ დავალებას, რომელიც რეაქციების სისწრაფეს და აქტიურ ურთიერთობას მოითხოვს. სწორედ ამის გამოა, რომ ხანდახან, როცა ფლეგმატიკს ვუყურებთ, გვეჩვენება, რომ მას სიზარმაცე დაეუფლა, სინამდვილეში კი ასეთ ბავშვს დიდი დრო სჭირდება განწყობის შესამუშავებლად და საქმესაც ძალიან ნელა აკეთებს;
  • წარუმატებლობის, მარცხის შიში – ხანდახან ბავშვი ხელს არ ჰკიდებს საქმეს, რამდენადაც უბრალოდ მარცხის, წარუმატებლობის ეშინია. მაგ. არ სურს ისწავლოს ლექსი იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ მარცხი განიცადა გაკვეთილზე ლექსის წაკითხვის დროს და თანაკლასელებმა დასცინეს. საკუთარ თავში დაურწმუნებელ, დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვს ეშინია თანატოლთა მხრიდან დაცინვის, მშობლების უკმაყოფილების, არ სურს თავს წარუმატებლად გრძნობდეს. ამიტომ, ამჯობინებს, რომ არც კი დაიწყოს საქმე და უარი თქვას მასზე;
  • დაღლილობა – ბავშვი, რომელსაც არა აქვს თავისუფალი დრო თამაშისა და გართობისათვის, გადატვირთულია, ადრე თუ გვიან, დიდი ალბათობით, აპათიური და ზარმაცი გახდება. სიზარმაცე, ასეთ შემთხვევაში, ბავშვის ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა გადატვირთვაზე. მას უბრალოდ ძალა არ ჰყოფნის თავი გაართვას დატვირთვას, სიზარმაცით კი ამოსუნთქვის და დასვენების საშუალება ეძლევა;
  • მშობლების ყურადღების მიპყრობის სურვილი – ხანდახან, ურთიერთობის, ყურადღებისა და სიყვარულის დეფიციტის გამო, ბავშვი სიზარმაცით ცდილობს მშობლების ყურადღების მიპყრობას. ბავშვი ყალთაბანდობს, ზარმაცობს, არაფერს აკეთებს  და ამით თითქოს პროტესტს გამოხატავს მისდამი მშობლების დამოკიდებულების გამო;
  • ინტერესისა და მოტივაციის არარსებობა – სასწავლო საქმიანობაში ბავშვის სიზარმაცის მიზეზი შეიძლება იყოს სწორედ მოტივაციის არარსებობა. მოტივაცია მოქმედების მამოძრავებელი ძალაა. ბავშვისთვის, განსაკუთრებით უმცროსკლასელისთვის, ხშირ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია, საერთოდ რა საჭიროა სკოლა, სკოლაში სიარული, თითქმის მთელი დღის იქ გატარება, მასწავლებლების მოსმენა, შემდეგ კი, მთელი საღამო გაკვეთილების მომზადება. „რაში მჭირდება მე ეს?“ – კითხულობს პატარა და პასუხად ესმის შემდეგი ფრაზა – „ეს ყველაფერი უნდა გააკეთო იმიტომ, რომ ასე სურთ მშობლებს, იმიტომ, რომ ეს საჭიროა“. ბავშვისთვის საინტერესო არ არის სამუშაოს შესრულება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საჭიროა.

რეკომენდაციები ბავშვის სიზარმაცის დასაძლევად:

  • უარი ვთქვათ ჰიპერმზრუნველობაზე. გამოვიჩინოთ მოთმინება. ნუ შევეცდებით, რომ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი ბავშვის ნაცვლად. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო სწრაფად, უკეთესად და სწორად გავართმევთ საქმეს თავს, მაგრამ დამოუკიდებლობისკენ მისწრაფების ჩახშობით ცუდ სამსახურს გავუწევთ პატარას. გავითვალისწინოთ, რომ მას სჭირდება დრო და მცდელობა ნებისმიერი საქმის დასაუფლებლად. თუ ჩვენ მასში დამოუკიდებლად მოქმედების ინიციატივას ჩავახშობთ, ის მომავალში აღარ შეეცდება ამა თუ იმ საქმის კეთებას. წავახალისოთ ბავშვის დამოუკიდებლობა და გვახსოვდეს, რომ უზომო მეურვეობა მხოლოდ ვნებს მას. არაფერი საშინელი არ მოხდება, თუ პატარა ისე დახვეწილად ვერ შეასრულებს რაიმეს, როგორც ჩვენ გავაკეთებდით ამას, ან თუ ხელიდან გაუვარდება რაიმე და გაუტყდება. ეს არ არის უბედურება და არც ტრაგედია;
  • ნუ დავსჯით ბავშვს იძულებითი შრომით – „გაუგონრობის გამო დღეს ჭურჭელს გარეცხავ!“,  „რადგან გაკვეთილები არ მოამზადე, ოთახს დაალაგებ!“. მსგავსი გამონათქვამები ბავშვში იწვევს სიძულვილს საქმის მიმართ, ჩაკლავს მასში შრომის სურვილს. შრომის სურვილის არქონა კი, თავის მხრივ, სიზარმაცის წინაპირობა ხდება;
  • ხშირ-ხშირად მივცეთ ბავშვს პატარ-პატარა დავალებები. ამასთან, გავაკეთოთ ეს არა ბრძანების ტონით, არამედ თხოვნის ფორმით. ასე პატარა იგრძნობს, რომ ჩვენ მას ვენდობით, რაც აამაღლებს მის თვითშეფასებას;
  • ნუ ვეჩხუბებით ბავშვს, თუ მას პირველივე მცდელობაზე რაიმე არ გამოსდის, უკეთესი იქნება მშვიდი და კეთილგანწყობილი ტონით ავუხსნათ, როგორ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება;
  • თუ ბავშვს ამა თუ იმ საოჯახო საქმეში ჩვენი დახმარების სურვილი აქვს, უარს ნუ ვეტყვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინასწარ ვიცით, რომ ის ვერ შეძლებს ამ საქმის ხარისხიანად შესრულებას. გვახსოვდეს, რომ ბავშვი ზარმაცდება სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ მას რაიმეს კეთებას ვუკრძალავთ. გავაკეთოთ ეს საქმე ბავშვთან ერთად და არ დაგვავიწყდეს მისი შექება დახმარებისთვის. უბრალო შექება, განსაკუთრებით ოჯახის ყველა წევრის თანდასწრებით, მშობლების სიხარული და სიამაყე ბავშვისთვის შესაძლოა ძლიერ მამოტივირებელ ფაქტორად იქცეს;
  • მივაჩვიოთ ბავშვი იმას, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. თუ რაიმე არ გამოსდის, დავეხმაროთ, შევასრულოთ დავალებები ერთად, მაგრამ, არა მის მაგივრად;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები პირდაპირ იღებენ მასთან ურთიერთობაში მყოფი უფროსების, პირველ რიგში კი მშობლების ქცევის მოდელს. ამიტომ, არ იქნება გამართლებული მოვითხოვოთ მისგან შრომისმოყვარეობა, თუ ჩვენ თავად არ გაგვაჩნია ეს თვისება.

დაბოლოს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ბავშვისთვის მუდმივად იმის შეხსენება, რომ ის ცუდია, ზარმაცია, მოუხერხებელი და ყალთაბანდია, საკმაოდ უარყოფითად აისახება მასთან ჩვენს დამოკიდებულებაზე. ბავშვის უპირობო სიყვარული და მისი მიღება ისეთად, როგორიც არის, დაგვეხმარება უამრავი პრობლემის და მათ შორის სიზარმაცის დაძლევაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი