(გაგრძელება)
უნდა ითქვას, რომ განცდების პედაგოგიკის კონცეფცია არ შეიძლება ხისტ, მკაცრ ჩარჩოებში იყოს მოქცეული (ეს ეხება მეთოდებს, საშუალებებს და მიზნებს). ასევე შეუძლებელია სამიზნე ჯგუფების ზუსტი განსაზღვრა. რაც უფრო აქტუალური და მასშტაბური ხდება განცდების პედაგოგიკა (შინაარსი და მეთოდები), მით უფრო ადვილია სამიზნე ჯგუფების გაფართოება.
ამ პედაგოგიკის სპეციალისტების უმრავლესობა ახლაც მიიჩნევს, რომ მათი ძირითადი სამიზნე ჯგუფია გარდატეხის ასაკის ზღვარზე მყოფი ახალგაზრდობა, თუმცა ლიტერატურასა და პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად ვლინდება სხვა ჯგუფები, მაგალითად:
. მარგინალური ჯგუფები, რომლებსაც სოციალური პედაგოგები კურირებენ;
. ახალგაზრდა გოგონები და ქალები;
. ახალგაზრდული გაერთიანებები;
. მოსწავლეები;
. ოჯახები;
. პენსიონერები;
. პროფესიონალები, რომლებიც ეწევიან სოციალურ-პედაგოგიურ პრაქტიკას;
. ჯგუფები, რომლებიც გუნდის შეკვრასა და განვითარებაზე მუშაობენ.
ანეტა რეინერსის აზრით, განცდების პედაგოგიკის მიზნები შეიძლება გადანაწილდეს სამ დონეზე: შიდაპიროვნულზე, პიროვნებათაშორისსა და ინსტიტუციურზე.
პირველ დონეზე ყურადღება ძირითადად ეთმობა პიროვნების ფორმირებას, ანუ საუბარი შეეხება საკუთარი პიროვნებისადმი ნდობის განვითარებას, ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას, კრიატიულობას, სპონტანურობას, პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და თვითშეფასების დონის შემოწმებას.
მეორე დონე გულისხმობს ქცევის პიროვნებათაშორისი მოდელის განვითრებას, უფრო ზუსტად, ურთიერთნდობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანაგრძნობის ჩამოყალიბებას.
მესამე დონეზე საუბარი შეეხება მიღებული პრაქტიკული კომპეტენციის რეალურ ცხოვრებაში, ჯგუფის საზღვრებს გარეთ გამოყენებას. მსაგავსი კომპეტენციების კონკრეტულ მაგალითებად შეგვიძლია მივიჩნიოთ: ჯგუფში მუშაობის უნარი; სიფრთხილე ურთიერთობისას (ტაქტი); ერთმანეთთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები, თანაგრძნობა, დახმარებისათვის მზადყოფნა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ცოდნა.
ამჟამად მიიჩნევა, რომ განცდების პედაგოგიკა არის ტრადიციული პედაგოგიკის ახალი მიმართულება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, წარმატებით ვიმუშაოთ ახალგაზრდებთან. ამასთან, ის არის აღიარებული საგანმანათლებლო კონცეფცია, პიროვნული განვითარების ტრენინგი ან ყველაზე რთული მოზარდების გადარჩენის უკანასკნელი იმედი.
შეიძლება ითქვას, რომ გერმანიაში განცდების პედაგოგიკა უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს. ის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც სოციალურ პედაგოგიკას ასწავლიან, საკუთრ პროგრამებში რთავენ განცდების პედაგოგიკის ბლოკს, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული პედაგოგიკის მომხრეები სკეპტიკურად ეკიდებიან ამ პრაქტიკას.
მინდა გაგაცნოთ განცდების პედაგოგიკის სხვა პედაგოგიური მიმდინარეობებისგან განმასხვავებელი ელემენტები.
- მიზნები. განცდების პედაგოგიკის ყველა ღონისძიება მკაფიოდ პედაგოგიურ მიზნებს ისახავს. ამ მიზნების საფუძველზე მკაფიოდ განისაზღვრება გამოყენებული საშუალებები, მეთოდები და ქმედებები. სწორედ მიზნები იძლევა განცდების რეფლექსიის საშუალებას. ეს ყოველთვის პედაგოგების ინიციატივაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს სპონტანური საუბარი ჯგუფის წევრებს შორის. პედაგოგიური მიზნების რეალიზებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ იმის იმედად ყოფნა, რომ ქმედება თავად მეტყველებს საკუთარ თავზე. რაღა თქმა უნდა, არ შეიძლება, მიზნები მეტისმეტად ხისტად იყოს განსაზღვრული. მუშაობის პროცესში ისინი შესაძლოა შეიცვალოს როგორც ჯგუფისთვის, ისე ინდივიდუალურად, კონკრეტული პიროვნებისთვის.
- განცდები ყოველთვის აწმყო დროში მიმდინარეობს. ცნობიერი აღქმა განცდების შემადგენელი ნაწილია. რეფლექსიის ხარჯზე უცაბედი განცდები სწავლების მდგრად გამოცდილებად უნდა გარდაიქმნას. სწორედ ამიტომ განცდების პედაგოგიკა მუშაობს აქტუალურ შეგრძნებებთან, აქტუალურ სიტუაციებსა და აქტუალურ ურთიერთობებთან.
- შეხება. განცდების პედაგოგიკა დაკავშირებულია შეხებასთან, რომელიც აღქმის მგრძნობელობას გულისხმობს. ერთი მხრივ, ეს შეიძლება იყოს სიცხის, სიცივის ან დაღლის განცდა, მეორე მხრივ კი შიში, გამარჯვების განცდა, სიხარული, უიმედობა ან ტკივილი. ამის ხარჯზე პიროვნება იძენს გარე სამყაროზე წარმოდგენას. პიროვნების განვითარებისთვის ეს განცდები ძალიან მნიშვნელოვანია.
- მოძრაობა. ეს ცნება სულისა და სხეულის მოძრაობას გულისხმობს. განცდების პედაგოგიკისთვის ეს ნიშნავს შემდეგს: ფიზიკურ დონეზე მოსწავლეები (მონაწილეები) იღებენ დროისა და სივრცის შეგრძნების გამოცდილებას, ამიტომ „სხეული და მოძრაობა“ ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიკური და სულიერი აქტიურობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ფიზიკური მოძრაობა უნდა ვითარდებოდეს სიტუაციის შეფასების, გადაწყვეტილების მიღებისა და მისი განხორციელების უნარებთან ერთად.
- ცვლილება. გრძელვადიანი (მდგრადი) ცვლილება – აი განცდების პედაგოგიკის მიზანი. ცვლილებები ეფუძნება პიროვნების ცვლილების პროცესს, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს. განცდების პედაგოგიკა ცდილობს, ეს პროცესი პედაგოგიური მიზნების შესაბამისად წარმართოს. ამ მხრივ ცვლილებები წარიმართება თავად პიროვნების ხარჯზე. ცვლილებები ცნობიერების შეცვლის შედეგად ხდება. განსხვავებულად აღიქმება საკუთარი პიროვნება, სხვა ადამიანები და საცხოვრებელი გარემო. ცვლილებათა განხორციელების მეთოდებად შესაძლოა განიხილებოდეს: პერსპექტივის შეცვლა, როლების შეცვლა, ფიზიკური აქტივობა, ფანტაზიის გამდიდრება და ა.შ.
სკოლაში ძალადობრივი ქცევის წინასწარ აღმოფხვრა (პრევენცია). Coolness-Training (CT(r)) (სიმშვიდის, წონასწორობის შენარჩუნების ტრენინგი) 1993 წელს შეიმუშვეს ქალაქ ობერჰაუზენში. მისი კონცეფცია ცნობილია სახელწოდებით „ახალგაზრდობა და ძალადობა – გაგება, მაგრამ არა დათნხმება“. არაძალადობრივი ტრენინგის საფუძველზე შემდგომში შეიმუშავეს „სიმშვიდის შენარჩუნების ტრენინგი“. ის ძირითადად სკოლებში ტარდება და მისი სამიზნე ჯგუფია არა მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც ძალადობრივი ქცევისაკენ არიან მიდრეკილები, არამედ ისინიც, რომლებიც ერთი შეხედვით არ არიან ჩართული არავითარ ქმედებაში, ასევე – ძალადობის პოტენციური და რეალური მსხვერპლები. ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ ყველაზე რთულ და კრიტიკულ სიტუაციებში სიმშვიდისა და სიმტკიცის შენარჩუნება. ამავე დროს, ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან სხვადასხვა სახის შესაბამის მასალას. მაგალითად: „მე-შენ შეტყობინება“, კონფლიქტების დარეგულირება, როგორ არ წამოვეგოთ პროვიკაციას და სხვა.
მოსწავლეებმა უნდა შეიმეცნონ და მიიღონ საკუთარი სხეული, საკუთარი პიროვნება და ამავე დროს აგრესია. მათ უნდა ისწავლონ სხვების მიღება და მათთან ურთიერთობა.
ტრენინგის ძირითადი მდგენელებია:
. აგრესიული გრძნობების გამოვლენა;
. საკუთრი შესაძლებლობების გაცნობიერება;
. საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების შეცნობა;
. პირველი პროვოკაციები;
. როლური ქცევის შემეცნება;
. აღქმის აგრესიულობის შემცირება;
. რთულ სიტუაციებში გონივრული ქცევა.
სიმშვიდის შენარჩუნების ტრენინგი გერმანიის არაერთ სკოლაში ტარდება. არსებობს კიდევ ერთი ტრენინგი, რომელსაც „მუშტების გარეშე“ ჰქვია. ის ხელს უწყობს აგრესიის დონის დაწევას და ეხმარება ბავშვებს/მოზარდებს დამატებითი სოციალური კომპეტენციის შეძენაში. ეს მოდელი გათვლილია საბავშვო ბაღებსა და დაწყებით სკოლებზე. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებმაც ეს ტრენინგპროგრამა გაიარეს უფრო გულისხმიერები გახდნენ. ისინი უფრო კარგად ართმევენ თავს პრობლემურ სიტუაციებს, ვიდრე ისინი, რომლებსაც აღნიშნული ტრენინგი არ გაუვლიათ.
აღნიშნული ტრენინგპროგრამები 1998-2001 წლებში გადაიხედა და გადამუშავდა. ისინი მრავალ სკოლაში დაინერგა და წარმატებით ხორციელდება. შედეგად მაღლდება სოციალური კომპეტენციები და იმატებს აგრესიული ქცევის მიუღებლობა. პროგრამის ფარგლებში ბავშვები სწავლობენ, როგორ გახდნენ უფრო მგრძნობიარეები, აკონტროლონ საკუთრი ემოციები და გრძნობები, გაუმკლავდნენ ბრაზსა და მძვინვარებას.
ტრენინგპროგრამის თემატური სფეროები გაყოფილია სამ ცალკეულ ნაწილად, რომლებიც განსაზღვრული ლოგიკური თანამიმდევრობით მიეწოდება მსმენელს.
- თანაგრძნობის განვითარების სფერო გაგებულია როგორც განსაზღვრული უნარ-ჩვევების შეძენა. აქ საუბარი ეხება იმას, თუ როგორ უნდა შეძლოს მსმენელმა სხვა ადამიანების გრძნობების აღქმა და მათზე ადეკვატური რეაგირება. ემპათიის უნარი არ მოიაზრება თანდაყოლილ ნიჭად – მიჩნეულია, უმეტესად მისი სწავლება შესაძლებელია.
- საკუთარი ემოციებისა და გრძნობების კონტროლის სფერო დაკავშირებულია ორ სტრატეგიასთან. პირველი – ეს არის პრობლების გადაჭრის პიროვნებათაშორისი დონე; მეორე – სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ტრენინგი. პრობლემის გადაჭრას აქ ასწავლიან აზროვნების განსაზღვრული სქემების შესწავლის ხარჯზე, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია სოციუმში. სოციალურ უნარ-ჩვევები, აქ იგულისხმება აქტიური „ჩართულობა“ და „ბოდიშის მოხდის ცოდნა“.
- ბრაზისა და მძვინვარების გამოვლინებებთან გამკლავება დაკავშირებულია ამ ქცევის ინიციატორის გამოვლენასა და დამამშვიდებელი ტექნიკების ათვისებასთან. პარალელურად მოსწავლე სწავლობს, როგორ წარმოაჩინოს პოზიტიურად თავისი ძლიერი მხარეები.
ეს ყველაფერი საჭიროა, რათა ბავშვებმა ისწავლონ განსჯა დავის წამომწყებთან ისე, რომ თავად არ გაბრაზდნენ და არ განრისხდნენ. „მუშტების გარეშე“ ტრენინგპროგრამის თანახმად, აგრესიული და ძალადობრივი ქცევა იმის შედეგია, რომ ბავშვებს არ გააჩნიათ საკმარისი უნარ-ჩვევები სოციალურად მისაღები ქცევის გასახორციელებლად, რის გამოც ვერ ახერხებენ პრობლემის გადაჭრას და კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას. სწორედ ამიტომ სოციალური კომპეტენციების გაძლიერება ცენტრალურ ადგილს იკავებს „მუშტების გარეშე“ ტრენინგპროგარამის მოდელში.
დაბოლოს, პროფილაქტიკური ღონისძიებები, უპირველეს ყოვლისა, ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს:
. აღზრდის პროცესში მაქსიმალურად ადრეულ სტადიაზე ჩართულობა;
. ღონისძიებების უწყვეტი გატარება ბავშვის მთელი პიროვნული განვითარების განმავლობაში.