შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

შემოქმედებითი აზროვნების შესახებ

შემოქმედებითი აზროვნების განვითარება განათლების სისტემის ერთ-ერთი უპირველეს გამოწვევად იქცა. ეს შემთხვევითი არ არის. თანამედროვე ცხოვრებაში, რომელიც მძაფრი კონკურენციით ხასიათდება, სულ უფრო მეტი და მეტია მოთხოვნა შემოქმედებით ადამიანებზე, ადამიანებზე, რომლებიც გამოირჩევიან არასტანდარტული, არაშაბლონური აზროვნებით და შეუძლიათ საკითხის მრავალწახნაგოვანი ხედვა, პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების შემოთავაზება. დღეს მსხვილი კომპანიები თუ კორპორაციები პირდაპირი გაგებით „ნადირობენ“ ასეთ ადამიანებზე. ასე რომ, თუ გვინდა კონკურენტუნარიანი ადამიანის აღზრდა, სკოლამ შემოქმედებითობის განვითარებაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოს. მაგრამ ისმის კითხვა: შეიძლება შემოქმედებითობის განვითარება? ეს ხომ თანდაყოლილი ნიჭია, რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ამ აზრის საპირისპიროდ არსებობს სხვა მოსაზრებაც: შემოქმედებითი აზროვნების განვითარება სავსებით შესაძლებელია მიზანმიმართული და კარგად გააზრებული ძალისხმევით. თუმცა აქაც ვაწყდებით გაუგებრობებს. პირველი არის ის, რომ, განათლების სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, საკმარისია ადამიანი გავათავისუფლოთ შინაგანი ცენზორისაგან, ყოველგვარი შეზღუდვისაგან და იგი მაშინვე „აენთება შემოქმედებითად,“ რადგანაც  სწორედ შეცდომის დაშვების შიში აფერხებს შემოქმედებითობის გამოვლენას.

შემოქმედებითობა ასეთ პირობებში ნამდვილად მატულობს, მაგრამ შესამჩნევად – არა. ადამიანის გონების დანიშნულება არ არის მხოლოდ ახალი იდეების გენერირება. შეზღუდვებისა და აკრძალვებისაგან გათავისუფლება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მაშინვე იქცევა ნოვატორად.

მეორე გაუგებრობა, რომელიც ზიანს აყენებს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, არის გონებრივი იერიშის კონცეფციის არამართებული გაგება. გონებრივი იერიში ნამდვილად არის გულწრფელი და სასარგებლო ცდა ისეთი პირობების შექმნისა, რომლებიც ხელს შეუწყობდა იდეების გენერირებას („ყველა აზრი მისაღებია ყოველგვარი კრიტიკის გარეშე“). თუმცა ამ მეთოდმა ბევრს შეუქმნა ილუზია, რომ  გონებრივი იერიშის გამოყენება საკმარისია ჯგუფში პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის საპოვნელად. შეხედულება, რომ გონებრივი იერიშის გზით შეიძლება ფასეული იდეის მიღება, დამკვიდრებულია რეკლამის სამყაროში, სადაც ჩაისახა კიდეც ეს მეთოდი, მაგრამ იმ სფეროებში, სადაც იდეის სიახლე ჯერ კიდევ არ განაპირობებს მის ხარისხსა და მნიშვნელობას, ეს მეთოდი შეიძლება ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდეს. გონებრივი იერიშის კონცეფციით, მოსწავლეებს შეუძლიათ გამოთქვან არასტანდარტული, თუნდაც გიჟური იდეები. ზოგიერთს ჰგონია, რომ შემოქმედებითობა სწორედ ასეთ იდეებს გულისხმობს, სინამდვილეში ჭეშმარიტი შემოქმედებითობა წარმოუდგენელია  ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების გარეშე, რადგან შემოქმედებითი პროცესის ყოველი ეტაპი მის შეფასებასაც გულისხმობს.

ცხადია, ზემოთ თქმული არ ნიშნავს გონებრივი იერიშის, როგორც კოლექტიური მეთოდის, უგულებელყოფას. მას უამრავი დადებითი მხარე აქვს (მეთოდის შესახებ იხ. Maswavlebeli.ge, სოფიკო ლობჟანიძე, სწავლების ეფექტიანი სტრატეგიები: გონებრივი იერიში, 3 ოქტომბერი, 2012) და მივყავართ კიდეც სასურველ შედეგამდე, თუ მხოლოდ იდეების გენერირების ეტაპზე არ შევჩერდებით, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შემოქმედებითი აზროვნების განვითარება სხვადასხვა მეთოდის მიზანმიმართული და სისტემატური გამოყენებით. ასეთი მეთოდებია: აზროვნების ექვსი ქუდი, დისნეის სამი სკამი, შემოქმედებითი პაუზა, ფოკუსირება, გამოწვევა, ალტერნატივები, კონცეფციების მარაო და სხვა (მეთოდების დეტალური აღწერა იხ. წიგნებში: Э. Боно, Серьёзное творческое мышление, 2005 და კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვითი განათლება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2012). როგორც შემოქმედებითი აზროვნების ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარი ედუარდ დე ბონო მიიჩნევს (იხ. დასახელებული წიგნი), არ არის აუცილებელი, შემოქმედებითი პროცესი კოლექტიურ შრომად გადავაქციოთ. შესაბამისი გარემოს შექმნითა და კარგად შერჩეული მეთოდების გამოყენებით ინდივიდი შეიძლება ბევრად უფრო ეფექტიან შემოქმედებით ნატურად ვაქციოთ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოავლენს ამ უნარს.

ქართული ენა და ლიტერატურა, ისევე, როგორც ნებისმიერი სასწავლო საგანი, სასწავლო პროცესის გონივრულად დაგეგმვის შემთხვევაში იძლევა შემოქმედებითი აზროვნების განვითარების კარგ შესაძლებლობას. შეიძლება ზოგიერთს უცნაურად მოეჩვენოს, სად დაგეგმვა და სად შემოქმედებითობაო, რადგან შემოქმედება გულისხმობს სტანდარტული სქემებისა და სტრუქტურებისაგან სრულ თავისუფლებას, მაგრამ ამ თავისუფლების მოპოვება სწორედაც რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  წინასწარ განსაზღვრული და კარგად დაგეგმილი მეთოდებითაა შესაძლებელი. ამის არგუმენტად ე. ბონოს უაღრესად საინტერესო მეტაფორა მოჰყავს: „პატიმრობიდან თავის დაღწევა შეიძლება რკინის მაგარი ქლიბით და არა თავისუფლებაზე ოცნებით“. ამიტომ მცდარია ის მოსაზრებაც, რომ კლასის მართვის ქაოტური სტილი ქმნის შემოქმედებითობის ხელშემწყობ გარემოს. ზოგჯერ სწორედ „ქლიბია“ მასწავლებლის ხელში გონივრულად შერჩეული სასწვლო მეთოდები.

იმისათვის, რომ დავგეგმოთ შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობები, უნდა ვფლობდეთ მეთოდთა ფართო სპექტრს. ამჯერად შემოგთავაზებთ რამდენიმე მეთოდს, რომლებიც, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში არა მხოლოდ შემოქმედებითი აზროვნების, არამედ იმ სხვა უნარების განვითარებასაც, რომელთა გარეშეც შემოქმედებითობა შეიძლება სტიქიურობად გადაიქცეს.

მეორე პლანის პერსონაჟების საიდუმლო ცხოვრება (ინტერვიუ მეორეხარისხოვან პერსონაჟთან). ეს აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ზეპირმეტყველებისა და კრიტიკული კითხვის უნარების განვითარებას; იგი ააქტიურებს მოსწავლეთა წარმოსახვის უნარს და ეხმარება მათ, სხვადასხვა პოზიციიდან გაიაზრონ და შეაფასონ წაკითხული. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს წაკითხული მხატვრული ნაწარმოებიდან იმ მეორეხარისხოვანი პერსონაჟის როლს, რომლის შესახებაც ტექსტში ძალიან მწირი ინფორმაციაა. მოსწავლეების ერთმა ნაწილმა უნდა მოიფიქროს შეკითხვები ამ პერსონაჟისათვის, მეორე ნაწილმა კი შეავსოს პერსონაჟის ცხოვრების „თეთრი ლაქები“ თანაკლასელების სავარაუდო შეკითხვებსა და საკუთარ წარმოსახვაზე დაყრდნობით. ნიმუშის საჩვენებლად და/ან აქტივობის გამოსაცოცხლებლად მასწავლებელი შეიძლება თვითონაც ჩაერთოს აქტივობაში და შეკითხვები დაუსვას „პერსონაჟს“. წარმოიდგინეთ, რამდენად გააცოცხლებს ტექსტს და რა საინტერესო ასპექტებს ამოატივტივებს ინტერვიუ სპარსთან („შუშანიკის წამება“), მურიან ბიჭთან („კაცია-ადამიანი?!“), ხუმარასთან („თორნიკე ერისთავი“) და ა.შ.

ვქმნით მეტაფორას. აქტივობა, ერთი მხრივ, ეხმარება მოსწავლეებს  მეტაფორის რაობის გაააზრებაში, მეორე მხრივ, ააქტიურებს წარმოსახვის უნარს. მისი გამოყენება სასურველია ამა თუ იმ მწერლის შემოქმედების ან ცალკეული ნაწარმოების შესწავლის შემდეგ. ის ხელს უწყობს ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერს და ახალი ვარიანტების შექმნას. ამავდროულად, აქტივობა მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ პერსონაჟის / მწერლის მიმართ შემოქმედებითად (მეთოდების დეტალური აღწერა იხ. 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმების გზამკვლევში მასწავლებლებისათვის, 2013).

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, დაწერონ მიძღვნითი ხასიათის ლექსი, რომლის თითოეულ ტაეპში თითო მეტაფორა იქნება, თუმცა მასთან ერთად შეუძლიათ ეპითეტების ან, უბრალოდ, ზედსართავი სახელებისა და შედარებების  გამოყენებაც.

მასწავლებელმა წინასწარ უნდა გააფრთხილოს მოსწავლეები, რომ მათ არ მოეთხოვებათ ტრადიციული რითმიანი ლექსის დაწერა, თუმცა არც იზღუდებიან ამ მხრივ. მთავარია, რომ ისინი მთლიანად იყვნენ კონცენტრირებულნი ლექსის შინაარსზე, მეტაფორების შეთხზვაზე. მოსწავლეების დასახმარებლად მასწავლებელი აცნობს  სქემას, რომლის მიხედვითაც მათ ნათელი წარმოდგენა უნდა შეექმნათ, რა დაწერონ ამა თუ იმ ტაეპში.

ასეთი სავარაუდო სქემა შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:

1-ლი სტრ. – ვის ეძღვნება? (ვინაობა/პირის სახელი მიცემით ბრუნვაში)

მე-2 სტრ. – წელიწადის რომელი დრო (თვე) იქნებოდა ეს პიროვნება?

მე-3 სტრ. – როგორი ამინდი იქნებოდა იგი?

მე-4 სტრ. – დღე-ღამის რომელი მონაკვეთი იქნებოდა ეს პიროვნება?

მე-5 სტრ. – როგორი ნაგებობა იქნებოდა ეს პირი?

მე-6 სტრ. – რა ნივთი იქნებოდა იგი?

მე-7 სტრ. – დასკვნითი ტაეპი (შეჯამება, დასკვნა, ემოცია, სხვ. სურვილისამებრ).

ცხადია, მოცემული სქემის მოდიფიცირება შესაძლებელია.

სასურველია, მუშაობის დაწყებამდე მასწავლებელმა მოსწავლეებს ნიმუშად წარუდგინოს აღნიშნული სქემის მიხედვით შედგენილი მარტივი ლექსი.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, განმარტონ, რატომ გამოიყენეს ესა თუ ის მეტაფორა (რისი ხაზგასმა სურდათ გამოყენებული მეტაფორით).

გთავაზობთ ერთ-ერთი მოსწავლის მიერ გაკვეთილზე, ამ აქტივობის დროს, შექმნილ ლექსს:

მარიტას

შენ ხარ ნაადრევი გაზაფხული, რომელიც ყინვამ დააზრო;

მზიანი დღე, უეცარმა ნისლმა რომ დაბურა;

მშვენიერი სასახლე, რომელშიც შესვლას ვეღარავინ გაბედავს;

ძოწ-ბალახში, რომელმაც ტალახი აისხლიტა.

შენ ციდან ჩამოსული სტუმარი ხარ, მარიტა, რომელსაც მიწამ ვერ გიპატრონა…

 

გაპიროვნებული ლექსი. ეს აქტივობა ეხმარება მოსწავლეებს, გაააქტიურონ ცოდნა, გაიაზრონ შესწავლილი მასალა, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება. მათ უვითარდებათ პერსონაჟების თანაგანცდის (ემპათიის) უნარი, რადგან „ძვრებიან“ ამ პერსონაჟის / ავტორის „ტყავში“ და იქიდან უყურებენ მოვლენებს. აქტივობა ბიძგს აძლევს მოსწავლეთა წარმოსახვის უნარისა და ფანტაზიის განვითარებას, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენას, ხელს უწყობს წერითი მეტყველების განვითარებას.

სანამ მოსწავლეები შექმნიდნენ ლექსს, მასწავლებელი ააქტიურებს მათ ცოდნას  იმ მწერლის / ნაწარმოების პერსონაჟის შესახებ, რომელიც ლექსისთვისაა შერჩეული; შეახსენებს მათ ტროპული მეტყველების ერთ-ერთი სახის – გაპიროვნების – არსს.

მოსწავლეების ამოცანაა, გაპიროვნების ხერხის გამოყენებით შეთხზან ოთხტაეპიანი ლექსი მწერალზე/პერსონაჟზე. წარმოსახვის უნარისა და ემპათიის განცდის გასაქტიურებლად მასწავლებელი მათ სთავაზობს ლექსის პირველ პირში დაწერას; მოსწავლეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ პერსონაჟის განცდებზე, მის სულიერ სამყაროზე.

სამუშაოს დაწყების წინ მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს მარტივ გეგმას, რომლითაც ისინი იხელმძღვანელებენ ლექსის წერის დროს და აძლევს საჭირო განმარტებებს. აქაც არ არის აუცილებელი რითმიანი ლექსის შექმნა. ისინი მთლიანად უნდა იყვნენ კონცენტრირებულნი პერსონაჟის ემოციებისა და სულიერი სამყაროს გადმოცემაზე.

ნიმუში. გეგმა:

  1. ვინ ვარ მე? (სახელდება, პერსონაჟის ვინაობა);
  2. როგორია ჩემი გამოცდილება/ცხოვრება? (ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი პერსონაჟის გამოცდილებიდან, ცხოვრებიდან);
  3. რას ვგრძნობდი, როდესაც …. (სხვა პერსონაჟებთან ურთიერთობის / კონფლიქტის დროს);
  4. რა არის ჩემი მთავარი სათქმელი? (შეჯამება, განზოგადება, სხვ.).

გთავაზობთ ერთ-ერთი მოსწავლის მიერ შექმნილ ლექსს.

  1. მე – ვიტგენშტეინი,
  2. ღირსების მსახური და მსხვერპლი,
  3. მსხვერპლი, რადგან „აქა ვიდეგ და სხვაგვარად არ ძალმიძდა“.
  4. ძალიან ადრე ხომ არ დავიბადე ან იქნებ ძალიან დავიგვიანე?!…

ზოგადად, შემოქმედებით ადამიანებს გამოარჩევს უნარი, თითქმის ყველა სიტუაციას მოერგონ და მათ ხელთ არსებული რესურსების საშუალებით მიაღწიონ მიზნებს. ლიტერატურა ამ მხრივ საუკეთესო რესურსია მოსწავლეთა შემოქმედებითად დამუხტვისათვის. მთავარია, მასწავლებლებმა შექმნან შემოქმედებითობის ხელშემწყობი გარემო და მიზანმიმართულად გამოაყენებინონ მოსწავლეებს ერთ-ერთი მთავარი რესურსი – ტექსტი.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Э. Боно, Серьёзное творческое мышление, 2005, изд. «Белорусский дом печати»;
  2. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვითი განათლება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2012;
  3. ქართული ენა და ლიტერატურა, 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმების გზამკვლევში მასწავლებლებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო, ესგ-ს დეპარტამენტი, 2013;
  4. ლევან ალფაიძე, საუბარი სერ კენ რობინსონთან – რატომ გახდა შემოქმედებითი აზროვნება ასეთი მნიშვნელოვანი? ge, 24 ნოემბერი, 2015;
  5. სოფიკო ლობჟანიძე, სწავლების ეფექტიანი სტრატეგიები: გონებრივი იერიში, Maswavlebeli.ge, 3 ოქტომბერი, 2012;
6.      მარიამ გოდუაძე, შემოქმედებითი აზროვნების, პროდუქტიული სწავლის ხელსაწყოები,  Maswavlebeli.ge, 15 ივნისი, 2017.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი