„ჩვენს ოჯახში – მიყვება ჩვიდმეტი წლის ბექა – მშობლები სულ გვაფრთხილებდნენ, რომ ჩხუბი, საქმის გარჩევა, უწმაწური სიტყვებით მიმართვა ძალიან ცუდი საქციელია. მაგრამ უბანში და სკოლაში, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, სულ აგრესიული გარემო იყო. მე თანდათან მისი გავლენის ქვეშ მოვექეცი, რადგან არ მინდოდა „სასტავიდან ამოვარდნილი გოიმი გამოვჩენილიყავი“. ხოდა მოგეხსენებათ, სადაც მოვხვდი და როგორც ამერია ცხოვრება“.
როდესაც ინდივიდი ხშირად იმყოფება აგრესიულ გარემოში, სადაც ადამიანები (მით უფრო მოზარდები) ერთმანეთის მიმართ დაუფარავად მტრულად, არაკეთისაიმედოდ იქცევიან, სავარაუდოდ, თავადაც იმეორებენ ქცევის ასეთივე მოდელს. განსაკუთრებით სახიფათოა ეს გარემოება, როდესაც მოზარდები დაუფარავად ამჟღავნენებ აგრესიას. რატომ არ უნდა გააკეთოს მანაც იგივე? ამას „აკრძალვების მოხსნის ეფექტსაც ეძახიან, ანუ, როდესაც მოზარდი აღმოჩნდება აგრესიული ქცევების განმახორციელებელ გარემოში, სავარაუდოდ, თავადაც უფრო მარტივად იმეორებს იმავეს. აქვე მინდა კიდევ ერთ სახიფათო გარემოებაზე გავამახვილო ყურადღება. აგრესიული ქმედებების ხშირი ყურება, მოსმენა ბავშებზე ნეგატიურად აისახება იმ ასპექტშიც, რომ მოზარდი ფიქრობს: „თუ ასეთი ქცევა სხვებისათვის დასაშვებია, მე რატომ უნდა ვიყო გამონაკლისი?“
„აკრძლვების მოხსნის“ ეფექტი, სავარაუდოდ, აძლიერებს აგრესიული ქცევის განხორციელების რისკს იმ მოზარდების მხრიდან, რომლებიც მის გარემოცვაში აღმოჩნდებიან. უფრო მეტიც, ძალადობის სცენების მუდმივი ყურება ხელს უწყობს ემოციური მგრძნობელობის თანდათანობით მოდუნებას სხვისი ტკივილის მიმართ (Cline, Croft, Courrier 1973; Thomas, Horton, Lipincott, Drabman 1977; Rule, Ferguson 1986;). შედეგად, დამკვირვებელი იმდენად ეჩვევა ძალადობას და მისგან გამოწვეულ შედეგებს, რომ აღარ განიხილავს მას, როგორც ქცევის განსაკუთრებულ ფორმას და ამის შემდეგ ის აღარ ცდილობს, რომ თავი შეიკავოს მსგავს ქმედებებში მონაწილეობისაგან. აგრეთვე, აგრესიული ქმედებების ხშირ ყურებას შეუძლია შეცვალოს რეალობის ინდივიდუალური წარმოდგენა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოზარდები, რომლებიც ხშირად არიან აგრესიულ გარემოში უფრო მეტად ელიან აგრესიას სხვების მხრიდან, რადგან გარემოს აღიქვამენ, როგორც მათ მიმართ მტრულად განწყობილს. მსგავს დამახინჯებულ აღქმას ადვილად შეუძლია გაუცხოველოს მოზარდს საფრთხის განცდა. შედეგად, მისი მხრიდან აგრესიულად რეაგირების რისკი გაცილებით იზრდება.
ფსიქოლოგიაში არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ აგრესიულ ქმედებასთან, ასე ვთქვათ, პირისპირ შეჯახების შედეგად მსხვერპლი თავადაც შესაძლებელია აგრესორი გახდეს. ოჯახში „ძალადობრივი ქცევის ციკლის“ შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მოძალადე მშობლების შვილები უფრო დიდი ალბათობით შესაძლებელია თავადაც გახდნენ მოძალადე მშობლები (Steinmetz 1977). ასევე არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ის ბავშვები, რომლებიც მშობლების მხრიდან აგრესიული მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ, თავადაც ავლენენ მსგავს ქცევებს უკვე ზრდასრულობაში საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. სხვადასხვა წლებში სხვადასხვა მკვლევარმა იკვლია, რომ ის პატარები, რომლებსაც უფროსები ცუდად ექცევიან, უფრო მეტად აგრესიული ხდებიან, როგორც თანატოლების, ასევე აღმზრდელების მიმართ (George, Main 1979; Trickett, Kuczunynski 18986; Widom 1989).
თუ გულწრფელი ვიქნებით, ვფიქრობ, ადვილად გავიხსენებთ ისეთ ფაქტებს, როდესაც მივესალმებოდით ხოლმე აღზრდაში სიმკაცრეს, „ცელქი პატარას ცოტათი ტაკოზე წამორტყამას“; მოგვიანებით – დაყვირებას და სხვა უფრო მკაცრი ღონისძიებების გატარებას – რა თქმა უნდა, დანაშაულის შესაბამისად.
მკვლევარი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად (Zaidi, Mehm 1989), ის სტუდენტები, რომლებიც ოჯახში მძიმე ფიზიკური დისციპლინარული მეთოდებით იზრდებოდნენ, იწონებენ „პოტენციურად მკაცრ, დაუნდობელ დისციპლინარულ ღონისძიებებს“ აღზრდაში. ხოლო ისინი, რომლებიც ნაკლებად მკაცრად იზრდებოდნენ, არ მიესალმებიან გადაჭარბებულ აკრძალვებსა და დაუნდობლობას. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო: ის მშობლები, რომლებიც ბავშვობაში ოჯახში ძალადობრივი მეთოდებით იზრდებოდნენ, ხშირ შემთხვევაში თავად ხდებოდნენ აგრესიული მშობლები საკუთარ შვილებთან მიმართებაში.
იგივე შეიძლება ითქვას სკოლაზე, სადაც ის ბავშვები, რომლებიც თანატოლების მხრიდან აგრესიის მსხვერპლი ხდებიან, შემდეგ, დიდი ალბათობით, თავადაც ამჟღავნებენ სხვების მიმართ აგრესიას.
აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აგრესიის მსხვერპლი ყველა ბავშვი და მოზარდი მომავალში აგრესორი არ ხდება.
ახლა მინდა უფროსებსაც მოვუსმინოთ, კერძოდ, მასწავლებლებს.
ქალბატონი ნინო – მეცხრე კლასის მასწავლებელი:
„ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, აგრესიული ის ბავშვია, რომელიც ჩემს მოთხოვნებს არ ემორჩილება, უხეშობს, საგაკვეთილო პროცესს ან არ ესწრება, ან ხელს უშლის გაკვეთილის მიმდინარეობას. ასეთ ბავშვებს ხშირად თანატოლებთანაც დაძაბული ურთიერთობები აქვთ. ცდილობენ საკუთარი აზრი და შეხედულება თავზე მოახვიონ სხვებს. მოკლედ, დესტრუქციული არიან. არცერთ პედაგოგს არ უყვარს მათთან ურთიერთობა. ვფიქრობ, მსგავს მოზარდებს ოჯახში არ ასწავლეს ქცევის წესები. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს, ხომ გაგიგონიათ – სკოლაც ცოდავს მათ წინაშე. მცირე ასაკიდან იმპულსურ და მოუსვენარ ბავშვებს სათანადოდ ვერ ვექცევით და შემდეგ მაღალ კლასებში უკვე აგრესიულ მოზარდებს ვიღებთ “.
ქალბატონი თინა – დაწყებითი საფეხურის ბავშვის მშობელი:
„ვფიქრობ, ჩვენი ბავშვები, რომლებიც სკოლაში დადიან დიდი საფრთხის ქვეშ არიან, რადგან არასდროს ხარ დაზღვეული, რომ ვინმე არაკვალიფიციურ მასწავლებელს არ გადაეყრები. ყველაზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი შვილის კლასში ერთი-ორი ისეთი პედაგოგია, რომ სრულებით ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. მესმის, მასწავლებლობა ურთულესი პროფესიაა და ამიტომაც მე სხვა საქმიანობა ავირჩიე, მაგრამ რადგან მავანმა გადაწყვიტა მასწავლებელი გამხდარიყო, უნდა სცოდნოდა, რა სირთულეებს გადაეყრებოდა საკუთარ პრაქტიკაში. ჩემი ირაკლი ნამდვილად ცელქი და მოუსვენარია, მაგრამ ძალიან ნიჭიერია და ამიტომ სახლში სულ ხელს ვუწყობდით, შეიძლება ითქვას, ვანებივრებდით. ამის გამო მისი კლასის დამრიგებელი მუდამ მსაყვედურობს, რომ ჩემი შვილი, ცდილობს ყურადღების ცენტრში იყოს და ამის მისაღწევად ხშირად აგრესიულ ხერხებს მიმართავს. თურმე ერთ-ერთ თანაკლასელს ჩანთა დაუმალა და დიდხანს აძებნინა. გაკვეთილი ფაქტობრივად ჩაიშალა და შემდეგ მთელი კლასი ამ შემთხვევას არჩევდა. მგონი, დამრიგებელი ცდილობს ჩემი შვილი დანარჩენ კლასს დაუპირისპიროს, რადგან სხვანაირად ვერაფერი გააწყო მასთან. მოკლედ, ეს მასწავლებლები სულ შეცდომებს უშვებენ და შემდეგ ცდილობენ ყველაფერი მშობლებს და ოჯახს გადააბრალონ“.
აგრესიას მხოლოდ ადამიანების ქცევები არ წარმოშობს. უამრავ შემთხვევაში მას ქმნის ან აძლიერებს გარემო ფაქტორები. ბავშვები და მოზარდები ზუსტად იმავე გარემოში იმყოფებიან, რომელშიც უფროსები, რომელთაც ხშირად უჭირთ გარემოსთან გამკლავება და ამდენად ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა მძიმე ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდნენ არასრულწლოვანები.
მოდით, ახლა ერთად გავიხსენოთ ზოგიერთი რეკომენდაცია, რომელსაც ფსიქოლოგები მასწავლებლებსა და მშობლებს აძლევენ.
აგრესიის შედარებით უმნიშვნელო გამოხატულებების იგნორირება მისაღებია. ამ დროს უმჯობესია, საშუალება მისცეთ მოზარდს, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება. მოუსმინეთ მას და გადართეთ მისი ყურადღება რაიმე სხვა საკითხზე. მსგავსი მიდგომა ხშირ შემთხვევაში მასწავლებლებსა და უფროსებს თავიდან აარიდებს აგრესიის შემდგომ ესკალაციას.
შეეცადეთ, განმუხტოთ დაძაბული სიტუაცია, არ აუწიოთ ხმას, არ მოახდინოთ საკუთარ ძალაუფლებაზე ხაზგასმა: „ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი, მორჩა და გათავდა“; „აქ წესებს მე ვადგენ, რადგან უფროსი ვარ და შენზე უკეთ ვიცი, რა არის სწორი და რა არა“. დაუშვებელია: სარკაზმი, მკაცრი მოთხოვნები, ზეწოლა, მოსყიდვა, სხვა ბავშვების ქცევების ერთმანეთთან შედარება.
უფროსებს შესანიშნავად მოეხსენებათ, რომ ბავშებსა და მოზარდებს (და არა მხოლოდ მათ) ძალიან უჭირთ საკუთარი შეცდომებისა და მარცხის აღიარება. მათთვის ძალიან მძიმე მოსასმენია უარყოფითი შეფასება, მით უფრო, თუ ამას მასწავლებელი მთელი კლასის გასაგონად აკეთებს. ბავშვებისათვის აუცილებელია საკუთარი თავის პატივისცემის შენარჩუნება. ამ ფაქტორისათვის ანგარიშის არგაწევით ხდება ბავშვის ან მოზარდის აგრესიული ქცევის პროვიცირება.
აჩვენეთ აღსაზრდელებს აგრესიული ქცევის ალტერნატიული ქცევა. მთავარია, უფროსებმა გულწრფელად დაანახონ ბავშვებსა და მოზარდებს საკუთარი ქცევების სიტყვებთან შესაბამისობა.
დაბოლოს, ნებისმიერი ორიგინალური ან უბრალოდ არასტანდარტული რეაქცია მოზარდის საქციელზე უფრო მეტად დაგვეხმარება კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვაში, ვიდრე რაიმე ტიპის მუქარა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Роберт Берон; Дебора Ричардсон – „Агрессия“;
- О. И. Истрафилова – „Организация работы педагога с агрессивными детьми и подростками“.