სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ნომერი ათი

ქართული (თუნდაც სუსტი) ფილმები ხომ ისეთია, ათასჯერ გვაქვს ნანახი, მაგრამ რომელიმე არხზე როცა უჩვენებენ, კიდევ ერთხელ ვუყურებთ სიამოვნებით.
საზ. მაუწყებელზე „ფეოლას” ვუყურე. იმ ეპიზოდმა, როცა მორიგი გამარჯვების შემდეგ ფეოლა ბავშვებს სასადილოში დაპატიჟებს, ყრმობა გამახსენა. მახსოვს, საფეხბურთო ჩემპიონატი იყო სკოლებს შორის და დაბალი კლასის ბავშვებს რაიონის საფეხბურთო სკოლასთან გვქონდა გასვლითი თამაში. ტრანსპორტი ჩვენ არ გვემსახურებოდა, ცხადია. ხუთისნახევრიან „სენაკი-ჩხოროწყუს“ ავტობუსში ვერ ჩავეტიეთ, ხოდა დავაწექით ფეხით, სიცხეში, ქვედა ჩხოროწყუდან რაიონამდე, და სპორტული სკოლის დაუმარცხებელ გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით მოვუგეთ. შემდეგ რაც მახსოვს, იყო მათი გაოგნებული მწვრთნელი და ჩვენი ფიზკულტურის მასწავლებელი, ბედნიერი იზო მასწი, რომელიც უახლოეს მაღაზიამდე გაგვიძღვა, საფულიდან უკანასკნელი ხურდები ამოფხიკა და ადგილობრივი წარმოების მსხლის ლიმონათები გვიყიდა. ვიდექით პარკში, ბესარიონ ქებურიას ბიუსტთან, ოფლიანი ტუჩებით თბილ და გაზგასულ ლიმონათს ვსვამდით და ძალიან ბედნიერები ვიყავით.
არც მახსოვს, როდის შემოვიდა ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში. ალბათ დაბადებამდე და დაბადებიდან ჩემში იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მამაჩემი მთელი ახალგაზრდობა ფეხბურთს თამაშობდა, და მეორე: სტადიონი სახლის წინ მქონდა (ახლაც იქაა, ცხადია) და ყოველ ნაშუადღევს თამაშობდნენ უფროსები ფეხბურთს. მახსოვს, მამაჩემი შუადღეს შედიოდა სათოხნად ყანაში, რომ ადრე გამოსულიყო და რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, ფეხბურთი ეთამაშა. ახლაც მახსოვს ის მოწიწება, რასაც ვგრძნობდი მამაჩემის ბუცებისადმი, რომლებიც რელიქვიასავით ეწყო ოთახის კუთხეში და მისი ჩაცმა და უდიერად მოპყრობა აკრძალული მქონდა. შემდეგ კი, როცა მე წამოვიზარდე, ხოლო მამაჩემი ორმოცს გადასცდა, როლები შეიცვალა, ახლა მე ვთამაშობდი და მამაჩემი მიყურებდა. როცა მეზობელ სოფელს ვეთამაშებოდით მაზიანზე (თხაზე ან თიკანზე), მამაჩემთან დელეგაცია მოდიოდა, რომ თამაშზე დაეყოლიებინათ, როგორც „პირველ მერცხალშია”. დიდი ხვეწნის შემდეგ, იასონივით, მამაჩემიც თანხმდებოდა ხოლმე მეტწილად. გამომიცდია, რა შეგრძნებაა, როცა მამასთან ერთად თამაშობ ფეხბურთს და წარმომიდგენია, რა შეგრძნება იქნება, როცა მამასთან ერთად ომში იბრძვი. ჩვენი სახლის შუშაბანდი ძლიერი წვიმის დროს ტრიბუნასაც წარმოადგენდა: მაყურებლები აფარებდნენ თავს და იქიდან გულშემატკივრობდნენ გუნდებს.
ერთმა ჩემმა მეზობელმა თავისი თავი მწვრთნელად დანიშნა, ოღონდ ეს მწვრთნელობა ტაქტიკის მოხაზვაში, ვარჯიშებში და მისთანებში არ გამოიხატებოდა, სხვა სოფლებთან თამაშის დროს გვერდითა ხაზთან იდგა და ნერვიულობდა. მის განკარგულებებს და დირექტივებს, ცხადია, არავინ ითვალისწინებდა და, მით უმეტეს, არც მისი მოთხოვნით ტოვებდა ვინმე მოედანს, მაგრამ გვერდითა ხაზთან მისი ბორგვა და ყვირილი აკადემიურ და სოლიდურ იერს ანიჭებდა ჩვენს გუნდს. მან ერთხელ დამორცხვებულმა აღიარა, რომ მას შემდეგ ოცნებობდა მწვრთნელობაზე, რაც პირველად ნახა ტელევიზორში ნოდარ ახალკაცი, და მე მაშინ გული დამეწვა.
მახსოვს, ბავშვებს ბუცების და კედების ფუფუნება ნაკლებად გვქონდა, ფეხშიშვლები ვთამაშობდით. ვერ ვიტანდი, როცა ბალახის სიმწვანეს ვერაფრით ვიშორებდი ტერფებიდან და სქელი წინდებით ვთამაშობდი ხოლმე. ბედნიერი იყო, ვისაც ბუც-კედები ჰქონდა. ეს ბუც-კედები წითელიც იყო და მწვანეც, რეზინის შიპებიც ჰქონდა, მოსახერხებელი, მაგრამ უხარისხო იყო, რამდენიმე თამაშის მერე იხეოდა. თან ყოველ კვირა ვერ იყიდდი, თორმეტი ლარი ღირდა. თორმეტი ლარი კი მაშინ ფული იყო, გიმნაზიაში, სადაც ვსწავლობდი, თერთმეტ ლარს ვიხდიდი ყოველთვიურად.
ცალკე ამბავი იყო ბურთის დეფიციტი – რეზინის კამერიანი, სტანდარტული ბურთი დიდი ფუფუნება იყო. პატარაობისას მუჭისხელა პლასტმასის ბურთით ვთამაშობდით ხოლმე. რომ წამოვიზარდეთ, ლეგენდარულ ლარიან ბურთს ვყიდულობდით, ვდებდით ტყავის საფარში და თავს ხრახნით ვუცობდით. ამის გამო ერთ მხარეს მძიმე იყო და სიზუსტეში მოიკოჭლებდა: მარცხნივ რომ ურტყამდი, მარჯვნივ მიდიოდა, თანაც ხრახნის ბოლო თუ თავში მოხვდებოდა, კოპი გარანტირებული გქონდა. იყო ასევე დერმატინის ბურთები, რომლებიც ტყავის ბურთთან შედარებით იაფი ღირდა, მაგრამ მალევე ძვრებოდა დერმატინი, რჩებოდა მხოლოდ შიდა ქსოვილი და ბუშტივით მსუბუქი და უვარგისი ხდებოდა. მის კამერასღა თუ გადადებდი სხვა ტყავში. დიდ პრობლემას წარმოადგენდა ჩემი მეზობლის ტრიფოლიატის ღობე, რომელიც სტადიონის ერთ ბოლოში იყო. ბურთი თუ იქ მოხვდებოდა, ძნელად თუ გადაურჩებოდა ნეკის სიგრძე ეკლებს. წებო ჩვენ არ გვქონდა. ამიტომ კამერის ნახვრეტს ძაფით ვუკრავდით თავს, თუმცა ჰაერს აპარებდა, მალევე იჩუტებოდა და წარამარა რომ არ გვერბინა „ნასოსის” მეპატრონე ბრაზიან მეზობელთან, ნახვრეტში კენჭს ვდებდით და მხოლოდ ამის მერე ვკრავდით ქვევიდან ძაფით. ეს ეფექტური ხერხი იყო, ჰაერს არ აპარებდა, მაგრამ ამასაც ხრახნის ეფექტი ჰქონდა – ცალ მხარეს ამძიმებდა ბურთს და თავში მოხვედრისას მტკივნეული იყო. ერთს და ორს არაუშავდა, მაგრამ საოცარი სანახავი იყო ამ ხერხით ბევრჯერ თავმოკრული, მუჭის ზომამდე დაპატარავებული, კაპრონის ძაფის ბოლოებით და კენჭებით დამშვენებული კამერა. გაბერვის მერე ტყავს კოპებად აჩნდა კენჭები და ყველაზე ნაკლებად ფეხბურთის ბურთს ჰგავდა.
კარში იმას ვაყენებდით ხოლმე, ვინც თამაში არ იცოდა. დღემდე ვერ ვხვდები, მცველის პოზიციაზე თამაში სირცხვილად რატომ ითვლებოდა. ერთგვარად შეურაცხყოფილადაც კი ვგრძნობდით თავს, როცა უფროსები უკან გვაყენებდნენ. ხოლო, როცა თანატოლები ვთამაშობდით, უკან ვინ გამაჩერებდა, თავდამსხმელი ვიყავი და ეფექტური გოლებიც გამქონდა.
ბებიაჩემმა მაისურზე და შორტზე ნომერი „ათი” და დინამოს ლოგო ამომიქარგა. როცა ვიცვამდი, პირველი ბიჭი ვიყავი მოედანზე. მერე, ერთხელ, როცა ავად გავხდი, ხოლო ჩვენებს მეზობელ სოფელთან ჰქონდათ გასვლითი თამაში, ეს შორტი და მაისური მეზობელს ვათხოვე. მხოლოდ მაისური დამიბრუნა, შორტი მომპარესო. კარგა ხნის შემდეგ მდინარეზე ბანაობისას ვნახე, რომ მამამისს საბანაო ტრუსივით ეცვა.
ეს ბლოგი იმ შორტის ნათელ ხსოვნას ეძღვნება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი